გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.08.2018
საქმის ნომერი
130310117001977471
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-64-2017

(130310117001977471)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 აგვისტო 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ნ----- ბ--–--–---–ი

მოპასუხეები - შპს „პ--–--“, შპს „ლ----“, მ------ მ---------ე, პ---–- მ---------ე, კ---- მ--–----ე, ლ------- მ---------ე, ნ--- ხ----ე

წარმომადგენლები - გ------- დ----–---–ი, გ------- ქ--------ე, მ--- ხ----ე

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნენ შპს „პ--–--“, შპს „ლ----“, მ------ მ---------ე, პ---–- მ---------ე, კ---- მ--–----ე, ლ------- მ---------ე და ნ--- ხ----ე.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2017 წლის 31 მაისის მდგომარეობით შპს „პ--–--ს“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 51284,43 ლარის ოდენობით. საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ------ მ---------ე, საქმიანობის სახე - ხის მორების დამუშავება და ვაჭრობა ხე-ტყის მასალით. შპს „პ--–--ს“ ქონებაზე 2014 წლის 16 დეკემბრის შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2014 წლის 23 დეკემბერს. საწარმოს ქონებაზე დადებულია ყადაღა 2014 წლის 22 დეკემბრის N077-175 ბრძანებით, რომელიც დირექტორს ჩაბარდა 2015 წლის 27 ივნისს. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2014-2015 წლების დეკლარაციების საფუძველზე. ბოლო სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 2016 წლის 5 მაისს. 2016 წლის ივნისის თვეში სალარო აპარატის მონაცემებით საწარმოს შემოსავალმა შეადგინა 38500,01 ლარი, რის შემდეგაც მან შეწყვიტა საქმიანობა. მ------ მ---------ემ იმავე მისამართზე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. გვერძნეთში განაგრძო საქმიანობა შპს „ლ----ს“ მეშვეობით, რომელმაც საქმიანობა დაიწყო 2016 წლის ივნისიდან. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია მ------ მ---------ის მამა პ---–- მ---------ე, ხოლო დირექტორია კ---- მ--–----ე - მ------ მ---------ის დის ქმარი, რომლის საკუთრებაცაა ტერიტორია, სადაც საქმიანობდა შპს „პ--–--“ და ამჟამად შპს „ლ----“. საწარმოთა საქმიანობა ერთი და იგივეა და იგივე პირები აგრძელებენ მუშაობას შპს „ლ----ში“, ვინც საქმიანობდა შპს „პ--–--ში“. დავალიანების არსებობის პერიოდში მ------ მ---------ემ შეიძინა ძვირადღირებული ავტომანქანა და ორი საცხოვებელი ბინა ბათუმში, ხოლო დედის - ნ--- ხ----ის სახელით, ასევე, შეიძინა საცხოვრებელი ბინა თბილისში მაშინ, როდესაც ნ--- ხ----ეს შემოსავალი არ უფიქსირდება. 2016 წლის 25 მაისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შპს „პ--–--ს“ კუთვნილი ხე-ტყის ტრანსპორტირებას ახორციელებდა პ---–- მ---------ე ავტომანქანით სახ. ნომერი EMS-514, რომელიც ეკუთვნის მ------ მ---------ის შვილს ლ------- მ---------ეს. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის 22 მაისის მდგომარეობით შპს „ლ----ს“ ერიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო დავალიანება 22384,74 ლარი, მის ქონებას ადევს ყადაღა და ასევე, გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ გადასახადის დარიცხვის შემდეგ შპს „პ--–--ს“ მიერ საქმიანობის შეჩერება, შპს „ლ----ს“ მეშვეობით იმავე ადგილას იგივე საქმიანობის გაგრძელება, საწარმოს დირექტორის და დამფუძნებლის მიერ დავალიანების გადახდის ნაცვლად თავისი და ოჯახის წევრების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა, მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებულ ცრუმაგიერ პირებს, რომლის მიხედვითაც ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის აუცილებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავების პრაქტიკული შეუძლებლობა სხვა (მესამე) პირისაგან და ამავდროულად ამ პირის გამოყენება გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის ასარიდებლად. მოსარჩელე მხარე არ უთითებს კონკრეტულად უზრუნველყოფის რომელი ღონისძიებისაგან თავის ასარიდებლად იქნა გამოყენებული სხვა (მესამე) პირი გადასახადის გადამხდელის მიერ. ასევე, არ დასტურდება მათ შორის ისეთი ურთიერთკავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციაზე. არაწორია მოსარჩელის მითითება, საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რადგან ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის კავშირი თავისთავად არ ქმნის საფუძველს მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის. მოსარჩელეს არ ქვს წარმოდგენილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამავდროულად ამ გარემოებების დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს მოპასუხეთა ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე მ------ მ---------ე დამატებით უთითებს, რომ მისი ქონება განცალკევებულია და არ არის გაიგივებული შპს „პ--–--ს“ ქონებასთან. ნ--- ხ----ე, ლ------- მ---------ე, კ---- მ--–----ე, პ---–- მ---------ე და შპს „ლ----“ უთითებენ, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ შპს „პ--–--ს“ სამეწარმეო საქმიანობასთან და ამ საქმიანობიდან მათ სარგებელი არ მიუღიათ. ნ--- ხ----ის მიერ შემოსავლის არქონა კიდევაც რომ დადასტურდეს, ეს ავტომატურად არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძველს, ვინაიდან, არ არის დადასტურებული ნ--- ხ----ის მიერ ქონების შეძენა შპს „პ--–--ს“ სახსრებით, მისი საგადასახადო დავალიანების გადახდისათვის თავის არიდების მიზნით. შპს „პ--–--“, შპს „ლ----“ და კ---- მ--–----ე არიან დამოუკიდებელი სამეწარმეო სუბიექტები, რომელთაც გააჩნიათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შემოსავლები და დანახარჯები, საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგება, არ არიან ერთმანეთის ქონების ცრუმაგიერი მფლობელები.

 

2.3. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ქონების უდიდესი ნაწილი შეძენილია შპს „პ--–--ს“ დავალიანების წარმოშობამდე, ხოლო იმ ქონების ღირებულება, რომელიც დავალიანების წარმოშობის შემდგომ არის შეძენილი, გაცილებით აღემატება იმ დროისათვის არსებულ საგადასახადო დავალიანებას და შეუძლებელი იყო დავალიანების თანხით ამ ქონების შეძენა. გარდა ამისა, მ------ მ---------ის ქონება იპოტეკით არის დატვირთული, გამოტანილი აქვს სესხი, რომელსაც იხდის პერიოდულად. ნ--- ხ----ის მიერ ქონების შეძენა კი მოხდა ოჯახის, მათ შორის მეუღლის პ---–- მ---------ის სახსრებით, რომელსაც გააჩნია დიდი რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ეწევა ფერმერულ საქმიანობას.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირი საქმეში არ ჩაბმულა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. შპს „პ--–--“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 26 მარტს, იურიდიული მისამართია ხაშური, ტაბიძის ქ. N29, დირექტორი და 1000/0 წილის მესაკუთრე - მ------ მ---------ე (ტ.1. ს.ფ. 33-34). საწარმოს საქმიანობის სახეა ხე-ტყით ვაჭრობა. საწარმოს ფაქტობრივი საქმიანობის ადგილია ქარელი, სოფ. გვერძინეთი (მხარეთა განმარტება, იხ. სარჩელი და 2018 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი 16:21:46-16:21:50; ასევე, სასაქონლო ზედნადებები ტ.1. ს.ფ. 229-235, აგრეთვე, 2014 წლის 25 ნოემბრის, 26 ნოემბრის და 30 დეკემბრის ზედნადებები).

 

4.2. 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით (ჩათვლით) შპს „პ--–--ს“ საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 51535,11 ლარს. მოპასუხე მხარე აღიარებს დავალიანების არსებობას (2018 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი 16:07:13-16:07:41; 16:12:11-16:12:18; 16:17:37-16:18:01).

 

4.3. 2015 წლის 21 იანვრის მდგომარეობით შპს „პ--–--ს“ საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 10107,93 ლარს, ხოლო 2015 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით - 29790,18 ლარს (იხ. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 მაისის N21-11-68020 და 21-11-67703 წერილები).

 

4.4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „პ--–--ს“ ქონებაზე 2014 წლის 16 დეკემბრის N077-2911 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის უფლება. 2014 წლის 22 დეკემბერს შპს „პ--–--ს“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N077-175 ბრძანება, რომელიც საწარმოს დირექტორს ჩაბარდა 2015 წლის 27 ივლისს. ამ ბრძანების საფუძველზე აღწერილ იქნა საწარმოს ქონება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 3594,9 (690+2904,9) ლარს (ს.ფ. 21-31; 34).

 

4.5. შპს „ლ----“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 12 ივნისს, იურიდიული მისამართია ხაშური, სოფელი ნაბახტევი, 1000/0 წილის მესაკუთრეა პ---–- მ---------ე, რომელიც თავდაპირველად იყო დირექტორიც, ხოლო ამჟამად დირექტორია კ---- მ--–----ე (ტ.1. ს.ფ. 35-36, ასევე, 2016 წლის 18 აპრილის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან). საწარმოს ფაქტობრივი საქმიანობის ადგილია ქარელი, სოფ. გვერძინეთი, ხოლო საქმიანობის სახე - ხე-ტყის მასალის დამზადება და ვაჭრობა (მხარეთა განმარტება, იხ. სარჩელი და 2018 წლის 11 ივნისის სხდომის ოქმი 16:21:46-16:21:50; ასევე, ტ.1. ს.ფ. 220-228).

 

4.6. 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით (ჩათვლით) შპს „ლ----ს“ საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეადგენდა 8148 ლარს, (მათ შორის ძირითადი - 4087,32). საწარმოს ქონებას 2017 წლის 3 მაისის N025-235 ბრძანებით ადევს ყადაღა. შპს „ლ----ს“ ქონებაზე 2017 წლის 18 იანვრის N077-77 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2018 წლის 12 მარტის მდგომარეობით (ჩათვლით) შპს „ლ----ს“ საგადასახადო დავალიანებიდან დარჩენილია მხოლოდ 2,27 ლარი, რომელიც არის საურავი ( ტ.1. ს.ფ. 20; 32; 203, ასევე, 2018 წლის 13 მარტის შედარების აქტი).

 

4.7. შპს „პ--–--ს“ მიერ და შპს „ლ----ს“ მიერ თანხა (ხელფასი) გაცემულია ერთიდაიგივე პირებზე: ზ---- ნ------ე, ბ--------- ხ-------–---–ი, ს----- ტ--–----ე, პ----- ჩ-------ი, მ----- გ-----------ი, ზ------ ი----–---–ი (იხ. შპს „პ--–--ს“ მიერ 2013 წლის თებერვალში და შპს „ლ----ს“ მიერ 2017 წლის ოქტომბერში გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია).

 

4.8. პ---–- მ---------ე და ნ--- ხ----ე არიან ცოლ-ქმარი. მ------ მ---------ე და მ--------- მ---------ე არიან მათი შვილები. მ--------- მ---------ის მეუღლე (ქორწინების რეგისტრაციის გარეშე) არის კ---- მ--–----ე. მ------ მ---------ის შვილი არის ლ------- მ---------ე (ტ.1. ს.ფ. 216-219).

 

4.9. ნ--- ხ----ის სახელზე რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე 2 ერთეული მშენებარე ბინა საკადასტრო კოდებით 01.13.02.005.006.01.01.007 და 01.13.02.005.006.01.01.008, რომლებიც შეძენილია 2015 წლის 21 იანვარს (ტ. 1. ს.ფ. 44-47).

 

4.10. ლ------- მ---------ის სახელზე რეგისტრირებულია ქ. თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ბინა საკადასტრო კოდით 01.10.06.006.045.01.02.002, რომელიც შეძენილია 2011 წლის 28 ივლისს (ტ. 1. ს.ფ. 48-49).

 

4.11. მ------ მ---------ის სახელზე რეგისტრირებულია ქ. ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე 2 ერთეული მშენებარე ბინა საკადასტრო კოდებით 05.23.26.003.01.111 და 05.23.26.003.01.112, რომლებიც შეძენილია 2015 წლის 13 აგვისტოს. მათგან ერთ-ერთი 2015 წლის 17 აგვისტოს დატვირთულია იპოთეკით (ტ. 1. ს.ფ. 52-55).

 

4.12. პ---–- მ---------ის სახელზე რეგისტრირებულია ხაშური, სოფ. ნაბახტევში მდებარე 22572კვ.მ. 1239კვ.მ. და 5417კვ.მ. მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით 69.01.18.304, 69.01.68.124 და 69.01.68.125, რომლებიც შეძენილია შესაბამისად, 2008 წლის 12 ივნისს, 2013 წლის 5 აგვისტოს და 2013 წლის 23 ივლისს (ტ. 1. ს.ფ. 56-57; 65-68).

 

4.13. მ------ მ---------ის სახელზე რეგისტრირებულია ქ. თბილისში, სოფ. დიღომში მდებარე 700კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.72.14.043.049, რომელიც შეძენილია 2012 წლის 4 ოქტომბერს (ტ. 1. ს.ფ. 58-59).

 

4.14. კ---- მ--–----ის სახელზე რეგისტრირებულია ქარელი, სოფ. გვერძინეთში მდებარე 5000კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 68.09.13.014, რომელიც შეძენილია 2007 წლის 29 ივნისს (ტ. 1. ს.ფ. 60-61).

 

4.15. მ------ მ---------ის სახელზე რეგისტრირებულია ქ. ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე 474კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საკადასტრო კოდით 69.08.59.074, რომელიც შეძენილია 2006 წლის 9 ოქტომბერს. ქონება რამდენჯერმე დატვირთულია იპოთეკით (ტ. 1. ს.ფ. 63-64).

 

4.16. მ------ მ---------ის, ლ------- მ---------ის და კ---- მ--–----ის სახელზე რეგისტრირებულია რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება, რომლების რეგისტრაციის პერიოდია 2002-2016 წლები. მ------ მ---------ის სახელზე რეგისტრირებულია 2 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლების რეგისტრაციის პერიოდია 2011-2012 წლები (ტ.1. ს.ფ. 247-259).

 

4.17. 2016 წლის 25 აპრილის ხელშეკრულებით კ---- მ--–----ემ შპს „ლ----ს“ იჯარით გადასცა მისი კუთვნილი 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარე ქარელი, სოფ. გვერძინეთში საკადასტრო კოდი 68.09.47.011 (წინა საკადასტრო კოდი 68.09.13.014). საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, რადგან უძრავ ქონებას დადებული ჰქონდა ყადაღა (ტ.1. ს.ფ. 37, ასევე, იჯარის ხელშეკრულება).

 

4.18. 2016 წლის 25 მაისს შპს „პ--–--“ ხე-ტყის გადამუშავების პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილით დაჯარიმდა 5000 ლარით, საქონლის ჩამორთმევით (იხ. 2016 წლის 25 მაისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB655171).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შპს „პ--–--ს“ ცრუმაგიერ პირად უნდა იქნეს ცნობილი შპს „ლ----“, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

7.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

7.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

7.5. საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

7.6. ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

7.7. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ ვალდებულებებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას კანონის მოთხოვნის აღსრულების მიზნით. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.

 

7.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

7.9. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები. ცრუმაგიერ პირებად აღიარების აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

7.10. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები, საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე, მოქმედებდნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის კუმულაციურად უნდა არსებობდეს 2 პირობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

7.11. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

7.12. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

7.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება, გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.

 

7.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა პირისაგან გაგებულ უნდა იქნას არა ფორმალურად, რადგან სახეზეა ორი ან მეტი სხვადასხვა სუბიექტი, რომელთა ფორმალური ნიშნით განსხვავება ყოველთვის შესაძლებელი იქნება, არამედ შინაარსობრივად, კერძოდ, განმსაზღვრელია აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებული კავშირისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზნის დადგენა, რამეთუ ცრუმაგიერი პირები ერთსა და იმავე პირებს წარმოადგენენ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივეა. ამასთან, ვინაიდან, ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, აღნიშნული გარემოება დადგინდეს კანონით განსაზღვრული ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.

 

7.15. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ოპერაციების შეფასებისას, უნდა დადგინდეს საერთო მიზნის განსახორციელებლად მოპასუხეთა მოქმედება - გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე (მაგ. ნათესავები - მეუღლე, მშობელი, შვილი). ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.

 

7.16. სასამართლო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის ჭრილში განხილვისას, არსებითია, დადგინდეს მხარეთა რეალური ნება, მათი ურთიერთკავშირი, საქმიანობის აღრევა, რამდენად ქმნის იგი გონივრულ ეჭვს, რომ მოქმედება მოხდა სამომავლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის არიდების მიზნით. ამრიგად, გამოკვლეული უნდა იქნას როგორც გადასახადის გადამხდელისა და სავარაუდო ცრუმაგიერი პირის ურთიერთობა, ისე კონკრეტული ოპერაციის განხორციელების საფუძვლები, წინაპირობები და შედეგები.

 

7.17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „პ--–--ს“ პარტნიორი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის მ------ მ---------ე, ხოლო შპს „ლ----ს“ პარტნიორი და დირექტორები მისი მამა და დის ქმარი. საწარმოთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი და საქმიანობის სფერო (ხე-ტყის დამზადება და რეალიზაცია) ერთმანეთს ემთხვევა. ორივე საწარმოში დასაქმებულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ერთი და იგივე პირებია. შპს „ლ----ს“ საქმიანობის დაწყება ემთხვევა შპს „პ--–--ს“ საგადასახადო დავალიანების წარმოშობასა და საქმიანობის შეწყვეტას, ამასთან, შპს „პ--–--ს“, მიერ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა არ მომხდარა, საწარმოს საკუთრებაში არანაირი ქონება აღარ გააჩნია (გარდა ქონების აღწერის აქტში მითითებული 3594,9 ლარის ღირებულების ხე-ტყისა), რომელზეც შეიძლება გადახდევინების მიქცევა.

 

7.18. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რის გამოც შპს „პ--–--ს“ და შპს „ლ----ს“ ნაწილში სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შპს „ლ----“ ცნობილ უნდა იქნეს შპს „პ--–--ს“ ცრუმაგიერ პირად.

 

7.19. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. შპს „ლ----ს“ ცრუმაგიერ პირებად მ------ მ---------ის, პ---–- მ---------ის, კ---- მ--–----ის, ლ------- მ---------ის და ნ--- ხ----ის აღიარებასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ შპს „ლ----ს“ დღეის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება ფაქტობრივად აღარ ერიცხება (საქმეში არსებული მასალებით, მხოლოდ 2,27 ლარი). ამდენად, მოსარჩელის პოზიცია, რომ ამ საწარმოს დავალიანების გადახდისაგან თავის ასარიდებლად მოპასუხეებმა განახორციელეს გარკვეული ღონისძიებები დაუსაბუთებელია. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მაშინ აქვს ინტერესი გადასახადის გადამხდელის და მე-3 პირის ერთიმეორის ცრუმაგიერად აღიარებისათვის, როდესაც არსებობს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის გადახდევინებისათვისაც აღსრულება უნდა მიექცეს მე-3 პირის ქონებაზე. ამ შემთხვევაში შპს „ლ----ს“ - როგორც გადასახადის გადამხდელის მიმართ, ამგვარი ინტერესი გამორიცხულია, რადგან მას დავალიანება ფაქტობრივად აღარ გააჩნია. ანალოგიურად გამორიცხულია მოცემულ მოპასუხეთა ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

7.20. რაც შეეხება შპს „პ--–--ს“ პარტნიორის და დირექტორის მ------ მ---------ის ცრუმაგიერი მფლობელობის დადასტურებულად მიჩნევას იმ საფუძვლით, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორების პასუხისმგებლობა საზოგადოების კრედიტორების წინაშე, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია ხელმძღვანელობის უფლების მქონე პირები, ხოლო მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ისინი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად.

 

7.21. სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია დირექტორისა და საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორთა წინაშე, როდესაც მიუხედავად საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობისა, კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძვლების არსებობისას პასუხისმგებლობა სწორედ პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ, თუმცაღა აღნიშნული საკითხის შესწავლა, კერძოდ, პარტნიორის და დირექტორის მიერ საზოგადოების თანხის პირადი მიზნისთვის გამოყენება (მოცემულ შემთხვევაში ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არაა წარმოდგენილი), კრედიტორისადმი პირადი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის განხილვის საგანს და არ აქვს კავშირი ცრუმაგიერ მფლობელობასთან, რადგან, მართალია, ორივე შემთხვევაში წარმოიშობა მოთხოვნის უფლება არა უშუალოდ მოვალის, არამედ სხვა პირის მიმართ, თუმცაღა მოთხოვნის საფუძვლები ორივე შემთხვევაში განსხვავებულია და არ უნდა მოხდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამჭოლი პასუხისმგებლობის ცრუმაგიერ მფლობელობასთან გაიგივება.

 

7.22. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, მართალია, სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის მოვალეობათა სასამართლოზე გადაკისრებას, ვინაიდან, ამავე კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

7.23. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.

 

7.24. მოპასუხე ფიზიკური პირების მიმართებით მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც წარმოუდგენია მტკიცებულებები მათი შპს „პ--–--საგან“ გაუმიჯნაობის შესახებ. მხოლოდ ის, რომ ფიზიკური პირები ნათესავები არიან ავტომატურად არ ნიშნავს ცრუმაგიერ პირებად ყოფნას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოპასუხეთა ქმედება მიმართული იყოს გადასახადის გადახდევინებისაგან თავის არიდებისაკენ და ეს იყოს განზრახი და ერთობლივი. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მოპასუხე იურიდიული პირის მიერ საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობა, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები შპს „პ--–--სთან“ ერთად განზრახ ერთობლივად მოქმედებდნენ ამ გადასახადის გადახდისაგან თავის ასარიდებლად - მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხეთა საქმიანობის ურთიერთაღრევას, ასევე, არ არის მითითებული და შესაბამისად წარმოდგენილი მტკიცებულებები თუ კონკრეტულად ვინ და რა სარგებელი მიიღო გადასახადის გადახდის თავიდან არიდების შედეგად. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ქონების უდიდესი ნაწილი შეძენილია შპს „პ--–--ს“ დავალიანების წარმოშობამდე, ხოლო იმ ქონების ღირებულება, რომელიც დავალიანების წარმოშობის შემდგომ არის შეძენილი მ------ მ---------ის და ნ--- ხ----ის მიერ გაცილებით აღემატება იმ დროისათვის არსებულ საგადასახადო დავალიანებას და შეუძლებელი იყო დავალიანების თანხით ამ ქონების შეძენა. გარდა ამისა, მ------ მ---------ის რამდენიმე უძრავი ნივთი იპოთეკით არის დატვირთული. საქმის მასალების მიხედვით, პ---–- მ---------ეს გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რამდენიმე მიწის ნაკვეთი (ერთობლიობაში 30000კვ.მ-ამდე). მოპასუხეებს გააჩნიათ ასევე, წილები სხვადასხვა საწარმოში. ყოველივე ეს მოწმობს, რომ მათ ჰქონდათ საკმაო შემოსავალი და არ უნდა იქნეს მიჩნეული დადასტურებულად მათ მიერ ქონების შეძენა შპს „პ--–--ს“ სახსრებით.

 

7.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის მოპასუხე ფიზიკური პირების ცრუმაგიერ პირად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

 

აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს, რომელთა მიმართაც სარჩელის დაკმაყოფილდა, თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის (რაც მოცემული კატეგორიის საქმეზე შეადგენს 100 ლარს) გადახდა თანაბარწილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი მხოლოდ შპს „პ--–--ს“ და შპს „ლ----ს“ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ამიტომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის N3-64-2017 განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დანარჩენ მოპასუხეთა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „პ--–--“ (ს/ნ 4--------) და შპს „ლ----“ (ს/ნ 4--------) ცნობილ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. შპს „პ--–--ს“ და შპს „ლ----ს“ დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითოეულს 50 ლარის ოდენობით;

 

5. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის N3-64-2017 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას:

- მ------ მ---------ის (პ/ნ 5----------) კუთვნილ უძრავ ნივთებს (მდებარე ქ. ბათუმში, თაყაიშვილის ქ. N36-38-ში, საკადასტრო კოდით 05.23.26.003.01.111; ქ. ბათუმში, თაყაიშვილის ქ. N36-38-ში, საკადასტრო კოდით 05.23.26.003.01.112; ქ. ხაშურში, ტაბიძის ქ. N29ა-ში, საკადასტრო კოდით 69.08.59.074);

- პ---–- მ---------ის (პ/ნ 5----------) კუთვნილ უძრავ ნივთს (მდებარე ხაშური, სოფ. ნაბახტევში, საკადასტრო კოდით 69.01.18.304);

- კ---- მ--–----ის (პ/ნ 1----------) კუთვნილ უძრავ ნივთს (მდებარე ქარელი, სოფ. გვერძინეთში, საკადასტრო კოდით 68.09.47.011);

- ლ------- მ---------ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ უძრავ ნივთს (მდებარე თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქ. N10ა, საკადასტრო კოდით 01.10.06.006.045.01.02.001);

- ნ--- ხ----ის (პ/ნ 5----------) კუთვნილ უძრავ ნივთებს (მდებარე თბილისი, ჩაჩავას ქ. N2-4-6-8-10 (ნაკვეთი 5/6), საკადასტრო კოდებით 01.13.02.005.006.01.01.007 და 01.13.02.005.006.01.01.008);

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ N7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი