გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
010210018002314163
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210018002314163

№2/674-2018წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 აგვისტო 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ი“

წარმომადგენელი- სა-–---ე კა-–--ე

მოპასუხე - ზა--რ ტა---ე

დავის საგანი - სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზა--რ ტა---ეს შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1350 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 450 ლარი, სარგებელი – 117,45 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი; პირგასამტეხლო - 762,55 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ზა--რ ტა---ე წარმოდგენილი შესაგებლით ეთანხმება მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნას სესხის ძირითადი თანხის 450 ლარის დაკისრების ნაწილში. მისი განმარტებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი პირგასამტეხლოს, სარგებლის და ჯარიმის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე აფიქსირებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შეუმცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 14 სექტემბერს, მოპასუხე ზა--რ ტა---ეს და შპს ,,ემ------------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელსეკრულება N433971, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 450 ლარის ოდენობით, 2016 წლის 13 ოქტომბრამდე.

3.1.2. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 450 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 117,45 ლარი დაებრუნებინა 29 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა.

 

3.1.3. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია;

 

3.1.4. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მისი დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 450 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის ხელშეკრულება

-ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე სადავოდ ხდის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ოდენობას, რაზეც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 13 ოქტომბრამდე, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 316-ე, 115-ე, 417-418-ე, 420 მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის ა--ცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

6.2. 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულება N433971.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 14 სექტემბერს მოპასუხემ, 29 დღის ვადით, ისესხა 450 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელს სესხით სარგებლობისათვის უნდა გადაეხადა სარგებელი - 117,45 ლარი. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მისი დავალიანება შეადგენს სესხის ძირ თანხას 450 ლარს, ამასთან, მას მიაჩნია, რომ სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 450 ლარის ნაწილში, აღნიშნული საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის 450 ლარის დასაკისრებლად.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა სესხზე დარიცხული სარგებლის 117,45 ლარის დაკისრების ნაწილში და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს პირგასამტეხლოს განსაზღვრას გონივრულ ფარგლებში, რომელიც სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში, აშკარად, შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას. ანუ უფლება უნდა იქნეს გამოყენებული მართლზომიერად და კეთილსინდისიერად.

 

6.8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%-ით. ასევე, დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხაა 450 ლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 762,55 ლარი, სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, სასამართლოს მოსაზრებით, იგი ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერების პრინციპს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პრევენციული ხასიათი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სესხის ძირითადი თანხის რაოდენობასთან და არ უნდა გადაიქცეს მსესხებლის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ქმედებად. სესხის ძირითად თანხაზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება, ხოლო პირგასამტეხლო მოთხოვნილი უნდა იქნეს იმ ოდენობით, რაც შეესაბამება მის მიზანს და საქმის გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სესხის რაოდენობისა და დარღვევის ვადის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის 450 ლარის და სარგებლის 117,45 ლარის ნაწილში, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა 117,45 ლარის სარგებლისა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა პირგასამტეხლოს ნაწილში, მოპასუხეს დააკისრა 50 ლარი. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 22.5 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,ემ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ზა--რ ტა---ეს დაეკისროს შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა - 450 ლარი, სარგებელი - 117,45 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი;

3. მოპასუხე ზა--რ ტა---ეს შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 22.5 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ.

4. მოპასუხე ზა--რ ტა---ეს დაეკისროს შპს ,,ემას კრედის“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების თანხა 42 ლარის ოდენობით.

5. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე