გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.09.2018
საქმის ნომერი
190210018002281681
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-314-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 სექტემბერი 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია

 

მოსარჩელე - ნა---------ი

მოსარჩელის წარმომადგენლები - ფრ--------------–---–ი, ზა-----------ა

მოპასუხე - აფ--------–--–---ა

მოპასუხის წარმომადგენელი- და-----------–-------ე

დავის საგანი - ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა და ქონების გაყოფა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოძრავი ნივთები: 1. კოლიე- 2350 აშშ დოლარი, 2. კოლიე-სამაჯური- 1250 აშშ დოლარი, 3. იტალიური ჯაჭვი- 1800 ლარი, 4. დიდი კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით- 950 ლარი, 5. ბეჭედი წითელთვლიანი, 10 გრამიანი- 1000 ლარი, 6. კამეას ბეჭედი- 800 ლარი, 7. ბეჭედი -300 ლარი, 8. ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი- 1000 ლარი, 9. იტალიური საყურე- 350 ლარი, 10. ბეჭედი ,,ნიკორა''- 1000 ლარი, 11. საყურისა და ბეჭდის კომპლექტი- 1500 აშშ დოლარი, აღიარებული იქნას ნა---------ს და აფ--------–--–---ას ერთობლივი ცხოვრების დროს შეძენილად.

 

2. ნა---------ი ცნობილი იქნას ზემოთ ჩამოთვლილი მოძრავი ნივთების თანამესაკუთრედ 1/2 წილობრივი მონაცემით.

 

3. მოპასუხე აფ--------–--–---ას დაეკისროს ნა---------ისათვის სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების ნახევრის დაბრუნება, გაყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა მოსარჩელისათვის.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

 

სარჩელში მითითებულია, რომ ნა---------ი და აფ--------–--–---ა 2014 წლის 22 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

მოსარჩელის განმარტებით, აფ--------–--–---ას ნა---------ის მშობლებმა და ბებიამ საჩუქრად გადასცეს შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. კოლიე - ღირებული 2 350 აშშ დოლარი; 2. კოლიე-სამაჯური - 1 250 აშშ დოლარი; 3. იტალიური ჯაჭვი - 1 800 აშშ დოლარი; 4. დიდი კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით - 950 ლარი; 5. წითელთვლიანი ბეჭედი - 800 ლარი; 6. კამეას ბეჭედი - 800 ლარი; 7. ბეჭედი - 300 ლარი; 8. ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი -1000 ლარი; 9. იტალიური საყურე - 350 ლარი; 10. ბეჭედი "ნიკორა" - 1 000 ლარი; 11. საყურისა და ბეჭდის კომპლექტი - 1 500 აშშ დოლარი.

 

ნა---------ი და აფ--------–--–---ა 2016 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ, რის შემდეგაც, აფ--------–--–---ამ მოითხოვა სარჩელში აღნიშნული მოძრავი ნივთების მის საკუთრებაში გადაცემა.

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 15 მარტს ზემოთ აღნიშნული მოძრავი ნივთები ხელწერილის საფუძველზე გადაეცა აფ--------–--–---ას, რომლის დედანიც მოსარჩელის განცხადებით ინახება მოპასუხესთან, ხოლო ასლი გადაეცა მოსარჩელის მამას და ბებიას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნა---------ი ითხოვს:

1. მოძრავი ნივთები: 1. კოლიე- 2350 აშშ დოლარი, 2. კოლიე-სამაჯური- 1250 აშშ დოლარი, 3. იტალიური ჯაჭვი- 1800 ლარი, 4. დიდი კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით- 950 ლარი, 5. ბეჭედი წითელთვლიანი, 10 გრამიანი- 1000 ლარი, 6. კამეას ბეჭედი- 800 ლარი, 7. ბეჭედი -300 ლარი, 8. ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი- 1000 ლარი, 9. იტალიური საყურე- 350 ლარი, 10. ბეჭედი ,,ნიკორა''- 1000 ლარი, 11. საყურისა და ბეჭდის კომპლექტი- 1500 აშშ დოლარი, აღიარებული იქნას ნა---------ს და აფ--------–--–---ას ერთობლივი ცხოვრების დროს შეძენილად.

2. ნა---------ი ცნობილი იქნას ზემოთ ჩამოთვლილი მოძრავი ნივთების თანამესაკუთრედ 1/2 წილობრივი მონაცემით.

3. მოპასუხე აფ--------–--–---ას დაეკისროს ნა---------ისათვის სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების ნახევრის დაბრუნება, გაყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა მოსარჩელისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე აფ--------–--–---ას წარმომადგენელმა და-----------–-------ემ 2018 წლის 04 სექტემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების არსებობის შესახებ მოპასუხისათვის არ არის ცნობილი, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 22 აპრილიდან ნა---------ი და აფ--------–--–---ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.2. 2016 წლიდან ნა---------ი და აფ--------–--–---ა ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთები: 1. კოლიე- 2350 აშშ დოლარი, 2. კოლიე-სამაჯური- 1250 აშშ დოლარი, 3. იტალიური ჯაჭვი- 1800 ლარი, 4. დიდი კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით- 950 ლარი, 5. ბეჭედი წითელთვლიანი, 10 გრამიანი- 1000 ლარი, 6. კამეას ბეჭედი- 800 ლარი, 7. ბეჭედი -300 ლარი, 8. ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი- 1000 ლარი, 9. იტალიური საყურე- 350 ლარი, 10. ბეჭედი ,,ნიკორა''- 1000 ლარი, 11. საყურისა და ბეჭდის კომპლექტი- 1500 აშშ დოლარი, არ წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთები 1. კოლიე- 2350 აშშ დოლარი, 2. კოლიე-სამაჯური- 1250 აშშ დოლარი, 3. იტალიური ჯაჭვი- 1800 ლარი, 4. დიდი კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით- 950 ლარი, 5. ბეჭედი წითელთვლიანი, 10 გრამიანი- 1000 ლარი, 6. კამეას ბეჭედი- 800 ლარი, 7. ბეჭედი -300 ლარი, 8. ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი- 1000 ლარი, 9. იტალიური საყურე- 350 ლარი, 10. ბეჭედი ,,ნიკორა''- 1000 ლარი, 11. საყურისა და ბეჭდის კომპლექტი- 1500 აშშ დოლარი, წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას, კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მისთვის უცნობია აღნიშნული ნივთების და ხელწერილის არსებობის თაობაზე, ხოლო მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა ხელწერილის ნამდვილობას და მოძრავი ნივთების მხარეთათვის კუთვნილების ფაქტი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1162-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 135-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველი მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მიიჩნევა მეუღლეთა საერთო თანაზიარ საკუთრებად. ამასთან, ქონებაში აუცილებელია ვიგულისხმოთ არა მარტო ის ნივთი, რომელიც შეძენილ იქნა რეგისტრირებული ქორწინების დროს, არამედ ის სახსრებიც, რომლითაც შეძენილია ეს ნივთი.

 

ამავე კოდექსის 1162-ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტზე, რომლის თანახმად, ქორწილში ნაჩუქარი ძვირფასეულობის ნაწილი განქორწინების შემდეგ წაიღო აფ--------–--–---ამ, მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, იგი არ უბრუნებს მას ნივთების ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს თუ ვის მფლობელობაში იმყოფება სადავო ნივთები, წარმოდგენილია ასლის სახით, ასევე არ დგინდება მასზე ხელმოწერები. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელწერილის დედანის წარმოუდგენლობა გამოწვეული იქნა იმ ფაქტით, რომ იგი მოპასუხესთან ინახება, ვინაიდან მას შეეძლო გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოს წინაშე ეშუამდგომლა აღნიშნული დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ხელწერილის დედნის არსებობა, რის გამოც, სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტს მტკიცებულების ძალას ვერ მიანიჭებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მტკიცების საგანი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და დავის გადაწყვეტის მიზნით.

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების საგანში შედის მოძრავი ნივთების დაუფლების ფაქტი, რომლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, ვინაიდან მოპასუხემ უარყო აღნიშნული მოძრავი ნივთების არსებობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების არსებობის ფაქტი და უარყო ხელწერილის ნამდვილობა, მნიშვნელოვანია აღნიშნული დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ არის სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, რის გამოც, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნა---------ის სარჩელი მოპასუხე აფ--------–--–---ას მიმართ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის და ქონების გაყოფის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი