გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210017002107995
N2/3669-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 აგვისტო 2018 წელი ქ. ბა-----ი
შესავალი ნაწილი
ბა-----ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელეები - ამ----ნ ზო---ე
წარმომადგენელი - და-–-------ე
მოპასუხე - ავ-------ლ მო–------–ი
წარმომადგენელი - ვა–-----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე ავ-------ლ მო–------–ს მოსარჩელე ამ----ნ ზო---ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია:
2015 წლის 14 მარტს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა მორიგება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მორიგების გაფორმების დღიდან, ორი წლის მანძილზე, ეტაპობრივად დააბრუნებდა მოსარჩელესაგან ნასესხებ თანხას, 15000 აშშ დოლარს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელეს გადასცემდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბა-----ი, ჭა-------ს ქ. N8---- ასაშენებელ მრავაფუნქციურ საცხოვრებელ სახლში. მორიგებით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. იგი სარჩელს არ დაეთანხმა და შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელეს სარჩელი უნდა აღეძრა არა თანხის დაკისრების მოთხოვით, არამედ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, ხოლო საქმის ზეპირი განხილვისას, მოპასუხემ აღნიშნა, რომ არაა წინააღმდეგი გადასცეს უძრავი ქონება მოსარჩელეს, თუმცა იმის გამო, რომ იგი დაყადაღებულია, ვერ ახერხებს ვალდებულების შესრულებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 14 მარტს, ავ-------ლ მო–------–სა და ამ----ნ ზო---ეს შორის შედგა მორიგება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავ-------ლ მო–------–ი ამ----ნ ზო---ეს გადაუხდიდა 15000 აშშ დოლარს ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში, მორიგების აქტზე მხარეთა ხელმოწერის დღიდან.
3.1.2. მორიგების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ დადგენილ ვადაში არ შესრულდებოდა მორიგების პირობა, ავ-------ლ მო–------–ი იღებდა ვალდებულებას ამ----ნ ზო---ისათვის გადაეცა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბა-----ი, ჭა-------ს ქ. N8----, ასაშენებელ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლში.
3.1.3. მოპასუხემ არ შეასრულა მორიგების პირობა თანხის გადახდის ან უძრავი ქონების გადაცემის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მორიგება (ს.ფ. 13)
-მხარეთა ახსნა განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმებიდან გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, მხარეთა შეჯიბრობითობა და პროცესის დისპოზიციურობა. ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თავისი პოზიცია ააგოს იმ ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს. მხარე უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავს რა გარემოება დაუდოს საფუძვლლად თავის სარჩელს თუ შესაგებელ. აღნიშნული უფლებით მხარეები სარგებლობენ თანაბრად. სასამართლო ვერ შეზღუდავს ან ვერ გააფართოებს ერთი მხარის პროცესუალურ უფლებას, მეორე მხარის უფლებრივი ბალანსის შენარჩუნების გარეშე.
მოპასუხე განმარტავს, რომ არაა წინააღმდეგი შეესრულებინა მოსარჩელისათვის მორიგებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება, თუმცა მშენებარე საცხოვრებელი სახლის დაყადაღების გამო, აღნიშნული ვერ მოახერხა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შემხებლობას მოცემული დავის სამართლებრივად გადაწყვეტასთან, სასამართლო შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო, სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, ადგენს, რომ საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-სამოქალაქო კოდექსი
-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალ დებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, როგორც დამოუკიდებელი ვალდებულება, წარმოიშვა ვალის არსებობის აღიარებით. „ვა ლის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგ Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ.).
ვალის აღიარება თავისი შინაარსით დამოუკიდებელია მხარეთა შორის მანამდე არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან და წარმოადგენს მოვალის დამოუკიდებელ შეპირებას კრედიტორის მიმართ, მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის უფლების შესრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, ვალის აღიარების ამ ფორმით, კრედიტორი იძენს ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, ეს მოთხოვნა ანაცვლებს თავდაპირველ ვალდებულებას. ვალის აღიარების შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს აღარ წარმოადგენს რის საფუძველზე დაიდო ვალის აღიარება. მთავარია, აღიარება დადებული იყოს მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს, სწორედ, ვალის აღიარების კონსტიტუციურ შემთხვევას. მორიგების შინაარსიდან არ იკვეთება მისგან გამომდინარე ვალდებულების ბმა მანამდელ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობასთან. ამდენად, მოცემულ საქმეში, სასამართლო კვლევის საგანს არ წარმოადგენს რა სახის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები არსებობდა 2015 წლის 14 მარტამდე ანუ მორიგების გაფორმებამდე მხარეთა შორის. ვინაიდან, თავისი არსით, აღნიშნული დოკუმენტით დადგინდა მხარეთა შორის მანამდე არსებულ ვალდებულებისაგან დამოუკიდებელი ახალი ვალდებულება. სასამართლოს კვლევის საგანია მხარეთა ნების ნამდვილობა მოცემული გარიგების გაფორმებისას და შესრულდა თუ არა მორიგების პირობებით განსაზღვრული ვალდებულება.
6.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 14 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა მორიგება, რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელეს გადაუხდიდა 15000 აშშ დოლარს, ორი წლის მანძილზე, ეტაპობრივად, მორიგების გაფორმების დღიდან. ამავე მორიგებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელეს გადასცემდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბა-----ი, ჭა-------ს ქ. N8---- ასაშენებელ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული მორიგების გაფორმება, ნების ნამდვილობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს მორიგების პირობა არ შეუსრულებია. მოპასუხემ დაადასტურა, რომ აღიარებული თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუხდია და ვერც უძრავი ქონება გადასცა მას. მოპასუხემ განმარტა, რომ მიმდინარე პერიოდისათვის ქონებას ადევს ყადაღა და ვალდებულების შეუსრულებლობას ამის გამო ვერ ახერხებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში კვლევის საგანს არ წარმოადგენს გადასაცემი უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობა. უძრავი ქონება არ წარმოადგენს გარიგების საგანს, ის მხოლოდ შესრულების საშუალებაა. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება ვერ ფულადი და ვერც ქონებრივი სახით.
სასამართლო ვერ დაეთანხება მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩელი შეეტანა არა თანხის დაკისრების, არამედ უძრავი ქონების მიღების მოთხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მორიგების (ხელშეკრულების) საგანს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულება, ხოლო შესრულების სანაცვლოდ უძრავი ქონების მიღება, მოპასუხისათვის არის აღნიშნული ფულადი ვალდებულების შესრულების საშუალება, რისი შესრულების ობიექტურად შეუძლებლობა, აძლევს მოსარჩელეს დარღვევული უფლების სასამართლო წესით აღდგენის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ინტერესი მორიგების გაფორმებისას იყო, არა უძრავი ქონების მიღება, არამედ ფულადი ვალდებულების შესრულება, რა მიზნითაც მან მომართა სასამართლოს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია, რომ მოპასუხეს მორიგებით დადგენილი პირობა არ შეუსრულებია, თანხა არ გადაუხდია, მისი მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების დარღვევას, რაც მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 116.24 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ამ----ნ ზო---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროს ავ-------ლ მო–------–ს ამ----ნ ზო---ის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის გადახდა;
3. დაეკისროს ავ-------ლ მო–------–ს ამ----ნ ზო---ის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 116.27 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბა-----ის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბა-----ი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბა-----ის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბა-----ი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე