განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-7-18
(038071017001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - როზა სამუშია, ბაჩანა ქარქუზაშვილი
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - გ------------------ე, დაბადებული 1984 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, მცხოვრები ხ-–----–---------------–---------------ში
ადვოკატი - ქ------–------–----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, (ჩადენილი ჯგუფურად)); 353-ე მუხლის პირველი ნაწილი (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით), 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა (ტარება)), 2731 მუხლის მე-2 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა)
2. ბრალდებული - არ---–---------–---–ი, დაბადებული 1973 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, მცხოვრები ხ-–----–--------------–ის ქუჩის №54-ში
ადვოკატი - მაია გრიგოლიშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, (ჩადენილი ჯგუფურად)) და 2731 მუხლის მე-4 ნაწილი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2017 წლის 6 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხის მიმდებარე ტეროტორიაზე გ------------------ე და არ---–---------–---–ი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად თავს დაესხნენ დ----- მ-------ეს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცეს 400 აშშ დოლარი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ;
1.2. 2017 წლის 07 ოქტომბერს დილის საათებში, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გ------------------ემ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის მიზნით, ძალადობის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებს ზაზა ტაბატაძესა და ალექსანდრე თევზაძეს, ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი კორკოტაძეს, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსს შოთა ალიმბარაშვილს, სამმართველოს უფროსის მოადგილეს დ----- ჯეირანაშვილს, ამასთან, ამ უკანასკნელს თავში დაარტყა ხელი და დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის ,,ჟილეტი“;
1.3. გ------------------ემ ძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა სროლისათვის ვარგისი, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განკუთვნილი, 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტი ,,VEZIRHAN KARIZMA” სტაციონარული ტიხარი-დამცავის გარეშე და 6 ცალი კუსტარული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის ვაზნა, რომლებიც განეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისნი არიან სროლისათვის;
1.4. გ------------------ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ნედლი ,,მარიხუანა“. 2017 წლის 7 ოქტომბერს ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე იგი გაჩხრეკილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ჩხრეკის შედეგადაც ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა, წონით 23,14 გრამი;
2.1. არ---–---------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. 2017 წლის 7 ოქტომბერს ხ-–----–--------------–ის ქუჩის №54-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა არ---–---------–---–ის საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება გმომშრალი მარიხუანა, წონით 100,92 გრამი;
2.2. 2017 წლის 6 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხის მიმდებარე ტეროტორიაზე გ------------------ე და არ---–---------–---–ი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად თავს დაესხნენ დ----- მ-------ეს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცეს 400 აშშ დოლარი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1.1. გ------------------ემ ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა და რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 6 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხის მიმდებარე ტეროტორიაზე გ------------------ემ დ----- მ-------ეს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მისი და მისი ძმის მიმართ ძალადობის მუქარით, მოსთხოვა თანხის, კერძოდ, 1000 ლარის გადაცემა.
2.1.2. გ------------------ემ ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ნედლი ,,მარიხუანა“-ს უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 7 ოქტომბერს ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გ------------------ე გაჩხრეკილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ჩხრეკის შედეგადაც ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა, წონით 23,14 გრამი. მითითებული ნარკოტიკული საშუალება გ------------------ის მიერ უკანონოდ იყო შეძენილი, რის შენახვასაც ასევე უკანონოდ ახდენდა.
2.2. არ---–---------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 7 ოქტომბერს ხ-–----–--------------–ის ქუჩის №54-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა არ---–---------–---–ის საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, წონით 100,92 გრამი;
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
3.1.1. დაზარალებულმა დ----- მ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს ხაშურში, ავტოგასამართ ,,რომპეტროლი“-ს მენეჯერად და ამავე ავტოგასამართზე აქვს ავტომანქანის ზეთების მაღაზია. 2017 წლის 6 ოქტომბერს შესვენებაზე იმყოფებოდა სახლში და როდესაც სამსახურში აპირებდა დაბრუნებას, სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე პერიოდში მის ტელეფონზე მისთვის უცხო ნომრიდან შევიდა ზარი; უპასუხა - ლაპარაკში გაირკვა, რომ ურეკავდა გ------------------ე, რომელმაც, იმ საფუძვლით, რომ რაღაც საქმე ჰქონდა, სთხოვა შეხვედრა ყიფიანის ქუჩაზე. თავისი მანქანით მივიდა დათქმულ ადგილას, სადაც დახვდა გ------------------ე არ---–---------–---–თან ერთად; ავტომანქანაში გიორგი დაჯდა მის გვერდით, ხოლო არჩილი - უკანა სავარძელზე; უთხრეს, რომ ზეთი ჰქონდათ ერთ-ერთ სახლში, სთხოვეს, ენახა და შეეფასებინა - თუ არ იყიდდა, ფასი მაინც ეთქვა. წავიდნენ სოფელ ცხრამუხაში, სადაც, როგორც უთხრეს, შენახული ჰქონდათ საქონელი. გასცდნენ ხაშურს, შემდეგ დასახლებულ პუნქტსაც და მიხვდა, რომ ,,რაღაც ისე არ იყო“, ,,თაღლითობა“ ხდებოდა, გაიტყუეს ქალაქიდან, მაგრამ ჩათვალა, რომ ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა, შეეშინდა კიდეც; როდესაც სოფელ ცხრამუხის ბოლოს არსებულ ტაძარსაც გასცდნენ, უთხრეს, რომ მანქანა გაეჩერებინა; გ------------------ემ გამოართვა ტელეფონი იმ მიზეზით, რომ დაურეკავდა იმას, ვისაც ზეთები ჰქონდა, მოიტანდნენ და აჩვენებდნენ, ამავე დროს გამოაძრო მანქანის გასაღებიც, გადასცა არ---–---------–---–ს, რომელიც გადავიდა მანქანიდან და მძღოლის მხარეს კარებთან გაჩერდა, ალბათ, იმიტომ, რომ არ გაქცეულიყო (დაზარალებული), არ გადასულიყო მანქანიდან. გ------------------ემ საქამრედან ამოიღო იარაღი, რომელიც, როგორც ახსოვს, იყო შავი ფერის, გრძელი ლულით და რადგან გვერდი-გვერდ ისხდნენ, მიუშვირა გვერდიდან სხეულის ზედა ნაწილზე, ისე, რომ იარაღი არ ,,გადაუტენია“, თან უთხრა, რომ 1000 ლარი სჭირდებოდა, თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი და მისი სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო - როგორც არ უნდა ყოფილიყო, ეს საქმე უნდა გაეკეთებინა. ფიქრობს, რომ იარაღი შეშინების მიზნით მიუშვირა და შემდეგ დაიწყო ფულის მოთხოვნა. გაქცევა არც უფიქრია თუნდაც იმიტომ, რომ ეკეთა ღვედი და მისკენ იარაღი იყო მიშვერილი. გ------------------ემ ისიც უთხრა, რომ დაერეკა ავტოგასამართ სადგურზე და ოპერატორისთვის ეთქვა, გამოეტანათ ეს თანხა და ადგილს შემდეგ ეტყოდა, სადაც უნდა მიეტანა ოპერატორს ფული. უპასუხა, რომ ოპერატორები ფულს არ აგროვებენ ჯიბეში, რომ სეიფის გასაღები თვითონ ჰქონდა და ფულს ვერ გამოიტანდნენ. ამის შემდეგ დაემუქრნენ, რომ დააბამდნენ, აწამებდნენ, მის ძმასაც ჩამოიყვანდნენ და მასაც აწამებდნენ. ჯიბეში ჰქონდა 400 დოლარი, და რადგან სიტუაციის გამწვავება არ უნდოდა, ამოიღო საფულე, რომლის გამოსართმევადაც გაიწია გიორგიმ, მაგრამ არ დაანება, უთხრა, რომ თვითონ მისცემდა ამ თანხას; 400 დოლართან ერთად ასლარიანიც ჰქონდა საფულეში და იფიქრა, რომ ენახა, ამასაც წაიღებდა. არ მისცეს გასაქანი, არაფრის საშუალება აღარ ჰქონდა. თანხა რომ მისცა, გასაღებიც დაუბრუნეს - გ------------------ემ გადასცა. დაზარალებული იმასაც ვარაუდობს, რომ მძღოლის მხარეს ავტომანქანის მინა ჩაწეული იყო და არ---–---------–---–ს, რომელიც ,,ჩაცუცქული“ იყო კართან, ესმოდა, თუ რაზე ელაპარაკებოდა გ------------------ე. შემთხვევის ადგილიდან ერთად დაბრუნდნენ, გააჩერებინეს ,,რუსების სტადიონთან“, გადავიდნენ მანქანიდან და უთხრეს, რომ არ განეცხადებინა პოლიციაში, თორემ აუწიოკებდნენ ოჯახს. გ------------------ემ ისიც უთხრა, რომ ფულს ერთ თვეში დაუბრუნებდა, რაც არ მიიჩნია სარწმუნოდ; ჩათვალა, რომ იარაღით წართმეულ ფულს აღარავინ დაუბრუნებდა.
3.1.2. დაზარალებულმა ისიც განმარტა, რომ გ------------------ესთან საქმიანი ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. არ---–---------–---–სა და გ------------------ეს იცნობს, როგორც თავის უბნელებს და რომ მათთან მისი ძმა უფრო მეგობრობს, ვიდრე თვითონ. გზაში - ხაშურიდან ცხრამუხამდე და პირიქით არაფერზე უსაუბრიათ, არ ლაპარაკობდნენ. სხვა დროს გ------------------ეს მისგან თანხა არც უსესხია და არც უთხოვია. დაზარალებულმა ვერ დააკონკრეტა, თანხაზე როგორ უთხრა გ------------------ემ - მჭირდებაო თუ გვჭირდებაო. ვერც იმას აკონკრეტებს, საფულეში რომ სხვა ფულიც ედო, ამის დანახვა თუ შეეძლო ან გ------------------ეს, ან არ---–---------–---–ს, ან ორივეს ერთად. დაზარალებულისავე განმარტებით, შემთხვევის დროს მის მიმართ მოკვლის მუქარას, ყვირილსა და შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
3.1.3. მოწმე გიორგი გრიგალაშვილმა განმარტა, რომ არ შეუძლია, ზუსტად გაიხსენოს თვე და რიცხვი, ხაშურში, ყიფიანის ქუჩაზე მე-2 საჯარო სკოლასთან ელოდებოდა თავის შვილს, რომელიც მითითებული სკოლის მოსწავლეა - სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ უნდა წაეყვანა სახლში. მასთან მივიდა გ------------------ე და სთხოვა მობილური ტელეფონი. უარი არ უთქვამს, ათხოვა. გ------------------ემ დარეკა სადღაც, ცოტა ხანს ილაპარაკა და ტელეფონი დაუბრუნა პატრონს. მოწმისთვის უცნობია, გ------------------ემ ვისთან დარეკა და რაზე ისაუბრა. მოწმისავე განმარტებით, სხვა დროს გ------------------ეს მისგან ტელეფონი არ უთხოვია.
3.1.4. ფაქტი იმის შესახებ, რომ გ------------------ე 2017 წლის 6 ოქტომბერს გიორგი გრიგალაშვილის მობილური ტელეფონით 15:31:32 საათიდან 15:33:14 საათამდე ესაუბრა დ----- მ-------ეს ასევე დასტურდება სატელეფონო კავშირის დეტალური ამონაწერითაც.
3.1.5. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გაგა ღონღაძემ მოწმედ დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ დაზარალებული დ----- მ-------ე ხაშურის რაიონულ სამმართველოში მივიდა განცხადებით, რომელიც შესასრულებლად მას (მოწმეს) დაეწერა; გამოძიება დაიწყო; შესაბამისად, დაიკითხა დაზარალებული და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტიც - დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილენი მიიყვანა შემთხვევის ადგილზე; ეს იყო ადგილი, სადაც მთავრდება სოფელი ცხრამუხა და სადაც, დაზარალებულის განმარტებით, მოხდა მასზე ყაჩაღური თავდასხმა. მოწმემ, რომელმაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მომხდარის შემდეგ შეხვდა და მოუსმინა დაზარალებულს, განმარტა, რომ დაზარალებული ძალიან ნერვიულობდა.
3.1.6. დათვალიერდა შემთხვევის ადგილიც. ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში გამავალ სასოფლო-სამანქანე გზაზე, მითითებული ტერიტორია სოფლის ეკლესიიდან მდებარეობს, დაახლოებით, 200 მეტრში; შემთხვევის ადგილი ბოლო მოსახლიდან დაშორებული 400-500 მეტრით.
3.1.7. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვლადიმერ ჭანკოტაძემ მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ მან გამომძიებელ გაგა ღონღაძესთან და დაზარალებულ დ----- მ-------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო შპს ,,მისო რიკო ექსპრესი“-ს ხაშურის სერვისცენტრის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მიერ დროის გარკვეულ მონაკვეთში დაფიქსირებული ვიდეომასალის დათვალიერებაში. მოწმისავე განმარტებით, დაზარალებულმა ამოიცნო თავისი ავტომანქანა, რომელიც მოძრაობდა რუსთაველის ქუჩიდან გორგასალის ქუჩის მიმართულებით; ჩანდა, რომ მძღოლის გვერდით იჯდა ,,ვიღაც“, რომლის სახის დანახვა და გარჩევა შეუძლებელი იყო; ავტომანქანის უკანა სავარძელზე თუ იჯდა ვინმე, არ ჩანდა, ვინაიდან უკანა საქარე მინა იყო დაბურული. მან (მოწმემ) ისიც აღნიშნა, რომ დღის საათებში ხდებოდა ის, რაც ვიდეომასლის დათვალიერებისას ნახა.
3.1.8. შპს ,,მისო რიკო ექსპრესი“-ს ხაშურის სერვისცენტრი ადმინისტრაციის მიმართვიდან ირკვევა, რომ მათ გამომძიებელს გაუგზავნეს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ 2017 წლის 6 ოქტომბრის 15:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში განხორციელებული ვიდეოჩანაწერები.
3.1.9. დადგენილია და ბრალდებულიც არ ხდის სადავოდ, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დღის სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე პერიოდში შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რასაც შედეგად მოჰყვა მოკლე დროში, 15-20 წუთში, მათი შეხვედრა. დროში ერთმანეთთან იმდენად ახლოს არის სატელეფონო საუბარი, შემდეგ შეხვედრა და შემდეგ გორგასალის ქუჩით (მიმართულება სოფელ ცხრამუხისკენ) გადაადგილება დაზარალებულის ავტომანქანისა, რომელშიც მძღოლის გვერდით ზის მგზავრიც, რომ მეტად დამაჯერებელია დაზარალებულის განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი შეხვდა გ------------------ესა და არ---–---------–---–ს და მათთან ერთად თავისი ავტომანქანით გაემართა სოფელ ცხრამუხას მიმართულებით.
3.1.10. ბრალდებულმა გ------------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ვიდრე დააკავებდნენ, მასსა და პოლიციას შორის დაძაბული ურთიერთობა იყო ჩამოყალიბებული, და რომ ეს დაძაბულობა გარკვეული პერიოდი გრძელდებოდა; ფიქრობს, რომ მისი დაკავება სწორედაც ამ გართულებული ურთიერთობის შედეგია. საერთოდ უარყო არა მხოლოდ ყაჩაღური თავდასხმა დ----- მ-------ეზე, არამედ, ზოგადად, ძალადობრივი გზით მისგან თანხის მიღების ფაქტი; აღნიშნა რომ იგი დასაქმებული არ იყო, არ ჰქონდა შემოსავალი და თანხის საჭიროების შემთხვევაში მეგობრებისთვის ბევრჯერ უთხოვია დახმარება - უსესხია ფული და შემდეგ დაუბრუნებია. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც მეგობრებს, რომლებიც ავტომანქანის ზეთების რეალიზაციას ეწევიან, თანხა ვერ მიუციათ და უთქვამთ, რომ თუ სურვილი ჰქონდა, ზეთი წაეღო - ასეც მოქცეულა, წაუღია, ჩაუბარებია სხვა მაღაზიაში, თუმცა შემდეგ ზეთის პატრონისთვის მისი საფასური დაუბრუნებია. ასეთი ტიპის ურთიერთობაში დ----- მ-------ესთანაც იყო - ყოფილა შემთხვევები, თანხის სანაცვლოდ მისთვისაც ჩაუბარებია ავტომანქანის ზეთი. ის, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს თავისი მეგობრის გიორგი გრიგალაშვილის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დ----- მ-------ეს, ბრალდებულმა დაადასტურა და განმარტა, რომ ესაჭიროებოდა თანხა 400 დოლარი, დ----- მ-------ეს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, თან უთხრა, რომ ზეთების თემაზე უნდა ელაპარაკათ; სატელეფონო საუბრიდან 15-20 წუთში შეხვდენენ ერთმანეთს ყიფიანის ქუჩაზე; ადგილზევე, ისე, რომ მის (დაზარალებულის) ავტომანქანაში არ ჩამჯდარა, სთხოვა თანხა და შეპირდა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ორ საათში მიუტანდა ავტომანქანის ძვირად ღირებულ ზეთებს. მოთხოვნილი თანხა, 400 დოლარი, მიიღო, მაგრამ მოატყუა დ----- მ-------ე - დათქმულ დროში თანხის სანაცვლო ზეთი აღარ მიუტანა. ვარაუდობს, რომ ამ ფაქტით გაბრაზებულმა დ----- მ-------ემ იჩივლა პოლიციაში. არ---–---------–---–თან დაკავშირებით განმარტა, რომ შესაძლებელია, იმ კონკრეტულ დღეს შემთხვევით შეხვდა კიდეც, რადგან ერთ უბანში ცხოვრობენ, მაგრამ უშუალოდ იმ დროს, როდესაც დ----- მ-------ეს შეხვდა და თანხა სთხოვა, მასთან ერთად არ---–---------–---–ი არ იმყოფებოდა.
3.1.11. ბრალდებულმა არ---–---------–---–მა იმ ფაქტთან, რასაც ადგილი ჰქონდა გ------------------ესა და დ----- მ-------ეს შორის, უარყო შემხებლობა და განმარტა, რომ მომხდართან დაკავშირებით, თუკი ასეთს საერთოდ ჰქონდა ადგილი, არაფერი იცის.
3.1.12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც დაზარალებულის მიმართ ჩადენილია ძალადობა და მუქარა არა იმ მომენტში მის ხელთ არსებული თანხის ან სხვა მოძრავი ნივთის დაუყოვნებლივ დასაუფლებლად, არამედ იმ მიზნით, რომ აიძულონ დაზარალებული, რომ მომავალში მოხდეს მის მიერ თანხის მიტანა, ვერ ჩაითვლება ყაჩაღობად, რომლის დროსაც დაზარალებულზე თავდასხმის მიზანია ამ უკანასკნელის კუთვნილი ფულისა თუ სხვა მოძრავი ნივთის თავდასხმის ადგილზე და თავდასხმის მომენტში დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისს გადაწყვეტილება საქმეზე 56აპ-09).
3.1.13. საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა, რომ გ------------------ის მიერ დ----- მ-------ის მიმართ ადგილი ჰქონდა თანხის მოთხოვნას, რასაც თან ერთვოდა მუქარა. ის, რომ ჩადენილია გამოძალვა და არა ყაჩაღობა, იქიდანაც ჩანს, რომ გ------------------ემ არ იცის, საერთოდ თანხა თუ აქვს თან დაზარალებულს - ეუბნება, რომ დარეკოს ოპერატორთან, უთხრას, რომ თანხა აიღოს და შემდეგ ეტყვის, სადაც უნდა მიიტანოს ფული. კონკრეტულ შემთხვევაში სწორედაც რომ მომავალში თანხის გადაცემის მოთხოვნა ხდება და ის გარემოება, რომ დ----- მ-------ეს შემთხვევით აღმოაჩნდა იმ ოდენობის თანხა, რასაც მისგან ითხოვდა გ------------------ე და, სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, მოთხოვნისთანავე გადასცა ბრალდებულს, არ იძლევა ყაჩაღობის შემადგენლობას. უფრო მეტიც, გამოძალვა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას მიეკუთვნება და იგი დამთავრებული დანაშაულია დაზარალებულისათვის მოთხოვნის წაყენების მომენტიდან; იმას, რომ ბრალდებულმა მოთხოვნისთანავე მიიღო თანხა, მოცემულ მომენტში ქმედების კვალიფიკაციისთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აღნიშვნის ღირსია ის, რომ გ------------------ე, რომელსაც აქვს ის ,,უპირატესობა“ რომ შეიარაღებულია, აძლევს დაზარალებულს იმის შესაძლებლობას, რომ თანხის ნაწილი დაიტოვოს საფულეში, ანუ არ წაართვა საფულე; ეს კიდევ ერთი გარემოებაა, რაც გამორიცხავს ყაჩაღობას.
3.1.14. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას იმის თაობაზე, რომ რაღაც პირობაზე შეთანხმებით, რასაც სხვა დროსაც ჰქონია ადგილი, გამოართვა თანხა დ----- მ-------ეს, რომელმაც, განაწყენებულმა იმით, რომ პირობა არ შესრულდა, იჩივლა პოლიციაში. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ უფრო ადრე დ----- მ-------ესა და გ------------------ეს ერთმანეთთან ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა, დაკავშირებული ავტომანქანის ზეთის რეალიზაციასთან. თუკი მათ შორის იქნებოდა ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბებული, ნაკლებად დამაჯერებელია და, შეიძლება ითქვას, რომ უსაფუძვლოა ბრალდებულის ვარაუდი, მის მიერ პირობის შეუსრულებლობის გამო დაზარალებულს პოლიციისთვის მიემართა.
3.1.15. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------------------ემ ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, შესაბამისად ამ ნაწილში ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს ყაჩაღობიდან გამოძალვაზე.
3.1.16. დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ არ---–---------–---–ს არც გზაში (ხაშურიდან ცხრამუხამდე და პირიქით), არც მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე გადმოვიდა ავტომანქანიდან და მძღოლის მხარეს კართან გაჩერდა, არაფერი უთქვამს არც დაზარალებულისთვის და არც გ------------------ისთვის. ის, რომ არ---–---------–---–ი, იმის მიუხედავად, რომ გადმოსული იყო ავტომანქანიდან, მაინც ხედავდა, რაც ხდებოდა დაზარალებულსა და გ------------------ეს შორის და მას მათი დიალოგიც ესმოდა, მხოლოდ დაზარალებულის ვარაუდია; სხვა მტკიცებულება, რაც არ---–---------–---–ის დანაშაულებრივ შემხებლობას დაადასტურებდა გ------------------ის მიერ ჩადენილ ქმდებასთან, ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული მტკიცებულებით არ არის უარყოფილი დაზარალებულის ჩვენება, რომ არ---–---------–---–ი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------------------ემ და არ---–---------–---–მა დანაშაული ჩაიდინეს ჯგუფურად. ბრალდების ამ ნაწილში არ არის წარმოდგენილი ურთიერთ შეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, ანუ არ არის სახეზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის, მოცემულ შემთხვევაში, არ---–---------–---–ის ბრალდებაში.
3.1.17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება, რომლითაც დასტურდება მისი მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, არ შეიძლება დაედოს საფუძვლად პირის მსჯავრდებასა და გამამტყუნებელ განაჩენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 გადაწყვეტილება).
3.1.18. ამდენად, დაზარალებულის ჩვენების გარდა, პირდაპირი მტკიცებულება (და არც, თუნდაც, ირიბი), რაც, დაადასტურებდა არ---–---------–---–ის მიერ დ----- მ-------ის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა. შესაბამისად, ბრალდებული არ---–---------–---–ი მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო უნდა გამართლდეს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
3.2.1. ბრალდების ამ ნაწილში გ------------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
გ------------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 7 ოქტომბერს 12:25 საათიდან 12:40 საათამდე დროის მონაკვეთში, სოფელ ქვიშხეთში შემავალ საავტომობილო გზაზე, ლიანდაგზე გადასასვლელთან ჩატარდა გ------------------ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულია შავი ფერის ჯინსის შარვლის უკანა მარცხენა მხარეს ქამარში ჩადებული შავი ფერის პისტოლეტი მჭიდით და ექვსი ცალი ვაზნით, შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია დანა და მობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად, შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია გაზეთის ფურცელში გახვეული, მძაფრი სუნის მქონე მცენარული მასა, ქურთუკის შიდა მარცხენა მხარეს ჯიბიდან ამოღებულია წიგნის ფურცელში გახვეული მცენარული მასა, ქურთუკის მარჯვენა მხარეს ჯიბეში ეყარა მძაფრი სუნის მქონე მცენარული მასა.
3.2.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსმა შოთა ალიმბარაშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ დ----- მ-------ეზე ყაჩაღურ თავდასხმასთან დაკავშირებით ხაშურის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც მასთან ერთად იყვნენ დ----- ჯეირანაშვილი, ალექსანდრე თევზაძე, გიორგი კორკოტაძე და ზაზა ტაბატაძე. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გ------------------ე უნდა ყოფილიყო სოფელ ქვიშხეთში და თან უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი. პოლიციელები გადაადგილდებოდნენ მისი მანქანით - შავი ფერის ,,გოლფით“. სოფელ ქვიშხეთში შესვლის დროს, როდესაც გადაიარეს რკინიგზის ლიანდაგზე არსებული გადასასვლელი, დაინახეს, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა ვერცხლისფერი ტაქსი, რომელშიც წინა სავარძელზე მძღოლის გვერდით იჯდა გ------------------ე. პირადად მან ტაქსი დაინახა დაახლოებით ,,30-40 ან, შესაძლოა, 50 მეტრში“. მანქანა გაუჩერა წინ, გადაუკეტა გზა, რომ ტაქსის ვეღარ გაეგრძელებინა მოძრაობა. მასზე ადრე დ----- ჯეირანაშვილმა მოასწრო გადასვლა, იმავე დროს გ------------------ემ გააღო კარი და აპირებდა გაქცევას; მან (გ------------------ემ) დ----- ჯეირანაშვილს დაარტყა ხელი და დაიწყეს ,,ძიძგილაობა“ . ამასობაში თვითონაც (მოწმე) მივარდა, თანაც მოესმა დათოს (ჯეირანაშვილის) ყვირილი - იარაღი აქვს, ფრთხილად იყავითო. გ------------------ე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, ცდილობდა, გაქცეულიყო. შემდეგ, როდესაც ყველა ერთად მივარდა, დააწვინეს ძირს, დაადეს ხელბორკილი. მოწმისავე განმარტებით, იარაღი გ------------------ისგან პირადად მან ამოიღო, რომ რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო და გადასცა ზაზა ტაბატაძეს, რის შემდეგაც ჩატარდა პირადი ჩხრეკა - ამოიღეს ტელეფონი, დანა და გაზეთში გახვეული მცენარული რაღაცა მასა. სათანადო ოქმი შედგა ადგილზე, ამოღებული ნივთები დაილუქა.
3.2.3. მოწმემ დაბეჯითებით განმარტა, რომ, გ------------------ე იწვა ძირს, როდესაც მისგან ამოიღო იარაღი, შემდეგ წამოაყენეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა; დაკავებისას გ------------------ეს დაზიანებები არ მიუღია და, როგორც ახსოვს, რომ აკავებდნენ, სახეზე რაღაც დაზიანებები უკვე ჰქონდა.
3.2.4. იგივე დაადასტურა მოწმედ დაკითხვისას დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ალექსანდრე თევზაძემ; დამატებით აღნიშნა, რომ დაკავებისას გ------------------ე მათ უწევდა წინააღმდეგობას, რაც გამოიხატებდა იმაში, რომ ხელი დაარტყა დ----- ჯეირანაშვილს და შემოახია სამსახურებრივი ფორმის ,,ჟილეტი“. იმის მიუხედავად, რომ პოლიციელები ერთი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, მან, შოთა ალიმბარაშვილისაგან განსხვავებით, ტაქსი შენიშნა 10 მეტრში. მანაც აღნიშნა, რომ მიწაზე წაქცეული გ------------------ისგან იარაღი ამოიღო შოთა ალიმბარაშვილმა და მიაწოდა ზაზა ტაბატაძეს, და რომ უშუალოდ დაკავება ბრალდებულისა მოხდა ტაქსიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით. ტაქსის მძღოლთან დაკავშირებით განმარტა, რომ ისიც გადმოვიდა, ალბათ, ავტომანქანიდან და იქვე იქნებოდა.
3.2.5. გიორგი კორკოტაძემ აღნიშნა, რომ უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელია და იგი მონაწილეობდა გ------------------ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. ამ ნაწილში მისი ჩვენება არსებითად არ განსხვავდება დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილე სხვა პოლიციელთა ჩვენებისგან; მანაც დაადასტურა, რომ გ------------------ე დააკავეს მაშინ, როდესაც იგი ტაქსიდან გადმოსვლასა და გაქცევას ცდილობდა - წააქციეს მიწაზე, დაადეს ხელბორკილი და ისე, რომ ჯერ კიდევ მიწაზე იწვა, მისგან შოთა ალიმბარაშვილმა ამოიღო შავი ფერის იარაღი, რომელიც დადო მანქანის ,,კაპოტზე“; გ------------------ე გაჩხრიკეს მას შემდეგ, რაც ფეხზე წამოაყენეს. იარაღი განმუხტა ზაზა ტაბატაძემ, ოქმიც მან შეადგინა ადგილზე. ისიც აღნიშნა, რომ დაზიანებები გ------------------ეს დაკავებისას არ მიუღია, დაკავებამდე ჰქონდა. ტაქსის მძღოლისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მთლიანად მობილიზებული იყო დასაკავებელი პირისკენ, რომელსაც იარაღი ჰქონდა.
3.2.6. იგივე განმარტება მისცა სასამართლოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზაზა ტაბატაძემ, რომელმაც შეადგინა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი; მანაც დაბეჯითებით აღნიშნა, რომ ტაქსიში, რომელსაც ,,დაუბურავი ფანჯრები“ ჰქონდა და ყველაფერი ნათლად ჩანდა, გ------------------ე იჯდა მძღოლის გვერდით, წინა სალონში. ასევე დაბეჯითებით დაადასტურა, რომ მანქანიდან გადმოსვლისა და გაქცევის მცდელობისას დააკავს გ------------------ე, წააქციეს მიწაზე, და რომ წაქცეულისგან იარაღი ამოიღო შოთა ალიმბარაშვილმა და მას გადასცა. პირადი ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღეს დანა, მობილური ტელეფონი და მცენარული მასა. იმაზეც მიუთითა, რომ გ------------------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც დაკავებისას არ მიუღია. შემთხვევის ადგილიდან მან წამოიყვანა ტაქსი - თვითონ იჯდა საჭესთან და მანქანაში იმყოფებოდა ტაქსის მძღოლიც.
3.2.7. ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ დ----- ჯეირანაშვილმა, რომელსაც მოცემულ საქმეზე დაზარალებულის სტატუსიც აქვს, განმარტა, რომ ინფორმაცია გ------------------ის სოფელ ქვიშხეთში ყოფნასთან დაკავშირებით მან მიიღო; შესაბამისად, შექმნა ჯგუფი და უშუალოდაც მონაწილეობდა ბრალდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. მისი ჩვენება ძირითადად ემთხვევა დაკავებისა და ჩხრეკის მონაწილე დანარჩენ პოლიციელთა ჩვენებებს. მანაც განმარტა, რომ გ------------------ე ტაქსიში იჯდა მძღოლის გვერდით, იმის გამო, რომ მის მხარეს მოხდა ტაქსის გაჩერება, ის პირველი იყო რომელიც გადავიდა ავტომანქანიდან და მივარდა გ------------------ესთან, რომელსაც კარი გამოღებული ჰქონდა და თითქმის გადმოსული იყო ავტომანქანიდან; შეეცადა მის დაკავებას, დაიწყეს ძიძგილაობა და ასე მივიდნენ მანქანის საბარგულამდე; იარაღიც მან შენიშნა პირველმა და დანარჩენ პოლიციელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. მოწმისავე განმარტებით, გ------------------ემ, რომელიც გაქცევას ცდილობდა, ჯერ ხელი დაარტყა კეფის არეში, შემდეგ შემოახია ,,ჟილეტიც“. დანარჩენ პოლიციელთა მსგავსად მანაც აღნიშნა, რომ გ------------------ისგან იარაღი ამოიღეს მაშინ, როდესაც იგი (ბრალდებული) მიწაზე ჰყავდათ წაქცეული, რის შემდეგაც წამოაყენეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. დაკავებისა და ჩხრეკის დროს ტაქსის მძღოლისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ვარაუდობს, რომ იქვე იდგებოდა და ყველაფერს დაინახავდა.
3.2.8. მოწმე თამაზ მეტრეველმა სასამართლოს განუმარტა, რომ ტაქსის მძღოლია; თვე და რიცხვი არ ახსოვს, ქვიშხეთიდან მოდიოდა; მოსაცდელზე ხელი დაუქნია და გააჩერა გ------------------ემ; მას იცნობს, როგორც ხაშურელს და როგორც პირს, რომელსაც ბევრჯერ უსარგებლია მისი ტაქსით. ხაშურში წაყვანა სთხოვა და რომ ჩაჯდა, ,,დაუგდო“ ხუთლარიანი. მანქანა მალევე გააჩერებინა მაღაზიასთან - სიგარეტს ვიყიდიო; იყიდა, განაგრძეს გზა. რკინიგზის გადასასვლელ ბარიერთან, მანქანა ,,შეუხვდა“ წინ, საიდანაც გადმოვიდნენ პოლიციელები. ტაქსიში მგზავრი იჯდა უკანა სალონში, მგზავრის მხარეს კარები გაიღო; ვინ გააღო მისი მანქანის კარი და გადადიოდა თუ არა ვინმე, მისთვის უცნობია, არ გაუხედავს უკან, გზას უყურებდა წინ. პოლიციამ მანქანიდან არ გადმოუშვა; როდესაც დართეს ნება, რომ მანქანიდან გადმოსულიყო, მიიყვანეს და აჩვენეს - გ------------------ეს ხელები უკან გაკავებული ჰქონდა, მანქანასთან ჰყავდათ, იდგა ფეხზე და შავი ფერის იარაღი ჰქონდა საქამრეში ,,გარჭობილი“. ისიც უთხრეს, ,,ნახე, ვინ გიჯდაო მანქანაში“. მოწმის განმარტებით, მას პოლიციელის დახეული ჩასაცმელიც აჩვენეს; სხვა არაფერი დაუნახავს, არ იცის, სხვა ნივთებიც თუ ამოიღეს ჩხრეკის შედეგად, არ დაუნახავს, იყო თუ არა გ------------------ე მიწაზე წაქცეული; აღნიშნავს, რომ პოლიციელებმა მანქანა 5-10 მეტრში გადაუყენეს. იმაზეც მიუთითა, რომ გ------------------ე მისი ავტომანქანის უკანა კარებთან დააკავეს, რადგან მგზავრი უკანა სალონში იჯდა. თვითონ ისე იყო შეშინებული, არ გაუხედავას, რომ დაენახა, რა ხდებოდა.
3.2.9. ბრალდებულმა გ------------------ემ ბრალდების ამ ნაწილთან დაკავშირებით სასამართლოს განუმარტა, რომ ცეცხლსასროლ იარაღთან, რომელიც დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით მისგან ამოიღეს, შეხება არა აქვს. 2017 წლის 7 ოქტომბერს ქვიშხეთში პირად საქმეზე იმყოფებოდა; ხაშურიდან ქვიშხეთამდე ჩავიდა იმავე ტაქსით, რომლითაც ქვიშხეთიდან ბრუნდებოდა. ხაშურისკენ მომავალმა გზად გააჩერებინა ავტომანქანა და მაღაზიაში შეიძინა სიგარეტი, ჩაჯდა უკანა სალონში და განაგრძეს მოძრაობა ხაშურის მიმართულებით; მალევე პოლიციამ გადაუკეტათ გზა და მოხდა მისი დაკავება; გაქცევა არც უფიქრია, ავტომანქანიდან გადმოაგდეს, დარტყმა იგრძნო თავის არეში და გონება დაკარგა, და როდესაც გონს მოვიდა, მიწაზე იჯდა მანქანის საბურავთან, ედო ხელბორკილი და საქამრეში რაღაც სიმძიმეს გრძნობდა; აღმოჩნდა, რომ იარაღი ყოფილა.
3.2.10. სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის №61/ბ დასკვნის შესაბამისად, გამოსაკვლევი ობიექტი, რომელსაც არ გააჩნია საიდენტიფიკაციო ნომერი, არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტის მოდელი ,,VEZIRHAN KARIZMA“. იარაღს ლულის არხში არ გააჩნია სპეციალური, სტაციონარული ტიხარი-მზღუდავი, რომელიც ხელს უშლის ჭურვების გასროლას. წარმოდგენილი პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 6 ცალი ობიექტი არის კუსტარული წესით დამუხტული 9 მმ ნომინალური კალიბრის ვაზნა. წარმოდგენილი ვაზნები მიეკუთვნება 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად.
3.2.11. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი“-ს გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ 2017 წლის 7 ოქტომბერს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე დროის მონაკვეთში განხორციელებული ვიდეო ჩანაწერები, რომელთა გამოკვლევა მოხდა სასამართლო სხდომაზე. ვიდეო მასალის მიხედვით, ტაქსის, რომლითაც 2017 წლის 7 ოქტომბერს იასარგებლა გ------------------ემ, მინები არის დაბურული. რაც შეეხება იმ ფაქტის, რომ მითითებული ტაქსით იმგზავრა გ------------------ემ ხაშურიდან ქვიშხეთამდეც, რის დასტურადაც დაცვის მხარე უთითებს ვიდეომასალაზე - ხაშურში, კონკრეტულ ადგილას გაჩერებულ ტაქსისთან მიდის გ------------------ე და ჯდება ავტომანქანაში - ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნება გაზიარებული. ის, რომ იგი ჩაჯდა ავტომანქნაში, რომელიც წავიდა გარკვეული მიმართულებით, საკმარისი არ არის იმ გარემოების უტყუარად დადასტურებისთვის, რომ ამავე ტაქსით ჩავიდა ბრალდებული ქვიშხეთში, მით უმეტეს, რომ ტაქსის მძღოლმა ასეთი ფაქტი ვერ გაიხსენა. დაცვის მხარის მიწმის ირაკლი მარკოზაშვილის ჩვენება, რომ ქვიშხეთში იმ ოჯახში, სადაც სტუმრად იმყოფებოდა, გ------------------ე მივიდა ტაქსით, რომლითაც შემდეგ უკანაც გამობრუნდა, ნათლად ვერ ადასტურებს ტაქსის იგივეობას; მოწმეს ახსოვს მხოლოდ ავტომანქანის ფერი და განმარტავს, რომ იყო ,,ოპელის“ მარკის...
3.2.12. დაკავებისა და ჩხრეკის მონაწილე პილიციელთა ჩვენებები, იმ ნაწილში, რომ გ------------------ე იწვა მიწაზე, როდესაც მისგან ამოიღეს იარაღი, და რომ გ------------------ე ავტომანქნაში რომლითაც იგი გადაადგილდებოდა, იჯდა წინა სალონში, მძღოლის გვერდით, ერთმანეთის იდენტურია, მაგრამ არსებითად განსხვავებულია თამაზ მეტრეველის (ტაქსის მძღოლის) ჩვენებისაგან. გაურკვევლია, მიწაზე წაქცეული გ------------------ისგან ამოღებული იარაღი, როგორ და რა ვითარებაში აღმოჩნდა ხელახლა უკვე ფეხზე წამომდგარი გ------------------ის საქამრეში. ასევე გაურკვეველია, ტაქსის მძღოლი, რომელიც სად და რა მდგომარეობაში იყო უშუალოდ ბრალდებულის დაკავებისა და მისთვის ჩხრეკის ჩატარების დროს, პოლიციელებმა ვერ გაიხსენეს, რატომ გაახსენდათ მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმისთვის, რომ ეჩვენებინათ გ------------------ის საქამრეში ხელახლა აღმოჩენილი შავი ფერის იარაღი, ასევე ეჩვენებინათ დ----- ჯეირანაშვილის დაზიანებული ჟილეტი. კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რომ თუკი ადგილზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტაქსის მძღოლისთვის (ნეიტრალური მოწმისთვის) ეჩვენებინათ გ------------------ის პირადი ჩხრეკის შედეგები, რის მიხედვით გადაწყდა, რომ მოწმეს მხოლოდ იარაღი უნდა ენახა, მაშინ, როდესაც ჩხრეკის შედეგად სხვა ნივთებიც არის ამოღებული. ასევე საინტერესოა, ბალისტიკური ექსპერტიზის გარდა ნივთიერ მტკიცებულებაზე რატომ არ ჩატარდა სხვა ტიპის კვლევა (-ები), რომლის შედეგადაც შესაძლოა, მეტი ინფორმაცია მიეღო გამოძიებას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ერთ-ერთი მოწმე პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ, რაც შოთა ალიმბარაშვილმა გ------------------ისგან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, დადო მანქანის კაპოტზე. ამ ნაწილში, გარდა იმისა, რომ პოლიციელთა ჩვენებებში არის გარკვეული წინააღმდეგობა, ასევე ჩნდება ეჭვი - შემთხვევის ადგილზე რამდენად იყო დაცული ნივთიერი მტკიცებულება; უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი ნივთიერ მტკიცებულებაზე (იარაღზე) დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
3.2.13. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ სად იჯდა გ------------------ე ტაქსით გადაადგილებისას - ამ შემთხვევაშიც არსებითად განსხვავდება ტაქსის მძღოლის განმარტება პოლიციელთა ჩვენებისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ თამაზ მეტრეველის ჩვენება შედარებით სარწმუნოა, რადგან მძღოლმა, სავარაუდოდ, უკეთ უნდა იცოდეს (ახსოვდეს), სად იჯდა მისი მგზავრი, მით უმეტეს, რომ მან დამაჯერებლად აუხსნა სასამართლოს, რომ მგზავრი იჯდა უკან და როდესაც მისი მგზავრის მხარეს კარი გაიღო, ის (მოწმე) გზას უყურებდა, სადაც მანქანა ჩაუყენეს და რადგან უკან ვერ მიიხედა, არ დაუნახავას, რა მოხდა.
3.2.14. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
3.2.15. დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, რომლითაც გ------------------ე ბრალდებულად იქნა ცნობილი, არაფერია ნათქვამი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, მხოლოდ შესაბამისი მუხლის შესაბამისი ნაწილია მითითებული.
3.2.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ნაწილში ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების განხილვისა და გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა გ------------------ის მიერ ცეცხლსასროილი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტი.
3.2.17. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ბრალდების ამ ნაწილში გ------------------ის უდანაშაულოდ ცნობა ეჭვქვეშ არ აყენებს ბრალდებულის მიერ იარაღის გამოყენებით დაზარალებულ დ----- მ-------ისგან თანხის გამოძალვის ფაქტს.
3.3. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
3.3.1. ბრალდების ამ ნაწილში გ------------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
ბრალდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების შოთა ალიმბარაშვილის, ალექსანდრე თევზაძის, ზაზა ტაბატაძის, გიორგი კორკოტაძისა და დ----- ჯეირანაშვილის განმარტებით, გ------------------ის მხრიდან წინააღმდეგობა გამოიხატა იმაში, რომ დაკავებისას დ----- ჯეირანაშვილს დაარტყა ხელი, დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის ჯილეტი და, ზოგადად, ცდილობდა თავის დაღწევასა და მიმალვას.
3.3.2. გ------------------ემ ბრალდების ამ ნაწილში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იმდენად სწრაფად და მოულოდნელად მოხდა მისი დაკავება, რომ არ ჰქონია მცდელობა და ვერც შეძლებდა, რომ პოლიციელისთვის, კერძოდ, დ----- ჯეირანაშვილისთვის ხელიც დაერტყა, მისი ჟილეტიც დაეზიანებინა. აღნიშნა, რომ დაკავებისას, პირიქით, მან (ბრალდებულმა) მიიღო დაზიანებები.
3.3.3. საქმეშია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დ----- ჯეირანაშვილმა 2017 წლის 7 ოქტომბერს მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმავე დღეს დატოვა და სადაც დაუდგინდა კეფის მიდამოს დაჟეჟილობა.
3.3.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა მალხაზ მაჭავარიანმა, გარდა იმისა, რომ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა, დამატებით განმარტა, რომ რადგან ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებში დ----- ჯეირანაშვილის სხეულზე მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის, გადაჭრით იმის თქმა, თუ რას შეეძლო გემოაეწვია ეს დაჟეჟილობა, შეუძლებელია.
3.3.5. საქმეშია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დ----- ჯეირანაშვილის სამსახურებრივი ფორმის ჟილეტზე აღენიშნება დაზიანებები ნაჭრის გახევის სახით და რომ აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
3.3.6. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს - მისი პირადი უსაფრთხოება.
3.3.7. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, შესაძლოა, გამოიხატოს, მაგალითად, გარკვეული სამართალდარღვევის აღკვეთისათვის ხელის შეშლაში, შესაბამისად, ის მოცემულობა, როდესაც პირს აკავებენ მისი ნების საწინააღმდეგოდ და, ამასთან, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების საჭიროებაც არის, რა დროსაც შესაძლოა, დაზიანდეს პოლიციელის ტანსაცმელი (რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში), არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. გ------------------ის ქმედება შესაძლოა, შეიცავდა წინააღმდეგობის გარკვეულ ელემენტებს, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ხდებოდა მისი, როგორც ბრალდებულის, დაკავება, არ შეიძლება შეფასდეს ისე, როგორც გარკვეული სამართალდარღვევის აღკვეთისთვის ხელის შეშლა.
3.3.8. ბრალდების ამ ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის მიზნით, გ------------------ის მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას.
3.4. ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
3.4.1. გ------------------ემ ბრალდების ამ ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 7 ოქტომბერს, სოფელ ქვიშხეთში, კონკრეტულ ადგილას ნახა მცენარე და ,,შეაცალა“ ფოთლები, და რომ დაკავებისას სწორედ ეს ნედლი მარიხუანა იქნა ამოღებული მისგან.
3.4.2. ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შეძენა-შენახვის ფაქტი ასევე დასტურდება პოლიციელების შოთა ალიმბარაშვილის, დ----- ჯეირანაშვილის, ალექსანდრე თევზაძის, ზაზა ტაბატაძისა და გიორგი კორკოტაძის ჩვენებებით, რომელთა მიერაც მოხდა გ------------------ის დაკავება და მისთვის პირადი ჩხრეკის ჩატარება.
3.4.5. სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №24/სქ დასკვნის მიხედვით, გ------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის ნედლი მცენარული მასა წონით 23,14 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ნედლ მარიხუანას.
3.4.6. გ------------------ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ნივთიერი მტკიცებულებითაც.
3.5. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
3.5.1. არ---–---------–---–მა ბრალდების ამ ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ როდესაც პოლიცია მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების გასაჩხრეკად მივიდა, იფიქრა, რომ იპოვიდნენ მის მიერ შენახულ მარიხუანას, შეეშინდა და წავიდა სახლიდან - რაღაც დროით მიმალვაში იმყოფებოდა.
3.5.2. ბრალდების ამ ნაწილში არ---–---------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
3.5.3. არ---–---------–---–ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა 2017 წლის 7 ოქტომბერს 12:15 საათიდან 14:15 საათამდე დროის მონაკვეთში, ხაშურში, შოთა რუსთაველის ქუჩის №54-ში. ჩხრეკის შედეგად დამხმარე სათავსიდან ამოღებულია მცენარული მასა (ორი სხვადასხვა შეფუთვით) და ორი ცალი ჯამი.
3.5.4. ბრალდებულის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შეძენა-შენახვის ფაქტი დასტურდება პოლიციელების მამუკა ტაბატაძის, პაატა ხვედელიძის, მიხეილ ლომიძისა და საბა მიქელაძის ჩვენებებით, რომელთა მიერაც ჩატარდა საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკა; ბრალდებულის ძმის, რამაზ ღონიკიშვილის ჩვენებით, რომელიც საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ესწრებოდა.
3.5.5.სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №25/სქ დასკვნის მიხედვით, არ---–---------–---–ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკისას ამოღებული მცენარული მასა წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუნას საერთო წონით 100,92 გრამს.
3.5.6. არ---–---------–---–ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასევე დასტურდება ნივთიერი მტკიცებულებებითაც.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში გ------------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების საფუძველს სწორედაც რომ არ წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად უტყუარად არ დადასტურდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა.
4.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დადასტურდა ბრალდებულ გ------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
4.4. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია გამოძალვისთვის. საკუთრებითი ურთიერთობის გარდა, რომელიც ამ დანაშაულის ძირითად ობიექტს წარმოადგენს, დანაშაულის დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. გამოძალვის საგანი შეიძლება, იყოს როგორც ქონება, ასევე უფლება ნებისმიერ ქონებაზე. ობიექტურად ეს დანაშაული გამოიხატება დამნაშავის მოთხოვნაში, რომელიც მიმართულია ქონების მესაკუთრისადმი/მფლობელისადმი, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამასთან, მოთხოვნას აუცილებლად უნდა ერთვოდეს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება ვლინდებოდეს, მაგალითად: ძალადობის გამოყენების, სხვისი ქონების განადგურების, დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარის ფორმით, რაც სახელის გამტეხი არ არის, მაგრამ მისმა გავრცელებამ შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის უფლებები. დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მუქარის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიერ მუქარის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად იყოს აღქმული, მიუხედავად იმისა, დამნაშავე რეალურად აპირებდა თუ არა მუქარის განხორციელებას. გამოძალვისთვის დამახასიათებელ გადამწყვეტ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ძალადობის გამოყენების მუქარა ხორციელდება არა უმალვე, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. სწორედ ეს განასხვავებს გამოძალვას ძალადობრივი ძარცვისა და ყაჩაღობისაგან, როდესაც ძალადობის გამოყენების მუქარა ქონების დაუფლებასთან ერთად რეალიზდება. გამოძალვის დროს ეს მუქარა მომავლისკენაა მიმართული. ამიტომ ქონების დაუფლებაც მაშინვე კი არ ხდება, არამედ გარკვეული დროის შემდეგ. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, დამნაშავემ იცის, რომ უკანონოდ მოითხოვს სხვისი ქონების ან ქონებრივი უფლებით სარგებლობის გადაცემას და სურს იგი. დანაშაულის მოტივი ანგარებითია.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ------------------ე დაემუქრა დ----- მ-------ეს, რომ თუ მოთხოვნილ თანხას არ გადასცემდა არამხოლოდ მას, არამედ მის ძმასაც აწამებდა, რაც დაზარალებულმა, რომლისკენაც იარაღიც იყო მიმართული, რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამრიგად, ბრალდებულის ქმედება უნდა შეფასდეს არა ყაჩაღობად, არამედ გამოძალვად, შესაბამისად, მისი ქმედება, რაც დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4.6. ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------------------ემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4.7. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ---–---------–---–მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4.8. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. არ---–---------–---–ი ბრალდებულად არის ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის. ბრალდების ამ ნაწილთან დაკავშირებით პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლიობაში დაადასტურებდა, რომ არ---–---------–---–მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა. შესაბამისად, ბრალდების ამ ნაწილში, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო ბრალდებული უნდა გამართლდეს.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
როგორც გ------------------ის, ისე არ---–---------–---–ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შეძენისა და შენახვის ფაქტს. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს - საქმის განხილვის შედეგად არ გამოვლენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლოს საქმიანობის ერთ-ერთ ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას; ამასთან, სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი და ემსახურებოდეს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
6.2. გ------------------ეს სასჯელის სახით, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2731 მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, რის შემდეგაც, საბოლოოდ გ------------------ეს სასჯელის სახით დაენიშნება თავისუფლების აღკვეთა.
6.3. არ---–---------–---–ს სასჯელის სახით, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრლდებული წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ყოფილა მსჯავრდებული, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემული სასჯელებით შესაძლებელია, ბრალდებულებმა მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6.5. ბრალდებულებს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გარკვეული უფლებები უნდა შეეზღუდოთ ამავე კანონით განსაზღვრული ვადით.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. ნივთიერი მტკიცებულებები ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და საბრძოლო მასალით, უნდა გადაიგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში;
7.2. საკანცელარიო დანა უნდა განადგურდეს;
7.3. გ------------------ისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა წონით 3,63 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა წონით 23,14 გრამი, გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარული მასა, საიდანაც გამომშრალი მარიხუანა შეადგენს 0,784 გრამს, ასევე არ---–---------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედაგად ამოღებული გამომშრალი მარიხუანა საერთო ოდენობით 100,92 გრამი, უნდა განადგურდეს;
7.4. არ---–---------–---–ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი ჯამი უნდა დაუბრუნდეს არ---–---------–---–ს;
7.5. სამსახურებრივი ფორმის ,,ჟილეტი“ უნდა დაუბრუნდეს დ----- ჯეირანაშვილს;
7.6. გ------------------ისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს;
7.7. დაზარალებულ დ----- მ-------ეს უნდა დაუბრუნდეს მისი კუთვნილი ავტომანქანის სავარძლის გადასაფარებელი;
7.8. ავტომანქანის დათვალიერებისას აღებული მიკრონაწილაკები, ნიმუშები და ხელის თითის კვალები უნდა განადგურდეს;
7.9. დისკები და მეხსიერების ბარათი, რომლებზეც დატანილია გარკვეული ინფორმაცია, უნდა დაერთოს საქმეს და მათი შენახვა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7.10. ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (როგორც ნედლი, ისე გამომშრალი) ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, ხოლო დანარჩენი ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 270-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ------------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.გ------------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
3.გ------------------ე ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
4.სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე საბოლოოდ გ------------------ეს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყოს დაკავების დღიდან, 2017 წლის 7 ოქტომბრიდან;
5. გ------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
6. გ------------------ეს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით;
7. მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
8. არ---–---------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
9. არ---–---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყოს დაკავების დღიდან 2017 წლის 7 ნოემბრიდან;
10. არ---–---------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
11. არ---–---------–---–ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით;
12. ნივთიერი მტკიცებულებები ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და საბრძოლო მასალით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაიგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში;
13. საკანცელარიო დანა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
14. გ------------------ისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა წონით 3,63 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა წონით 23,14 გრამი, ქაღალდში გახვეული გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარული მასა, საიდანაც გამომშრალი მარიხუანა შეადგენს 0,784 გრამს, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
15. არ---–---------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედაგად ამოღებული გამომშრალი მარიხუანა საერთო ოდენობით 100,92 გრამი, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო ასევე ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი ჯამი დაუბრუნდეს არ---–---------–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
16. სამსახურებრივი ფორმის ,,ჟილეტი“ დაუბრუნდეს დ----- ჯეირანაშვილს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
17. გ------------------ისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს;
18. დაზარალებულ დ----- მ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მისი კუთვნილი ავტომანქანის სავარძლის გადასაფარებელი;
19. ავტომანქანის დათვალიერებისას აღებული მიკრონაწილაკები, ნიმუშები და ხელის თითის კვალები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
20. დისკები და მეხსიერების ბარათი, რომლებზეც დატანილია გარკვეული ინფორმაცია, დაერთოს საქმეს და მათი შენახვა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
21. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
22. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი