დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-201(კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.12.2024 წლის გადაწყვეტილებით ლ.გ-ის სარჩელი მოპასუხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 22.12.2023 წლის №3720 განკარგულება და კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ... . №...-ში მდებარე 214 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე, მე-51 მუხლზე და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც მითითებული კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებული განკარგულებით ლ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციითა და აეროფოტოგადაღებებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ... . №...-ში მდებარე 214 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობა განთავსებულია ზემოხსენებული კანონის ამოქმედების შემდეგ. მხარემ სადავო ტერიტორიაზე კანონის ამოქმედებამდე შენობის განთავსების ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.11.2024 წლის წერილი. დასახელებული დოკუმენტების გამაქარწყლებელი მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. მოპასუხე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს ორთოფოტოებზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის დასახელებული წერილის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აეროგადაღება, 2006-2007 წლებში, განხორციელდა 2006 წელს. 2006 წლის ორთოფოტოზე კი იკვეთება ნაგებობის კონტური, თუმცა ორთოფოტოს ხარისხის გამო მისი ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხდება, ამდენად, დასახელებული წერილითა და მოწმეთა განმარტებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია სადავო ტერიტორიაზე არსებული შენობის კანონის ამოქმედებამდე განთავსების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ორთოფოტოზე ასახულ და მოწმეთა მიერ მითითებულ გარემოებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ორთოფოტოზე ასახულ ინფორმაციას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული წინააღმდეგობას ადგილი არ აქვს, შესაბამისად, დაუსაბუთებელია აპელანტის პრეტენზია მოწმეთა ჩვენების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფაქტების კონსტატაციის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმს, აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე ისეთ მითითებას, რაც შენობის დასახელებული კანონის ამოქმედების შემდეგ აშენების ფაქტს დაადასტურებდა, ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალები ერთობლიობაში ქმნის სადავო მიწის ნაკვეთზე ლ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს, კერძოდ, საქმის მასალების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ მოსარჩელე წლების მანძილზე ფლობდა და სარგებლობდა უფლებაასაღიარებელი ტერიტორიით და მასზე აშენებული შენობა-ნაგებობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ პერიოდში არსებული უძრავი ქონების ობიექტური რეალობის ამსახველ მტკიცებულებას წარმოადგენს ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), რომელიც იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის საზღვრები და შემოწმდეს დროში მისი განვითარება მასზე კონკრეტული შენობა-ნაგებობის არსებობა-არარსებობის გარკვევით (შდრ. იხ. სუსგ №ბს-698-698(კ-18), 13.12.2018წ.; №ბს-790(კ-24), 18.12.2024წ.). საჯარო რეესტრის 15.11.2024 წლის წერილის თანახმად, ორთოფოტოს ხარისხის გამო შენობის იდენტიფიცირება მასზე ვერ ხდება. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებას, მოწმის ჩვენება დამოუკიდებლად სხვა მტკიცებულებით გამყარების გარეშე არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებას. მოწმის ა.ლ-ის ჩვენება მოსარჩელის მიერ 2001 წლამდე ნაკვეთით სარგებლობის თაობაზე არ უნდა იქნეს გაზიარებული იმის გამო, რომ ხსენებულმა მოწმემ ქ. თბილისში, ...ს ქ. ...-ში მდებარე უძრავი ქონება დაირეგისტრირა 10.03.2022 წლის განცხადების საფუძველზე. მოწმის ზ.მ-ის განმრატებით, ის 2006 წელს დაბრუნდა საქართველოში და იმ დროისათვის მოსარჩელე მის მეზობლად ცხოვრობდა, თუმცა აღნიშნული მოწმის სახელზე უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად, მითითებულ მისამართზე 2022 წლამდე ა.ლ-ის და 2006 წელს ზ.მ-ის ცხოვრების ფაქტი სადავოა. საქმის მასალებში არსებული 2005 წლის ინტერაქტიული რუკით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი დაუმუშავებელია და მასზე ფლობისა და სარგებლობის ფაქტი არ დასტურდება, ამდენად, ორთო-ფოტოსა და მოწმის ჩვენებას შორის არსებობს ურთიერთწინააღმდეგობა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ორთო-ფოტოს ენიჭება. რაც შეეხება ფაქტის კონსტატაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმზე თანდართულ ფოტო-მასალას, აღნიშნულ ფოტოზე აღბეჭდილია 2024 წელს არსებული ფაქტობრივი გარემოება. კანონის მიზნებიდან გამომდინარე კი შესაფასებელია 2007 წლამდე არსებული მდგომარეობა. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დროს კომისიის მიერ დაცული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. სადავო განკარგულება მიღებულია იმ გარემოებათა ერთობლივი შეფასების საფუძველზე, რომლებსაც უშუალო კავშირი ჰქონდათ დავის საგანთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულების მართლზომიერება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 22.12.2023 წლის №3720 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავების საფუძვლით ქ. თბილისში, ... . №...-ში მდებარე 214 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (ს.ფ. 95-96). უარის თქმის საფუძვლად მიეთითა მასზედ, რომ არ დადასტურდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისთვის არსებული შენობა განთავსებულია ზემოთ ხსენებული კანონის ამოქმედების შემდეგ, ამასთანავე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის აუცილებელია კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის დაუფლების და მასზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) არსებობის დადასტურება („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება (კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი (საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი). მოწმის ჩვენებად კი - მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება („წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებსა და ორთოფოტოზე, კერძოდ, საქმის მასალებში დაცული სანოტარო წესით დამოწმებული 15.09.2022 წლის განცხადებით ნ.ყ-ი, ზ.მ-ი და ა.ლ-ე ადასტურებენ კანონის ამოქმედებამდე ლ.გ-ის მიერ ქ. თბილისში, ... . №...-ში მდებარე 214 კვ.მ. ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის სარგებლობისა და ფაქტობრივად ფლობის ფაქტს. მითითებულ მისამართზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი დასტურდება ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ 16.04.2024 წლის ოქმით. საჯარო რეესტრის 15.11.2024 წლის №... წერილის თანახმად კი 2006 წლის ორთოფოტოზე იკვეთება ნაგებობის კონტური, ამდენად, მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად მიუთითებს არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე, არამედ ზემოთ ხსენებული კანონის ამოქმედებამდე პერიოდის ამსახველ ორთოფოტოზე, რომელიც კონკრეტულ პერიოდში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრების, მასზე ნაგებობის არსებობის დამადასტურებელ ობიექტურ მტკიცებულებად მიიჩნევა (შდრ. სუსგ №ბს-1008(კ-20), 16.03.2022წ.).
მოწმეთა ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს არ წარმოადგენს კასატორის მითითება მასზედ, რომ მოწმის ა.ლ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია 2022 წლიდან, ხოლო ზ.მ-ის სახელზე უძრავი ნივთი მითითებულ მისამართზე საერთოდ არ არის რეგისტრირებული. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა კანონის ამოქმედებამდე ამ მისამართზე აღნიშნულ მოწმეთა ცხოვრების ფაქტს, შესაბამისად, გამოირიცხება მათი ჩვენების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა ყოველდღიური ყოფითი ცხოვრების მოწესრიგებიდან გამომდინარეობს. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. გარდა ამისა, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი (სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხ.). საკუთრებაში უძრავი ნივთის არარსებობა არ ართმევს პირს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობას. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლიდან და პირის მიერ შესაბამისი ნების გამოვლენას უკავშირდება. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ საჯარო რეესტრიდან ამონაწერში, ა.ლ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სამკვიდრო მოწმობა და არა სხვა რაიმე ისეთი სახის დოკუმენტი (მაგ., ნასყიდობა, პრივატიზება და სხვა), რაც ამ უძრავ ნივთთან მის კავშირს სწორედ რეგისტრაციის ფაქტს დაუკავშირებდა და ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს წარმოშობდა.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ ნაკვეთი არ მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართებულებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება განმცხადებელს არ მოუთხოვია როგორც მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე