დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.06.2026
საქმის ნომერი
ბს-107(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-107(კ-26) 23 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. კ-ე

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 19 ივნისს დ. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა დ. კ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის (წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის) და სოციალური პაკეტის შეწყვეტის თაობაზე სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის 2023 წლის 02 მარტის N1125-2-04638 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 10 მაისის SSA 9 23 00489541 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ასევე სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დ. კ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის (წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაცია) და სოციალური პაკეტის 2023 წლის 1 მარტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით აღდგენის თაობაზე გამოცემის დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში, რომელიც ექვემდებარებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული დაცვის აკადემიას. ამ პერიოდში იგი ჩვეულებრივ იღებდა როგორც ხელფასს, ასევე სახელმწიფო კომპენსაციას და სოციალურ პაკეტს, თუმცა ამავე კოლეჯში ...ის კურსის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე გადასვლის შემდეგ 2023 წლის 1 მარტიდან შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემელი იმ მოტივით, რომ იგი დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციის ცვლილების შემდგომაც იგი ახორციელებდა იმავე საგანმანათლებლო საქმიანობას და კოლეჯი წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სტრუქტურულ ერთეულს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დ. კ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის (წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის) და სოციალური პაკეტის შეწყვეტის თაობაზე სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის 2023 წლის 02 მარტის N1125-2-04638 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი დ. კ-ის 2023 წლის 10 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 10 მაისის SSA 9 23 00489541 გადაწყვეტილება. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე დ. კ-ეს აღუდგება სახელმწიფო კომპენსაცია (წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაცია) და სოციალური პაკეტი 2023 წლის 01 მარტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე დ. კ-ეს აუნაზღაუროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 300 ლარის ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულებაზე და აღნიშნული ნორმების შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, მისი მიზნებით, შესასრულებელი ამოცანებითა თუ ფუნქციებით უდავოდ წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სახეზეა საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც ამ დაწესებულებაში დასაქმებულს აქვს უფლება მოითხოვოს და მიიღოს კომპენსაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, „საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N90 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების" თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო სარდლობის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი ახორციელებს უფროს ოფიცერთა საკარიერო სამხედრო განათლების პროგრამით მომზადებას (ოპერატიული დონე), სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას და უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას, აღნიშნულ კოლეჯში დასაქმებული პირისათვის სახელმწიფო გასაცემელზე უფლება არ წარმოიშობა, ვინაიდან ,,სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო ნორმაში აქცენტი კეთდება საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსზე და არა კონკრეტული სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაზე, რაც შესაძლებელია, მათ შორის, ემსახურებოდეს სამხედრო განათლების პროცესთან დაკავშირებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

ამასთან, კასატორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 9 ნოემბრის წერილში მითითებულია, რომ სარდლობის სტრუქტურული ერთეულები არ მიეკუთვნებიან ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო საქმიანობის განმხორციელებელ დაწესებულებებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი მითითებული არ არის ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებულ იმ დაწესებულებათა ჩამონათვალში, რომლებიც განეკუთვნებიან სამეცნიერო-კვლევით სკოლა-პანსიონებს, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის მიუხედავად არასწორი შეფასება მისცა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო ნორმას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ზემოაღნიშნულ მუხლში აქცენტი გაკეთებულია დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე და დადგენილია საგამონაკლისო წესიც, დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობის თაობაზე. დ. კ-ის დამსაქმებელი ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებად კვალიფიკაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, აღნიშნულ ორგანიზაციაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა ვერ ჩაითვლება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შემზღუდველი წესიდან საგამონაკლისო საქმიანობად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის, სოციალური პაკეტის შეწყვეტისა და მისთვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ბიუჯეტში დაბრუნების დავალების კანონიერება, კერძოდ, უნდა შეფასდეს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რაც გამორიცხავს სახელმწიფო კომპენსაციისა და სოციალური პაკეტის მიღებას, ამ თვალსაზრისით კი, გამოსარკვევია კოლეჯის საქმიანობის სფერო და მისი ფუნქცია-მოვალეობები.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. ხსენებული კანონის მე-6 და 121 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სოციალური პაკეტი, რომელიც არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი კი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო; განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს, კერძოდ, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცდა სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო სოციალური პაკეტი არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით. ამავე წესის მე-5 მუხლის „ზ.ვ.“ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს სოციალური პაკეტი ენიშნება 100 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრულია სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი შეწყდება (შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გაცემული NMOD 9 23 00659947 ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე დ. კ-ე მსახურობს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ...ის კურსის მთავარი სპეციალისტის (უფროსი ინსტრუქტორი) თანამდებობაზე.

სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის 2023 წლის 2 მარტის N1125-2-04638 გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. კ-ეს 2023 წლის 1 მარტიდან შეუწყდა გასაცემლის ჩარიცხვა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2023 წლის 7 მარტის SSA 4 23 00248101 წერილით მოსარჩელე დ. კ-ეს ეცნობა, რომ 2023 წლის მარტიდან შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი და დაეკისრა ვალდებულება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (6552 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა დ. კ-ემ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 10 მაისის SSA 9 23 00489541 გადაწყვეტილებით დ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულებაზე, რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, სარდლობის ამოცანებია: ა) სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარება; ბ) პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების მომზადება/გადამზადება და ქვედანაყოფების შეფასება; გ) ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ნატოს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მომზადება და ქვედანაყოფების შეფასება; დ) ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავება; ე) საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების გადასროლის წინა მომზადება, გადამზადება და შეფასება; ვ) თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერა. ამავე დებულების მე-4 მუხლით კი, განსაზღვრულია სარდლობის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარდლობის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, რომელიც ახორციელებს უფროს ოფიცერთა საკარიერო სამხედრო განათლების პროგრამით მომზადებას (ოპერატიული დონე), სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას, მონაწილეობს დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავებაში, უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას, ასევე, უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, მისი მიზნებით, შესასრულებელი ამოცანებითა თუ ფუნქციებით უდავოდ წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, სახეზეა საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც ამ დაწესებულებაში დასაქმებულს აქვს უფლება მოითხოვოს და მიიღოს კომპენსაცია.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია, კანონმდებლის მიზანია საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები, თუმცა, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნებს მასზედ, რომ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ...ის კურსის მთავარი სპეციალისტის (უფროსი ინსტრუქტორი) თანამდებობაზე მოსარჩელის საქმიანობა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი არსითა და მახასიათებლებით, სადავო საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნებისთვის, ვერ მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ იმგვარ საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს პარალელურად სახელმწიფო გასაცემლის მიღების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რის გამოც ისინი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. კ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის (წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაცია) და სოციალური პაკეტის 2023 წლის 01 მარტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით აღდგენის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე