გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9239-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ლ---–- მ------–-–--ლი
წარმომადგენელი - ი--- მ---–--ე
მოპასუხე - ნ----- ა-------ი
წარმომადგენლები - გ--- ბ-----–---–-, რ--------- ც---–---ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ----- ა-------ისათვის მოსარჩელე ლ---–- მ------–-–--ლის სასარგებლოდ სარემონტო ხარჯის 2------- ლარისა და ბინის საფასურის 1---- აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ვ---------–-–3, მიკრო–2, კორპ–9, ბინა–3- ირიცხება ნ----- ა-------ის სახელზე. 2006 წელს ნ----- და ავთო ა-------ებს და მოსარჩელეს შორის შედგა ზეპირი ხელშეკრულება ზემოთ მითითებული უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, კერძოდ, ნ----- ა-------მა და მისმა ძმამ, ავთო ა-------მა ზემოთ ხსენებული სადავო ქონება ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდეს ლ---–- მ------–-–--ლს. 2006 წლიდან დღემდე ლ---–- მ------–-–--ლი ოჯახთან ერთად ცხოვრობს სადავო ფართში, ამის დასტურად სარჩელს ერთვის ხელშეკრულებები გაფორმებული კომუნალური მომსახურების მიღების მიზნით, ასევე სარჩელს ერთვის კომუნალური გადახდის ქვითრები.
მოსარჩელემ ბინაში ჩაატარა კაპიტალური რემონტი, რომლის ღირებულება შეადგენს 2------- ლარს, რასაც ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღწერილია ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.
მოსარჩელემ 201- წლის 21 მაისს აღძრული დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეთა წრე თავდაპირველი სარჩელით განსაზღვრულ მოპასუხე ნ----- ა-------თან ერთად დამატებით განსაზღვრა ავთო ა-------ით. ავთო ა-------ის გარდაცვალების შემდგომ (საქმეში წარმოდგენილია გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 24, ტომი მეორე), მოსარჩელის წარმომადგენელმა 2017 წლის 31 იანვრის დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეებად განსაზღვრა ნ----- ა-------ი, გარდაცვლილი ავთო ა-------ის შვილი და დედა, ანასტასია და რეგნიდა ა-------ი. საბოლოოდ, 2017 წლის 03 ოქტომბრის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნები განსაზღვრა მხოლოდ ნ----- ა-------ის მიმართ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მითითებულია, რომ წარმოდგენილ ამონაწერებში ასახულია თანხის ნ----- ა-------ის ძმის, ავთო ა-------ის სასარგებლოდ გადარიცხვის ფაქტები. მოპასუხეს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს, კავშირი არ აქვს ამ გადარიცხვებთან. ამასთან, ამონაწერებში ასახულია მხოლოდ გადარიცხული თანხის რაოდენობა და ადრესატი, ხოლო გადარიცხვის მიზანი და დანიშნულება არ ფიქსირდება.
ავთანდილ ა-------სა და ბორის დიაკონოვს, მოსარჩელის მეუღლეს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ბინა ირიცხებოდა კ-------ი ჩ-------ის საკუთრებაში. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ, უძრავი ქონება გადავიდა გარდაცვლილის შვილის, ასევე კ-------ი ჩ-------ის საკუთრებაში, რომელმაც, თავის მხრივ, ქონება აჩუქა თავის შვილს, გ---–ა ჩ-------ს. ამ უკანასკნელსა და ნ----- ა-------ს შორის 201- წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება გადავიდა ნ----- ა-------ის საკუთრებაში. იმ პერიოდში, როცა მოსარჩელე ცხოვრობდა სადავო ბინაში და ატარებდა რემონტს, უძრავი ქონება ეკუთვნოდა კ-------ი ჩ-------ს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ უძრავი ქონება, 4---- კვ.მ ფართი, მდებარე, თბილისი, ვ---------–- - 3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი №-, მ--- სადარბაზო, მე-5 სართული, ბინა №-- მემკვიდრეობით მიიღო კ-------ი ჩ-------მა (დაბადებული 1---------წ, პ/ნ 0----------) 2014 წლის 16 ოქტომბრის ნოტარიუს ანა როინიშვილის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 143-145, ტომი პირველი).
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 127).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 131, ტომი პირველი).
3.1.2. 2014 წლის 08 დეკემბერს კ-------ი ჩ-------სა (დაბადებული 1---------წ) და გ---–ა ჩ-------ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------, ნოტარიუსი მაია ბრეგვაძე), რომლის თანახმად, საცხოვრებელი ბინა, 4---- კვ.მ ფართით, მდებარე, თბილისი, ვ---------–- - 3, მ--- მ/რ, კორპუსი №-, მ--- სადარბაზო, მე-5 სართული, ბინა №--, გამჩუქებელმა კ-------ი ჩ-------მა აჩუქა გ---–ა ჩ-------ს.
2014 წლის 11 დეკემბერს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება 4---- კვ.მ ფართი, მდებარე, თბილისი, ვ---------–- - 3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი №-, მ--- სადარბაზო, მე-5 სართული, ბინა №-- (საკადასტრო კოდი 0----------------------), აღირიცხა გ---–ა ჩ-------ის საკუთრებაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 146-148, პირველი ტომი).
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 149-1-0, პირველი ტომი).
3.1.3. 201- წლის 2- იანვარს გ---–ა ჩ-------სა და ნ----- ა-------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ----- ა-------მა შეიძინა უძრავი ქონება 4---- კვ.მ ფართი, მდებარე, თბილისი, ვ---------–- - 3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი №-, მ--- სადარბაზო, მე-5 სართული, ბინა №-- (საკადასტრო კოდი 0----------------------).
201- წლის 26 იანვრიდან აღნიშნული უძრავი ქონება დასახელებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ნ----- ა-------ის საკუთრებაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 231-233, ტომი მეორე).
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 1-1, ტომი პირველი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დგინდება ლ---–- მ------–-–--ლის მიერ ნ----- ა-------ის სასარგებლოდ 1----- აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით ნ----- ა-------ისათვის სადავო ბინის შეძენის მიზნით გადახდილი აქვს 1----- აშშ დოლარი, უძრავი ნივთის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
მოსარჩელე მხარეს მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ფულადი თანხის გაგზავნის თაობაზე რუსულ ენაზე მომზადებული დოკუმენტები, გაცემული შესაბამისი საბანკო/საფინანსო დაწესებულებების მიერ. აღნიშნული დოკუმენტი ნათარგმნია ქართულ ენაზე და დამოწმებულია შესაბამისი წესით. აღნიშნული მასალებით დგინდება, რომ ბორის დიაკონოვს ფულადი თანხები გაგზავნილი აქვს ავთანდილ ა-------ისათვის. წარმოდგენილი მასალებიდან ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ილია მ------–-–--ლს ნ----- ა-------ის სასარგებლოდ გაგზავნილი აქვს 1250 აშშ დოლარი, 2009 წელს. ის გარემოება, რომ ილია მ------–-–--ლი მოქმედებდა ლ---–- მ------–-–--ლის დავალებით და გადარიცხულ თანხაზე მოთხოვნის უფლება რომ ეკუთვნის მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულებებით არ დგინდება.
წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება ლ---–- მ------–-–--ლის მიერ ნ----- ა-------ის სასარგებლოდ თანხის, თუნდაც ნაწილობრივ გადახდის ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის სასარგებლოდ 1----- აშშ დოლარის გადახდის ფაქტის დამტკიცება მტკიცების ტვირთის პროცესუალური და მატერიალური საფუძვლების, კერძოდ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებისა და სსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება 1----- აშშ დოლარის გადახდის შესახებ.
3.2.2. არ დგინდება ნ----- ა-------ის გამდიდრების ფაქტი ლ---–- მ------–-–--ლის მიერ უძრავ ქონებაზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად.
დადგენილია, რომ 201- წლის 2- იანვარს გ---–ა ჩ-------სა და ნ----- ა-------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ----- ა-------მა შეიძინა უძრავი ქონება 4---- კვ.მ ფართი, მდებარე, თბილისი, ვ---------–- - 3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი №-, მ--- სადარბაზო, მე-5 სართული, ბინა №-- (საკადასტრო კოდი 0----------------------).
შესაბამისად, ნ----- ა-------ის საკუთრებაში გადასვლამდე უძრავი ქონება ირიცხებოდა ჯერ კ-------ი ჩ-------ის, ხოლო შემდგომ გ---–ა ჩ-------ის სახელზე, ხოლო მოპასუხის სახელზე უძრავი ქონება აღირიცხა 201- წლის 26 იანვრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, ლ---–- მ------–-–--ლი სადაო უძრავ ქონებას ფლობდა 2006 წლიდან. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს აღნიშნული სამუშაოები ჩატარებულია ნ----- ა-------ზე საკუთრების წარმოშობის მომენტამდე, ანუ 201- წლის 26 იანვრამდე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება უკვე ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით და როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან დგინდება შეძენილ ქონებაში გადაიხადა 90000 ლარი (იხ. ტ.2. ს.ფ. 231) მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტობრივი შემადგენლობა სახეზე არ გვაქვს.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ნ----- ა-------ი არ წარმოადგენს პირს, რომელმაც მოსარჩელე ლ---–- მ------–-–--ლის ხარჯზე მიიღო სარგებელი და ამით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
სამოტივაციო ნაწილი
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ ლ---–- მ------–-–--ლის სარჩელი მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტორივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 976-ე, 987-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის, გამდიდრებულისა, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად.
სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე ხდება.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნის (1----- აშშ დოლარი) საფუძვლად მიუთითა მხარეთა შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ზეპირი ფორმით შეთანხმება და ამის საფუძველზე თანხის მოპასუხისათვის გადახდა. რამდენადაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო თანხის გადახდის შესახებ მითითებული გარემოებისა და შესაბამისად უსაფუძვლო გამდიდრების თუნდაც ერთი ელემენტის არსებობის დადასტურება, შესაბამისად გამოირიცხება 976-ე მუხლის მოქმედება, განსახილველი შემთხვევის ფაქტობრივი მოცემულობა გამორიცხავს დაცვითი ფუნქციით აღჭურვილი ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად - გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ.
სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ თანხის გადახდაზე ვალდებულია ის პირი, ვინც სარგებელს იღებს და გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა პირმა სარგებელი მიიღო. სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებით მოპასუხე არ გამდიდრებულა და მას სარგებელი არ მიუღია, ვინაიდან მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება უკვე გაუმჯობესებულ მდგომარეობაში და შესაბამისად, ნასყიდობის თანხის გადახდით სარგებელი მიიღო მესაკუთრემ (გამყიდველმა), რომელმაც მიიღო ქონება გაუმჯობესებულ მდგომარეობაში და ამ გაუმჯობესების ხარჯზე განსაზღვრა ნასყიდობის საფასური.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი მოთხოვნის უფლებას შეგნებულად ან შეცდომით ხარჯების გაწევის შემთხვევაში მეორე პირს აკისრებს და არა კონკრეტულად მესაკუთრეს. მეორე პირი არის ვალდებული პირი, ვისაც გაზრდილი ღირებულებით უბრუნდება ქონება, ნივთი, ან სხვაგვარად იღებს სარგებელს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ნ----- ა-------ს არ უნახავს სარგებელი გაუმჯობესებული ქონების საკუთრებაში მიღებით, ვინაიდან მან ეს ქონება შეიძინა ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის კვალიფიკაციის წინაპირობები.
ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---–- მ------–-–--ლის სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია, მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში ღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, მოსარჩელეს ექსპერტიზის დასკვნისა და იურიდიული მომსახურების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ პროცესუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---–- მ------–-–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 18 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე