განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002534657
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/167-2018 წ
05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა
დაცვის მხარე - ადვოკატი ლ-------------ე
ბრალდებული - ო-------------ე (დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, ს----------ი, რეგისტრირებული დ. ხელვაჩაური, დ. ა----–-----–-------- და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, დ----------------).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 31 მარტს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ო-------------ემ საკანცელარიო დანის გამოყენებით, მარცხენა დუნდულში ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ზ--------–-----ეს და ხელის დარტყმით სხეულის სხვადასხვა ადგილას ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ბრალდებულმა ო-------------ემ სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, ო-------------ის, ზ--------–-----ის, ჯ----–----------ის, გ--------------ის, ა-–-----------------ის, ხ--------------ის, გ------------–--–--ის, მ----------------ის გამოკითხვის ოქმები, კრიმინალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, საკანცელარიო დანის დათვალიერების ოქმი, ნივთმტკიცებები.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ო-------------ემ ზ--------–-----ეს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ო-------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, ასევე მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულმა გამოიჩინა მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე დამოკიდებულება, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. რა დროსაც გამოყენებული იქნა არასრულწლოვანის მიმართ იარაღად დანა. ო-------------ე არაა ნასამართლევი, არის ს----------ი, დაზარალებული მას შეურიგდა და მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ო-------------ემ აღიარა და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ პირობით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში მინიმუმზე შედარებით მაღალი ზომით.
სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს ო-------------ე არ იყო ნასამართლევი.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს – ნადგურდება; ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შესაბამისად ნივთმტკიცება დანა უნდა განადგურდეს, ხოლო ზ--------–-----ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით ო-------------ეს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 1 000 ლარის ოდენობით, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლოში არაა წარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყოფილია თუ არა გირაო ფულადი თანხით ან უძრავი ქონებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების დროს იმსჯელოს ამ საკითხზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდეს ო-------------ის მიმართ აღკვეთი ღონისძიება გირაო.
ო-------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცების სახით არსებული დანა განადგურდეს, ხოლო ზ--------–-----ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მას, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი