განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100118002539442
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/169-18 20 აგვისტო 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031120418001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: სამველ ჩობანიანი
ბრალდებული: ი----- ნ-------ი
მამის სახელი: მაჰამედ
დაბადებული: 1968 წლის 20 ივლისი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი კირაჩ-მუღანლო
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 11 აპრილს დაახლოებით 22:00 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩ მუღანლოში ი----- ნ-------ს შელაპარაკება მოუვიდა ამილ ნ-------თან, რომელსაც ადანაშაულებდა ნათესავის ცოლთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში და გაიწია მის დასარტყმელად. ამილ ნ-------ს გამოესარჩლა არასრუწლოვანი 16 წლის ე-–----- ა--------ი, რა დროსაც გაბრაზებულმა ი----- ნ-------მა, მუცელში ფეხი ჩაარტყა ე-–----- ა--------ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი რომელსაც არ შესრულებია 18 წელი. საქმის მასალებით დადგენილია რომ დაზარალებული ე-–----- ა--------ი არის 16 წლის. ასევე სადაოდ არ არის გამხდარი, რომ დაზარალებულის ასაკი ცნობილი იყო ბრალდებულისათვის.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების რაგსანა გაჯიევას, ამილ ნ-------ის, ელჯან გარალიევის, ე-–----- ა--------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო დოკუმენტაციით და სამედიცინო ექსპერტიზის N0028411618 დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი----- ნ-------მა ე-–----- ა--------ის მიმართ განახორციელა ძალადობა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ი----- ნ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი----- ნ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ი----- ნ-------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების რაგსანა გაჯიევას, ამილ ნ-------ის, ელჯან გარალიევის, ე-–----- ა--------ის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო დოკუმენტაციას და სამედიცინო ექსპერტიზის N0028411618 დასკვნას.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ი----- ნ-------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი----- ნ-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი----- ნ-------მა ე-–----- ა--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5 . პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ი----- ნ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ი----- ნ-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.3. სასამართლომ გაითვალისწინა ი----- ნ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მის ოჯახური მდგომარეობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- ნ-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
საქმის მასალების თანახმად ბრალდებული ი----- ნ-------ი არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამრთლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ი----- ნ-------ს სასჯელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 800(რვაასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი----- ნ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ი----- ნ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე