დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 07.07.2026
საქმის ნომერი
ბს-486(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-486(კ-26) 07 ივლისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ხ-ა, გ.ხ-ა, არასრულწლოვნები ა.ხ-ა, ან.ხ-ა (კანონიერი წარმომადგენელი გ.ხ-ა) (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.03.2025 წლის გადაწყვეტილებით ი.ხ-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“), გ.ხ-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“), არასრულწლოვნების - ა.ხ-ასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოსარჩელე“) და ან.ხ-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეოთხე მოსარჩელე“, დანარჩენ მოსარჩელეებთან ერთად - „მოსარჩელეები“) (კანონიერი წარმომადგენელი - მეორე მოსარჩელე) სარჩელი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 19.12.2023 წლის IDP 0 23 00002929 ბრძანება მეორე მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; სააგენტოს დაევალა მეორე მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

2. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. პირველი და მეორე მოსარჩელეები დაქორწინებული არიან 14.11.2015 წელს. ისინი არიან ... ... ... წელს დაბადებული მეოთხე მოსარჩელისა და ... ... ... წელს დაბადებული მესამე მოსარჩელის მშობლები.

2.2. მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეების დევნილის დროებითი რეგისტრაციის საცხოვრებელი მისამართია: ზუგდიდი, ს. ..., ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ასევე ზუგდიდი, ს. ....

2.3. მოსარჩელეების ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისამართზე: ზუგდიდი, ...ის ქ. №... მოქმედი სარეიტინგო ქულა 01.07.2022 წლის მდგომარეობით არის 71980.

2.4. საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის შეფასების 07.05.2022 წლის ელექტრონული ფორმის თანახმად, მეორე მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 5.00 ქულა. აქედან: 01.01.1994 წლამდე და 01.01.2009 წლამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.50 ქულა. საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავებში - 1.50 ქულა. 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 65001-100000 შორის სარეიტინგო ქულით - 1.00 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, მშობლები, ბებია და ორი დისშვილი. განაცხადს აკეთებს შვილებთან და არადევნილ მეუღლესთან - პირველ მოსარჩელესთან ერთად.

2.5. 05.10.2022 წელს მეორე მოსარჩელემ შეავსო განაცხადი კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინის) შესყიდვის თაობაზე. საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის შეფასების 05.11.2022 წლის ელექტრონული ფორმის თანახმად, მეორე მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 4.00 ქულა. აქედან: 01.01.1994 წლამდე და 01.01.2009 წლამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.50 ქულა. საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავებში - 1.50 ქულა. 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, მშობლები, ბებია და ორი დისშვილი. განაცხადს აკეთებს შვილებთან და არადევნილ მეუღლესთან - პირველ მოსარჩელესთან ერთად.

2.6. უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქუჩა, შესახვევი „მესამე“ №..., რეგისტრირებულია დ.ნ-ის საკუთრებად. უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №..., 21.03.2016 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია ნ.ჯ-ას საკუთრებად. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 27.04.2022 წ.) თანახმად, 20.04.2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №...-ში, რეგისტრირებულია დ.კ-ის საკუთრებად.

2.7. 08.04.2023 წელს, მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ...-ში განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. პირველი მოსარჩელის განმარტებით, ოჯახი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2021 წლიდან. ოჯახი ცხოვრობს ქირით (200 ლარი). მეპატრონე პერიოდულად მოდის მისამართზე და ცხოვრობს სახლის მე-2 სართულზე. ოჯახს უკავია საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ორი ოთახი.

2.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023 წლის №85 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი. მეორე მოსარჩელის განაცხადი შეფასდა 5.00 ქულით და ოჯახს უარი ეთქვა განსახლებაზე, რადგან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა. ოჯახი ცხოვრობს მამის მიერ გასხვისებულ ბინაში.

2.9. სააგენტოს დირექტორის 19.12.2023 წლის IDP 0 23 00002929 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე მეორე მოსარჩელის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

2.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო მიხედულების ფარგლებით, რაც მას მაღალი ხარისხით წარმოუშობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, სწორედ მათ შეფასებას მიჰყავს ადმინისტრაციული ორგანო საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე.

2.11. სადავო შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ოჯახის განსახლება ამ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან ოჯახს ჰქონდა შესაძლებლობა ეცხოვრა მამის მიერ გასხვისებულ ქონებაში. სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი შეფასება და მიიჩნია, რომ ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს უარის დაფუძნება იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობს განსახლების გადაუდებელი საჭიროება, უსაფუძვლოა. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ სხვა პირის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დევნილ პირს მოძებნილი აქვს თავშესაფარი და დროებით ცხოვრობს სხვის საკუთრებაში, არ ქმნის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გადაწყვიტოს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. სადავო შემთხვევაში, მოპასუხემ საკითხი გადაწყვიტა დევნილი პირის ამჟამინდელი საჭიროების გაუთვალისწინებლად.

2.12. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (პირველი დანართი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ ოჯახს ამ ეტაპზე არ ესაჭიროება განსახლება. ის ფაქტი, რომ მონიტორინგის მომენტისათვის ოჯახი ცხოვრობს სხვა პირის საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებისაგან, რომ სათანადო ქულათა არსებობის პირობებში, დევნილი ოჯახი დააკმაყოფილოს გრძელვადიანი საცხოვრებლით.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს, დამატებით განმარტა შემდეგი:

4.1. მოსარჩელეებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება და მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო, ცხოვრობენ სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. დროებით სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელეთა უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლდნენ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვონ საცხოვრებელი ფართი და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილდნენ საცხოვრებლით. დღეის მდგომარეობით დევნილი ოჯახი, მინიჭებულ ქულათა გათვალისწინებით, საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. პალატამ მიუთითა, რომ დროებით სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად დადგინდეს, რამდენად აქვს მოსარჩელეს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით.

4.2. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ უძრავი ქონება, რომელშიც დევნილი ოჯახი ამჟამად ცხოვრობს, გასხვისდა. სააპელაციო ეტაპზე საქმის განხილვის დროისთვის დადგინდა, რომ უძრავ ქონებას ჰყავს ახალი მესაკუთრე, რომელსაც აღარ სურს ქირავნობით ურთიერთობაში იყოს მოსარჩელეთა ოჯახთან და ითხოვს საკუთრების გათავისუფლებას. საჯაროდ ხელმისაწვდომი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება (ს/კ:...) აღრიცხულია მ.ხ-ისა და მ.კ-ას სახელზე.

4.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები (მათ შორის, არასრულწლოვნები) ცხოვრობენ ქირით და საჭიროებენ მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, დევნილი ოჯახისთვის, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე; სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).

10. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები, რომლებიც მას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ეკისრება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

11. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ; №ბს-532(კ-23), 28.11.2023წ.). იძულებით გადაადგილებულ პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, რომელზე ზრუნვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს (სუსგ №ბს-870(კ-24), 10.03.2025წ.).

12. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ამ წესის შესაბამისად, განიმარტება როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

14. დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №8 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა.

15. ამდენად, დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან, კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა (სუსგ №ბს-1175(კ-22), 01.05.2023წ; №ბს-1190(კ-24), 25.03.2025წ.).

16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023 წლის №85 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი. მეორე მოსარჩელის განაცხადი შეფასდა 5.00 ქულით; ოჯახს უარი ეთქვა განსახლებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მამის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო (ს.ფ. 135-139). სააგენტოს 19.12.2023 წლის IDP 0 23 00002929 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, მეორე მოსარჩელის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე (ს.ფ. 140).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელე მხარის უფლებას, როგორც დევნილი, განსახლდეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით… საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად დადგინდეს, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (სუსგ №ბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).

18. მოსარჩელეთა მითითებით, ისინი ზემოაღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ ქირით (ს.ფ. 6, 75-79), რასაც არ ეთანხმება სააგენტო და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები ოჯახის წევრის მიერ გასხვისებულ ფართში შეუზღუდავად ცხოვრობენ, რის გამოც სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ. იგი ასევე უთითებს, რომ ფართი ფორმალურადაა გადაფორმებული (იხ. საკასაციო საჩივარი, ს.ფ. 267,269). ამდენად, მოპასუხე უთითებს გარიგების მოჩვენებითობაზე (სუსგ №ას-571-879-2009, 30.04.2010წ; №ას-1439-1357-2012, 01.07.2013წ; №ას-171-159-2015, 29.04.2015წ; №ას-921-861-2017, 28.11.2017წ; №ას-1305-2018, 21.12.2018წ; №ას-366-2019, 17.05.2019წ; №ას-928-2019, 22.10.2019წ.), თუმცა დადასტურებული არ არის ბინის გასხვისებისას ნების ნამდვილობის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა. გარდა ამისა, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა, რომ უძრავი ქონება, რომელშიც დევნილი ოჯახი ამჟამად ცხოვრობს, კიდევ გასხვისდა და ჰყავს ახალი მესაკუთრეები (მ.ხ-ი და მ.კ-ა).

19. ამავდროულად, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ოჯახში ორი არასრულწლოვანია. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება (სუსგ №ბს-1190(კ-24), 25.03.2025წ.).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

21. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას (შდრ. სუსგ №ბს-1266(კ-24), 25.03.2025წ; №ბს-833 (კ-24), 05.02.2025წ; №ბს-368(კ-24), 26.11.2024წ; №ბს-749(კ-25), 29.09.2025წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც მისი დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე