გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.08.2018
საქმის ნომერი
330310018002375722
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/1955-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე - გ--------------–--ე

მოპასუხე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წარმომადგენელი - ქ---------------–---–ი

მესამე პირი - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

დავის საგანი: ნორმატიული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ პრიმა ქვეპუნქტის ნაწილი - მეორე წინადადება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირი - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცდა სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანება (ს.ფ. 17-34).

 

4.1.2. „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №44/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „კ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში (დანართი №1) შევიდა შემდეგი ცვლილება: მე-11 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის „გ1“ პუნქტი:

 

„გ1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპს. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიუთითოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მხოლოდ ერთი ტესტის ტიპი.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №44/ნ ბრძანება (ს.ფ. 35-37);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--------------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-11 მუხლი მე-7 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის ნაწილის - მეორე წინადადების ბათილად ცნობა. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი კანონშესაბამისობა.

 

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით; გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.

 

რაც შეეხება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ - შინაარსობრივ კანონიერებას, იგი უნდა გამოიცეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მისი გამოცემისათვის დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესები, რაც სავალდებულოა მისი გამომცემი ორგანოსათვის. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ნორმებს და სხვა საკანონმდებლო აქტებს. გამომდინარე აქედან მატერიალური კანონიერების შემოწმებისას უნდა შემოწმდეს არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, არამედ, ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.

 

7.3. ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცდა სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დებულება არეგულირებს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდის ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებს.

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების(ცვლილებების)ან/და დამატების (დამატებების)) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით, იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.

 

ასევე დადგენილია, რომ „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №44/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „კ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში (დანართი №1) შევიდა შემდეგი ცვლილება: მე-11 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის „გ1“ პუნქტი:

 

„გ1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპს. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიუთითოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მხოლოდ ერთი ტესტის ტიპი.“

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით მმართველობის ორგანოების აღჭურვის მიზანია, ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურობას. სპეციფიკური და წვრილმანი საკითხების მოწესრიგებისაგან კანონმდებლის გამოთავისუფლება მას შესაძლებლობას აძლევს, სრულყოფილად მოაწესრიგოს ქვეყნის საშინაო ცხოვრებისა და საგარეო ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საკითხები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის უფლებამოსილი ორგანო განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით.

 

სასამართლო მოიხმობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ მითითებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამავე კანონის საფუძველზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით აღჭურვის თაობაზე. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კანონის აღსრულების მიზნით მიენიჭა კანონქვემდებარე აქტების გამოცემის უფლებამოსილება. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტით კანონმდებელმა ასევე განსაზღვრა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული სამართლებრივი მოწესრიგების ჩარჩოები. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიენიჭა სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების უფლებამოსილება, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე, სამაგისტრო გამოცდის ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებს. ამდენად, მოპასუხე ზემოაღნიშნული საკანომდებლო აქტების საფუძველზე, უფლებამოსილია განსაზღვროს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების პირობები და ამ მიზნით დაადგინოს ნორმატიული წესი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ კანონმდებელმა მიზნის მიღწევის მეთოდის არჩევანის უფლება თავად მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიანიჭა.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ პუნქტზე და მიიჩნევს, რომ „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ პრიმა ქვეპუნქტის მეორე წინადადებით დადგენილი მოთხოვნა მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის მხოლოდ ერთი ტესტის ტიპის მითითების თაობაზე, შესაბამისობაშია კანონით განსაზღვრულ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილების შინაარსთან, მიღებულია კანონმდებლის ნების ფარგლებში და მის შესაბამისად.

 

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად და მასში დასმული ამოცანების შესასრულებლად. ამასთან, სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ დადგინდა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი რაიმე პროცედურის დარღვევა. ამგვარი დარღვევის თაობაზე არც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა. სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ამ ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც უნდა განხორციელდეს ამგვარი უფლებამოსილების რეალიზაციისას კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის აუცილებლობით. ასეთ პირობებში, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლო კონტროლი შემოიფარგლება მისი კანონიერების და არა მიზანშეწონილობის შეფასებით. სასამართლოს მიერ კანონიერების კონტროლი ემსახურება იმ მიზანს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცული იყოს საჯარო წესრიგი, რასაც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების შესრულება. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მყარი და სტაბილური სამართლებრივი წესრიგისა და სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს, ასევე ქმნის ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისათვის ხელსაყრელ გარემოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გასაჩივრებულ ნაწილში) ლეგიტიმურობას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ნანა დარასელია