დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-812 (კ-25) 07 ივლისი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ ...“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „...-მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 25.01.2022 წლის №310 განკარგულების ბათილად ცნობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.03.2022 წლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შემსყიდველი”).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.10.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
5.1. 15.09.2021 წელს ელექტრონული ტენდერის (...) საფუძველზე შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა №1/197-პ21 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, 15.10.2021 წლის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული პარამეტრების მქონე ...). ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 9 650 ლარი. ხელშეკრულება მოქმედებდა 28.02.2022 წლის ჩათვლით.
5.2. შემსყიდველის სამედიცინო აპარატურის საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფის უფროსის 29.10.2021 წლის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ინსტრუმენტი სპეციფიკაციის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, კერძოდ, ინსტრუმენტს სამუშაო სიგრძე უნდა ჰქონოდა 43 სმ, ხოლო მთლიანი სიგრძე 56 სმ. შეთავაზებული ინსტრუმენტის სამუშაო სიგრძე კი იყო 42,5 სმ, ხოლო მთლიანი სიგრძე 54 სმ. გარდა ამისა, სპეციფიკაციაში მითითებული იყო, რომ ინსტრუმენტს უნდა ჰქონოდა ორი არხი, შეთავაზებულ ინსტრუმენტს კი ჰქონდა ერთი არხი.
5.3. შემსყიდველის 10.11.2021 წლის №10/1690 წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მაჩვენებლებს, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკურ მაჩვენებელია - ინსტრუმენტს სამუშაო სიგრძე 43 სმ, მთლიანი სიგრძე 56 სმ, მიწოდებული საქონლის ტექნიკური მაჩვენებელია - სამუშაო სიგრძე 42,5 სმ, მთლიანი სიგრძე 54 სმ. აღნიშნულის გამო საინჟინრო ტექნიკური ჯგუფის მიერ არ განხორციელდა საქონლის ჩაბარება. ამავე წერილით მოსარჩელეს ეთხოვა, უზრუნველეყო 3 სამუშაო დღის ვადაში უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება ან იმის შეტყობინება, თუ რა ვადაში შეძლებდა ხარვეზის აღმოფხვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყდებოდა და შემსყიდველი მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
5.4. შემსყიდველის 19.11.2021 წლის №10/1761 წერილით დგინდება, რომ მიმწოდებელს არ უცნობებია, რა ვადაში შეძლებდა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრას. შესაბამისად, იმავე წერილით ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება ხელშეკრულების 11.3 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად და მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.
5.5. შემსყიდველის 25.11.2021 წლის №MES ... წერილობითი შეტყობინებით სააგენტოს ეცნობა მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 15.09.2021 წლის №... ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
5.6. სააგენტოს 02.12.2021 წლის №4092 წერილით მოსარჩელეს ეცნობა სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის შეტყობინების წარდგენის თაობაზე და სააგენტოს თავმჯდომარის 29.10.2015 წლის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების" მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ეთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარდგენა. მოსარჩელემ 09.12.2021 წელს სააგენტოში წარადგინა განმარტება და მიუთითა, რომ შემსყიდველის 25.11.2021 წლის №MES... წერილობით შეტყობინებაში გადმოცემული ფაქტები შეესაბამებოდა სიმართლეს და მიმწოდებელმა ნამდვილად ვერ შეძლო 15.09.2021 წლის №... ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, თუმცაღა აღნიშნული გამოწვეული არ იყო მათი ბრალით, ადგილი ჰქონდა სამწუხარო გაუგებრობას მომწოდებელთან, რომელმაც მიუხედავად მათ მიერ მიწოდებული დეტალური შეკვეთისა, მიაწოდა სხვა მახასიათებლების მქონე პროდუქცია და მიმწოდებელმა დაკარგა შესაძლებლობა გონივრულ ვადებში გამოესწორებინა ნაკლი.
5.7. სააგენტოს 25.01.2022 წლის №310 განკარგულებით, სააგენტოს თავმჯდომარის 29.10.2015 წლის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების" მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე 26.01.2022 წელს დარეგისტრირდა შავ სიაში.
5.8. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, აღნიშნულს არ უარყოფს თავად მოსარჩელე მხარეც და სააპელაციო საჩივარს აფუძნებს იმ არგუმენტაციაზე, რომ შავ სიაში რეგისტრაციის ნაცვლად, სახეზე იყო მათთვის გაფრთხილების მიცემის საფუძველი. მოსარჩელის განმარტებით, მართალია მათ შემსყიდველს მიაწოდეს განსხვავებული სპეციფიკაციის ინსტრუმენტები, თუმცა ტექნიკური სხვაობა არ ცვლიდა ინსტრუმენტის ფუნქციას და იგი შეუფერხებლად გამოიყენებოდა ზუსტად იგივე დანიშნულებით. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების" მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. ამ პუნქტის მიზნებისთვის, თანაზომიერების პრინციპი დაირღვევა, თუ: ა) მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სულ მცირე, 50%; ბ) მიმწოდებელს ჯეროვნად აქვს შესრულებული წერილობითი შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება”.
5.9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა და განმარტა, რომ შეთანხმებულისგან განსხვავებული მახასიათებლებისა და სპეციფიკაციების მქონე საქონლის მიწოდება, თუნდაც დათქმულ ვადაში, არ შეიძლება განხილულ იქნეს ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულებად. ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მიმწოდებელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დასტურად, რომ მათ მიერ რეალურად მიწოდებული, შეთანხმებულისგან განსხვავებული სამედიცინო ინსტრუმენტი, განსხვავებული სპეციფიკაციების ქონის მიუხედავად, გამოიყენებოდა ზუსტად იგივე ფუნქციური დატვირთვითა და დანიშნულებით. გარდა ამისა, მიუხედავად მხარეთა შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობისა - მიმწოდებელს აღმოეფხვრა დეფექტები საკუთარი ხარჯით ან ჩაენაცვლებინა ახლით, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის არ უცნობებია, რა ვადაში შეძლებდა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრას.
5.10. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება გაფრთხილების გამოყენების თვალსაზრისით მის მიერ, სხვა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების კეთილსინდისიერად შესრულებაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის განმარტებას (ოცი ხელშეკრულება სრულად შესრულებულია და შესაბამის სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება”), საქმეში წარმოდგენილი არ არის.
5.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააგენტომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 96-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების" მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სწორად გამოსცა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სააგენტოს 25.01.2022 წლის №310 განკარგულება, რომლითაც მოსარჩელე დარეგისტრირდა შავ სიაში (ტ.1, ს.ფ. 39-41).
10. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი”) ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება (კანონის 1.1 და მე-2 მუხლები).
11. კანონის 3.1 მუხლის “მ” ქვეპუნქტით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრს - შავ სიას სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
12. სააგენტოს 29.10.2015 წლის №19 ბრძანებით დამტკიცებული შავი სიის წარმოების წესი და პირობების პირველი მუხლით, ეს წესი და პირობები (შემდგომში - წესი) შემუშავებულია კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. წესის 2.1 მუხლით, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.
13. წესის მე-3 მუხლი ადგენს შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით, ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება; ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შავი სია პრაქტიკულად წარმოადგენს მონაცემთა ბაზას არაკეთილსაიმედო პარტნიორთა შესახებ. აღნიშნული ფაქტის დადგენით კანონმდებელს ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობაში შემოაქვს სამოქალაქო სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი კეთილსინდისიერების პრინციპის ანალოგი, როგორც დამახასიათებელი პრინციპი ორმხრივ, პირთა ნებელობაზე წარმოშობილი სამართალურთიერთობისათვის (სუსგ Nბს-667-642(კ-13), 21.07.2014წ.; პაატა კუბლაშვილი, აფიდავიტი - კონტრაჰენტის სანქცირება ადმინისტრაციულ სამართალში და ოფერენტის მონოპოლია სახელმწიფო შესყიდვებში, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №1, 2024წ., გვ.146). ნების ავტონომიის პრინციპით მოქმედი მიმწოდებლები არა მხოლოდ აღჭურვილნი არიან უფლებით, გახდნენ სახელმწიფოს პარტნიორები, არამედ ამავდროულად შებოჭილნი არიან კეთილსინდისიერების პრინციპით (სუსგ Nბს-667-642(კ-13), 21.07.2014წ.). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12). კეთილსინდისიერების პრინციპი მოქმედებს (გამოიყენება) სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების არა მხოლოდ უფლების განხორციელების დროს, არამედ უფლების შეძენის, დაცვისა და შეწყვეტის დროსაც. კეთილსინდისიერების პრინციპი მოქმედებს (გამოიყენება) ვალდებულების შესრულების დროსაც. ვალდებულების დაკისრება, შესრულება და შეწყვეტა უნდა მოხდეს კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნების გათვალისწინებით (ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ. 80,81).
15. წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
16. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ შავ სიაში რეგისტრაციის ნაცვლად, არსებობდა მისთვის გაფრთხილების მიცემის საფუძველი, ვინაიდან მართალია მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა განსხვავებული მახასიათებლების მქონე ინსტრუმენტი, თუმცა ეს განსხვავება არ ცვლიდა ინსტრუმენტის ფუნქციას და იგი შეუფერხებლად გამოიყენებოდა ზუსტად იგივე დანიშნულებით. კასატორის მოსაზრებით, დათქმულ ვადაში ხელშეკრულებისგან მცირედით განსხვავებული მახასიათებლებისა და სპეციფიკაციის მქონე საქონლის მიწოდება განხილულ უნდა იქნეს ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულებად.
17. დადგენილია, რომ 15.09.2021 წელს ელექტრონული ტენდერის (...) საფუძველზე შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა №1/197-პ21 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, 15.10.2021 წლის ჩათვლით, უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული პარამეტრების მქონე ...) (ს.ფ. 117-122). ამრიგად, მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 477-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობა ორმხრივი, კონსენსუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები (სუსგ №ას-437-2022, 02.05.2023წ.). სსკ-ის 487-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
18. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს ამ ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგ.: ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს (მესხიშვილი ქ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, 2019, მუხლი 361, ველი 10, გვ. 358).
19. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მაჩვენებლებს, კერძოდ, მიწოდებულ ინსტრუმენტს სამუშაო სიგრძე ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 43-ისა, ჰქონდა 42.5 სმ, ხოლო მთლიანი სიგრძე - ნაცვლად 56-ისა, ჰქონდა 54 სმ. გარდა ამისა, ხელშეკრულებაზე თანდართულ სპეციფიკაციაში მითითებული იყო, რომ ინსტრუმენტს უნდა ჰქონოდა ორი არხი, მიწოდებულ ინსტრუმენტს კი ჰქონდა ერთი არხი (ტ.1, ს.ფ. 25, 130, 131). აღნიშნულის გამო, საინჟინრო-ტექნიკურმა ჯგუფმა არ მიიღო საქონელი და მოსარჩელეს ეთხოვა, 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველეყო უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება ან ეცნობებინა, თუ რა ვადაში შეძლებდა ხარვეზის აღმოფხვრას (ს.ფ. 130). დადგენილია და სადავო არ არის, რომ მიმწოდებელმა არ აღმოფხვრა ხარვეზი და არც უცნობებია, თუ რა ვადაში შეძლებდა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრას. შესაბამისად, შემსყიდველმა შეწყვიტა ხელშეკრულება ხელშეკრულების 11.3 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად და მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა (ს.ფ. 132,133). ამდენად, მართებულია სასამართლოს მიერ დადგენილია გარემოება, მიმწოდებლის მხრიდან შეთანხმებულისგან განსხვავებული მახასიათებლების მქონე შესყიდვის ობიექტის მიწოდებისა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას, რომ განსხვავებული სპეციფიკაციის მქონე ინსტრუმენტის მიწოდების მიუხედავად, აღნიშნული ტექნიკური სხვაობა არ ცვლიდა ინსტრუმენტის ფუნქციას და იგი შეუფერხებლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო ზუსტად იგივე დანიშნულებით, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დადასტურებული არ არის. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი - მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებება. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულებულად მიჩნევის თაობაზე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ შეთანხმებულისგან განსხვავებული მახასიათებლების მქონე ინსტრუმენტის მიწოდება, თუნდაც დათქმულ ვადაში, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებაა და შავ სიაში დარეგისტრირების ნაცვლად გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობის დადასტურების მიზნებისთვის ვერ განიხილება ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულებად.
20. წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების ან/და შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. ამ პუნქტის მიზნებისთვის, თანაზომიერების პრინციპი დაირღვევა, თუ: ა) მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სულ მცირე, 50%; ბ) მიმწოდებელს ჯეროვნად აქვს შესრულებული წერილობითი შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების რაიმე წინაპირობის არსებობა. ამდენად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ მოპასუხე სააგენტომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სწორად გამოსცა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
22. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2025 წლის განჩინება.
3. შპს „...-ს” (ს/ნ:...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #..., გადახდის თარიღი: 22.07.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე