განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2018
საქმის ნომერი
080100118002499094
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/524-18 (№057180518001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 აგვისტო 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------ გო---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნუ------- ჭი---ს ძე ჭე-–---–- - დაბადებული 1--- წლის 5------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ზ. ჭა-------- ქ. N3-----------.

 

ადვოკატი- ალ---------- თა----–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი); ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის ნოემბერში, ქ. ქუთაისში, ილ-- ჭა-------- გამზირზე N 3-----ში მდებარე სახლში, მთვრალმა ნუ------ ჭე-–---–-- არასრულწლოვანი შვილის - ლი--- ჭე-–---–-ს თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე მა---- გო-------ზე (ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებზე). ძალადობის შედეგად მა---- გო-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის დეკემბერში, ქ. ქუთაისში, ილ-- ჭა-------- გამზირზე N 3-----ში მდებარე სახლში, მთვრალმა ნუ------ ჭე-–---–-- არასრულწლოვანი შვილის - ლი--- ჭე-–---–-ს თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე მა---- გო-------ზე (ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებზე). ძალადობის შედეგად მა---- გო-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 17 მაისს, დახლოებით 22:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ დი-–- მდებარე სახლში, მთვრალმა ნუ------ ჭე-–---–-- არასრულწლოვანი შვილის - ლი--- ჭე-–---–-ს თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე მა---- გო-------ზე (ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებზე). ძალადობის შედეგად მა---- გო-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 17 მაისს, დახლოებით 22:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ დი-–- მდებარე სახლში, მთვრალმა ნუ------ ჭე-–---–-- იძალადა მეუღლის ძმაზე - მა-–---- გო-------ზე (ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებზე). ძალადობის შედეგად მა-–---- გო-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ნუ------- ჭე-–---–-ს აღიარებისა სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ნუ------ ჭე-–---–-ს დაკავების ოქმი, მოწმე ქე------ კო-----ს გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ მა---- გო-------ს გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ მა-–---- გო-------ს გამოკითხვის ოქმები, ნუ------ ჭე-–---–-ს გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპერტი---ს N003614618 დასკვნა, სამედიცინო ექსპერტი---ს N003613518 დასკვნა) ერთობლიობა ნუ------- ჭე-–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნუ------- ჭე-–---–-- ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნუ------- ჭე-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილს დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნუ------- ჭე-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის აღიარებას, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულების პოზიციაზე, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება ვერ გადაწონის საქმეში არსებულ რიგ გარემოებებს, კერძოდ: ბრალდებულის პიროვნებას და მის მიდრეკილებას ძალადობისაკენ. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ნუ------- ჭე-–---–-ს მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა მთვრალ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ნებისმიერ ადამიანში (მით უფრო არასრულწლოვანში) და წარმოადგენს ბავშვების ნორმალური განვითარებისა და აღზრდის ხელშემშლელ წინაპირობას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ნუ------- ჭე-–---–-ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნუ------- ჭე-–---–ს თითოეული ეპიზოდისათვის უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი, საბოლოოდ კი, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს დაზარალებულების პოზიციას, რომლებიც ითხოვენ ნუ------- ჭე-–---–-ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახში ძალადობაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის (აღსანიშნავია, რომ განცხადების თანახმად, დაზარალებულის პოზიცია არასაპატიმრო სასჯელთან მიმართებაში არგუმენტირებულია სწორედ იმ გარემოებით, რომ შეურიგდა და აპატია ნუ------- ჭე-–---–ს ჩადენილი ქმედება) ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, მოძალადეზე მატერიალურად დამოკიდებულების გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე.

 

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნუ------- ჭე-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 მაისის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნუ------- ჭე-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ნუ------- ჭე-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნუ------- ჭე-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 მაისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური