დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-296 (კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ტ-ი
დავის საგანი - საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ტ-იმა 11.11.2024 წელს სარჩელით, ხოლო 26.11.2024 წელს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.10.2024 წლის №1000979533 დასკვნის ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2025 წლის გადაწყვეტილებით გ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.10.2024 წლის №1000979533 დასკვნა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა გ.ტ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე დადებითი დასკვნის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2025 წლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. გარდა ამისა, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 17.3 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით, გ.ტ-ი არის ტაჯიკეთის მოქალაქე, დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, ...ში, საშუალო და პროფესიული განათლება მიიღო ქალაქ ...ში, დასაქმებული იყო ...ის ...ად ...ში, ჰყავს საქართველო-რუსეთის მოქალაქე მეუღლე, გეგმავს მომავალში საქართველოში ცხოვრებას, საქართველოში ჰყავს ნათესავები. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ორი წევრის - ნ.შ-ისა და ლ.წ-ის მიერ დაფიქსირებული იქნა გ.ტ-ისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე დადებითი პოზიცია, საბოლოოდ კი, კომისიამ დაადგინა, რომ გ.ტ-ის მიმართ არ არსებობდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 23.10.2024 წელს მიიღო უარყოფითი დასკვნა გ.ტ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გ.ტ-ის ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა; საქართველოს ისტორია - 10 ქულა; სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა). ამასთან, სააგენტოს სახელმწიფო ორგანოებიდან არ მიუღია იმგვარი ინფორმაცია, რაც გამორიცხავდა გ.ტ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესაძლებლობას, რაც საფუძვლად დაედებოდა უარყოფითი დასკვნის მომზადებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიმართ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის გაცემის შესახებ უარყოფითი დასკვნის გამოცემის კანონიერება არ იყო დასაბუთებული, რამდენადაც სახეზე არ იყო კანონით პირდაპირ განსაზღვრული, კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც გამორიცხავდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთან, მართალია, მოპასუხემ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვა ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ, ამავდროულად კომისიის მიერ მოხდა მასთან გასაუბრება, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მომხდარა მიღებული ინფორმაციის სათანადო ანალიზი, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეჯერება. სადავო დასკვნაში მითითებულია სააგენტოს მიერ შესაბამისი გარემოებების გამოკვლევის ფაქტზე, ასევე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომის ოქმზე, თუმცა არც დასახელებულ სხდომის ოქმში და არც სადავო დასკვნაში გარდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმისა, არ ყოფილა დასახელებული ის კონკრეტული გარემოებები, რაც გახდა მოსარჩელისთვის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მოქალაქის განცხადებაში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძვლად მითითებულია ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 17.2 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტი. განცხადების განხილვისას სააგენტომ გამოიკვლია ერთი მხრივ, უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი. 22.10.2024 წლის კომისიის სხდომის ოქმით დგინდება, რომ გ.ტ-ის მიმართ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენის მიზნით კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველ პირს გ.ტ-ის. გასაუბრება, კომისიის წევრებსა და გასაუბრებაზე მოწვეულ პირს შორის, წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის წარსული მოღვაწეობის, ოჯახური მდგომარეობის, პროფესიის, საქართველოში დასაქმების და მომავალში დაგეგმილი საქმიანობის, ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში საქმიანობის, საქართველოსა და ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში ქონების ფლობის, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივის თაობაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით გამოირკვა, რომ გ.ტ-ი არის ტაჯიკეთის მოქალაქე, დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, ...ში, საშუალო და პროფესიული განათლება მიიღო ქალაქ ...ში, დასაქმებული იყო ...ის ...ად ...ში, ჰყავს საქართველო-რუსეთის მოქალაქე მეუღლე, გეგმავს მომავალში საქართველოში ცხოვრებას, საქართველოში ჰყავს ნათესავები.
კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნა გადაგზავნილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელსაც მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების" 21.2 მუხლის თანახმად სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. კასატორი თვლის, რომ მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება პირს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს ანიჭებს, კერძოდ, განსხვავებით დაბადებით საქართველოს მოქალაქისგან, მას უფლება აქვს კანონიერად ფლობდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. კასატორის მოსაზრებით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების ან სახელმწიფო ინტერესების არსებობისას, ხოლო საქმეში არ არის დაცული რაიმე მტკიცებულება, რაც მოსარჩელესთან დაკავშირებით მოცემულ გარემოებებს დაადასტურებდა. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლო უპირატესად ითვალისწინებს მხარის ქართულ წარმომავლობას, რაც ქმნის დისკრიმინაციულ პრაქტიკას, რამეთუ ეროვნულობა არის ეთნო-კულტურული კუთვნილება, ხოლო მოქალაქეობა - სამართლებრივი სტატუსი. ეროვნულობა არ განსაზღვრავს და ვერ შეცვლის პირის სამართლებრივ სტატუსს, მოქალაქეობა კი სრულად განსაზღვრავს პირის სამართლებრივ მდგომარეობას სახელმწიფოსთან მიმართებით. ამდენად, კასატორი თვლის, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რამეთუ იგი გამოცემულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების" და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით; ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით; ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს არეგულირებს ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, გ.ტ-ი დაიბადა ... ... ... წელს რუსეთის ფედერაციაში. მის მიმართ გაცემულია ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი. 25.09.2024 წელს ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქემ გ.ტ-იმა №1000979533 განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოპასუხემ სახელმწიფო ორგანოებიდან გამოითხოვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი წერილების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წერილით დგინდება, რომ მოსარჩელის მიმართ გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს. გ.ტ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენის მიზნით, 22.10.2024 წელს მოქალაქეობის საკითხთა კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველ პირს გ.ტ-ის, რის შესახებაც შედგა №...229 სხდომის ოქმი. მითითებული ოქმის თანახმად, კომისიამ გამოარკვია, რომ გ.ტ-ი არის ტაჯიკეთის მოქალაქე, დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, ...ში, საშუალო და პროფესიული განათლება მიიღო ქალაქ ...ში, დასაქმებული იყო ...ის ...ად ...ში, ჰყავს საქართველო-რუსეთის მოქალაქე მეუღლე, გეგმავს მომავალში საქართველოში ცხოვრებას, საქართველოში ჰყავს ნათესავები. კომისიამ მოსარჩელესთან გასაუბრების, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ გ.ტ-ი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნებს. კომისიამ დაადგინა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების" მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები და დებულების მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უარყოფითი დასკვნის მომზადება. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ორი წევრის მიერ დაფიქსირებული იქნა დადებითი პოზიცია გ.ტ-ისათვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
23.10.2024 წელს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქის - გ.ტ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე №1000979533 უარყოფითი დასკვნა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 17.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, ხოლო მეორე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოსარჩელის განაცხადის ფორმაში მოქალაქეობის მინიჭების კანონიერ საფუძვლად მითითებულია სწორედ ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დასკვნა არ არის დასაბუთებული, არ არის მითითებული მოსარჩელის მიმართ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პირობების გამომრიცხავი გარემოებები. გ.ტ-ის მოთხოვნა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ იგი ეთნიკურად ქართველია, საქართველო მიაჩნია საკუთარ სამშობლოდ და სურს სამომავლოდ იცხოვროს საქართველოში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ.ტ-ის დედა, ი. ტ-ი დაბადებულია ქ. თბილისში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 18.05.2015 წლის №169 ბრძანებულებით, საგამონაკლისო წესით მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნულ ბრძანებულებაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი (ბრძანებულების გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. მსგავს დებულებას შეიცავს დღეს მოქმედი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 17.1 მუხლი. განსახილველ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგენილია, რომ გ.ტ-ის ჰყავს საქართველო-რუსეთის მოქალაქე მეუღლე. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ გ.ტ-ი საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას, კერძოდ, მის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, ...ში, მიკრო/რაიონი ..., კორპუსი №...-ში მდებარე 60 კვ.მ. ფართის ბინა (საკ. კოდი №...). მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოსარჩელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ხშირად ჩამოდის საქართველოში და რჩება როგორც თავის ბინაში, ისე საქართველოში მცხოვრებ ნათესავებთან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში დაცულია გ.ტ-ის მიერ ჩაბარებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოცდების ტესტირების შედეგები, რომლის თანახმად დასტურდება, რომ გ.ტ-ის ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა; საქართველოს ისტორია - 10 ქულა; სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა). მოსარჩელის საქართველოსთან კავშირსა და ქართული ენის ცოდნას ადასტურებს აგრეთვე საქმეში დაცული რეკომენდაციები. ამდენად, გაუგებარია ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. გასაჩივრებული დასკვნა, თავის მხრივ, ეფუძნება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომის ოქმს, სადაც კომისიის წევრების არაერთგვაროვანი პოზიციაა დაფიქსირებული მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა, ხოლო საქმის მასალებით მოსარჩელის კავშირი საქართველოსთან დადასტურებულია, არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2025 წლის განჩინება;
3.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 17.02.2026 წლის №02875 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე