გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.08.2018
საქმის ნომერი
330310018002540109
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4369-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

 

მოსარჩელე - თ------------ა

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილება თ------------ასთვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტის“ მიერ, 2014 წელს თ------------ას სახელზე გაცემული, ბაკალავრის S---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს განათლების სამინისტრომ 1994 წლის 12 ივლისს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია, რომლითაც ნება დართო მოქალაქე რ. ა--–-----ას რეგისტრაციაში გაეტარებინა სოხუმის უნივერსიტეტი, როგორც არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებელი.

 

ქალაქ ფოთის 1995 წლის 21 დეკემბრის №-------- დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,ცხუმი'' (რეგისტრაციის №--------).

 

საქართველოს განათლების სამინისტრომ 1999 წლის 27 დეკემბრის სარეგისტრაციო მოწმობით 1994 წლის 12 ივლისის №------------ ლიცენზიის მფლობელ სუბიექტად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაარეგისტრირა შპს „ცხუმის“ აკად. ი. ვეკუას სახელობის სოხუმის უნივერსიტეტი (სახელმწიფო რეგისტრაცია №------------- გადაწყვეტილება.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის დადგენილებით, რეგისტრირებული იქნა შპს ,,სოხუმის ი. ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი'' (სახელმწიფო რეგისტრაციის №10/5/ბ-50), რომელიც შეიქმნა შპს „ცხუმის“ ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/56 გადაწვეტილებით, შპს ,,სოხუმის ი. ვეკუას სახელობის უნივერსიტეტს'' უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე.

 

ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის №-----------------შპს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 01 აგვისტოს №737 ბრძანებით ცვლილება შევიდა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და შპს სოხუმის ი. ვეკუას სახელობის უნივერსიტეტს ეწოდა შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტი“. შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტის“ წარმოადგენს შპს სოხუმის ი. ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს.

 

სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №59/ს გადაწვეტილებით, შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.

 

შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტმა“ (ს/კ 2--------) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და 2015 წლის 01 ივნისამდე ახორციელებდა საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

– განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 იანვრის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 59-61).

 

3.2. დადგენილია, რომ თ------------ა 2010 წლის 26 აგვისტოს ჩაირიცა შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტში“ იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე.

 

შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტმა“ 2014 წლის 27 ივნისს თ------------ას სახელზე გასცა დ---–----------------, რომლის თანახმად, შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის 2014 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით თ------------ას მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მატრიკული №50 (ს.ფ. 12);

- დ---–---------------- (ს.ფ 11).

 

3.2. თ------------ამ 2018 წლის 15 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტის“ მიერ მასზე გაცემული S---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თ------------ას 2018 წლის 15 იანვრის განცხადება (ს.ფ. 50-51).

 

3.3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 იანვრის M---------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში თ------------ას შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. თ------------ას შესახებ მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე წავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 23 იანვრის №----- კორესპონდენციით ცენტრში წარმოდგენილ მონაცემებში. ამასთან, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით, თ------------ა 2010 წელს ჩაირიცხა შპს ,,ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტში''.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

– განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 იანვრის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 59-61).

 

3.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილებით, თ------------ას უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-15).

 

3.6. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 27 ივლისის M---------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2018 წლის 25 ივლისს №კორესპონდენციით მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თ------------ამ მინაწილეობა მიიღო 2010 და 2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

– განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 27 ივლისის M---------------- სამსახურებრივი ბარათი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ------------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), მე-5 მუხლის თანახმად კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქემდი რედაქცია) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის თანახმად: საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). 2. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.

 

ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შპს ,,ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტის“ მიერ თ------------ას სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ უნივერსიტეტი 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისიდან აღარ ახორციელებდა სახელმწიფო მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, ამასთან, თ------------ას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება არ მოუპოვებიაკანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მეორე მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ”ღ2” ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. აღნიშნული მუხლის ”თ” პუნქტის თანახმად, აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის (უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს. მეორე პუნქტით დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს.

 

მითითებული კანონის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ; ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება ამ გადაწყვეტილების მიღებისას მიმდინარე სასწავლო წელს და მის შემდგომ სასწავლო წელს.

 

მითითებული კანონის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კვალიფიკაციების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომლის შესაბამის პროგრამასაც მიღებული აქვს სახელმწიფო პროგრამული აკრედიტაცია, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კვალიფიკაციების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

 

სასამართლო მიუთითებს, ასევე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც დადგინდა, რომ „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად უნდა ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამავე მუხლის 11 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ”განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში აისახება ინფორმაცია დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დადგენილ ვადებში შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია რეესტრში, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და რეესტრში რეგისტრირებულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეესტრის მონაცემები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1994 წლის 12 ივლისს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია, რომლითაც ნება დართო მოქალაქე რ. ა--–-----ას რეგისტრაციაში გაეტარებინა სოხუმის უნივერსიტეტი, როგორც არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებელი. ქალაქ ფოთის 1995 წლის 21 დეკემბრის №-------- დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,ცხუმი'' (რეგისტრაციის №--------). საქართველოს განათლების სამინისტრომ 1999 წლის 27 დეკემბრის სარეგისტრაციო მოწმობით 1994 წლის 12 ივლისის №------------ ლიცენზიის მფლობელ სუბიექტად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაარეგისტრირა შპს „ცხუმის“ აკად. ი. ვეკუას სახელობის სოხუმის უნივერსიტეტი (სახელმწიფო რეგისტრაცია №------------- გადაწყვეტილება. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის დადგენილებით, რეგისტრირებული იქნა შპს სოხუმის ი. ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი (სახელმწიფო რეგისტრაციის №10/5/ბ-50), რომელიც შეიქმნა შპს „ცხუმის“ ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/56 გადაწვეტილებით, შპს სოხუმის ი. ვეკუას სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე.

 

ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის №-----------------შპს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 01 აგვისტოს №737 ბრძანებით ცვლილება შევიდა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და შპს სოხუმის ი. ვეკუას სახელობის უნივერსიტეტს ეწოდა შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტი“. შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტის“ წარმოადგენს შპს სოხუმის ი. ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს.

 

სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №59/ს გადაწვეტილებით, შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამ პირობებში თ------------ა 2010 წლის 26 აგვისტოს ჩარიცხა შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტში’’ სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველ კურსზე, ხოლო 2014 წლის 27 ივნისს უნივერსიტეტმა თ------------ას სახელზე გასცა დიპლომი. ამდენად, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ თ------------ას შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტში’’ ჩარიცხვისა და სწავლის პერიოდში უნივერსიტეტს არ ჰქონდა აკრედიტაცია.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ჩარიცხვის წესზე, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ თ------------ა შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის ან დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით, და სიებს უგზავნის შესაბამის ფაკულტეტებს. 91 პუნქტის თანახმად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს როვნულგამოცდებგავლილ მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უნდა გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და მოიპოვეს უფლება, ისწავლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და სიებს უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. მე-10 პუნქტის თანახმად კი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ ამ მუხლის მე-9 და 91 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2014 წლის 27 ივნისს შპს „ს----------–----------------–----------–----- უნივერსიტეტის“ მიერ გაცემული S---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი