გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-1227-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 აგვისტო 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე - მ------ი ქ----–--ე,წარმომადგენელი - ნ--- ა-----–ია,მოპასუხე - ი-----–ი კ----------ე,მოპასუხის წარმომადგენელი- ნ--ა ჯ------ა,დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ი-----–ი კ----------ეს შვილების გ------- კ----------ისა და ლ--–- კ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მითითებით მხარეები 2013 წლის 2 თებერვლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: გ------- კ----------ე დაბადებული 2011 წლის 27 მარტს და ლ--–- კ----------ე, დაბადებული 2014 წლის 28 აპრილს. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. ოჯახური თანაცხოვრების დასრულების შემდგომ მოპასუხე არ იჩენს მზრუნველობას შვილების მიმართ, არ ეხმარება მატერიალურად, არ ასრულებს მამის ვალდებულებას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში. ამასთან, არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი შვილების მატერიალური უზრუნველყოფისათვის. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ი-----–ი კ----------ე დასაქმებულია, მისი ხელფასი შეადგენს 600 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ამასთან მიუთითა, რომ დღეის მდგომარეობით საკუთარი თავის რჩენაც კი უჭირს, არ აქვს შემოსავალი, ამასთან გააჩნია საკრედიტო თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობიდან გამომდინარე ვალდებულებები და თანახმაა ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს თითოეულ ბავშვზე 80-80 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ------ ქ----–--ესა და ი-----–ი კ----------ეს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2011 წლის 27 მარტს დაბადებული გ------- კ----------ე და 2014 წლის 24 აპრილს დაბადებული ლ--–- კ----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს. ფ. 1-14)
- წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 88-98);
- დაბადების მოწმობის ასლები (ს. ფ. 16-17)
3.1.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი გ------- და ლ--–- კ----------ეები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან მ------ ქ----–--ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 1-14)
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 88-98);
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
-მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ალიმენტის დაკისრების ნაწილში მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200-200 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე, ხოლო მოპასუხე თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი 80-80 ლარის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თითოეულ ბავშვზე 80-80 ლარის დაკისრება ვერ უზრუნველყოფს ბავშვების ელემენტარული პირობების უზრუნველყოფას, რომელიც არასრულწლოვნებს ესაჭიროება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციით", რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია ისინი იზრდებოდნენ ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის" 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინ--სური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ,,ბავშვთა უფლებების შესახებ" კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის" პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის" პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რისი ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
სასამართლოს მოსაზრებით, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინ--სური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინ--სური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის სახით 80-80 ლარის გადახდა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა ელემენტარული პირობების დაკმაყოფილებას, რომელიც აუცილებელია მათი აღზრდისა და რჩენის უზრუნველსაყოფად, ხოლო ყოველთვიურად ორივე შვილისათვის 180-180 ლარი გონივრული თანხაა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
ამდენად, შვილების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება, რასაც არ ამცირებს მშობლების სხვა ფინ--სური ვალდებულებების არსებობა ან დროებით უმუშევრობა.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ პირის უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის მუდმივად არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. ი-----–ი კ----------ის ფინ--სურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინ--სური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის სამომავლოდ მიღების შესაძლებლობა და ა.შ. ამასთან, მშობელთა ვალდებულების არსებობა, საარსებო მინიმუმით მაინც არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინ--სურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების მინიმალური რჩენის ვალდებულებისაგან.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ბავშვების ასაკს, გ------- კ----------ე 7 წლისაა, ხოლო ლ--–- კ----------ე 4 წლის, ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობას. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. მოპასუხის დროებითი უმუშევრობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან ან არასრულწლოვანი ბავშვები დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს თავად მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ქირით ცხოვრობს და მისი ყოველთვიური გასავალი მხოლოდ ქირის სახით შეადგენს 300 ლარს, იხდის საბანკო ვალდებულებებს, შვილებს არ უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართით.
სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. მოპასუხის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოპასუხეს არ უდასტურდება სტაბილურად ყოველთვიური მაღალი შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას ი-----–ი კ----------ის უნარები, შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, დედის მცირე შემოსავალი ის გარემოება, რომ ბავშვები საცხოვრებლად იმყოფება მ------ ქ----–--ესთან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.
სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის აგვისტოს თვისათვის - 171.5 ლარს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, იგი შრომისუნარიანია, აქვს ყოველთვიურად ხელფასის მიღების შესაძლებლობა. იგი ყოველდღიურად მცირეწლოვანი შვილების აღზრდის პროცესში არ მონაწილეობს, ყოველდღიურად ხარჯების გაწევა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა არ უწევს, ეს საკითხები მთლიანად მოსარჩელის გადასაწყვეტია. მოპასუხეს, ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 14 ივნისიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები უნდა გადახდეს მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის ცნობის შემთხვევაში მოპასუხე მთლიანად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში ცნო ნაწილობრივ - 80-80 ლარის დაკისრების ნაწილში, რის გამოც, იგი მოთხოვნის ამ ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო დაკისრებული ალიმენტის ნაწილში მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------ ქ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ი-----–ი კ----------ეს (პირადი №0--------23) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2011 წლის 27 მარტს დაბადებული გ------- კ----------ის (პირადი №01---------) და 2014 წლის 24 აპრილს დაბადებული ლ--–- კ----------ის (პირადი №0---------0) საზრდოდ ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის თვეში 180-180 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2017 წლის 14 ივნისიდან;
2. მოპასუხე ი-----–ი კ----------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი