განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------17
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ--------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ-------------------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–-----------------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, წ-–-------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
სხვისი ნივთის მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2-------ის განაჩენით ზ-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2017 წლის 8 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე პერიოდში, ვ-–----–----–-----------------–ი, კორპუსი #------- ბინიდან მდგმურმა - ზ-----------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დ---------------ის კუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა: „PRIME“-ის ფირმის 300 ლარად ღირებული ტელევიზორი, „HISENSE“-ის ფირმის 330 ლარად ღირებული მაცივარი და „VESTEL“-ის ფირმის 100 ლარად ღირებული სარეცხი მანქანა. აღნიშნულმა ქმედებამ 730 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
ზ-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ ზ-----------–---–ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის დ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წელს გაქირავების მიზნით შეიძინა ბინა თბილისში, ვ-–----–----–-----------------–ი, 3-----------------------ში. ბინასთან ერთად შეიძინა საყოფაცხოვრებო ტექნიკაც, კერძოდ: თეთრი ფერის „VESTEL“ ფირმის სარეცხი მანქანა, ღირებული 700 ლარად, ვერცხლისფერ-ნაცრისფერი პრიალა ზედაპირით „HISENSE“-ს ფირმის მაცივარი, ღირებული 700-800 ლარად და შავი ფერის „PRIME“-ს ფირმის ტელევიზორი, ღირებული 300 ლარად. მისი კუთვნილი ნივთების განმასხვავებელი ნიშან-თვისებები არ იცის, ვინაიდან იშვიათად ჩამოდიოდა თბილისში და არ ახსოვს. 2017 წლის სექტემბრის თვეში მისი კუთვნილი ბინა მიაქირავა ნ-----------ას, რომელსაც შეხვდა სახლთან, აიყვანა ბინაში, დაათვლიერებინა ნივთები და გადასცა გასაღები. აღნიშნულის შემდეგ ბინაში აღარ შესულა. ნ-----------ა დღიურად თუ აქირავებდა ბინას, მისთვის ცნობილი არ იყო, თუმცა პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან ნ-----------ა იხდიდა თანხას და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თანხა მიეღო. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და აცნობეს, რომ მისი კუთვნილი ბინიდან ნივთები იყო გატანილი. გამომძიებელი ჩავიდა მასთან ქუთაისში, სადაც დაიკითხა მოწმის სახით. გაეცნო დადგენილებას დაზარალებულად ცნობის შესახებ და ეთანხმება მასში მითითებულ გარემოებებს. ბრალებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მხოლოდ ითხოვს ნივთების დაბრუნებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის სექტემბრის დასაწყისში თბილისში, ვ-–----–----–--------------------–ში დ---------------ისგან იქირავა ბინა, რომელშიც თვიურად უნდა გადაეხადა 600 ლარი. თავდაპირველად ბინა იქირავა მისი დისშვილისთვის. შემდეგ გადაწყვიტა ბინა გაექირავებინა დღიურად, თუმცა აღნიშნულის თაობაზე საქმის კურსში არ ჩაუყენებია ბინის მესაკუთრე. 2017 წლის 7-8 სექტემბერს დაუკავშირდა პიროვნება სახელად „-------, რომელმაც უთხრა, რომ სტუმარი ჩამოსდიოდა და გვიან საღამოდან მეორე დილამდე უნდოდა ბინის დაქირავება. შეთანხმდნენ, რომ 22:00 საათისთვის მივიდოდა და მიუტანდა 50 ლარს. მივიდა ბინაში და ელოდებოდა ზ------ თუმცა მას დააგვიანდა. შემდეგ უთხრა, რომ აგვიანდებოდა, ბინასთან ახლოს ცხოვრობდა მისი ნაცნობი, რომელიც მიუტანდა თანხას და სთხოვა ბინის გასაღები მისთვის გადაეცა. დაახლოებით 15 წუთში მივიდა 17-18 წლის ახალგაზრდა დაბალი ბიჭი, რომელმაც გადაუხადა ბინის ქირა 50 ლარი და მას გადასცა ბინის გასაღები. აღნიშნულ ბიჭთან დეტალებზე არ უსაუბრია. ზ-----თან იყო შეთანხმებული, რომ დილით 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შუალედში უნდა გასულიყვნენ ბინიდან. დილით ცდილობდა ზ-----თან დაკავშირებას, თუმცა ვერ დაუკავშირდა. მოწმის ჩვენებით, იგი მივიდა ბინასთან, დააკაკუნა კარებზე, თუმცა კარი არ გაუღეს. ივარაუდა, რომ ეძინათ და წავიდა გორში ქორწილში, ხოლო შემდეგ დასავლეთში. გზიდანაც ცდილობდა დაკვშირებას, თუმცა ზ----- ვერ დაუკავშირდა. დაახლოებით 11-12 სექტემბერს დაბრუნდა დასავლეთიდან და მეორე დღეს მივიდა ბინაში, დარეკა ზარი, თუმცა არავინ უპასუხა. მიიყვანა ხელოსანი, გააღებინა კარი და აღმოჩნდა, რომ ბინიდან გატანილი იყო თეთრი ფერის „VESTEL“ ფირმის სარეცხი მანქანა, რომელსაც ზედა ნაწილი ჰქონდა შერყეული, გაყვითლებული და გახუნებული იყო, „HISENSE“-ს ფირმის ორ კამერიანი მაცივარი ვერცხლისფერ-ნაცრისფერი პრიალა ზედაპირით, რომელსაც ქვედა სართულზე ჰქონდა ნაკაწრი და შავი ფერის „PRIME“-ს ფირმის პატარა ტელევიზორი. დაუკაშირდა დისშვილს და უთხრა მომხდარის შესახებ, რომელმაც ურჩია გამოეძახებინა პოლიცია. მან თავდაპირველ ეტაპზე არ გამოიძახა პოლიცია, რადგან ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, შეეცოდა ისინი და ფიქრობდა, რომ შესაძლოა შეხმიანებოდნენ და დაებრუნებინათ ნივთები. მოგვიანებით განაცხადა პოლიციის განყოფილებაში და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ამოცნობაში. მან ამოიცნო პირი, რომელსაც გადასცა ბინის გასაღები, გაეცნო ამოცნობის ოქმს და მოაწერა ხელი. ამოცნობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შენიშვნა არ გამოუთქვამს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ზ-----------–---–ს და ნ-----------ას იცნობს. 2017 წლის 19 სექტემბერს მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა 300 არაგველზე მდებარე ბინაში, რა დროსაც, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც კანონიერი წარმომადგენლის - დედის თანდასწრებით დაიკითხა მოწმის სახით. გამომძიებელმა უთხრა, რომ მისი დაკითხვა იყო ფორმალობა და ისე მოაწერეს დაკითხვის ოქმს ხელი, რომ არც მას და არც დედას ოქმი არ წაუკითხავთ. მოწმის განმარტებით, წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში ასახულ გარემოებებს არ ეთანხმება, რადგან არ იცის, რა დაწერა გამომძიებელმა ოქმში. მოწმის ჩვენებით, ზ-----------–---–თან ბინასთან დაკავშირებით არ უსაუბრია და არც მისი დავალებით მისულა ბინაში. დედის თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც, ამოიცნო ქალბატონმა, გაეცნო ამოცნობის ოქმს და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს დაახლოებით 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შუალედში იმყოფებოდა დასავლეთში, ხოლო მისი შვილი - გ----------------ი იმყოფებოდა თბილისში 3-----------–-------აზე მეგობართან. დაუკავშირდა გ----------------ის მეგობარი, რომელმაც განუმარტა, რომ სამი მამაკაცი მივიდა, რომლებმაც წაიყვანეს გიორგი. სიტუაციაში გარკვევის მიზნით დაუკავშირდა ადვოკატს, რომელმაც თავის მხრივ ურჩია, რომ დაერეკა ცხელ ხაზზე და საპატრულო პოლიციაში. აღნიშნული პროცესები გაგრძელდა დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ჩამოვიდა ბათუმიდან. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაუკაშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და აცნობეს, რომ გ----------------ი იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. დაახლოებით ორ საათში მივიდა განყოფილებაში, სადაც პოლიციის თანამშრომლებს უკვე დაკითხული ჰყავდათ--------- და შევსებული ჰქონდათ დაკითხვის ოქმი. პოლიციის უფროსმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, აუხსენა, რომ გ----------------ის დაკითხვა ფორმალობა იყო და გიორგის არაფერი ემუქრებოდა. ვინაიდან დაღლილი და განერვიულებული იყო, ისე მოაწერა გ----------------ის დაკითხვის ოქმს ხელი, რომ არ გაცნობია მის შინაარსს. პოლიციის თანამშრომელმა დაიტოვა მისი საკონტაქტო ნომერი, გააფრთხილა, რომ არ უნდა გასულიყო ქალაქიდან და როცა საჭირო იქნებოდა, დაუკავშირდებოდა. მეორე თუ მესამე დღეს დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც დაიბარა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამოცხადდა გ----------------თან ერთად. გ----------------ის მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ქალბატონმა ამოიცნო გ----------------ი და განმარტა, რომ სწორედ მას გადასცა ბინის გასაღები. ამოცნობის დასრულების შემდგომ გაეცნო ამოცნობის ოქმს და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ---------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ-–----–----------–ის მეტროსთან მდებარე ტექნიკის მაღაზიაში მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის ნივთის შეფასება-ჩაბარება, თანხის გაცემა და მომხმარებელზე ინფორმაციის მიწოდება პროცენტთან და გადახდის ვადასთან დაკავშირებით. 2017 წლის სექტებრის თვეში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, 03:00 საათიდან - 04:00 საათამდე ლომბარდში შევიდა მაღალი პიროვნება, რომელმაც ჰკითხა მაცივარი ხომ არ ჰქონდა გასაყიდი. ვინაიდან ასეთი არ ჰქონდა, უარით გაისტუმრა. აღნიშნული პირის გასვლიდან რამდენიმე წუთში შევიდა მეორე შედარებით დაბალი და გამხდარი პიროვნება, რომელმაც ჰკითხა ჩაიბარებდა თუ არა მაცივარს, რაზეც თანხმობა განუცხადა. აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა მაცივარის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც უარი უთხრა მაცივარის ჩაბარებაზე. სავარაუდოდ აღნიშნული პირები კარებში შეხვდნენ ერთმანეთს, ვინაიდან მოგვიანებით შევიდნენ მასთან და სთხოვეს მაცივრის გასინჯვაში დახმარება. მან ნება დართო, რომ ესარგებლათ დენის წყაროთი და შეემოწმებინათ მუშაობდა თუ არა მაცივარი. ვინაიდან ლომბარდში არსებული ვიდეოკამერა მუშაობს პირდაპირ რეჟიმში და არ ინახავს ჩანაწერს, ვერ მოხერხდა ჩანაწერის ამოღება და გამოძიებისათვის მიწოდება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ--–------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ტაქსზე. 2017 წლის 9 სექტემბერს 03:00 საათიდან 04:00 საათამდე დროის შუალედში ტაქსაობდა მისი კუთვნილი „ფორდის“ მარკის ავტომანქანით. უნდოდა სარეცხი მანქანის და მაცივარის შეძენა, რის გამოც შეიარა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში, თუმცა ვინაიდან არ ჰქონდათ გასაყიდი აღნიშნული ნივთები, ვერ მოახერხა მათი შეძენა. ლომბარდიდან გამოსვლისას შეხვდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა გასაყიდი მაცივარი. ვინაიდან ამ პიროვნებას არ ჰქონდა ნივთის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაცივარი ლომბარდის თანამშრომლებმა არ ჩაიბარეს. ზ-----------–---–ს შეუთანხმდა, რომ თავად შეიძენდა მავივარს 300 ლარად. მაცივარი იყო ვერცხლისფერი, მშრალი ყინვის, ორ კამერიანი, „HISENSE“-ს ფირმის, რომელსაც წინა მხარეს შუა ნაწილის ზემოთ ჰქონდა ჩაღუნული, რომელიც მოთავსებული ჰქონდა მუქ ბადრიჯნისფერ „ოპელის“ მარკის ტაქსში. ლომბარდის თანამშრომელს სთხოვა დახმარება. ზ-----------–---–ი და მისი თანმხლები ორი შედარებით უმცროსი ბიჭი დაეხმარნენ მაცივარის გადატანაში და შეაერთეს დენის წყაროში. დადგინდა, რომ მაცივარი იყო მუშა მდგომარეობაში. ზ-----------–---–ი დაეხმარა და მაცივარი ჩაადებინა თავის კუთვნილ ავტომანქანაში. მაცივრის სანაცვლოდ ზ-----------–---–ს გადაუხადა 280 ლარი. ზ-----------–---–მა უთხრა, რომ ფული წააგო და სჭირდებოდა თანხა. სახლში ჰქონდა სარეცხი მანქანა, რომელიც წარმოადგენდა მისი დის საკუთრებას და თუკი მისი და თანხმობას განაცხადებდა, მიყიდდა სარეცხ მანქანას. შეთანხმდნენ, რომ დაუკავშირდებოდა და აცნობებდა პასუხს. დაახლოებით ერთ საათში - საათნახევარში დაუკავშირდა ზ-----------–---–ი, მივიდა კინო „საქართველოსთან“ დადიანის ქუჩაზე, სადაც გზაზევე იდო თეთრი ფერის „VESTEL“ ფირმის სარეცხი მანქანა, რომელიც შეიძინა 135 ლარად, რომელსაც თავსახური მოძვრა ავტომანქანაში ჩადებისას. ორივე ნივთში ჯამში გადაიხადა 415 ლარი. მას ნივთის წარმომავლობასთან დაკავშირებით ეჭვი არ გასჩენია. წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეიძენდა ნივთებს. მოგვიანებით დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და განუმარტეს, რომ მის სახლში ინახებოდა მოპარული ნივთები. იგი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და დაიკითხა მოწმის სახით. დაკითხვის დასრულების შემდეგ ნებაყოფლობით მისი საცხოვრებელი ბინიდან მოხდა ნივთების ამოღება. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი. მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული - ზ-----------–---–ი, გაეცნო ამოცნობის ოქმს და არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს ოქმთან დაკავშირებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ვ---------------–----------------–----------- განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 სექტემბერს განყოფილებაში შევიდა ნ-----------ას განცხადება საცხოვრებელი ბინიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქურდობის ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. მის მიერ პროკურორის დავალების საფუძველზე დაზარალებულის თანხმობით, მითითებით და მონაწილეობით, ასევე, ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი. ექსპერტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება, რომელიც ჩაწერილი იქნა დისკზე და გადაეცა გამომძიებელს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში უფროსი ექსპერტის პოზიციაზე. 2017 წლის 19 სექტემბერს შუადღის საათებში საგამოძიებო ნაწილში შესული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე ხ------------------ესთან ერთად გამოცხადდა ქ.თბილსში, ვ-–----–----–-------------ე ერთ-ერთ კვარტალში. მათ მიერ ბინის მფლობელის თანხმობით, გამომძიებლის და ბინის მფლობელის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ერთ-ერთი ბინა. დაზარალებულის მითითებით გადაიღეს ფოტოსურათები, როგორც ბინაში, ასევე გარე პერიმეტრზე. შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი. ოქმზე შენიშნა არ გამოუთქვამთ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ნ-----------ას კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთების, კერძოდ: ტელევიზორის, სარეცხი მანქანის და მაცივრის მითვისების ფაქტზე. მის მიერ მოპოვებული იქნა ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები შესაძლოა ყოფილიყვნენ ზ-----------–---–ი და გ----------------ი, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო შემდეგ დაიკითხა მოწმის სახით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ვ---------------–----------------–--------–-–----------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 სექტემბერს განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ნ-----------ას საყოფაცხოვრებო ნივთების მითვისების ფაქტზე. პატაკით მიმართა თანამშრომელმა ლ----------ემ, რომელშიც დააფიქსირა, რომ აღნიშნული ტექნიკა მითვისებული ჰქონდა ზ-----------–---–ს და გ----------------ს, რომელიც გაასხვისეს შ--–------------ეზე. პატაკის თაობაზე გამოკითხა ლ----------ე. მის მიერ უწყებით დაბარებული იქნა გ----------------ი დედასთან ერთად, ვინაიდან იგი იყო არასრულწლოვანი. დედის თანხმობით გაეცნო უფლება-მოვალეობანი, რომელმაც თანხმობა განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, ხოლო შემდეგ გამოკითხული იქნა მოწმის სახით. ნ-----------ას მონაწილეობით ჩატარებული იქნა ამოცნობა, რა დროსაც ნ-----------ამ ამოიცნო გ----------------ი. გამოკითხვისას გ----------------მა განაცხადა, რომ ზ-----------–---–ი იყო მისი მეგობარი. შეთანხმდნენ, რომ უნდა მისულიყო ვ-–----–----–--------------------–ში, კორპუსი ზუსტად არ ახსოვს, სადაც დახვდებოდა მისი ნათესავი, რომელიც მისცემდა გასაღებს და თანხა უნდა გადაეცა, ვინაიდან ვალი ჰქონდა და ერთი-ორი საათის პერიოდში თვითონაც მივიდოდა. ასეც მოხდა. ერთ საათში-საათნახევარში მივიდა ზ-----------–---–ი. კანონიერმა წარმომადგენელმა დაადასტურა ხელისმოწერით, რომ ესწრებოდა გამოკითხვას და არანაირი პრეტენზია არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილებაში დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ შ--–------------ეს განემარტა უფლებები და დაკითხული იქნა მოწმის სახით, რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი, ოქმზე შენიშვნა არ გამოუთქვამს. დაკითხვის დასრულების შემდეგ შ--–------------ეს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების შესახებ, რის შემდეგ შ--–------------ის საცხოვრებელი ბინიდან მისივე თანხმობით ამოღებული იქნა „VESTEL“-ის ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა, რომელსაც წინა მხარეს ჰქონდა მცირე ზომის დაზიანება და ვერცხლისფერი ორ კამერიანი „HISENSE“-ის ფირმის მაცივარი, რომელსაც ქვედა კარზე ჰქონდა ნაკაწრი. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდენლობით დადგენილი წესით და გადატანილი იქნა შსს ვ---------------–----------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში. მის მიერ შედგენილი იქნა ამოღების ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ვ---------------–----------------–----------- განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 სექტემბერს მოქ. ნ-----------ამ მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ ნაქირავები ჰქონდა ბინა, რომელიც გააქირავა კერძო პირზე და აღნიშნულმა პირმა ბინიდან მიითვისა სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და მაცივარი. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები იყვნენ ზ-----------–---–ი და გ----------------ი, რომლებმაც ნივთები თავის მხრივ გაასხვისეს შ--–------------ეზე. ზ-----------–---–ს და გ----------------ს გაეგზავნათ უწყებები და დაბარებული იქნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაიკითხნენ მოწმის სახით, გაეცნენ ოქმს და მოაწერეს ხელი. ოქმზე შენიშვნა არ დაუფიქსირებიათ. დაკითხვის დასრულების შემდეგ ზ-----------–---–ს დააწერინა ხელწერილი, რომ პირველი გამოძახებისთანავე გამოცხადდებოდა განყოფილებაში, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ზ-----------–---–მა გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ზ-----------–---–ის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით დაკითხა მისი დედა, თუმცა მან არ იცოდა შვილის ადგილსამყოფელი. მის მიერ დანიშნული იქნა საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ჩატარებული იქნა ნივთების ამოცნობა. ასევე, ზ-----------–---–ის ფოტოსურათით ამოცნობა. დაუკავშირდა ზ-----------–---–ის დედას და აცნობა, რომ მისი შვილის მიმართ გამოტანილი იყო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და სურვილის შემთხვევაში აეყვანათ ადვოკატი, რაზეც ზ-----------–---–ის დედამ უარი განაცხადა. აღნიშნულის გამო დანიშნული იქნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული განჩინებით გამოთხოვილი იქნა სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----------------–---–მა და განმარტა, რომ მუშაობს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის პოზიციაზე. 2017 წლის 22 სექტემბრის ქ.თბილისის შსს პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილების გამომძიებლის დადგენილების და მიმართვის საფუძველზე მის მიერ ჩატარებული იქნა კვლევა, ხოლო 2017 წლის 27 სექტემბერს გაცემული იქნა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მაცივრისა და სარეცხი მანქანის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის, მათი ფაქტიური-ფიზიკური და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს: სარეცხი მანქანა „VESTEL WL1242“ – 100 (ასი) ლარს; მაცივარი „Hisense RD-33WR4SA“ - 330 (სამას ოცდაათი) ლარს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სენაკში ჰქონდა სახლი, რომელიც გაყიდა, ხოლო მასში არსებული საოჯახო ტექნიკა ვერცხლისფერი „HISENSE“-ის ფირმის მაცივარი, რომელსაც ქვემოთ მხარეს ჰქონდა ნაკაწრი, საყინულესთან ჰქონდა მწვანე ფერის ნახატი მიკრული და თეთრი ფერის „VESTEL“-ის ფირმის სარეცხი მანქანა, რომელიც იყო ძველი, გაყვითლებული, ჟანგიანი და მოხსნილი ჰქონდა მისაფარებელი, წაიღო ბინიდან და დაალაგა დედასთან. თავიდან იყენებდნენ, შემდეგ დედამ შეიძინა ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და აღარ დასჭირდა აღნიშნული ტექნიკის გამოყენება, რის გამოც, ნივთები დაალაგეს გარეთ სახლის შესასვლელთან. აღნიშნული მაცივარით სარგებლობდა დედა - გი---–------–---–---–ი. მისმა ძმამ ზ-----------–---–მა სთხოვა, რომ დაერთო ნება ლომბარდში ჩაებარებინა მისი კუთვნილი სარეცხი მანქანა და მაცივარი, რაზეც დათანხმდა, თუმცა მეორე დღეს ზ-----გან გაიგო, რომ ნივთები ლომბარდში ვერ ჩააბარა და მოახდინა მათი გასხვისება. ვინაიდან არ იყენებდა აღნიშნულ ნივთებს, პრობლემა არ შეუქმნია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გი---–------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ელიავას ბაზრობაზე. მასთან სამსახურში მისული იყო გამომძიებელი, რომელსაც აინტერესებდა ზ-----------–---–ის ადგილსამყოფელი. მან განუმარტა, რომ ზ-----------–---–ი წასული იყო თურქეთის რესპუბლიკაში მეუღლესთან და შვილთან. გამომძიებელმა განუმარტა, რომ უნდა ჩაებარებინა უწყება, თან განუმარტა, რომ ზ------ასთან უნდა გამოცხადებულიყო და ვინაიდან არ გამოცხადდა, მხოლოდ ამის გამო მივიდა მასთან. გამომძიებელმა მოაწრინა უწყებაზე ხელი ისე, რომ არ წააკითხა და არც ასლი გადასცა. ვინაიდან არ ეცალა და თან არ ჰქონდა სათვალე, ვერ მიაქცია მას ყურადღება, ხოლო როდესაც მოიცალა, გამომძიებელი უკვე წასული იყო. გამომდინარე იქედან, რომ ვერ ერკვევა კანონმდებლობაში, გამომძიებლის ნომერი გადასცა მამიდას, რომელიც დაუკავშირდა გამომძიებელს. გამომძიებელმა განუმარტა, რომ ზ-----------–---–ი უნდა გამოცხადებულიყო მასთან და რომ არ გამოცხადდა, ამიტომ მიაკითხა მის დედას. გამომძიებელს მისთვის არ განუმარტავს, რომ საჭირო იყო ადვოკატის აყვანა. მოწმის ჩვენებით, მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა მ-------------–---–მა გაყიდა სახლი, სენაკის ბინიდან ჩამოიტანა მაცივარი და სარეცხი მანქანა. მაცივარი იყო მუქი ვერცხლისფერი, რომელსაც დაბლა კარებთან ჰქონდა გახაზული და რამდენიმე ადგილას იყო შეღუნული. სახლში შესვლამდე იყო სივრცე, სადაც ედგა მაცივარი, რომელსაც იყენებდა წყლის გასაყინად. ერთ დღეს აღარ დახვდა აღნიშნული მაცივარი, რაზეც მისმა შვილმა - მ-------------–---–მა განუმარტა, რომ გადასცა მის ძმას - ზ-----------–---–ს ლომბარდში ჩასაბარებლად. სარეცხი მანქანა იყო ძველი თეთრი ფერის, რომელსაც წითლად ეწერა „VESTEL“. სარეცხ მანქანას გაყვითლებული ჰქონდა კარები. გამომძიებელმა დაკითხა ორჯერ. ერთხელ სახლში და მეორედ ელიავას ბაზრობაზე სამსახურში. ორივე შემთხვევაში აინტერესებდა ზ-----------–---–ის ადგილსამყოფელი. მოგვიანებით დაუკავშირდნენ ძებნის სამსახურიდან და აცნობეს, რომ ზ-----------–---–ი იყო დაკავებული, თუმცა არ განუმარტავთ, რის გამო იყო დაკავებული.
2017 წლის 19 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისი, ვ-–----–----–---------------–----------------------------ში. ზემოაღნიშნული კორპუსის II სადარბაზოში შესვლის შემდგომ, ადიხარ მე-3 სართულზე და თეთრი ფერის რკინის კარის მეშვეობით შედიხარ #22 ბინაში. ბინაში შესასვლელიდან ხელმარცხნივ განთავსებულია მისაღები ოთახი, სადაც ნ-----------ას მითითებით, წინა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ მაგიდაზე იდგა ტელევიზორი. მისაღები ოთახის გავლის შემდგომ პირდაპირ არის საძინებელი ოთახი, ხოლო ხელმარჯვნივ სამზარეულოს ოთახი. ნ-----------ამ სამზარეულოს ოთახის დასაწყისში ხელმარცხნივ ლოჯში კედელთან მიუთითა იმ ადგილზე, სადაც იდგა მაცივარი, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ნიჟარასთან ასევე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც იდგა სარეცხი მანქანა.
2017 წლის 19 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ თბილისში, მუხიანის დაჩები, გა-------------------ში მდებარე შ--–------------ის საცხოვრებელი სახლის სამზარეულოდან ამოღებული იქნა „ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანა, რომელსაც წინა მხარეს აქვს მრგვალი ფორმის გამოსაღები კარი, რომლის ზედა მხარეს აქვს ე.წ. სამართავი პანელი, რომლის მარცხენა ზედა კუთხეში აქვს წითელი ფერის წარწერა „VESTEL“, სარეცხი მანქანის ზედა ნაწილი წინა მარცხენა კუთხესთან არის დაზიანებული. ამავე სამზარეულო ოთახიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ორ კამერიანი მაცივარი, რომლის ზედა პატარა კარზე შუა ნაწილში არის წარწერა „HISENSE“. ამავე კარის ზედა მარჯვენა კუთხესთან მიკრულია მომწვანო ფერის წებოვანი სტიკერი, წარწერით „total No Frost“. მაცივრის ქვედა კარის შუა ნაწილში აღინიშნება ოთხი სანტიმეტრის ნაკაწრი დაზიანება.
2017 წლის 21 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა ნ-----------ამ განაცხადა, რომ მან ამოიცნო მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მეორე შუაში მდგომი მამაკაცი. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელსაც 2017 წლის 8 სექტემბერს, ვაჟა-ფშაველას II კვარტალი, კორპუსი 3-----------ში გადასცა ბინის გასაღები, ვინმე ზ-----თვის გადასაცემად. ნ-----------ამ ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, თმის და კანის ფერით, ცხვირის ზომით, ასაკით, იერით ზოგადად სახის საერთო მოყვანილობით.
2017 წლის 27 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის #1----- დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მაცივრისა და სარეცხი მანქანის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის, მათი ფაქტიური-ფიზიკური და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს: სარეცხი მანქანა „VESTEL WL1242“ – 100 (ასი) ლარს; მაცივარი „Hisense RD-33WR4SA“ - 330 (სამას ოცდაათი) ლარს.
2017 წლის 28 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებლის ლ-–------ას მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა „HISENSE“-ს ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, რომელიც არის ორ კამერიანი, ზედა კარზე შუაში აქვს ფირმის აღმნიშვნელი შავი ფერის წარწერა „HISENSE“-ს. ასევე, ზედა კარზე წინა ზედა მარჯვენა მხარეს მიკრული აქვს მომწვანო ფერის ეტიკეტი ლათინური წარწერით „total No Frost.“ მაცივრის ქვედა კარზე შუა ნაწილში აღენიშნება ოთხი სანტიმეტრის ნაკაწრი დაზიანება.
2017 წლის 28 სექტემბრის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით ამომცნობმა პირმა ნ-----------ამ განაცხადა, რომ იგი დააკვირდა ამოსაცნობად წარდგენილ ნივთს და განაცხადა, რომ აღნიშნული მაცივარი სწორედ ის მაცივარია, რომელიც მას მოპარეს ნაქირავები ბინიდან. ამომცნობმა ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ფირმის დასახელებით, ზოგადი ფორმითა და დაზიანებით, მიკრული ეტიკეტით.
2017 წლის 28 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებლის ლ-–------ას მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა „VESTEL“-ის ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს წითელი ფერით აწერია ფირმის სახელწოდება „VESTEL.“ სარეცხი მანქანის ზედა მხარეს წინა მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანება, კერძოდ: მცირე ზომის ფართობზე ამძვრალი აქვს ზედაპირი.
2017 წლის 28 სექტემბრის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით ამომცნობმა პირმა ნ-----------ამ განაცხადა, რომ იგი დააკვირდა ამოსაცნობად წარდგენილ ნივთს და განაცხადა, რომ აღნიშნული სარეცხის მანქანა სწორედ ის არის, რომელიც მას მოპარეს ნაქირავები ბინიდან. ამომცნობმა ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ფირმის დასახელებით, ზოგადი ფორმით და ზედა მხარეს არსებული დაზიანებიათ.
2017 წლის 28 სექტემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა შ--–------------ემ განმარტა, რომ დააკვირდა წარმოდგენილ ფოტოსურათებს და ამოიცნო ნუმერაციით მე-2 ფოტოსურათზე აღბეჭდილი მამაკაცი, რომელიც მისი განმარტებით სწორედ ის პიროვნებაა, რომლისგანაც 2017 წლის 9 სექტემბერს იყიდა მაცივარი და სარეცხი მანქანა. ამომცნობმა ფოტოსურათზე გამოსახული ობიექტი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: მომრგვალებული პირისახით, მუქი ფერის თმით, ხშირი მუქი ფერის წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, ღია მომწვანო ფერის თვალებით.
ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ზ-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ასეთი საკმარისი ერთობლიობა სახეზე არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ-----------–---–ი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
სასამართლო შეფასებას მისცემს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
ზ-----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
ზ-----------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მტკიცებით, ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს, საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ ნივთებს, ნივთების ამოცნობის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, შპს „მ-----------ან“, შპს „ჯ------–---ან“ და შპს „მ--------–---ან“ გამოთხოვილ ინფორმაციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ ზ-----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ზ-----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ დ---------------ის საცხოვრებელი ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კერძოდ: „PRIME“-ის ფირმის ტელევიზორი, „HISENSE“-ის ფირმის მაცივარი და „VESTEL“-ის ფირმის სარეცხი მანქანა. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება არათუ ზ-----------–---–ის მიერ ზემოთმითითებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მითვისების ფაქტი, არამედ ზ-----------–---–ის დ---------------ის საცხოვრებელ ბინაში ყოფნის ფაქტიც კი.
სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა (არ იქნა წარმოდგენილი ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები), რომლის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდებოდა ზ-----------–---–ის დაზარალებულის კუთვნილ ბინაში ყოფნის ფაქტი. ბრალდების მხარე მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით შემოიფარგლა, რომლებიც თავის მხრივ არ არის საკმარისი ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: ბინის მეპატრონის დ---------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ გაქირავების მიზნით შეიძინა ბინა ქ.თბილისში, ვ-–----–----–-----------------–ი, 3-----------------------ში. ბინასთან ერთად შეიძინა საყოფაცხოვრებო ტექნიკაც, კერძოდ: თეთრი ფერის „VESTEL“-ის ფირმის სარეცხი მანქანა, ვერცხლისფერ-ნაცრისფერი პრიალა ზედაპირით „HISENSE“-ის ფირმის მაცივარი და შავი ფერის „PRIME“-ის ფირმის ტელევიზორი. მისი კუთვნილი ნივთების განმასხვავებელი ნიშან-თვისებების შესახებ არ იცის, ვინაიდან იშვიათად ჩამოდიოდა თბილისში და არ ჰქონდა ნივთებთან შეხება. მისივე ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში მისი კუთვნილი ბინა მიაქირავა ნ-----------ას, რომელსაც გადასცა ბინის გასაღები. აღნიშნულის შემდეგ ბინაში აღარ შესულა.
მოწმე ნ-----------ამ დაადასტურა, რომ დ---------------ისგან იქირავა ბინა, რომელსაც აქირავებდა დღიურად. 2017 წლის 7-8 სექტემბერს დაუკავშირდა პიროვნება სახელად „-------, რომელმაც უთხრა, რომ სტუმარი ჩამოდიოდა და გვიან საღამოდან მეორე დილამდე უნდოდა ბინის დაქირავება. მისივე ჩვენებით დგინდება, რომ ვინმე „-------, რომელიც მას დაუკავშირდა ტელეფონით, მას პირადად არ უნახავს, აღნიშნული ბინის გასაღები გადასცა ზ----- მიერ გამოგზავნილ ახალგაზრდას, რომელმაც ასევე გადაუხადა აღნიშნული ბინის დაქირავების საფასური. მოგვიანებით ბინაში შესულმა აღმოაჩინა, რომ ბინიდან გატანილი იყო ზემოთმითითებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კერძოდ: თეთრი ფერის „VESTEL“-ის ფირმის სარეცხი მანქანა, „HISENSE“-ის ფირმის ორ კამერიანი მაცივარი ვერცხლისფერ-ნაცრისფერი პრიალა ზედაპირით, რომელსაც ქვედა სართულზე ჰქონდა ნაკაწრი და შავი ფერის „PRIME“-ის ფირმის პატარა ტელევიზორი. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ამოცნობაში, რა დროსაც, ამოიცნო პირი, რომელსაც გადასცა გასაღები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----------ას ჩვენებით უტყუარად არ დგინდება ის გარემოება, რომ მას დაუკავშირდა სწორედ ზ-----------–---–ი და ზ-----------–---–ის დავალებით გადასცა ბინის გასაღები გ----------------ს. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე არ დგინდება ის გარემოება, ზ-----------–---–ი საერთოდ იმყოფებოდა თუ არა ნ-----------ას სარგებლობაში არსებულ ბინაში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, თუ რა სატელეფონო ნომრით სარგებლობდა ზ-----------–---–ი ქმედების განხორციელების პერიოდში და ნამდვილად იგი დაუკავშირდა თუ არა ნ-----------ას. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ მოწმე გ----------------მა არ დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ზ-----------–---–თან ბინასთან დაკავშირებით არ უსაუბრია და არც მისი დავალებით მისულა დაზარალებულის კუთვნილ ბინაში. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, სასამართლო აფასებს მოწმის მიერ უშუალოდ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას და არა გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------------ის ჩვენება საფუძველად ვერ დაედება ზ-----------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
საქმეზე გამოკვლეული იქნა 2017 წლის 28 სექტემბრის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმი, რომელშიც მონაწილეობდა ნ-----------ა. ამოცნობის ოქმში მითითებულია მხოლოდ ერთი ნივთი, რომელიც წარედგინა ამომცნობ პირს, კერძოდ: „HISENSE“-ის ვერცხლისფერი მაცივარი, რომელიც არის ორ კამერინი, რომელსაც ზედა კარზე შუაში აქვს ფირმის აღმნიშვნელი შავი ფერის წარწერა „HISENSE“. ასევე, ზედა კარზე წინა ზედა მარჯვენა მხარეს მიკრული აქვს მომწვანო ფერის ეტიკეტი, ლათინური წარწერით „Total No Frost“, მაცივარს ქვედა კარზე შუა ნაწილში აღენიშნება 4 სმ სიგრძის ნაკაწრი დაზიანება. ამოსაცნობი ნივთის წარდგენის შემდეგ ამომცნობმა ნ-----------ამ განაცხადა, რომ იგი დააკვირდა ამოსაცნობად წარდგენილ ნივთს და განმარტა, რომ აღნიშნული მაცივარი სწორედ ის მაცივარია, რომელიც მას მოპარეს ნაქირავები ბინიდან. ნინო ბერაიას განმარტებით, ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ფირმის დასახელებით, ზოგადი ფორმით და დაზიანებით, მიკრული ეტიკეტით. იმავე დღეს ნ-----------ამ ამოიცნო „VESTEL“-ის ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს წითელი ფერით აწერია ფირმის სახელწოდება „VESTEL“, ზედა მხარეს წინა მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანება, კერძოდ: მცირე ზომის ფართობზე ამძვრალი აქვს ზედაპირი. ამოსაცნობი ნივთის წარდგენის შემდეგ ამომცნობმა ნ-----------ამ განაცხადა, რომ იგი დააკვირდა ამოსაცნობად წარდგენილ ნივთს და განმარტა, რომ აღნიშნული სარეცხი მანქანა არის სწორედ ის, რომელიც მას მოპარეს ნაქირავები ბინიდან. ნ-----------ას განმარტებით, ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ფირმის დასახელებით, ზოგადი ფორმით და ზედა მხარეს არსებული დაზიანებით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სოსხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ამოცნობა ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ვინაიდან ამოსაცნობ პირს ამოსაცნობად წარედგინა მხოლოდ ერთი ნივთი და არა სამი, რასაც იმპერატიულად ითხოვს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, აღნიშნული ამოცნობის ოქმები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
ბრადების მხარის მტკიცებულებების საპირისპიროდ ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც მან გაასხვისა შ--–------------ეზე, ეკუთვნოდა მის დას - მ-------------–---–ს, რომელმაც მისცა ნივთების გასხვისების უფლება. აღნიშნული პოზიციის დასადასტურებლად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმე მ-------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვერცხლისფერი „HISENSE“-ის ფირმის მაცივარი, რომელსაც ქვემოთ მხარეს ჰქონდა ნაკაწრი, ხოლო საყინულესთან მიკრული ჰქონდა მწვანე ფერის ნახატი და თეთრი ფერის „VESTEL“-ის ფირმის სარეცხი მანქანა, რომელიც იყო ძველი, გაყვითლებული, ჟანგიანი და მოხსნილი ჰქონდა მოსაფარებელი, ეკუთვნოდა მას და დალაგებული ჰქონდა დედის სახლის შესასვლელში. მისმა ძმამ - ზ-----------–---–მა სთხოვა ნებართვა სარეცხი მანქანის და მაცივრის ლომბარდში ჩაბარების თაობაზე, რაზეც თანხმობა განუცხადა. მეორე დღეს მისი ძმისგან გაიგო, რომ მის მიერ გადაცემული ნივთები გაასხვისა, რასთან დაკავშირებითაც უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურდა ბრალდებულის დედის გი---–------–---–---–ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ სარეცხი მანქანა და მაცივარი ნამდვილად ჰქონდა მის ქალიშვილს, რომელსაც იყენებდა თავად და მისი ქალიშვილისგან გაიგო, რომ გადასცა ზ-----------–---–ს ლომბარდში ჩაბარების მიზნით.
სასამართლოს შეფასებით, ზ-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, კერძოდ: ვერ დაადასტურა, რომ ნ-----------ას ნამდვილად ზ-----------–---–ი დაუკავშირდა ბინის დაქირავების მიზნით, ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, როლითაც დადასტურდებოდა ზ-----------–---–ს და ნ-----------ას შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრის ფაქტი. მოწმე გ----------------მა არ დაადასტურა მასსა და ზ-----------–---–ს შორის ნ-----------ას მფლობელობაში არსებულ ბინასთან დაკავშირებით რაიმე სახის კომუნიკაციის ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ ზ-----------–---–ი იმყოფებოდა დაზარალებულის კუთვნილ ბინაში და ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დაზარალებულის კუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე არ იქნა წარმოდგენილი დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ბრალდებულის ბინაში ყოფნის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ უტყუარად ვერ დადასტურდა ზ-----------–---–ის მიერ ნ-----------ას სარგებლობაში არსებული ბინიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკის მითვისების ფაქტი. აღნიშნულის საპირისპიროდ დაცვის მხარის მოწმეებმა განმარტეს, რომ აღნიშნული ნივთები ეკუთვნოდა ბრალდებულის დას და სწორედ მან მისცა ზ-----------–---–ს მათი განკარგვის უფლება. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო არსებული ეჭვების გაბათილება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის არასარწმუნო, არადამაჯერებელი, არ არის ურთიერთშეთანხმებული, წინააღმდეგობებია მათ შორის, რის გამოც, არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლია მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) .
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ზ-----------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ზ-----------–---–ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც, ზ-----------–---–ი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შ--–------------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული მაცივარი და სარეცხი მანქანა, რომელიც ინახება შსს ვ---------------–----------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოების ამსახველი 1(ერთი) ცალი დისკი, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272, 275-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ზ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. გამართლებულ ზ-----------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შ--–------------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული მაცივარი და სარეცხი მანქანა, რომელიც ინახება შსს ვ---------------–----------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოების ამსახველი 1(ერთი) ცალი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი