გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002357134
#2/926-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.08.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „ფ---–-------------„წარმომადგენელი - ი-----–-----------–---–ი;
მოპასუხე - ნ---–-------–ი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ---–-------–ს შპს „ფ---–-------------„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1300 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 100 ლარს, სარგებელი - 13 ლარს, პირგასამტეხლო 50 ლარს, მიუღებელი შემოსავალი 1137 ლარს. (სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში 300 ლარამდე. იხ. სხდომის ოქმი).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 26 დეკემბერს შპს ფ---–-----------ს და მოპასუხე ნ---–-------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო სესხის თანხა 100 ლარის ოდენობით, სესხის ვადა განისაზღვრა 25 დღით, თუმცა მოპასუხეს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 8.4 პუნქტის თანახმად, სესხის გადახდის ვადის შეცილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს დაგვიანებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა სახეზეა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე სესხისთვის გათვალისწინებული საკომისიო, პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავალი. მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებია 2017 წლის 20 იანვარს. თუკი იგი ვალდებულებას დროულად შეასრულებდა, მოსარჩელე მხარე მის კუთვნილ თანხას გამოიყენებდა ახალი ხელშეკრულების საგნად, რაც იქნებოდა შემოსავლის წყარო. სესხის სახით გაცემული ძირითადი თანხის 100 ლარის საკომისიო არის 13 ლარი, ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში იმავე თანხაზე იმავე ვადით, სესხის სხვა მსესხებელზე გაცემის შემთხვევაში ყოველ მომდევნო 25 დღეზე კომპანია მიიღებდა სარგებელს 13 ლარს. მოსარჩელე მიუღებელ შემოსავალს ანგარიშობს 1 წლის პერიოდზე. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ---–-------–ს წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 26 დეკემბერს შპს ფ---–-----------ს და მოპასუხე ნ---–-------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო სესხის თანხა 100 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა საკომისიო 13 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 1% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ვადა განისაზღვრა 25 დღით. გადახდის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 20 იანვარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-26.12.2016 წლის სესხის ხელშეკრულება;
3.1.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა და მისი დავალიანება შეადგენს 113 ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 100 ლარს, საკომისო - 13 ლარს, პირგასამტეხლო 50 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
01/02/2016 წლის №L-90683 ხელშეკრულება.
3.1.3. მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 20 იანვარს. თუკი იგი ვალდებულებას დროულად შეასრულებდა, მოსარჩელე მხარე მის კუთვნილ თანხას გამოიყენებდა ახალი ხელშეკრულების საგნად, რაც იქნებოდა შემოსავლის წყარო. სესხის სახით გაცემული ძირითადი თანხის 100 ლარის საკომისიო არის 13 ლარი, ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში იმავე თანხაზე იმავე ვადით, სესხის სხვა მსესხებელზე გაცემის შემთხვევაში ყოველ მომდევნო 25 დღეზე კომპანია მიიღებდა სარგებელს 13 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ფ---–-------------„-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - 2016 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს შპს „ფ---–-----------ს„ და ნ---–-------–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა სესხის სახით 100 ლარი, ხელშეკრულებით განისაზღვრა საკომისიო 13 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 1% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ვადა განისაზღვრა 25 დღით. გადახდის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 20 იანვარი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ნ---–-------–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 25 დღის ვადაში სარგებელთან ერთად. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული იქნა 0,03%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 50 ლარს.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ნ---–-------–ს შპს „ფ---–-------------„-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 113 გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 100 ლარს, პროცენტი 13 ლარს და პირგასამტეხლო 50 ლარს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მიუღებელი შემოსავალი არის სავარაუდო შემოსავალი. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს ხარჯებს, რომელსაც პირი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პირობებში, მისი უფლებები რომ არ დარღვეულიყო, მაგალითად, ხელშეკრულება რომ შესრულებულიყო სათანადო წესით.
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს ნ---–-------–ზე გაცემული იქნა სესხი 100 ლარის ოდენობით, სესხის ვადა განისაზღვრა 25 დღე, ხოლო საკომისიო 13 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მტკიცებით მსესხებლის მიერ ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში იმავე თანხაზე იმავე ვადით, სესხის სხვა მსესხებელზე გაცემის შემთხვევაში ყოველ მომდევნო 25 დღეზე კომპანია მიიღებდა სარგებელს 13 ლარს. მიუღებელი შემოსავალი დაანგარიშებული უნდა იქნას მხოლოდ 1 წლის პერიოდზე, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 182 ლარს.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით. თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ფ---–-------------„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნ---–-------–ს- შპს „ფ---–-------------„-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 345 ლარის გადახდა, საიდანც სესხის ძირითადი თანხაა - 100 ლარი, საკომისიო 13 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი, მიუღებელი შემოსავალი 182 ლარი.
3. ნ---–-------–ს- შპს „ფ---–-------------„-ს სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. შპს „ფ---–-------------„-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე დარინა აბულაძე