განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002539426
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/187–18 30 აგვისტო 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031120518001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: სოფიკო ფცქიალაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: არჩილ ცაგურია
ბრალდებული: ა----- მ---------ი
მამის სახელი: რუსტამ
დაბადებული: 3-----------–--–-
პირადი ნომერი: 2----------
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, სოფელი მეორე ქესალო
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მარნეული რაიონის სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ------- მ---------ს თავის ნათესავთან ა----- მ---------თან მოუვიდა უთანხმოება მიწის ნაკვეთის მორწყვასთან დაკავშირებით, რა დროსაც ა----- მ---------მა ტ------- მ---------ს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ნიკაპის და გულმკერდის არეში მარჯვენა ფეხის ორჯერადი დარტყმით ტ------- მ---------ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: ტ------- მ---------ის, ბაჩხან მ---------ის, რუსტამ მ---------ის, ოსმან ბაბანლის, მუშვიგარ ქერიმოვის, ალექსი ბარათაშვილის, ასიფ იუზბაშაევის და ბესიკ ჯანხოთელის გამოკითხვის ოქმების, 2018 წლის 12 და 13 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების თანახმად დადგენილია, რომ ტ------- მ---------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა----- მ---------მა.
ასევე დადგენილია უდავოდ ცნობილი დაზარალებულის ჩვენებით, რომ მან ა----- მ---------ის მიერ მიყენებული დზიანებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა----- მ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა----- მ---------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების ტ------- მ---------ის, ბაჩხან მ---------ის, რუსტამ მ---------ის, ოსმან ბაბანლის, მუშვიგარ ქერიმოვის, ალექსი ბარათაშვილის, ასიფ იუზბაშაევის და ბესიკ ჯანხოთელის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 12 და 13 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, და სამედიცინო ექსპერტიზის N003438118 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა----- მ---------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 . სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა----- მ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა----- მ---------მა ტ------- მ---------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ა----- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას (ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, დასაქმებულია დროებით სამუშაოებზე). სასამართლომ ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი, მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
5.4. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ ა----- მ---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
5.5. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ა----- მ---------ს უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 800(რვაასი) ლარის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა----- მ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 800(რვაასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა----- მ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე