დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-786(კ-24) 6 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.ყ-ი; მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თ.ბ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ყ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა - დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე გ.ყ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 38 798 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ.ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით გ.ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე გ.ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 38 798 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის ... რაიონის სახალხო სასამართლოს 1983 წლის 7 აპრილის №2/144-83 გადაწყვეტილებით ვ.ბ-ას, შვილებთან ერთად, გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინიდან ერთი 19 კვ.მ ფართის ოთახი, მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №..., ბინა №...-ში. დამხმარე სათავსოები დარჩა საერთო სარგებლობაში. 1998 წლის 5 იანვრის №1-1 პრივატიზაციის ხელშეკრულებით (ნოტარიუსი - რ.მ-ი), ქ. თბილისის ... რაიონის სახალხო სასამართლოს 1983 წლის 7 აპრილის №2/144-83 გადაწყვეტილების საფუძველზე, თ.ბ-ის და მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს, ოთხოთახიანი იზოლირებული ბინიდან გამოეყოთ სამი ოთახი, საცხოვრებელი ფართით 36.0 კვ.მ, საერთო ფართი 55.19 კვ.მ, ხოლო ერთი ოთახი - ფართით 19 კვ.მ გამოეყო ვ.ბ-ას შვილებთან ერთად. აღნიშნული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ №... (09.03.2010წ.) გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, მე-... მასივში, ... ზე, №... კორპუსში მდებარე ბინა №...-ზე (ფართით - 55.19 კვ.მ), №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა თ.ბ-ის საკუთრების უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულების (გაფორმების თარიღი 25.05.2011წ.) საფუძველზე, №... ბინაზე რეგისტრაციის შესახებ №... ) (01.06.2011წ.) გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ი.ყ-ის საკუთრების უფლება. ი.ყ-იმა №... (12.09.2016) განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა უძრავი ნივთის (ს/კ...) მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული შიდა აზომვითი ნახაზის თანახმად, №... ბინის ფართი იყო 84.70 კვ.მ. ამდენად, რეგისტრაციის შესახებ №... (12.09.2016) გადაწყვეტილებით, განხორციელდა №... ბინის შიდა ფართის დაზუსტება და 55.19 კვ.მ-ს ნაცვლად დარეგისტრირდა 84.70 კვ.მ (ანუ ბინის შიდა ფართი გაიზარდა 29.51 კვ.მ-ით).
საყურადღებოა, რომ შპს „...“-ის მიერ 12.09.2016 წელს შესრულებულ შიდა აზომვით ნახაზზე არ არის ასახული ინფორმაცია საცხოვრებელი ფართობის კონკრეტული ოდენობის/ოთახების კონკრეტული დანიშნულების შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ არც თ.ბ-ისა და არც ი.ყ-ის მიერ არ ყოფილა №... ბინა მონიშნული სართულებრივ გეგმაზე. რაც შეეხება №... ბინას, №3პრ-53 (17.08.1996) პრივატიზაციის ხელშეკრულების (გაფორმების თარიღი: 17.08.1996, ნოტარიუსი -ი.ბ-ე) საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ №... (24.06.2011) გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, მე-... მასივში, ...ზე მდებარე №... კორპუსში განთავსებულ №... ბინაზე (ფართით 19 კვ.მ; საკადასტრო კოდი...) დარეგისტრირდა გ.ყ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნული რეგისტრაციის დროს, გ.ყ-ის მიერ არ ყოფილა წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზი ან სართულებრივი გეგმა სარეგისტრაციო ფართის მონიშვნით.
2016 წლის 3 ოქტომბერს ვ.ბ-ას წარმომადგენელმა, თ.ა-მა №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება და თანამესაკუთრის მითითება. სწორედ აღნიშნული წარმოების დროს იქნა წარდგენილი სართულებრივი გეგმა, რომელზეც მე-5 სართულზე ლურჯად მონიშნულია ბინა №... (მესაკუთრე - თ.ბ-ი), მწვანედ მონიშნულია ბინა №... (მესაკუთრე - გ.ყ-ი) და ყვითლად მონიშნულია საერთო სარგებლობის ფართი. აღნიშნული გეგმა მონიშნულია ვ.ბ-ის წარმომადგენლის და არა გ.ყ-ის, ი.ყ-ის ან თ.ბ-ის მიერ.
საყურადღებოა, რომ წარმოდგენილ სარჩელში მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებს, რომ გ.ყ-ი ფაქტობრივად ფლობდა სადავოდ გამხდარ ფართს ჯერ კიდევ თ.ბ-სთან თანაცხოვრების დროს, მაგრამ „ერთ ბინაში ორი ოჯახის“ ცხოვრებამ გამოიწვია კონფლიქტი და გ.ყ-ი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა მისი კუთვნილი ერთი ოთახი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გ.ყ-მა ისევ მოინდომა თავისი ბინით სარგებლობა აღმოჩნდა, რომ ბინა გაყიდული იყო ი.ყ-ზე, რომელიც ფაქტობრივად ფლობდა 4 ოთახს. აღნიშნულ გარემოებებს თუ სწორად შევაფასებთ, დავადგენთ, რომ სართულებრივი გეგმის მონიშვნის თანახმად, თ.ბ-ის სახელზე ისედაც მონიშნულია 4 ოთახი (№..., №..., №...,, №..., და №..., ოთახები) და ამ ოთხ ოთახში არ შედის გ.ყ-ის ოთახი. ამასთან, თ.ბ-იმა №... ბინა გაყიდა 2011 წელს, ხოლო ი.ყ-იმა აღნიშნული ბინის შიდა ფართის ცვლილება/დაზუსტება მოახდინა 2016 წელს და აზომა მთლიანი ბინის შიდა ფართი (№... და №...), ანუ გამოდის, რომ გ.ყ-ი მინიმუმ 5 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა და არ სარგებლობდა თავისი ოთახით. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გ.ყ-იმა თავისი ნებით დატოვა კუთვნილი ოთახი და ჩაკეტილი ჰქონდა ის (თუ ჩაკეტილი ჰქონდა, მაშინ გაუგებარია, ი.ყ-იმა როგორ აზომა მთლიანი ბინა, ხოლო თუ არ ქონდა ჩაკეტილი გ.ყ-ის კუთვნილი ოთახი, მაშინ გაუგებარია, ბინის გასხვისების დროს, თ.ბ-მა ი.ყ-ის ფაქტობრივად აჩვენა მთლიანი ბინა, თუ მხოლოდ თავისი კუთვნილი ფართი). ასევე, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ შეძლო სართულებრივ გეგმასა და შიდა აზომვით ნახაზზე გ.ყ-ის ბინის მდებარეობის მითითება.
ამდენად, იმ გარემოებას თუ გავითვალისწინებთ, რომ გ.ყ-ის კონფლიქტი ჰქონდა თ.ბ-ისთან (როგორც ამას თავად უთითებს), მაშინ ლოგიკურია, რომ მის ინტერესებში შედიოდა კუთვნილი ოთახის ცალკე ბინა-ერთეულად რეგისტრაცია და არა პირიქით. არსებითი არის ის, რომ თუკი იგი არ ეთანხმებოდა №... ბინის შიდა აზომვით ნახაზს, მაშინ სადავოდ უნდა გაეხადა აღნიშნული ნახაზიც და ორივე მხარეს ურთიერთშეთანხმებით წარმოედგინათ №... და №... ბინების შიდა აზომვითი ნახაზი, რადგან ორივე მხარის რეალური ინტერესი საბოლოოდ არის კუთვნილი ფართების ცალ-ცალკე უფლების ობიექტებად რეგისტრაცია, რაც ფაქტობრივად თავიდანვე გამოავლინეს კუთვნილი ბინების ცალ-ცალკე საკადასტრო ერთეულებად რეგისტრაციის გზით. ამასთან, საჯარო რეესტრისთვის უცნობია ფაქტობრივად რომელი წლიდან ცხოვრობდა გ.ყ-ი სადავო ფართში. ამრიგად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გაუგებარია, რა ნაწილში მიადგა მოსარჩელეს საჯარო რეესტრის მხრიდან ზიანი.
კასატორის განმარტებით, საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის (საქმე №3/8840-16) გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ.ყ-ის მოთხოვნა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში „თანამესაკუთრის“ მითითების შესახებ, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც თ.ბ-სა და გ.ყ-ზე გაცემულ იქნა ცალ-ცალკე პრივატიზაციის ხელშეკრულებები და გ.ყ-ის პრივატიზების ხელშეკრულებაში არ არის რაიმე სახის მითითება გაკეთებული ... რაიონის სასამართლოს მიერ 1983 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებაზე და, უფრო მეტიც, მითითებულია, რომ ეს ბინა წარმოადგენდა სამგორის რაიონის 97-ე საბინაო საექსპლუატაციო უბნის საკუთრებას (და არა ვ.ბ-ას საკუთრებას) და მასში ასევე არ არის მითითებული, თუ რომელ სართულზე მდებარეობს აღნიშნული ოთახი.
სამგორის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო ტრესტის უფროსის №811 (11.03.1996) მიმართვაში მითითებულია, რომ „ბინაში ამჟამად ჩაწერილი გ.ყ-ი თანახმაა მის მიერ დაკავებული ოთახი მიერთებულ იქნას ძირითად ფართთან“, თუმცა ამ ნაწილში თ.ბ-ის განემარტა, რომ უნდა მიემართა სამგორის რაიონის გამგეობისთვის. ასევე, №... დაბადების მოწმობით დგინდება, რომ გ.ყ-ი არის შ.ყ-ისა და ვ.ბ-ას შვილი. ამასთან, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 11 ოქტომბრის №14/54497 წერილზე დართულია ცნობის ელექტრონული ასლი (..., პირველი კორპ., ბინა №...; საცხოვრებელი ფართობის გრაფაში მითითებულია „...მ2 3 ოთახი“), დამქირავებლად მითითებულია - ბ-ი.თ, ხოლო დამქირავებელთან დაკავშირებულ პირებად მითითებულია: შვილი - ს.ბ-ი და ვ.ბ-ა (გადახაზულია). ამავე წერილს დართულ მეორე ცნობის ელექტრონულ ასლში (..., პირველი კორპ., ბინა №...; საცხოვრებელ ფართობად მითითებულია „19,30 მ2“), დამქირავებლად მითითებულია: ვ.ბ-ა, ხოლო დამქირავებელთან დაკავშირებულ პირებად მითითებულია, შვილები: გ.ყ-ი (მოსარჩელე), ქ.კ-ა და ნ.კ-ა. ამრიგად, დგინდება, რომ ჯერ კიდევ სადავო ბინების პრივატიზაციის დროისთვის, №... და №... ბინები ცალ-ცალკე იყო აღრიცხული და მინიჭებული ქონდა სხვადასხვა ნომერი, ანუ იმთავითვე აღნიშნული ბინები მოიაზრებოდა ცალკე უფლების ობიექტად და არა, როგორც ერთ ბინად. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ იყო დაზუსტებული გ.ყ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული №... ბინის სართული და შიდა ფართი (შიდა აზომვითი ნახაზით) და ის მის მიერ არც სართულებრივ გეგმაზე იყო მონიშნული, ამასთან, მას, მისი განმარტებით, კონფლიქტი ჰქონდა თ.ბ-თან, რის გამოც საკუთარი ნებით დატოვა კუთვნილი 19 კვ.მ ოთახი, გაუგებარია, რატომ არ შეეძლო ევარაუდა, რომ თ.ბ-ი მისი არ ყოფნის დროს გაასხვისებდა მთლიან ბინას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ერთხელ უკვე თანხმობა ჰქონდა გამოთქმული 19 კვ.მ ბინის მთლიან ბინაზე მიერთების თაობაზე.
კასატორის განმარტებით, შპს „ ...-ოს“ დასკვნის (10.09.2020) მიხედვით, შეფასებულია არა მხოლოდ გ.ყ-ის საკუთრებაში არსებული 19 კვ.მ ოთახი, არამედ მთლიანად ბინა №... (ს/კ ...) და აღნიშნული დასკვნის თანახმად, ბინა №... (ფართით - 84.70 კვ.მ) შეფასებულია 173 000 ლარად. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას 38 798 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა სარჩელში მითითებულია შემდეგნაირად: “173 000 : 19 = 38 798 ლარს”. საყურადღებოა, რომ თუკი 173 000 ლარს გავყოფთ 19 კვ.მ-ზე (გ.ყ-ის საკუთრებაში არსებული ფართი) მივიღებთ 9 105.26 ლარს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ აუდიტის აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ №... ბინაში „მაღალი დონის რემონტია ჩატარებული, გამოცვლილია მთლიანად ბინის წყალგაყვანილობის, ელგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები. გამოცვლილია კარ-ფანჯარა, იატაკზე დაგებულია კარგი ხარისხის ლამინატის პარკეტი, კედლები გალესილია გაჯით, გაშპაკლული და შეღებილია, ჭერზე გაკრულია თაბაშირ-მუყაოს ფილები, რომლებიც აგრეთვე გაშპაკლული და შეღებილია. სველი წერტილების ზედაპირები მოპირკეთებულია მაღალი დონის კაფელით, ბინაში მოწყობილია გათბობის სისტემა იტალიური ალუმინის ბატარეებით.“ ამავე დასკვნაზე თანდართულია ბინის ფოტოები, თუმცა ამ ფოტოებით ვერ დგინდება, რომელია სადავო 19 კვ.მ ფართის ოთახი (ბინა №...), ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ შეძლო მიეთითებინა, რომელ ფოტოზე იყო ასახული სადავო ოთახი. ამასთან, აუდიტის მიერ ზემოაღნიშნული ქონების ინსპექტირება განხორციელდა 2020 წლის 3 აგვისტოს, ხოლო დასკვნის მომზადება 2020 წლის 3 - 7 აგვისტოს პერიოდში, ანუ სადავო ოთახის (ბინა №...) პრივატიზებიდან (17.08.1996 წ.) 24 წლის შემდეგ და სადავო ქონების გასხვისებიდან (2011 წლიდან) 9 წლის შემდეგ. ამდენად, ლოგიკურია რომ გ.ყ-ისთვის 1996 წელს პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაცემული 19 კვ.მ ოთახი და 2020 წელს აუდიტის დასკვნის მომზადებისას არსებული ბინის ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ღირებულება ვერ იქნებოდა იდენტური, ამასთან, ვერ დგინდება ვის მიერ არის აღნიშნული სარემონტო სამუშაოები შესრულებული და ასევე, ვერ დგინდება, რის საფუძველზე დაასკვნა მოსარჩელემ (და ასევე სასამართლომ), რომ ზიანის თანხა შეადგენს 38 798 ლარს, მით უფრო იმ პირობებში, როცა შეფასებულია მთლიანი ბინა (ჯამში 84.70 კვ.მ) და არა ცალკე გ.ყ-ის საკუთრებაში არსებული 19 კვ.მ ოთახი. ასევე, ვერ დგინდება ჩატარებულია თუ არა ი.ყ-ისა და გ.ყ-ის საკუთრებაში არსებულ ბინებში იდენტური ხარისხისა და ღირებულების სარემონტო სამუშაოები, ხოლო აუდიტის დასკვნაში არ არის მითითებული 1 კვ.მ-ის ღირებულება.
კასატორის განმარტებით, ზიანის ანაზღაურების ოდენობა ექვივალენტობის პრინციპიდან გამომდინარე, ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ზიანის ოდენობის დადგენა დაკავშირებულია უფლების დარღვევის მომენტისათვის სადავო ნაკვეთის საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან. მოცემული დავის ფარგლებში, „უფლების დარღვევის მომენტად“ მიჩნეული უნდა იქნეს №... ბინის (ს/კ...) შიდა ფართის (გაზრდის) ცვლილების რეგისტრაციის თარიღი - 12.09.2016 წელი (რეგისტრაციის შესახებ №... (12.09.2016) გადაწყვეტილება).
კასატორის განმარტებით, სასამართლოებს არ აქვს შეფასებული ზემოაღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები და არც იმაზე მსჯელობენ, რამდენად ადეკვატური და სწორი დაანგარიშებით არის მოთხოვნილი მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლო 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ მოსარჩელემ დაკარგა კუთვნილი უძრავი ნივთი. ამ მსჯელობას ასევე იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლო და უთითებს, რომ №... ბინაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და გამორიცხავს მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების რეალიზების შესაძლებლობას. დაუსაბუთებელია სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ი.ყ-ის მიერ წარმოდგენილ შიდა აზომვით ნახაზს, თავისი ოთახის შიდა აზომვითი ნახაზი კი, მას არასოდეს წარმოუდგენია (რითაც დადგინდებოდა აღნიშნული ფართების იდენტურობა) და თავადვე ადასტურებს, რომ დატოვებული ჰქონდა კუთვნილი ფართი საკუთარი ნებით. მოსარჩელე რეალურად სარგებლობდა თუ არა და ფაქტობრივად ფლობდა თუ არა კუთვნილ ოთახს, არ წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს კვლევის საკითხს. ამასთან საყურადღებოა, რომ მოსარჩელე წარმოდგენილ სარჩელში და სასამართლო სხდომებზე არ უთითებს, რომ მას ი.ყ-იმა აუკრძალა საკუთარი ოთახით სარგებლობა და თუკი ასეთი რამ დადგინდებოდა, მაშინ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს სამეზობლო დავას. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს ბრალეულობა არ შეიძლება დადგინდეს იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომელთა კვლევა და შეფასება საჯარო რეესტრის კომპეტენციას არ მიეკუთვნება. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპელირებას საჯარო რეესტრის მიერ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესახებ, აღნიშნული დასკვნის წარდგენას აზრი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სათანადო შეფასებას მისცემდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას და მიუთითებდა, რომ რეალურად ეს დასკვნა არ იყო მომზადებული „უფლების დარღვევის“ თარიღის შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელეც და მოპასუხეც ამ შემთხვევაში მტკიცებულებების თვალსაზრისით, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ თანაბარ მდგომარეობაში არიან.
კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას გამორიცხავს 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის კომპონენტების არარსებობა. კერძოდ, არ არსებობს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბრალი, მოსარჩელის მიმართ მითითებულ ზიანთან დაკავშირებით და ასევე, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი სააგენტოს ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. მხოლოდ აღნიშნული ოთხი კომპონენტის ერთობლივად არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს ზიანის მიმყენებელს მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის სასარგებლოდ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამდენად, მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტიც კი (რომელიც წინამდებარე შემთხვევაში სახეზე არ არის), საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება. საჭიროა დადგინდეს, რომ ზიანის მიმყენებლის ქმედება ხასიათდებოდა მართლწინააღმდეგობითა და ბრალეულობით, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებით, აღნიშნული ნორმების განმარტებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის (კუმულატიურად) ერთობლიობაში უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო/კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამოწვეულ უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას შორის.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
1. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. თბილისის ... რაიონის სახალხო სასამართლოს 1983 წლის 07 აპრილის №2/144-83 გადაწყვეტილებით ვ.ბ-ას, შვილებთან ერთად, გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინიდან ერთი 19 კვ.მ ფართობის ოთახი, მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №..., ბინა №.... დამხმარე სათავსოები დარჩა საერთო სარგებლობაში (ტ. 1, ს.ფ. 24-25); ბ) 2010 წლის 26 თებერვალს მომზადებული ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად, თ.ბ-ზე რეგისტრირებულია საცხოვრებელი ფართობი 36 კვ. მეტრი, მისამართი ... მასივი, ..., კორპუსი ..., ლიტერი ,,ა’’, ბინა .... უფლების დამდგენი დოკუმენტი 1998 წლის 05 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის ... რაიონის სახალხო სასამართლოს 1983 წლის 07 აპრილის №2/144-83 გადაწყვეტილების საფუძველზე, თ.ბ-ის და მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს ოთხოთახიანი ბინიდან გამოეყოთ სამი ოთახი, საცხოვრებელი ფართით 36.0 კვ.მ, საერთო ფართი 55.19 კვ.მ (ტ. 1, ს.ფ. 27, 128-129); გ) 2010 წლის 02 მარტს თ.ბ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და 1998 წლის 05 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და 2010 წლის 26 თებერვალს მომზადებული ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, მე-... მასივი, ..., კორპუსი №...-ში, მდებარე ბინა №...-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 124-130); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 09 მარტის №... გადაწყვეტილებით თ.ბ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., ფართი 55.19 კვ.მ, საკადასტრო კოდი №..., დარეგისტრირდა თ.ბ-ის საკუთრების უფლებით (ტ. 1, ს.ფ. 131, 132-133); ე) 2011 წლის 25 მაისს თ.ბ-სა და ი.ყ-ის შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, მე-... მასივი, ..., კორპუსი №...-ში, მდებარე ბინა №..., ფართით 55.19 კვ.მ (ტ. 1, ს.ფ. 137-138). 2011 წლის 25 მაისს ი.ყ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, მე-... მასივი, ..., კორპუსი №...-ში მდებარე ბინა №...-ზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ. 1, ს.ფ. 134-141). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 01 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი.ყ-ის განცხადება და უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., ფართი 55.19 კვ.მ, საკადასტრო კოდი №..., დარეგისტრირდა ი.ყ-ის საკუთრების უფლებით (ტ. 1, ს.ფ. 142, 143-144); ვ) 2016 წლის 12 სექტემბერს ი.ყ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე (ფართი 84,70 კვ.მ) მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., საკადასტრო კოდი №..., რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 144-148). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ი.ყ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., ფართი 84.70 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., რეგისტრირებულ იქნა ი.ყ-ის საკუთრების უფლება (ტ.1, ს.ფ. 149, 150-151);
2. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2011 წლის 16 ივნისს მომზადებული ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად, გ.ყ-ის სახელზე რეგისტრირებულია საცხოვრებელი ფართობი 19 კვ. მეტრი, მისამართი ... მასივი, ... კორპუსი ..., ლიტერი ,,ა’’, ბინა .... უფლების დამდგენი დოკუმენტი - 1996 წლის 17 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულება №3პრ-53 (ტ.1. ს.ფ. 26, 116-118); ბ) 2011 წლის 22 ივნისს გ.ყ-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, მე-... მასივი, ..., კორპუსი №...-ში მდებარე ბინა №...-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებაზე თანდართული იყო 2011 წლის 16 ივნისს მომზადებული თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათება და 1996 წლის 17 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულება №3პრ-53 (ტ.1. ს.ფ. 112-120); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილებით გ.ყ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., ფართი 19 კვ. მეტრი, დარეგისტრირდა გ.ყ-ის საკუთრების უფლება (ტ. 1, ს.ფ. 121, 122-123);
3. 2016 წლის 03 ოქტომბერს ვ.ბ-ის წარმომადგენელმა, თ.ა-იმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი..., საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება და მესაკუთრის გრაფაში, თანამესაკუთრედ მითითება (ტ.1. ს.ფ. 215-233; 168-181.) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში დაცული დოკუმენტების თანახმად, 1998 წლის 05 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით თ.ბ-ის გადაეცა ოთხოთახიანი ბინიდან სამი ოთახი საცხოვრებელი ფართი 36 კვ.მ, საერთო ფართი 55.19 კვ.მ. აღნიშნული უძრავი ნივთი 2011 წლის 25 მაისს გასხვისებულ იქნა ი.ყ-იზე. გ.ყ-ის სახელზე კი, რეგისტრირებულია ბინა №... - 19 კვ.მ, ოთხოთახიანი ბინის ერთი ოთახი. ვერ დგინდება ბინა №... და №... წარმოადგენს თუ არა ერთი უფლების ობიექტს. დამატებით წარმოსადგენია სართულის გეგმა, სადაც მონიშნული იქნება ბინა №... და №... (ტ.1. ს.ფ. 215-233; 197-198.). ვ.ბ-ის წარმომადგენელმა, თ.ა-იმა 2016 წლის 04 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ ბინა №... და №... წარმოადგენდა ერთი უფლების ობიექტს (ტ.1. ს.ფ. 215-233; 185-188). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სააგენტომ განმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამებოდა უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. აქედან გამომდინარე, ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დგინდებოდა (ტ.1. ს.ფ. 215-233; 199.). 2016 წლის 05 ოქტომბერს ვ.ბ-ას და გ.ყ-ის წარმომადგენელმა, თ.ა-იმა საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..., საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება და მესაკუთრის გრაფაში, „თანამესაკუთრის“ მითითება (ტ.1. ს.ფ. 215-233; 200-201). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ვ.ბ-ას წარმომადგენლის, თ.ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1. ს.ფ. 215-233; 206-213);
4. 2016 წლის 5 ოქტომბერს გ.ყ-ის წარმომადგენელმა - თ.ა-იმა ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. განცხადებაში მიუთითა, რომ 2011 წლის 22 ივნისს №... განაცხადით დარეგისტრირდა მისი მარწმუნებლის, გ.ყ-ის საკუთრება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., ფართი 19.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.... აღნიშნული განცხადებით ითხოვდა ტექნიკური ხარვეზის გასწორებას და წარდგენილი ცნობა-დახასიათების, ასევე, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, გ.ყ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., 19.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრის გრაფაში, „თანამესაკუთრის” და მე-... სართულის მითითებას (ტ. 1, ს.ფ. 152-166). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 05 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით გ.ყ-ის წარმომადგენელს, თ.ა-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლით, რომ ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დგინდება (ტ. 1, ს.ფ. 167);
5. ვ.ბ-ამ და გ.ყ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 09 მარტის №... გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ბ-ის სახელზე დარეგისტრირდა ქ. თბილისში, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა (საკადასტრო კოდი...) და თანახმად ... რაიონის სასამართლოს მიერ მიღებული 1983 წლის 07 აპრილის საქმე №2/144-ისა, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, ქ. თბილისში, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №... მდებარე საცხოვრებელი ბინის (საკადასტრო კოდი...) პირველად რეგისტრაციას ჩაეწერება მესაკუთრის გრაფაში - ”თანამესაკუთრე”, თანმდევი შედეგებითურთ, ანუ ქ. თბილისში, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №... მდებარე საცხოვრებელი ბინის (საკადასტრო კოდი ....) ყველა შემდგომ რეგისტრაციას და/ან უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციას (საჯარო რეესტრის ამონაწერს) ჩაეწეროს მესაკუთრის გრაფაში - „თანამესაკუთრე”; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, ქ. თბილისში, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №... მდებარე საცხოვრებელი ბინის (საკადასტრო კოდი ...) პირველად რეგისტრაციას ჩაეწერება მესაკუთრის გრაფაში - “თანამესაკუთრე”, თანმდევი შედეგებითურთ, ანუ ქ. თბილისში, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №... მდებარე საცხოვრებელი ბინის (საკადასტრო კოდი...) ყველა შემდგომ რეგისტრაციას და/ან უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციას (საჯარო რეესტრის ამონაწერს) ჩაეწერება მესაკუთრის გრაფაში - „თანამესაკუთრე”.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/8840-16) გ.ყ-ის და ვ.ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 09 ოქტომბერს მიღებული რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, თ.ბ-ის ერთპიროვნული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №..., ბინა ..., საკადასტრო კოდი..., ასევე ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 09 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის არ არსებობის დადგენის ნაწილში და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №..., ბინა ..., საკადასტრო კოდი..., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (ამონაწერში საჯარო რეესტრიდან) თ.ბ-სთან ერთად მიეთითება - თანამესაკუთრე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1. ს.ფ. 215-233).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა სადავო აქტის თარიღში, კერძოდ, მიღებული რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება 09 ოქტომბრის ნაცვლად, ჩასწორდა 9 მარტის თარიღით (ტ.1. ს.ფ. 234-237);
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით კი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იგი იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვ.ბ-ას წარმომადგენლის 2016 წლის 3 ოქტომბრის სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია საკმარისი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის. კერძოდ, უდავოა, რომ თბილისში, ... მასივში, ... ზე, №... კორპუსში მდებარე ბინა №...-ზე თ.ბ-ის ერთპიროვნული საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ცნობილი იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემები, რომლის თანახმად, თ.ბ-ის და მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს ოთხოთახიანი იზოლირებული ბინიდან გამოეყოთ სამი ოთახი, საცხოვრებელი ფართით 36.0 კვ.მ, საერთო ფართი 55.19 კვ.მ, ხოლო ვ.ბ-ას, ამავე მისამართზე, შვილებთან ერთად გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინიდან 19 კვ.მ ფართობის ერთი ოთახი. აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელებისას, რეალურად უძრავ ქონებაზე ფიქსირდებოდა თანასაკუთრების უფლების არსებობა, რაც შესაბამის მითითებას საჭიროებდა რეგისტრაციის ამსახველ ამონაწერში. ამდენად, ცალსახად დგინდება ტექნიკური ხარვეზის არსებობა უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №...; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ვალდებული იყო სრულად გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიღებული გადაწყვეტილებით დაედგინა, რომ თ.ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით..., ტექნიკურად არ იქნა მითითებული „თანამესაკუთრე“ (ტ. 1, ს.ფ. 38-48, 33-37);
9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ რეგისტრაციის სამსახურს დაევალა 2016 წლის 12 სექტემბრის №... სარეგისტრაციო განცხადების განახლება და 84.70 კვ.მ ფართობის რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით (განმცხადებელი ი.ყ-ი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება გ.ყ-ის თანხმობის წარდგენის მოთხოვნით (ტ. 1, ს.ფ. 281-285);
10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით გაუქმდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., საკადასტრო კოდი №..., დარეგისტრირდა ი.ყ-ის საკუთრების უფლება 84.70 კვ.მ ფართზე. აღნიშნული უძრავი ქონება ი.ყ-ის საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 55,19 კვ. მეტრის ოდენობით (ს.ფ. 31, 287, 32); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. მარეგისტრირებელმა ორგანომ განმარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მდებარე ქალაქი თბილისი, ..., მასივი ..., კორპუსი ..., საკადასტრო კოდი.... დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილია სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ფართით 84.70 კვ.მ შიდა აზომვითი ნახაზი შესრულებული შპს ,,...’’ მიერ. აღნიშნული აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რეგისტრაციის №..., დარეგისტრირდა ი.ყ-ი საკუთრების უფლება 84.70 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით №... ძალადაკარგულად გამოცხადდა რეგისტრაციის შესახებ №..., (12.09.2016) გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით №3/8840-16, დადგინდა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთი ფართით 84.70 კვ.მ კავშირია საკადასტრო კოდზე ... რეგისტრირებულ გ.ყ-ის საკუთრების უფლებასთან. ამდენად, წარმოსადგენია გ.ყ-ის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა ზემოთაღნიშნული აზომვითი ნახაზით მიხედვით 84.70 კვ.მ. ფართის ი.ყ-ი საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით (ტ.1. ს.ფ. 89). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძველზე მითითებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია.
11. ი.ყ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ (მესამე პირი - გ.ყ-ი). მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის შესახებ №...- (12.09.2016) გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 02 აგვისტოს №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 02 აგვისტოს №... გადაწყვეტილება „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“; დ) აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაზე, რის შედეგადაც მასზე (84.70 კვ.მ ფართზე) აღირიცხება ი.ყ-ის საკუთრების უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ი.ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის შესახებ №... (12.09.2016) გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 აგვისტოს №... გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 02 აგვისტოს №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 02 აგვისტოს №... გადაწყვეტილება „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ და აღდგა პირვანდელი მდგომარეობა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაზე, რის შედეგადაც მასზე (84.70 კვ.მ ფართზე) აღირიცხება ი.ყ-ის საკუთრების უფლება (ტ.1. ს.ფ. 49-58). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება (ტ. 1, ს.ფ. 316-324, 348-351);
12. შპს „...ოს“2020 წლის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიშით დგინდება, რომ საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (ბინის) (მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №..., ბინა ...; 84.70 კვ.მ) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 173 000 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 59-84).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამდენად, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი („ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული...“ (სუს 10.04.2014წ. №ბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მოიაზრებს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ქმედებიდან გამომდინარე, უპირველესად უნდა დადგინდეს და შეფასდეს, სახეზე არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ვინაიდან ამ შედეგის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს მოცემული დავისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - არსებობს თუ არა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია სათანადო შეფასება მიეცეს სარეგისტრაციო სამსახურის კანონის მოთხოვნების შესაბამისად საქმიანობის განხორციელებას თავად საჯარო რეესტრის არსებობის მიზნებისა და მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემდგომში მის მიერ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად და კანონის შესაბამისად განხორციელების კუთხით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და ხელშეუვალია.
რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის, როგორც საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნის დანიშნულება განპირობებულია სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან - საკუთრების უფლების დაცვის შესახებ. საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრირებით სახელმწიფო იცავს ბრუნვის მონაწილეებს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისგან. საჯარო რეესტრის ფუნქცია პრევენციულ ხასიათსაც ატარებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი წარმოეშვათ ბრუნვის მონაწილეებს კანონთან. ინფორმაცია, რომელიც დაცულია რეესტრში, დიდწილად იცავს ბრუნვის მონაწილეებს მოტყუებით და თვალთმაქცური გარიგების დადებისგან და შესაბამისად ამ საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის ჩანაწერების მიმართ არსებობს კანონით დაცული უფლება - კანონიერი ნდობის უფლება, რაც სამოქალაქო კოდექსში განმარტებულია შემდეგი დათქმით, ,,სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია“ (სუსგ №ბს-173(4კ-20), 09.07.2020წ.).
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საკასაციო პალატის მითითებით, აღნიშნული დანაწესი არ გულისხმობს იმას, რომ მარეგისტრირებელი ორგანო გათავისუფლებულია საქმის გარემოებების, მათ შორის წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების სრულყოფილებისა და კანონთან შესაბამისობის ყოველმხრივ და საფუძვლიანად გამოკვლევის კანონით დადგენილი ვალდებულებებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, მისამართზე ... მასივი, ..., კორპუსი ..., ლიტერი ,,ა’’, ბინა ..., თ.ბ-ის სახელზე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელი ფართობი 36 კვ. მეტრი, საერთო ფართი 55.19 კვ.მ, ხოლო გ.ყ-ის სახელზე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელი ფართობი 19 კვ. მეტრი, ბინა ... სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით თ.ბ-ის საკუთრების უფლება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე აღირიცხა 55.19 კვ.მ ფართზე, ხოლო ამავე სამსახურის 2011 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილებით გ.ყ-ის უფლება აღირიცხა №... საკადასტრო კოდის მქონე №... ბინაზე ფართით 19 კვ. მეტრი. მას შემდეგ, რაც 2011 წლის 25 მაისს თ.ბ-მა გაასხვისა კუთვნილი უძრავი ქონება ი.ყ-ზე, ამ უკანასკნელმა განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მის სახელზე აღრიცხულიყო 84,70 კვ.მ ფართი, ნაცვლად 55.19 კვ.მ ფართისა. ი.ყ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., ფართით 84.70 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., დარეგისტრირდა ი.ყ-ის სახელზე. საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 09 ოქტომბერს მიღებული რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, თ.ბ-ის ერთპიროვნული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №..., ბინა .., საკადასტრო კოდი..., ასევე ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 დეკემბრის №... გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 09 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის არ არსებობის დადგენის ნაწილში და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №..., ბინა ..., საკადასტრო კოდი..., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (ამონაწერში საჯარო რეესტრიდან) თ.ბ-სთან ერთად მიეთითებოდა - თანამესაკუთრე. აღნიშნულ დავაზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვ.ბ-ას წარმომადგენლის 2016 წლის 3 ოქტომბრის სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია საკმარისი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის. კერძოდ, უდავო იყო, რომ თბილისში, ... მასივში, ...ზე, №... კორპუსში მდებარე ბინა №...-ზე თ.ბ-ის ერთპიროვნული საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ცნობილი იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემები, რომლის თანახმად, თ.ბ-ის და მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს ოთხოთახიანი იზოლირებული ბინიდან გამოეყოთ სამი ოთახი, საცხოვრებელი ფართით 36.0 კვ.მ, საერთო ფართი 55.19 კვ.მ, ხოლო ვ.ბ-ას, ამავე მისამართზე, შვილებთან ერთად გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინიდან 19 კვ.მ ფართობის ერთი ოთახი. აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელებისას, რეალურად უძრავ ქონებაზე ფიქსირდებოდა თანასაკუთრების უფლების არსებობა, რაც შესაბამის მითითებას საჭიროებდა რეგისტრაციის ამსახველ ამონაწერში. ამდენად, ცალსახად დგინდებოდა ტექნიკური ხარვეზის არსებობა უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №...; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ვალდებული იყო სრულად გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიღებული გადაწყვეტილებით დაედგინა, რომ თ.ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით..., ტექნიკურად არ იქნა მითითებული „თანამესაკუთრე“ .
ასევე დადგენილია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გ.ყ-ის თანასაკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ ქონებაზე ვერ დარეგისტრირდა, ვინაიდან ი.ყ-ის სარჩელის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ აღნიშნულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები და აღდგა პირვანდელი მდგომარეობა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაზე, რის შედეგადაც მასზე (84.70 კვ.მ ფართზე) აღირიცხა ი.ყ-ის საკუთრების უფლება. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ დავაზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად მიიჩნია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება „ახლად აღმოჩენილ გარემოებად“ ი.ყ-ის სასარგებლოდ 2016 წლის 12 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაციის, როგორც აღმჭურველი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება არ მიაქცია სასამართლოს მიერ ი.ყ-ის ამონაწერში მესაკუთრის გრაფაში თანამესაკუთრის მითითების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივს, რომლის თანახმად, ი.ყ-ი წარმოადგენდა მოცემულ ბინაზე კეთილსინდისიერ შემძენს, რის გამოც მოცემულ ნაწილში სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული. ამდენად, მოსარჩელე სადავო ბინის კეთილსინდისიერი შემძენია და მისი საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით’’.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან, საბოლოოდ, ი.ყ-ი მიმართ აღდგა პირვანდელი მდგომარეობა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაზე და მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 84.70 კვ.მ ფართი, აღნიშნულით ფაქტობრივად გაუქმდა გ.ყ-ისათვის დარეგისტრირებული 19.00 კვ.მ უძრავი ქონება. შესაბამისად, გ.ყ-ის მიადგა ზიანი, ვინაიდან მან დაკარგა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მასივი, ..., კორპუსი №..., ბინა №..., 19 კვ.მ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული საკუთრების უფლება.
ამდენად, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან გ.ყ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამო მოხდა სხვა პირის საკუთრების უფლების დარეგისტრირება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება (მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სხვა პირის უფლების რეგისტრაცია) მართლსაწინააღმდეგოდ. შესაბამისად, სახეზეა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა დაცული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რის გამოც მოსარჩელეს უკანონოდ შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
რაც შეეხება დაკისრებული ზიანის ოდენობას, სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შპს „...-ოს“ 2020 წლის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიშზე, რომლითაც დგინდება, რომ საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, ბინის (მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №..., ბინა 144; 84.70 კვ.მ) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 173 000 ლარი. საყურადღებოა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოში საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა და არც აღნიშნული დასკვნის გამაბათილებელი რაიმე სხვა მტკიცებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე გ.ყ-ის სასარგებლოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 38 798 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.06.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1939,9 ლარის 70 პროცენტი - 1357,93 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა