დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-350(კ-26) 24 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება NHA 7 23 00724372 პაციენტ მ.მ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 06 სექტემბრის NHA 7 23 00936089 გადაწყვეტილება პაციენტ მ.მ-ის ნაწილში; გ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს ,,...-ს” სასარგებლოდ დაევალოს პაციენტ მ.მ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 4500 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება NHA 7 23 00724372 პაციენტ მ.მ-ის ნაწილში და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 06 სექტემბრის NHA 7 23 00936089 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, პაციენტ მ.მ-ის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 30 დეკემბრის №609 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართის - „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“, მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების (გარდა კოვიდის მართვისა) ფარგლებში გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ამ მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის 50%-ის ოდენობით“. განსახილველ შემთხვევაში, პაციენტი - მ.მ-ე (შ/ნ...) შპს „პ...-ში“ მოთავსდა ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის დიაგნოზით, რომელსაც სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. ნევროლოგიური სტატუსის გათვალისწინებით პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი რეჟიმის გათვალისწინებით გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა 26.01.2023 წ. 22:50:00 სთ - 28.01.2023 წ. 09:00:00 სთ პერიოდში. დაწესებულებამ მოთხოვნა წარადგინა პროგრამული კოდით - 220017/V – COVID-19-ის სტაციონარული შემთხვევის მართვა, რომელიც ექვემდებარება თერაპიულ ინტერვენციებს და არ იმართება რეანიმაციულ განყოფილებაში (მობილიზაციის სქემიდან გამორთულ კლინიკებში), დიაგნოზით - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19). ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ICD10 - U07.1. სამედიცინო შემთხვევის თანხის ანაზღაურება მოთხოვნილია სრულად „კოვიდის მართვა“ - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 4500 ლარის ოდენობით. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა №IV-100/ა) ასახული ინფორმაციის შესაბამისად დგინდება, რომ პაციენტის სტაციონირების მიზეზს არ წარმოადგენდა კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, არამედ პაციენტის ძირითადი დიაგნოზი იყო ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა. რაც შეეხება COVID-19-თან დაკავშირებულ ხარჯს, კლინიკას ასანაზღაურებელი თანხა უნდა წარედგინა 50%-ის ოდენობით. ამდენად, ზემოაღნიშნული დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, წინამდებარე სამედიცინო შემთხვევა „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივ გარემოებები: ა) შპს „...-ს“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტი - მ.მ-ე 2023 წლის 26 იანვრის 22:50 საათიდან - 2023 წლის 28 იანვრის 09:00 საათამდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მკურნალობდა შპს „პ...-ში“ შემდეგი დიაგნოზებით: ძირითადი დაავადებები: ICD - 10 კოდი: I61.0 - ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა ჰემისფეროებში, ქერქქვეშა ღრმა ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა; ICD - 10 კოდი: I61.5 - ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, ინტრავენტიკულური; ICD - 10 კოდი: U07.1 - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, ვირუსი ლაბორატიულად იდენტიფიცირებულია; ICD - 10 კოდი: G93.5 - თავის ტვინის კომპრესია. გართულება: ICD - 10 კოდი: G93.6 - ცერებრული შეშუპება; ICD - 10 კოდი: J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა; ICD - 10 კოდი: R40.2. - კომა, დაუზუსტებელი; ICD - 10 კოდი: R57.9 - შოკი, დაუზუსტებელი. თანმხლები დაავადება: ICD - 10 კოდი: B18.2. - ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი C (ქრონიკული); ICD - 10 კოდი: E11.4. - შაქრიანი დიაბეტი, ტიპი II (ქრონიკული), ნევროლოგიური გართულებები (ს.ფ. 28-33); ბ) ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო შემთხვევების ელექტრონულ მოდულში შპს „...-ს“ მიერ ზემოაღნიშნული შემთხვევა გადაცემული იქნა დიაგნოზით ICD - 10 კოდი: U07.1 - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (ს.ფ. 34-41); გ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 ივლისის NHA 7 23 00724372 გადაწყვეტილებით შპს „პ...-ს“ უარი ეთქვა მ.მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 30 დეკემბრის №609 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №20-ის - „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID_19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მე-4 მუხლის თანახმად, ამ დანართის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების (გარდა კოვიდის მართვისა) ფარგლებში, გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ამ მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის 50%-ის ოდენობით; დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას) ქვემოთ მოცემული შემთხვევა „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. პაციენტი, მ.მ-ე (პ/ნ....; შემთხვევა №...) მკურნალობას იტარებდა შპს „პ...-ში“ 26.01.2023 წ. 22:50:00 სთ - 28.01.2023 წ. 09:00:00 სთ პერიოდში. დაწესებულებამ მოთხოვნა წარმოადგინა პროგრამული კოდით - 220017/V - COVID19-ის სტაციონარული შემთხვევის მართვა, რომელიც ექვემდებარება თერაპიულ ინტერვენციებს და არ იმართება რეანიმაციულ განყოფილებაში (მობილიზაციის სქემიდან გამორთულ კლინიკებში) დიაგნოზით - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (covid-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ICD – 10, U07.1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში - ფორმა №IV-100/ა, ასახული ინფორმაციის შესაბამისად დგინდება, რომ პაციენტის სტაციონირების მიზეზს არ წარმოადგენდა კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული ხარჯები კლინიკას უნდა მოეწოდებინა 50%-ის ოდენობით (ს.ფ. 18-19); დ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 06 სექტემბრის NHA 7 23 00936089 გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 13-17).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 ივლისის NHA 7 23 00724372 სადავო გადაწყვეტილება შეეხება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №20-ის - „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის”, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმას. აღნიშნული ,,პროგრამის’’ მიზანია, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის შექმნას ფინანსური გარანტიები სამედიცინო მომსახურების და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება (პირველი მუხლი). თავის მხრივ, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა”) თანახმად, პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან (COVID-19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით (№20 დანართის პირველი მუხლი).
„ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის” (დანართი №20) მე-4 მუხლი შეეხება დაფინანსების მეთოდოლოგიას და ანაზღაურების წესს, რომლის “ბ.დ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ამ დანართის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების (გარდა კოვიდის მართვისა) ფარგლებში, გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ამ მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის 50%-ის ოდენობით.
ზემოდასახელებული დანართის მე-3 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვას ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას (მ.შ., ამ პროგრამის მიზნებისთვის ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფას მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად).
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 დეკემბრის №609 დადგენილებით დამტკიცებულ „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-16 მუხლი არეგულირებს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ან ანაზღაურებაზე უარის პირობებს. დასახელებული მუხლის პირვლი პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები (თუ ცალკეული პროგრამებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „...-ს“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტი, მ.მ-ე 2023 წლის 26 იანვრის 22:50 საათიდან - 2023 წლის 28 იანვრის 09:00 საათამდე მკურნალობდა შპს „პ...-ში“ შემდეგი დიაგნოზებით: ძირითადი დაავადებები: ICD -10 კოდი: I61.0 - ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა ჰემისფეროებში, ქერქქვეშა ღრმა ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა; ICD -10 კოდი: I61.5 - ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, ინტრავენტიკულური; ICD -10 კოდი: U07.1 - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, ვირუსი ლაბორატიულად იდენტიფიცირებულია; ICD -10 კოდი: G93.5 - თავის ტვინის კომპრესია. გართულება: ICD -10 კოდი: G93.6 - ცერებრული შეშუპება; ICD -10 კოდი: J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა; ICD -10 კოდი: R40.2. - კომა, დაუზუსტებელი; ICD -10 კოდი: R57.9 - შოკი, დაუზუსტებელი. თანმხლები დაავადება: ICD -10 კოდი: B18.2. - ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი C (ქრონიკული); ICD -10 კოდი: E11.4. - შაქრიანი დიაბეტი, ტიპი II (ქრონიკული), ნევროლოგიური გართულებები. ასევე დადგენილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო შემთხვევების ელექტრონულ მოდულში შპს „...-ს“ მიერ პაციენტ მ.მ-ის შემთხვევა გადაცემული იქნა დიაგნოზით ICD - 10 კოდი: U07.1 - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება. სადავო გადაწყვეტილებით პაციენტ მ.მ-ის შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას იმ დასაბუთებით, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა №IV-100/ა) ასახული ინფორმაციის შესაბამისად, პაციენტის სტაციონირების მიზეზს არ წარმოადგენდა კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული ხარჯები კლინიკას უნდა მიეწოდებინა 50%-ის ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის სტაციონირება მოხდა COVID-19-დან გამომდინარე თუ სულ სხვა მიზეზით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ როდესაც სადავო იყო ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა წარმოადგენდა COVID 19-ის გართულებას თუ განვითარებული იყო კორონავირუსისგან დამოუკიდებლად, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი დადგენილების მე-16 მუხლზე ზოგადი მითითებით მიეღო გადაწყვეტილება შპს „...-ს“ მიერ პაციენტ მ.მ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა არა კორონავირუსიდან გამომდინარე, არამედ პაციენტის სტაციონირებას ადგილი ჰქონდა სხვა მიზეზით - ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის გამო, თუმცა არ დგინდება, როგორ შეძლო ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული დასკვნის გაკეთება იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ამავეს ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებდა. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოება, რომ პაციენტს ინტრაცერებრული სისხლჩაქცევები განუვითარდა სხვა მიზეზით, კორონავირუსისგან დამოუკიდებლად. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ იყო საკითხის გადასაწყვეტად, რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა სხვა ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული მოქმედება. ყოველივე აღნიშნული კი, შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ზემოდასახელებული გარემოებები ქმნის საკითხის ხელახალი კვლევისა და ფაქტის დადგენის საჭიროებას ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, რა დროსაც მოპასუხეს ევალება სადავო აქტთან მიმართებით ისე ჩაატაროს ხელახალი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, რომ უტყუარად დაადგინოს პაციენტის სტაციონირება მოხდა COVID-19-დან გამომდინარე თუ სულ სხვა მიზეზით, პაციენტს ინტრაცერებრული სისხლჩაქცევები განუვითარდა კორონავირუსისგან თუ მისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად მოხდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი მ.მ-ის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 ივლისის NHA 7 23 00724372 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა, სახეზეა ამავე გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 06 სექტემბრის NHA 7 23 00936089 გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობაც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.05.2026წ. №10797 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა