განაჩენი

სისხლის სამართლის 20.07.2018
საქმის ნომერი
130100118002466366
დავის ტიპი
179 2 გ
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/94-2018

გ/ნ 038260318001

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივლისი 2018 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - რ-----------–-ა, ბ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ--–----ი ი----ას ძე კ---–---–ი, დაბადებული 1996 წლის 05 მარტს, საქართველოს მოქალაქე. პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ.თბ--–------------------9. მცხოვრები ხ-–------------------------–---–ში.

ადვოკატი - მა-----------ა.

 

ბრალდებული- ზ---- მ-----–ის ძე ნ------ე, დაბადებული 1992 წლის 30 მაისს, საქართველოს მოქალაქე. პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ხ-–------------------------–---–ში.

ადვოკატები: ლა–-------------------–------------–---------------------ე

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

1.1. მ--–----ი კ---–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 08 იანვარს დაახლოებით 13:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევის კლდისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დანითა და ელექტროშოკის აპარატით შეიარაღებული მ--–----ი კ---–---–ი და ძიებით დაუდგენელი სამი პირი, ყაჩაღურად დაესხა თავს მ--–---------------–ის და ზ---------------ს, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მ--–---------------–ის გასტაცეს 740 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი „სამსუნგი“ J7 და ფულადი თანხა 1830 ლარის ოდენობით, ხოლო ზ---------------ს გასტაცეს 1500 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი „სამსუნგი“ S6 და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

ე.ი მ--–----ი კ---–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

1.2. ბრალდების შესახებ 2018 წლის 25 მაისის დადგენილებით ზ---- ნ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

ზ---- ნ------ეს ბრალი ედება მასში, რომ 2018 წლის 08 იანვარს დაახლოებით 13:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევის კლდისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დანითა და ელექტროშოკის აპარატით შეიარაღებული ზ---- ნ------ე, მ--–----ი კ---–---–ი და ძიებით დაუდგენელი ორი პირი, ყაჩაღურად დაესხნენ თავს მ--–---------------–ის და ზ---------------ს, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მ--–---------------–ის გასტაცეს 740 (შვიდასორმოც) ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, „სამსუნგი“ J7 და ფულადი თანხა 1830 ლარი, ხოლო ზ---------------ს -1500 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი „სამსუნგი“ S6 და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

ე.ი ზ---- ნ------ეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ზ---- ნ------ის ბრალს მოცემული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ზ---- ნ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბრალდების მხარემ თუმცა წარმოადგინა მტკიცებულებების სახით : დაზარალებულ მ--–---------------–ის ჩვენება და მის მიერ ზ---- ნ------ის ამოცნობის ოქმი, დაზარალებულ ზ---------------ის ჩვენება, მოწმეების: კობა ლომიძის, მ-----– ტაბაშიძის, დიმიტრი ქიმერიძის, ჯულიეტა ლალუაშვილის და სხვათა ჩვენებები, ნივთის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან მოპოვებული ინფორმაცია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სხვა ირიბი მტკიცებულებები), საგულისხმოა რომ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან გარდა მ--–---------------–ის ჩვენებისა, ირიბადაც არ იმხილება ზ---- ნ------ე ყაჩაღობის ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას (დაზარალებულ მ--–---------------–ის მიერ ზ---- ნ------ის ამოცნობის ოქმი) არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნიდა საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად, -მათთან ერთად მოიპოვება თუ არა სხვა მტკიცებულებებიც, ირიბი ჩვენებების სახით.

ბრალდებულმა ზ---- ნ------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქმის არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიების დროს და აჩვენა რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. შემთხვევის დღეს, ანუ 2018 წლის 08 იანვარს, დილის 10 საათიდან იმყოფებოდა მისი მეუღლის ბებიის, ნუნუ ლოლაძის ოჯახში გამართულ წვეულებაზე. დაახლოებით 12 საათზე მისმა ძმამ ზურა ნ------ემ გაუარა მანქანით და ერთად წავიდნენ ხაშურში, ბანკში პირადი საკითხების მოსაწესრიგებლად, ასევე შეიარეს ბაზრობაზე, შემდეგ აფთიაქში და დღის მეორე ნახევარში დაბრუნდნენ სოფელ ალში. ხაშურში წასვლამდეც, სოფლის ცენტრში და ხაშურში ყოფნის დროსაც, რაც მოიცავს დროის დაახლოებით 12-დან 14 საათამდე პერიოდს, იგი შეხვდა და ესაუბრა არაერთ თანასოფლელს, რომელთაც შეუძლიათ მისი ალიბის დადასტურება, რომ ხსენებულ დროს იგი ყაჩაღურ თავდასხმაში, რომელიც საქმის მასალების მიხედვით დაახლოებით 13 საათზე განხორციელდა,-მონაწილეობას ვერანაირად ვერ მიიღებდა. ამასთან მისი როგორც ბრალდებულის სახით დაკავება, ისე სხვა საგამოძიებო მოქმედებები, ამოცნობა და სხვ. ჩატარდა კანონის უხეში დარღვევებით, (ამოსაცნობი პირები რადიკალურად განსხვავდებოდნენ მისგან როგორც სიმაღლით, ისე გარეგნობით და ჩაცმულობით), დაზარალებული მ--–---------------–ი სრულიად უსაფუძვლოდ დაუპირისპირდა მას როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში და ასევე უსაფუძვლოდ ამხილა მოცემული დანაშაულის ჩადენაში.

აღნიშნულისა და დაცვით სიტყვაში მითითებული სხვა მოტივების გათვალისწინებით დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულ ზ---- ნ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ზ---- ნ------ის ალიბის დასადასტურებლად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ნუნუ ლოლაძის, ვასილ ლოლაძის და ბეჟან ლოლაძის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი ცხოვრობენ ერთ ოჯახად სოფელ ალში. ზ---- ნ------ესთან აქვთ ნათესაური ურთიერთობა, ზ---- არის მათი ოჯახის სიძე. 2018 წლის 7 იანვარს დაკლეს ღორი, სადაც მიიწვიეს ზ---- ნ------ეც მის ოჯახთან ერთად. სუფრა გაგრძელდა მეორე დღეს ანუ 8 იანვარს 10 საათზე. ზ---- ნ------ე კვლავ იმყოფებოდა მათთან, რა დროსაც დაახლოებით 12-დან 13 საათზე პერიოდში მანქანით გამოუარა მისმა ძმამ ზურაბ ნ------ემ და წაიყვანა ზ----. როგორც მათ იციან უნდა წასულიყვნენ ბანკში, ქ.ხაშურში. მომხდარი ყაჩაღობის და მასში ზ---- ნ------ის ბრალდების შესახებ შეიტყვეს მოგვიანებით სოფლის მცხოვრებლებისაგან.

2018 წლის 8 იანვარს 10-დან 12 საათამდე დროის მონაკვეთში ლოლაძეების ოჯახში გამართულ წვეულებაზე ზ---- ნ------ის ყოფნის ფაქტი დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ჯემალ გიგუაშვილმა, რომელიც თავადაც იმყოფებოდა ამ წვეულებაზე, როგორც მეზობელი. შემდეგ, როგორც გაიგო ბანკში ჰქონდა ზ----ს საქმე, მოაკითხა მისმა ძმამ ზურამ და წაიყვანა.

მოწმე გიორგი ნ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ხ-–------------------------–---–ში და ზ---- ნ------ეს იცნობს ბავშვობიდან. 2018 წლის 08 იანვარს დაახლოებით 12-დან 13 საათამდე პერიოდში ძმები ზ---- და ზურაბ ნ------ეები ნახა სოფელ ალის ცენტრში, ეკლესიასთან. გაესაუბრა მათ. ძმები ჩქარობდნენ ხაშურში წასვლას ბანკში პირადი საქმეების მოსაგვარებლად. მეორე დღეს წავიდა იგი თბილისში სადაც მსახურობს. 2-3 დღის შემდეგ დაბრუნდა სოფელში და შეიტყო მომხდარი ყაჩაღობის შესახებ, რომ ზ---- ნ------ეზეც იყო ეჭვი, რაც მას ძალიან გაუკვირდა, რადგან ზ---- წარმატებული სპორტსმენია, მუშაობს სამთავრობო სამსახურში, მასზე ცუდი არასდროს სმენია და ვერ წარმოედგინა მისგან რაიმე დანაშაულის ჩადენა.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გიორგი ხაჩიძემ, რომელმაც კონკრეტულ დროს სოფლის ცენტრში ნახა ზ---- და ზურაბ ნ------ეები, რომლებიც მიდიოდნენ ხაშურში, ბანკში .

დაცვის მხარის მოწმის, ირმა გრიგალაშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ხ-–------------------------–---–ში. 2018 წლის 8 იანვარს დილით იმყოფებოდა ხაშურში პირად საქმეებზე. დაახლოებით 13-დან 14 საათამდე პერიოდში ე.წ.სვანების ბაზრობაზე დაინახა მანქანით მისული მისი თანასოფლელები ძმები ზ---- ნ------ე და ზურაბ ნ------ე. იგი მიესალმა მათ, გამოესაუბრა და რადგან აპირებდა სამარშუტო ტაქსით სოფელში დაბრუნებას და ჩქარობდა, ძმებმა შეთავაზეს ავტოსადგურამდე მიყვანა, რასაც იგი დათანხმდა. მართლაც ზ---- და ზურაბ ნ------ეებმა იგი მიიყვანეს ხაშურის ავტოსადგურზე, მაგრამ სამარშუტო ტაქსი, რომელსაც ორის ნახევარზე ჰქონდა გასვლა,- წასული დახვდა. მოგვიანებით გაემგზავრა სოფელ ალში სხვა ტრანსპორტით. მანვე აჩვენა რომ მომხდარი ყაჩაღობის შესახებ შეიტყო თანასოფლელებისგან და ძალიან გაუკვირდა რომ მასში იმხილებოდა ზ---- ნ------ე, რადგან იგი ძალიან კარგი ოჯახის შვილია, არასდროს ცუდ საქციელში შემჩნეულნი არ ყოფილა და მისი აზრით არც აღნიშნულ დანაშაულს ჩაიდენდა.

დაცვის მხარის ყველა ზემოთდასახელებულმა მოწმემ აჩვენა რომ შემთხვევის დღეს ანუ 2018 წლის 08 იანვარს ზ---- ნ------ეს ეცვა შავი ფერის ტანსაცმელი, (აღნიშნულით უარყოფილია დაზარალებულების ჩვენება იმის შესახებ რომ ყაჩაღური თავდასხმამდე მათთან მისული სპორტული აღნაგობის ჩასხმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გივი ოღლის ჰკითხა დაკარგული ცხენების თაობაზე და შემდეგ კი ყაჩაღურად დაესხა თავს მ--–----ი კ---–---–თან ერთად, ეცვა თეთრი, ღია ფერის ტანსაცმელი.

ზემოთაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შეფასების თვალსაზრისით სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მოტივაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ჩვენებები წინააღმდეგობაშია გამოძიებაში მათივე გამოკითხვის ოქმებთან. კერძოდ, ზ---- ნ------ესთან მათი შეხვედრის დროსთან დაკავშირებით.

.გარკვეული წინააღმდეგობა აღნიშნულ საკითხზე მართლაც არსებობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, ყველა მათგანს დროის აღქმა ერთნაირი ვერ ექნებოდა და შესაბამისად ზუსტ დროზე ვერც მიუთითებდნენ. ამასთან კომუნიკაციის დროსთან დაკავშირებით ნახევარი, ან თუნდაც ერთი საათის სხვაობა ზ---- ნ------ის ბრალეულობის თვალსაზრისით საქმის ვითარებას არსებითად არ ცვლის. უდავოა რომ პირი რომელსაც ყაჩაღობის ჩადენა აქვს განზრახული ერთი საათით ადრე წვეულებაზე ან/და პირად საქმეებზე სიარულს არ დაიწყებს. ამასთან, მოცემულ ბრალდებაში ზ---- ნ------ის გამართლების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ხსენებულ ალიბს, არამედ იმას, რომ საქმეში მის სამხილებლად არსებობს მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, პირის ამოცნობის ოქმი და ისიც სადავო. სასამართლომ გულდასმით გამოიკვლია აღნიშნული საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ რადგან მოცემულ დანაშაულში ზ---- ნ------ის სამხილებლად საქმეში არ მოიპოვება უტყუარი, ეჭვისგამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, იგი გამართლებული უნდა იქნას მოცემულ ბრალდებაში. კერძოდ,დაზარალებულ მ--–---------------–იმ აჩვენა რომ ზ---- ნ------ეში მან ამოიცნო ერთერთი თავდამსხმელი, რომელიც ყაჩაღობის დროს უნიღბოდ იყო, პირველი მივიდა მასთან ჰკითხა ცხენები დავკარგე და ხომ არ გინახავსო, შემდეგ თხოვა წყალი, მან მიაწოდა კოკა -კოლას ბოთლით წყალი, რაც დალია მან და ბოთლი იქვე დააგდო მიწაზე. შემდეგ კი მ--–----ი კ---–---–თან ერთად დაესხა თავს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ყელის არეში ხელის მოჭერით და ელექტროშოკის ტანზე არაერთჯერ დადებით მოსთხოვა ფული. თანხის და მობილური ტელეფონის გადაცემის შემდეგ შეუკრეს მას და ზაქირ ფირიევს ხელ-ფეხი, ჩასვეს მისივე ფორდ-ტრანზიტის მარკის ა/მანქანაში და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

 

დაზარალებულ მ--–---------------–ის მიერ ზ---- ნ------ის ამოცნობის ოქმი, ისე როგორც ამ უკანასკნელის ბრალდებასთან დაკავშირებული ყველა სხვა მტკიცებულება, დაცვის მხარემ სადავოდ გახადა. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობით და დაზარალებულ მ--–---------------–ის თანხმობით გამოკვლეული იქნა წინასწარ გამოძიებაში მიცემული მისი გამოკითხვის ოქმი, სადაც აღნიშნავდა, რომ ყაჩაღობის დროს მასთან პირველად მისულ მამაკაცს, რომელმაც ცხენების თაობაზე ჰკითხა და შემდგომ კი ყაჩაღურად დაესხა თავს ჰქონდა ქერა, გვერდზე გადავარცხნილი თმა, რაც რადიკალურად განსხვავდება ზ---- ნ------ის თმის ფერის და ვარცხნილობისგან. მას გააჩნია მუქი შავი ფერის, ძალიან მოკლედ შეჭრილი თმა, ბრალდებულის განმარტებით, მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სამსახურში) მოზრდილი თმის ტარება საერთოდ ეკრძალებოდა. აღნიშნული წინააღმდეგობის აღმოფხვის მიზნით დასმულ კითხვებზე მ--–---------------–იმ დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა.

 

საქმეში განთავსებული ირიბი მტკიცებულებები, მათი სიმრავლის მიუხედავად (პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე) ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით არასკონსტიტუციურად არის ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში აწესებს მოთხოვნებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით. (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N2542/09,12/07/2013).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა აღნიშნული პირის მსჯავრდებისათვის უტყუარი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობაზე, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას დანაშაულის ჩადენაში, აგრეთვე იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ და ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდებაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებათა სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილების ლოგიკური ანალიზიდან გამომდინარე პირს მსჯავრდება დაუშვებელია, როცა არ არსებობს დანაშაულში მისი მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა და შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემული სტანდარტის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით პირის მიმართ განაჩენის დადგენა უკვე მტკიცედ არის დამკვდრებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში.

ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, ზ---- ნ------ის ბრალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იგი უნდა გამართლდეს.

2.2. ბრალდებულ მ--–----ი კ---–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულების: მ--–---------------–ის და ზაქირ ფირიევის ჩვენებებით, მოწმეების: კობა ლომიძის, გოჩა ღუღუნიშვილის, ზურაბ ორჯონიკიძის, ზ---- ტაბატაძის, დიმიტრი ქიმერიძის, ბესიკ კილაძის, ალექსი შუბითიძის, სერგო ქოთუაშვილის, გიორგი კუპრაძის, შალვა მოსიაშვილის, ვეფხია ღამბარაშვილის, ნიკოლოზ კიკნაძის, ზურაბ შავერაშვილის, ირიდა ნაბიევას, ჯულიეტა ლალუაშვილის, აკაკი ტაბაშიძის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ მ--–---------------–ის დაზიანების შესახებ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 12 იანვრის N5000194418 დასკვნით და ექსპერტ მალხაზ მაჭავარიანის ჩვენებით, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულის მიერ ბრალდებულ მ--–----ი კ---–---–ის ამოცნობის ოქმით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით.

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გააანალიზა და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ მ--–----ი კ---–---–ის ბრალს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ--–----ი კ---–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. 2018 წლის 08 იანვარს დილიდან იმყოფებოდა სოფელ ალში, თავის საცხოვრებელ სახლში. დღეში რამდენჯერმე მოუწია სახლიდან გასვლა, იმყოფებოდა სოფლის ცენტრშიც ეკლესიასთან, სადაც შეხვდა თავის მეგობრებს. იმყოფებოდა გორშიც ტატუს გასაკეთებლად, რის შემდეგ გაემგზავრა თბილისში მამიდასთან, საიდანაც დაბრუნდა 10 იანვარს. ხაშურში ჩამოსვლის დროს, რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობისას დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ და ისე რომ არავითარი უფლებები არ განუმარტეს, წარდგენილი იქნა ხაშურის პოლიციაში, სადაც გაიგო ყაჩაღური თავდასხმის შესახებ და რომ მას ბრალდებოდა აღნიშნული დანაშაულის ჩადენა. პოლიციის თანამშრომლები აიძულებდნენ მას დანაშაულის აღიარებას. ცემდნენ თავისა და მუცლის არეში, ემუქრებოდნენ. ამასთან დაპირდნენ რომ თუ დანაშაულს აღიარებდა და გაუხსნელი საქმე არ ექნებოდათ, დაელაპარაკებოდნენ პროკურორს და გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას ორი წლით რეალურ სასჯელზე. შიშის გამო დათანხმდა იგი აღნიშნულს და მოაწერა ხელი აღიარებით ჩვენებას. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს შემთხვევის ადგილზეც პოლიციის თანამშრომლების მითითებით იშვერდა ხელს აქეთ-იქეთ.

მანვე აჩვენა, რომ სოფელ ალში საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებით არავის შეხვედრია და არ დალაპარაკებია, მითუმეტეს ტელეფონის ნომერი არ გამოურთმევია არავისთვის. დაზარალებული პირველად პოლიციაში ნახა ამოცნობის დროს, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ დაადო მას ხელი. ამოცნობა ჩატარდა კანონდარღვევით. ამოსაცნობი პირები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ამასთან დაზარალებულს წინასწარ დაანახვეს მისი თავი ამოცნობის ჩატარებამდე. აღნიშნულისა და დასკვნით მითითებული სხვა მოტივების გათვალისწინებით, დაცვის მხარემ მოითხოვა მ--–----ი კ---–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოტივაციას მ--–----ი კ---–---–ის უდანაშაულობის შესახებ, რადგან მისი ბრალი კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში სავსებით არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და სასამართლოს მიერ გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ,დაზარალებულ მ--–---------------–ის ჩვენებით დადგენილია, ცხოვრობს კასპის რაიონის სოფელ ფერმაში. შემოსავლის მიღების მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ყიდულობს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, კლავს მათ სოფელ ფერმის ბოინში და ხორცს აბარებს ბაზრობაზე. მიმდინარე წლის 5 იანვარს იმყოფებოდა ხ-–------------------------–---–ში საქონლის შესაძენად. სოფლის ცენტრში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით 25 წლის, 180 სმ სიმაღლის, გამხდარი სახის, მწითური გრძელი წვერით, ჰქონდა „ძველბიჭური“ მოძრაობის მანერა. აღნიშნულმა მამაკაცმა უთხრა რომ გასაყიდი ჰყავდა საქონელი, მიეცა მისთვის მისი მობილური ტელეფონის ნომერი და თუ საქონლის გაყიდვას გადაწყვეტდა დაუკავშირდებოდა. დათანხმდა რა აღნიშნულზე, მისცა მას თავისი მობილური ტელეფონის ნომერი 595 13 34 13. იმავე დღეს საღამოს საათებში მის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა სოფელ ალში გაცნობილი ახალგაზრდა მამაკაცი მობილური ტელეფონის ნომრიდან 579 58 30 03 და უთხრა რომ გადაწყვიტა საქონლის გაყიდვა, ჩასულიყო სოფელ კლდისწყაროში და მიჰყიდდა საქონელს. მან უპასუხა რომ 7 იანვარს მივიდოდა სოფელ კლდისწყაროში, მაგრამ კონკრეტულ დღეს იმყოფებოდა სოფელ მარნეულში და ვერ შეძლო კლდისწყაროში წასვლა. 7 იანვარს იგივე მამაკაცი მობილური ტელეფონის იგივე ნომრიდან კვლავ დაუკავშირდა მას და ჰკითხა თუ რატომ ვერ მივიდა, რაზეც მან უპასუხა, რომ პირად საქმეზე იყო სოფელ მარნეულში და მეორე დღეს ანუ 8 იანვარს წავიდოდა სოფელ კლდისწყაროში.

2018 წლის 08 ნიანვარს დაახლოებით 10 საათზე მის თანასოფლელ არასრულწლოვან ზ---------------თან ერთად, რომელიც გარკვეული გასამრჯელოს ფასად ეხმარებოდა აღნიშნულ საქმიანობაში, თავისი ა/მანქანა “ფორდ ტრანზიტით“ გავიდა სოფელ ფერმადან და დაურეკა ალში გაცნობილ მამაკაცს, რომ მიდიოდა სოფელ კლდისწყაროში, თან ჰკითხა, თუ რა ადგილზე უნდა მისულიყო საქონლის შესაძენად. მან უთხრა რომ ჯერ სოფელ ნაბახტევში მისულიყო და შემდეგ ასწავლიდა კლდისწყაროს გზას. დაახლოებით 11:30 საათზე იმყოფებოდა სოფელ ნაბახტევში. სოფელ კლდისწყაროსკენ მიმავალ გზაზე მისი ა/მანქანა ტალახში ჩავარდა და ვეღარ შეძლო მოძრაობის გაგრძელება. მან კვლავ დაურეკა ალში გაცნობილ ბიჭს და თხოვა დახმარება მანქანის ამოყვანაში, რასაც იგი დათანხმდა, რომ მიიყვანდა ტრაქტორს და დაეხმარებოდა. დაახლოებით 5 წუთში იგივე მამაკაცი დაუკავშირდა ტელეფონით და ჰკითხა, მარტო იყო თუ დასახმარებლად სხვა ბიჭებიც მიეყვანა. მან ზ---------------ი არასრულწლოვნობის გამო არ ჩათვალა დამხმარე ძალად და უთხრა რომ მარტო იყო, თან თხოვა მალე მისულიყო. დაახლოებით ნახევარ საათში დაინახა სოფელ კლდისწყაროს მხრიდან შემაღლებული ადგილიდან მათკენ მიმავალი ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი. პირველი მათთან მივიდა ჩასხმული ტანის მამაკაცი, რომელსაც ეცვა ღია ფერის სპორტული ტანსაცმელი და ჰკითხა ორი ცხენი დავკარგე და ხომ არ გინახავსო. მანვე თხოვა წყალი. მან თავისი ა/მანქანიდან გადმოიღო წყალი პოლიეთილენის ბოთლით და მიაწოდა. დალევის შემდეგ აღნიშნულმა პირმა ბოთლი იქვე დააგდო მიწაზე. იმავდროულად მასთან მივიდა სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთერთს სახეზე ეკეთა თვალებთან და პირთან ამოჭრილი შავი ფერის ნიღაბი, საიდანაც ნიკაპის ქვედა მხარეს აშკარად მოუჩანდა მწითური გრძელი წვერი. ყველა სხვა პირი იყო უნიღბოდ. ნიღბიანმა თხოვა მას სიგარეტი და სანთებელა. მან მისცა სიგარეტი და სანთებელა. ტანით, წითური წვერით, სიარულის მანერით და ხმის ტემბრით მან ნიღბიან მამაკაცში მაშინვე იცნო სოფელ ალში გაცნობილი ახალგაზრდა, რომლისაგანაც საქონლის ყიდვას აპირებდა და რომელსაც არაერთჯერ ესაუბრა ტელეფონით, მაგრამ მოკვლის შეეშინდა და არაფერი შეიმჩნია. აღნიშნულმა მამაკაცმა (მიანიშნა ბრალდებულ მ--–----ი კ---–---–ზე) სიგარეტის მოკიდებისთანავე დაარტყა მას თავი სახის არეში, რის შედეგადაც ტუჩიდან წასკდა სისხლი. იმავდროულად ჩასმული ტანის უნიღბო მამაკაცმა უკანა მხრიდან ყელზე მძლავრად მოუჭირა ხელი. იგი ტკივილისაგან მუხლებზე დაეცა, რა დროსაც თავდამსხმელებმა დანა მიაჭირეს კისერზე, წელზე მიადეს ელექტროშოკის აპარატი, რა დროსაც წითურწვერებიანმა მამაკაცმა სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოთხოვა ფული. მან უთხრა, რომ ოღონდ ნუ მომკლავთ და ყველაფერს მოგცემთო, ამოიღო შარვლის ჯიბიდან თანნაქონი 1830 ლარი და გადასცა მათ. წითურწვერებიანმა იცოტავა თანხა, საქონლის შესაძენად ჩამოხვედი და მეტი გექნებაო. მათ გაჩხრიკეს მისი მანქანა და ფული რომ ვეღარ ნახეს, ჩასხმული ტანის მამაკაცმა ქურთუკის ჯიბიდან ამოაცალა 740 ლარად ღირებული „სამსუნგი“ J7 მოდელის მობილური ტელეფონი, რის შემდეგ თოკით შეუკრეს ხელ-ფეხი, ჩასვეს მისივე ა/მანქანაში მძღოლის სავარძელზე. ამის შემდეგ დანარჩენმა ორმა პირმა ზაქირ ფირიევს შეუკრეს თოკით ხელ-ფეხი, დასვეს მანქანაში მის გვერდით, ამოაცალეს ჯიბიდან 1500 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი „სამსუნგი“ S6, რის შემდეგ ყველა მათგანი გაიქცა სოფელ ნაბახტევის მიმართულებით. მ--–---------------–იმ თავდამსხმელების წასვლის შემდეგ შეძლო ზაქირ ფირიევისათვის ხელების გახსნა. ამ უკანასკნელმა კი მას გაუხსნა ხელ-ფეხი, რის შემდეგ სოფელში შემხვედრ ერთერთ მამაკაცს უამბო რაც შეემთხვა და თხოვა დახმარება მანქანის ამოყვანაში. ისინი დაეხმარნენ ტრაქტორით მანქანის ამოყვანაში და დაბრუნდა სოფელ ფერმაში. მომხდარის გამო ზაქირ ფირიევი ძალიან იყო შეშინებული და იმ დღეს ვერ მოახერხა პოლიციაში მისვლა, პირდაპირ წავიდა სოფელ ფერმაში. მეორე დღეს კი აცნობა პოლიციას მომხდარის შესახებ.

სასამართლო აანალიზებს რა დაზარალებულ მ--–---------------–ის ჩვენებას მ--–----ი კ---–---–თან მიმართებით, მიიჩნევს მას სარწმუნოდ, რადგან საქმის მასალებიდან არ იკვეთება რაიმე ინტერესი, რომ მას უსაფუძვლოდ ემხილებინა იგი ყაჩაღურ თავდასხმაში. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დამაჯერებლად, თანმიმდევრულად, დეტალურად აღწერა შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და კატეგორიულად ამხილა იგი დანაშაულის ჩადენაში. განმარტა რომ მის ამოცნობაში არ შემცდარა. მართალია ყაჩაღობის დროს იგი ნიღბით იყო და სხვა ყველა უნიღბოდ, მაგრამ ორი დღის წინ ნახა იგი სოფელ ალში, ესაუბრა და დაამახსოვრდა მისი როგორც გარეგნობა, ისე სიარულის მანერა, ხმის ტემბრი და განსაკუთრებით წითური წვერი, რაც აშკარად მოუჩანდა ნიღბის ქვემოდან ყაჩაღური თავდასხმის დროს. დანაშაულის შემთხვევამდე მათ შორის ასევე არაერთჯერ შედგა კომუნიკაცია ხსენებული ტელეფონის ნომრებით. შემთხვევის ადგილზე მისულთაგან რადგან მხოლოდ ერთი მამაკაცი იყო ნიღბით, დაზარალებულს მაშინვე შეეპარა ეჭვი, რომ იგი სოფელ ალში გაცნობილი მამაკაცი იყო რომელიც საქონლის მიყიდვას შეპირდა და სახეს მალავდა. საგარეტისა და სანთებელას მოთხოვნის, ასევე ფულის მოთხოვნის შემდეგ კი მისი ხმის გაგონებისთანავე სავსებით დარწმუნდა რომ მის ამოცნობაში არ შემცდარა.

არასრულწლოვანი დაზარალებულის ზაქირ ფირიევის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს კასპის რაიონის სოფელ ფერმაში, მ--–---------------–ის მეზობლად, რომელიც საქონელს ყიდულობს და ეწევა ხორცის რეალიზაციას. ამ საქმიანობაში იგი ეხმარებოდა მალხაზს. 2018 წლის 08 იანვარს დილით მალხაზის მანქანით წავიდნენ საქონლის შესაძენად სოფელ კლდისწყაროში. გზაზე მათი მიკროავტობუსი ტალახში ჩავარდა. მალხაზმა მობილური ტელეფონით დაურეკა იმ მამაკაცს, ვინც შემდგომ დააყაჩაღა და თხოვა დახმარება მანქანის ამოყვანაში. ის მამაკაცი დაპირდა რომ ტრაქტორს მიიყვანდა და დაეხმარებოდა. ცოტა ხნის შემდეგ დაინახა სოფელ კლდისწყაროს შემაღლებული ადგილიდან მათკენ მიმავალი ოთხი მამაკაცი. მიახლოებისას დაინახა რომ მათგან ერთერთს ეცვა შავი ქურთუკი და ეკეთა თვალებთან და პირთან ამოჭრილი შავი ფერის ნიღაბი, ნიკაპის ქვემოდან მოუჩანდა წითური წვერი. დანარჩენები იყვნენ უნიღბოდ. პირველად ჩასხმული ტანის, თეთრი ფერის სპორტულ ტანსაცმლიანი მამაკაცი მიუახლოვდა მალხაზს და ჰკითხა ცხენები დავკარგე და ხომ არ გინახავსო. შემდეგ წყალი თხოვა. მალხაზმა მანქანიდან მისცა წყალი პოლიეთილენის ბოთლით. დალევის შემდეგ ბოთლი აღნიშნულმა მამაკაცმა იქვე დააგდო მიწაზე. შემდეგ ნიღბიანი მამაკაცი მიუახლოვდა მალხაზს, რომელსაც თვალები და ნიკაპი მოუჩანდა, ასევე მოუჩანდა ოქროსფერი წვერი და ყელზე „ნაკოლკა“ და თხოვა სიგარეტი და სანთებელა. მან მისცა სიგარეტი და სანთებელა. აღნიშნულმა მამაკაცმა სიგარეტის მოკიდებისთანავე დაარტყა მალხაზს თავი სახის არეში. შემდეგ ჩაფსკვნილმა უნიღბო მამაკაცმა კისერში წაუჭირა ხელი. მალხაზი მიწაზე დაეცა მუხლებით. რის შემდეგ დანა მიაჭირეს კისერზე და ელექტროშოკი მიადეს ტანზე. აღნიშნულმა პირებმა მალხაზს მოსთხოვეს ფული. მან ჯიბიდან ამოიღო ფული რაც ჰქონდა და გადასცა მათ. ნიღბიანმა უთხრა მალხაზს პოლიციას რომ შეატყობინო იცოდე მოგკლავთო. მათ თოკით გაუკრეს ხელ-ფეხი მ--–---------------–ის და დასვეს მისივე ა/მანქანაში. მათვე წაართვეს მობილური ტელეფონი. ამ დროის განმავლობაში ზაქირ ფირიევი ორ სხვა მამაკაცს ჰყავდა გაკავებული, იგი შიშისაგან ცუდად იყო, კანკალებდა. მათ დაამშვიდეს, რომ მას არავითარი საშიშროება არ ემუქრებოდა. აღნიშნულმა პირებმა ბოლოს მასაც შეუკრეს თოკით ხელ- ფეხი და დასვეს მანქანაში მ--–---------------–ის გვერდით. მათვე ამოაცალეს ჯიბიდან 1500 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი „სამსუნგი“ S6 და ყველა მათგანი გაიქცა სოფელ ნაბახტევის მიმართულებით. ყაჩაღების წასვლის შემდეგ მ--–---------------–იმ გაუხსნა მას ხელები, მან კი მალხაზი გაათავისუფლა. მალხაზმა უთხრა რომ ნიღბიანი პირი ის კაცი იყო, ვისგანაც საქონელი უნდა ეყიდა და ვისაც ტელეფონით ესაუბრა. სოფლის მცხოვრები უცნობი მამაკაცი დაეხმარა მათ ა/მანქანის ტალახიდან ამოყვანაში, რის შემდეგ რადგან იგი ძალიან ცუდად იყო, მაშინვე დაბრუნდნენ სოფელ ფერმაში. მეორე დღეს კი მომხდარის შესახებ მ--–---------------–იმ შეატყობინა პოლიციას.

სასამართლო აანალიზებს, რა დაზარალებულ ზაქირ ფირიევის ჩვენებას, როგორც შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე მ--–----ი კ---–---–ის ბრალდებასთან მიმართებით, მიიჩნევს მას სარწმუნოდ და მ--–----ი კ---–---–ის ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზაქირ ფირიევს მ--–----ი კ---–---–თან შემთხვევამდე რაიმე კავშირი არ ჰქონია, შემთხვევის დროს მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე არცერთი თვდამსხმელის ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს აღწერა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები განმარტა რომ ნიღბიან თავდამსხმელს ნიკაპის ქვემოდან მოუჩანდა ოქროსფერი წვერი და ყელზე „ნაკოლკა“. პროკურორის კითხვაზე მ--–----ი კ---–---–მა დაადასტურა მისი ყელის არეში სვირინგის არსებობა და გამოაჩინა კიდეც.

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა მ--–---------------–იმ ერთერთ თავდამსხმელში, რომელმაც შემთხვევის დროს თავი დაარტყა სახის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული, აღნაგობით, სიმაღლით, მწითური წვერით, გამხდარი სახით და მთლიანი გარეგნობით ამოიცნო მ--–----ი კ---–---–ი. ამოცნობა რომ კანონის დაცვით ჩატარდა და დაზარალებულმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიუთითა მასზე, როგორც თავდამსხმელზე დადასტურდა ამოცნობაში მონაწილე და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების: გოჩა ღუღუნიშვილის, ზურაბ შავერაშვილის, გიორგი ნ------ის, ირიდა ნაბიევის ჩვენებებით. ამოცნობის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოტივაციას, ამ საგამოძიებო მოქმედების კანონდარღვევით ჩატარების შესახებ რადგან ასეთი უარყოფილია, როგორც დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმის სხვა ერთობლივი მასალებით.

ამოცნობასთან დაკავშირებით საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის მოტივაცია ნიღბიანი ადამიანის ამოცნობის სარწმუნოობის თაობაზე, რომ მხოლოდ წითურ წვერზე მითითებით არ შეიძლება ამოცნობა სარწმუნოდ ჩაითვალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დაზარალებულ მ--–---------------–იმ მ--–----ი კ---–---–ი შემთხვევამდე ორი დღით ადრე, ანუ 2018 წლის 5 იანვარს ნახა სოფელ ალის ცენტრში, ესაუბრა საქონლის გაყიდვის თაობაზე, თავისი ტელეფონის ნომერიც გადასცა დასაკავშირებლად და ბუნებრივია დაამახსოვრდებოდა მისი როგორც საერთო გარეგნობა, ისე სპეციფიკური სიარულის მანერა და ხმის ტემბრიც. მან კატეგორიულად განმარტა თავის პირველივე გამოკითხვის ოქმში, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს მიუხედავად იმისა რომ თავდამსხმელს ეკეთა ნიღაბი, ჯერ წითური წვერით იცნო იგი, რაც მოუჩანდა ნიღაბის ქვემოდან ნიკაპთან, ხოლო დალაპარაკების შემდეგ, სიგარეტი და სანთებელა რომ მოთხოვა, სავსებით დარწმუნდა მის პიროვნებაში და განმარტა რომ შეუცდომლად შეეძლო მისი ამოცნობა. ბუნებრივია შემთხვევის ადგილზე გაიარა კიდეც ნიღბიანმა პირმა და სიარულის მანერაც ენიშნა მისი დაზარალებულს. ამის შემდეგ ჩატარდა მ--–----ი კ---–---–ის ამოცნობა ოფიციალურად, რა დროსაც დაზარალებულმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამოიცნო, იგი ხსენებული ნიშნებით. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით სასამართლო თვლის რომ ამოცნობის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 12 იანვრის N 5000194418 დასკვნით და ექსპერტ მალხაზ მაჭავარიანის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულ მ--–---------------–ის ზედა ტუჩის მარცხენა შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის 0,5X0,2 სმ არასწორკიდეებიანი დაჟეჟილი ჭრილობა, ირგვლივ მოწითალო ფერის სისხლჩაქცევით, ფართზე 0.7X 0.4 სმ. აღნიშნული დაზიანება ჭრილობისა და სისხლჩაქცევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა მალხაზ მაჭავარიანმა დაადასტურა, რომ სახის არეში თავის დარტყმით შესაძლებელი იყო აღნიშნული დაზიანების წარმოშობა.

აღნიშნული მტკიცებულებით იმავდროულად დასტურდება დაზარალებულ მ--–---------------–ის ჩვენების სისწორე, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს იმ პირმა, რომელსაც მისი მოთხოვნისამებრ მისცა სიგარეტი და სანთებელა (იგულისხმება მ--–----ი კ---–---–ი), მოულოდნელად დაარტყა მას თავი სახის არეში, რის შედეგადაც ტუჩიდან წამოუვიდა სისხლი.

არასრულწლოვანი მოწმე აკაკი ტაბაშიძის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ხ-–------------------------–---–ში, მ--–----ი კ---–---–ის მეზობლად. იმავე სოფელში ცხოვრობს მ-----– მიქაძე, რომელმაც 2018 წლის იანვრის თვეში თხოვა მობილური ტელეფონი სიმბარათის გარეშე. მან ათხოვა თავისი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმბარათი ნომრით 597909868 დაიტოვა თვითონ, რაც შემდგომ ამოღებული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ.

ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად დადგინდა აკაკი ტაბაშიძის მობილური ტელეფონის იმეიკოდი და რომ აღნიშნული იმეიკოდის მქონე ტელეფონში გააქტიურებული ნომრით 579 58 30 03 ყაჩაღურ თავდასხმამდე განხორციელდა არაერთი ზარი დაზარალებულ მ--–---------------–ის მობილურ ტელეფონზე N 595 13 34 13 და პირიქით, აღნიშნული დადასტურდა როგორც დაზარალებულ მ--–---------------–ის ჩვენებით, ისე სატელეფონო ზარების და მომსახურე ანძების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციით.

მ-----– მიქაძის თანხმობით დათვალიერდა მისი მობილური ტელეფონი რის შედეგადაც დადგინდა, რომ საკონტაქტო ინფორმაციაში (კონტაქტებში) მითითებულია „მ--–----ი“ და „მ--–----ი-2“. „მ--–----ი“-ს ტელეფონის ნომრად მითითებულია მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონის ნომერი 529 70 57 27, რომლითაც ჩვეულებისამებრ სარგებლობდა მ--–----ი კ---–---–ი, ხოლო „მ--–----ი-2“-ის ნომრად მითითებულია 579 58 30 03, რომელი ნომრიდანაც, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ინფორმაციის შესაბამისად, უკავშირდებოდა ბოროტმოქმედი დაზარალებულს.(ტ.2.ს.ფ.177-179). აღნიშნულით უდავოდ დგინდება, რომ ტელეფონის ნომრით 579 58 30 03, რომელიც გააქტიურებული იყო აკაკი ტაბაშიძის იმეიკოდის მქონე მობილურ ტელეფონში, სარგებლობდა მ--–----ი კ---–---–ი და იგი უკავშირდებოდა დაზარალებულ მ--–---------------–ის ყაჩაღურ თავდასხმამდე. აქედან გამომდინარე, ყოველგვარ საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის მოტივაცია იმის შესახებ, რომ აკაკი ტაბაშიძის მობილურ ტელეფონში გააქტიურებული სიმბარათით N579 58 30 03, არ სარგებლობდა მ--–----ი კ---–---–ი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, რაც გამოკვლეული იქნა სასმართლოს მიერ დადგინდა, რომ როგორც დაზარალებულმა მ--–---------------–იმ, ისე ბრალდებულმა მ--–----ი კ---–---–მა მიუთითეს ყაჩაღური თავდასხმის ადგილმდებარეობის შესახებ და ის, თუ რა ვითარებაში განხორციელდა დანაშაული.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, როგორც ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა, ჩვენებად ვერ ჩაითვლება, რის გამოც მის მიმართ არ გავრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა, თუმცა იმავეს თქმა არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რამეთუ მასზე ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზეც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში. აქედან გამომდინარე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს სასამართლო მიიჩნევს მ--–----ი კ---–---–ის ბრალდების დამადასტურებელ ერთერთ მტკიცებულებად და არა როგორც ჩვენებას. ისევე როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული იქნა ტელეფონის ნამტვრევები, პოლიეთილენის ბოთლი, რომლითაც დაზარალებულ გივი ოღლის ჩვენების თანახმად მან ერთერთ თავდამსხმელს დაალევინა წყალი და თოკები, რომლითაც ბოროტმოქმედებმა ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ შებოჭეს დაზარალებულები.

ხსენებულ ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოტივაციას იმის შესახებ, რომ რადგან აღნიშნულ საგნებზე არ აღმოჩნდა ბრალდებულის დნმ, თითის ანაბეჭდი, ან სხვა რაიმე კვალი, -მას შეხება არ ჰქონია ამ საგნებთან, რადგან სავსებით შესაძლებელია ხაოიან თოკთან, თუნდაც ტელეფონის ნამტვრევთან, ან სხვა საგანთან ადამიანს ჰქონდეს შეხება, მაგრამ კვალი არ დარჩეს, ან იდენტიფიკაციისათვის უვარგისი იყოს, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება პირის გამამართლებელ არგუმენტად.

ზემოთხსენებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე სასამართლო სხდომაზე დადასტურდა მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ კრიმინალისტის ვეფხია ღამბარაშვილის ჩვენებით, სპეციალისტ სერგო ქოთუაშვილის ჩვენებით, პოლიციის თანამშრომლების: ბესიკ კილაძის, კობა ლომიძის, ზ---- ტაბატაძის, დიმიტრი ქიმერიძის, ალექსი შუბითიძის ჩვენებებით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით.

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიაჩნია დადასტურებულად, ბრალდებულ მ--–----ი კ---–---–ის ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას იგი ცნობილი დამნაშავედ.

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. მ--–----ი კ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ სამსახურის მიერ ხასიათდება დადებითად. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ--–----ი კ---–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–----ი კ---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

2. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ--–----ი კ---–---–ს დაწყოს დაკავების დღიდან, 2018 წლის 11 იანვრიდან.

3.გაუქმდეს მ--–----ი კ---–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

4.ზ---- ნ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და დაუყოვნებლივ გათვისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. გაუქმდეს ზ---- ნ------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

6.განემარტოს გამართლებულ ზ---- ნ------ეს რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი გრიგოლ რობაქიძის ქუჩა N 7ა) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა N 15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი