გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.08.2018
საქმის ნომერი
330310018002310170
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/995-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

 

მოსარჩელე - შპს „ს----------–--------------–---–------------------ი“

წარმომადგენლები - ა--------–--ე, მ--------------–---–ი;

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენლები - ც-------------–---–ი, ლ-–--------–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №7- გადაწყვეტილება.

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებულ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს შპს „ს----------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული (საქმე №3/57---15) გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2015 წლის 04 თებერვლის შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ის“ მიმართვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 04 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ დებულების დანართი N1-ის 21-ე მუხლის თანახმად ,,ინფორმატიკის“ საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით წარედგინა აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში, ,,ინფორმატიკის“ საბაკალავრო პროგრამა ელექტრონული ფორმით და სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 12 თებერვლის MES 7 15 0------- მიმართვით შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ს“ ეთხოვა მათ მიერ მიმდინარე წლის 04 თებერვალს წარდგენილი Nგ-10 სააკრედიტაციო განაცხადთან დაკავშირებით გადაეხადა საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასური, რაც მოსარჩელის მიერ დადგენილ ვადაში იქნა წარდგენილი.

 

3. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 15 მაისის N294 ბრძანებით შეიქმნა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც დაევალა ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შემოწმების მიზნით შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ში“ ვიზიტის განხორციელება. ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 02 დღით. ამავე ბრძანებით ექსპერტებს მიეცათ 3 დღის ვადა ვიზიტის დასრულების შემდეგ დასკვნის შედგენისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენისათვის. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც 2015 წლის 28 მაისის მიმართვით გადაეგზავნა შპს ,,საქართელოს ბანკის ს--–---–------------------ს“, ხოლო იმავე წლის 08 ივნისის მიმართვით ეცნობა, რომ 12 ივნისს 15:00 სთ-ზე დანიშნულია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების მიზნით ადრესატს ეთხოვა სხდომაზე დასწრება და საჭიროების შემთხვევაში მოსაზრებების წარდგენა.

 

4. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ 2015 წლის 12 ივნისის სხდომაზე განიხილა შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი, რომელიც ოქმის მიხედვით განხილულ იქნა მე-10 საკითხად, ექსპერტების მიერ წარდგენილ იქნა შენიშვნები დასკვნიდან და შემუშავებული რეკომენდაციები, კერძოდ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დარგის მიმართულებით პროგრამაში შეტანილ იქნეს არჩევითი კურსები, პროექტი (IT-15) იყოს უფრო პრაქტიკული ხასიათის ნაშრომი, პროგრამაში დაემატოს პრაქტიკის კომპონენტი, პროგრამაში დაშვების წინაპირობებში განისაზღვროს ინგლისური ენის ფლობის შიდა კრიტერიუმები. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამას არ მიენიჭა აკრედიტაცია (მომხრე - 3, წინააღმდეგი - 3).

 

5. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ განიხილა თვითშეფასების კითხვარში ასახული ინფორმაცია, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, ასევე გაეცნო დაინტერესებული მხარის პოზიციას. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 04 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ს“ უარი ეთქვა ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციაზე. გადაწყვეტილების მეორე პუნქტით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 12 ივნისის N5 სხდომის ოქმის მე-10 ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული (საქმე №3/57---15) გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 61-71).

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული №3/57---15 გადაწყვეტილებით შპს „ს----------–--------------–---–------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 12 ივნისის №53 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „ს----------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული №3/57---15 გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 61-71).

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული №3/57---15 გადაწყვეტილების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე ხელახლა განიხილა შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი, რომელიც ოქმის მიხედვით განხილულ იქნა მე-3 საკითხად. სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის და სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, აკრედიტაციის საბჭომ მიიჩნია, რომ ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო რომ უნივერსიტეტს გააჩნდეს სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც ექსპერტთა დასკვნით პროგრამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ხოლო საბჭოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, წარმოდგენილ პროგრამას არ გააჩნდა საჭირო ტექნიკური ლაბორატორია (ჰაბი, სვიჩი, ქსელური მოწყობილობები, კომპიუტერის არქიტექტურისთვის საჭირო ლაბორატორია, დედაპლატები, კვების ბლოკი და სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტები). სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე (მომხრე - 0, წინააღმდეგი - 12).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომის ოქმი №17 (ტ. II, ს.ფ. 109-127).

 

3.1.4. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ განიხილა დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაცია, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 275 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 276 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 28 დეკემბრის №7- გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე. ამავე გადაწყვეტილების მეორე პუნქტით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №17 სხდომის ოქმის მე-3 ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №7- გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 108).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ს----------–--------------–---–------------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 04 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 04 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას“, რომლის 27- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №7- გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ამავე საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №17 სხდომის ოქმის მე-3 ნაწილი. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სადავო გადაწყვეტილება და ოქმი განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამის ნორმებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. ხოლო აკრედიტაციის მიზანი კი აღნიშნული საკანონმდებლო აქტი 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განიმარტება, როგორც აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის გზით განათლების ხარისხის ასამაღლებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

 

ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა; ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა; გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა; დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა; ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები. სასამართლო მოიხმობს ამავე საკანონმდებლო აქტის 63-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებს, რომლითაც დადგენილია, რომ აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. ხოლო 66-ე მუხლის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე აკრედიტაციის საბჭო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ; გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. იგივე წესია დადგენილი ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ს“ უარი ეთქვა ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული №3/57---15 გადაწყვეტილებით შპს „ს----------–--------------–---–------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 12 ივნისის №53 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „ს----------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული №3/57---15 გადაწყვეტილების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე ხელახლა განიხილა შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი.

 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №7- გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე. ამავე გადაწყვეტილების მეორე პუნქტით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №17 სხდომის ოქმის მე-3 ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.

 

6.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული №3/57---15 გადაწყვეტილების შინაარსზე და მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 12 ივნისის №53 გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერების საკითხზე და მიიჩნია, რომ „იმ პირობებში, როდესაც არათუ სადავო გადაწყვეტილებაში, არამედ, მის განუყოფელ ნაწილად მიჩნეულ ოქმის შესაბამის - მე-10 ნაწილში, არ არის დეტალიზებული აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძვლები, უფრო მეტიც, იგი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, ანუ სრულად არის თუ არა გაზიარებული ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომელ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტის მოთხოვნებთან შეუსაბამობას აქვს ადგილი, რაც შეუძლებელს ხდის სასამართლოს მიერ შეფასდეს სადავო აქტის მატერიალური კანონიერების საკითხი. ამდენად, უდავოა, რომ გადაწყვეტილება საბჭოს მიერ მიღებულია ზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გასაჩივრებული აქტი არ შეიცავდა არანაირ დასაბუთებას მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, მითითებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების საკითხზე არ უმსჯელია. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტს ექსპერტთა ჯგუფის მიერ ახალი დასკვნის შედგენის ვალდებულების თაობაზე და მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს საკითხის ხელახალი განხილვისას უნდა შეეფასებინა შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ის'' ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე შედგენილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის არსებული დასკვნა, დეტალურად უნდა მიეთითებინა სრულად არის თუ არა გაზიარებული ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებები და რეკომენდაციები და მხოლოდ აღნიშნული შედეგად მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

6.4. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომის პროცედურული დარღვევით ჩატარების თაობაზე. სასამართლო მიუთითებს ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 27- მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმების გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ეცნობა ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე და მონაწილეობდა 2017 წლის 28 დეკემბერის ზეპირ მოსმენაში. ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №17 სხდომის ოქმით დგინდება, რომ შპს ,,ს----------–--------------–---–------------------ის“ რექტორს მიეცა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ასახულ ძირითად შენიშვნებთან დაკავშირებით დაწესებულების არგუმენტაციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც აისახა ამავე სხდომის ოქმში. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას შესვენების პერიოდში მისი დასწრების გარეშე საბჭოს მიერ საკითხის განხილვის თაობაზე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრის - გ----------------ას განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ თავად ესწრებოდა 2017 წლის 28 დეკემბერს გამართულ საბჭოს სხდომას (ხმის მიცემის უფლების გარეშე) და აღნიშნა, რომ დაწესებულების წარმომადგენელს მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, ხოლო სხდომაზე გამოცხადებული შესვენების პერიოდში დაინტერესებული პირის - დაწესებულების წარმომადგენლის დასწრების გარეშე ახალი საკითხი არ განხილულა, არამედ საბჭოს წევრებს შორის მიმდინარეობდა მსჯელობა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნა დაწესებულების წარმომადგენლის მონაწილეობა საქმეში და მიეცა საქმესთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტაცია საბჭოს სხდომის საჯაროობის დარღვევის შესახებ, რის გამოც იგი გაზიარებული ვერ იქნება.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს აქტის დასაბუთებას. ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი ან ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო საკუთარ გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 04 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 27- მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, საბჭო აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის პროექტზე წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აპელირებას სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე და მიუთითებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №7- გადაწყვეტილების მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №17 სხდომის ოქმის მე-3 ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მითითებული სხდომის ოქმის შინაარსზე, რომლითაც დგინდება, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის და სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ოქმით ასევე ირკვევა, რომ დაწესებულებისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებისათვის საჭირო სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობა. კერძოდ, აკრედიტაციის ექსპერტმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ პროგრამის კურსდამთავრებულის სრულყოფილი ცოდნისთვის აუცილებელია დაწესებულებას გააჩნდეს სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (ჰაბი, სვიჩი, ქსელური მოწყობილობები, კომპიუტერის არქიტექტურისათვის საჭირო ლაბორატორია, დადაპლატები, კვების ბლოკი და სხვა ლაბორატორიული ინტსტრუმენტები), რაც განსახილველ შემთხვევაში დაწესებულებას არ გააჩნდა. ამასთან, ექსპერტმა ამავე სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროგრამის განხორციელებისათვის და წარმატებით მუშაობისთვის საჭირო იყო სპეციალური კომპიუტერული კლასის არსებობა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა სათანადო ლაბორატორიული ინვენტარით, მაგალითად: სპეციალური ჰაბით, რომელსაც ექნებოდა ე.წ. ვაერლესი და სპეციალური მოწყობილობები, რაც ექსპერტებმა ვიზიტის დროს ვერ აღმოაჩინეს.

 

,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (ექსპერტთა მიერ ვიზიტის განხორციელებისას მოქმედი რედაქცია) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, ჩაატაროს პერსონალის, აკადემიური/მოწვეული პერსონალის, სტუდენტებისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირთა ინტერვიურება. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება.

 

საქმეში წარმოდგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის თანახმად, „პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევად დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი მატერიალური რესურსი. კერძოდ, სილაბუსებში გათვალისწინებულია ლაბორატორიული მეცადინეობა და ორგანიზაციას არ გააჩნია შესაბამისი ლაბორატორიული ბაზა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას საქმეში წარმოდგენილ შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ შპს „ს----------–--------------–---–------------------ი“ ვერ მიუთითებს აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის ეტაპზე სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ჰაბი, სვიჩი, ქსელური მოწყობილობები, კომპიუტერის არქიტექტურისათვის საჭირო ლაბორატორია, დედაპლატები, კვების ბლოკი და სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტები) არსებობა. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შპს „ს----------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შეუსაბამობის ფაქტს, რაც პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.

 

ამას გარდა, მოსარჩელის მითითება, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არაობიექტურობაზე და მიკერძოებულობაზე იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ არსებობს არაერთი პრაქტიკა, როდესაც მსგავსი ხარვეზების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ საგანმანათლებლო პროგრამას მიანიჭა აკრედიტაცია, აღნიშნული სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,მსგავსი“ არ ნიშნავს ,,იდენტურს“, ანუ არ დასტურდება საქმის გარემოებათა იდენტურობა. ამდენად, ამ პირობებში ზოგადი პრაქტიკის მოყვანა ყოველგვარ დასაბუთებას არის მოკლებული. შესაბამისად, გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერია.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის შპს „ს----------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, შპს „ს----------–--------------–---–------------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს----------–--------------–---–------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია