განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-418-18
(№012140518010)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე: ბრალდებული გ-------------–---–ი, დაბადებული 16.11.1--- წ., პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, მ----–---–----------------------–--–---------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ეან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ლ---–----------–---–ს მისი შვილი, ბრალდებული გ-------------–---–ი წლების განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, უყვიროდა, სთხოვდა ფულს და ეჩხუბებოდა, რაც ლ---–----------–---–ისათვის იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა მის ტანჯვას.
2018 წლის 14 მაისს გ-------------–---–ი კვლავ აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას ლ---–----------–---–ს და აპირებდა მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც „ბეის ბოლის“ ჯოხის დარტყმითა და წიხლებით, რასაც მოახერხებდა რომ არა ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჩარევა კონფლიქტში.
აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 7-8 მაისს (14.05.2018 წლის ლ---–----------–---–ის გამოკითხვამდე ერთი კვირით ადრე), დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. რუსთავში, მ--------------------–---------–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ლ---–----------–---–ს მისმა შვილმა გ-------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარჯვენა მკლავზე დაარტყა ხელი და ამავე ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც ლ---–----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებული ლ---–----------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მისი შვილი გ-------------–---–ი 22 წლის განმავლობაში 5-ჯერ არის ნასამართლევი. არასდროს მიუტოვებია და უკეთებდა ყველაფერს, რაც დედას ევალებოდა. მისი ვაჟი ციხიდან გამოსვლის შემდეგ იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს და მთვრალი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გარდა ამისა, ყველაფერს ართმევდა, სახლის კარს უკეტავდა, რის გამოც ღამეს ხშირად მეზობლებთან ათევდა. ამასთან მის მიმართ ტანჯვის მიყენების მიზნით ღამე ტელეფონზე ზარს უშვებდა რომ გაღვიძებოდა, სასწრაფოს გამოძახებისას ექიმებს კარს არ უხსნიდა. მათთან მცხოვრებ გ----ს მოყვანილ პიროვნებას, მის ნათლიას, ი---------–--ესაც ასევე აყენებდა შეურაცხყოფას.
2018 წლის 7-8 მაისს გ-------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელზე ხელი მოუჭირა ძლიერად, რის გამოც დაულურჯდა და ტკივილისგან ყვიროდა.
2018 წლის 14 მაისს გ-------------–---–მა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბეისბოლის ჯოხით გაიქცა მისკენ დასარტყმელად, მაგრამ ვერ შეძლო დარტყმა, რადგან შეაჩერა მისმა ქალიშვილმა, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა მათთან. შვილის საქციელით თავს გრძნობს დამცირებულად და შეურაცხყოფილად (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი---------–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ გ-------------–---–ი მისი ნათლულია და მათ ოჯახში ცხოვრობს რამდენიმე წელია, ქ. რუსთავში მ----------ის ქუჩაზე. გ-------------–---–ი სიმთვრალეში არის კონფლიქტური დედის მიმართ. პერიოდულად ალკოჰოლური სასმელების ხშირად მიღების გამო აქვს ე.წ. ”ზაპოი”. 2018 წლის 14 მაისს საღამოს გ----ს ოთახიდან ხმაური ესმოდა. ოთახში იყვნენ ასევე ლ---–ა და ნ-------------–---–ები. გ--------------–---–ი იყო მთვრალი და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა დედას. დედაზე ხელის დარტყმა მას არ დაუნახავს. ჩხუბის დროს გ-------------–---–ს ბეისბოლის ჯოხის დარტყმა უნდოდა დედისთვის, მაგრამ მან და ნ-------------–---–მა ამის საშუალება არ მისცეს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ-------------–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ იზრდებოდა კონფლიქტურ ოჯახში, დედ-მამა ხშირად კამათობდა. 15-16 წლის ქუჩაში რჩებოდა, რომ მათ კონფლიქტს არ შესწრებოდა, რის გამოც ქუჩის ბიჭად გადაიქცა, რამდენჯერმე ციხეშიც მოხვდა. შარშან მარიხუანა აღმოაჩინეს მისი სახლის კედელში და ისიც მას დაბრალდა და აღნიშნულის გამო გასამართლდა. ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს. დედას დეიდის ზეგავლენით ჰქონდა მასთან კონფლიქტი. დედა ყველა წვრილმანზე ეკამათება, გამოჰყავს წონასწორობიდან. დედისთვის შეუგინებია, მაგრამ არასდროს ფიზიკურად არ შეხებია. 2018 წლის 7-8 მაისს დედასთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. მხოლოდ შეაგინა, მისთვის არ დაურტყამს და არც ხელი არ მოუჭერია მკლავზე. მისივე განმარტებით, 2018 წლის 14 მაისს არ ჰქონია მცდელობა ბეისბოლის ჯოხი დაერტყა დედისთვის. ამ დღეს ნასვამი მივიდა სახლში და მოიკითხა ი---------–--ე, რაზეც უკმეხი პასუხი გასცა დედამისმა, ის კი გაბრაზდა და აგინა. ფიქრობს, რომ დედას მისი დისშვილის სწავლის დაფინანსების გამო სურს ბინის გაყიდვა და ამიტომ უნდა მისი მოშორება.
2.4. 2018 წლის 17 მაისის №003304718 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (ტ. 1, ს.ფ. 55-57) თანახმად: მოქალაქე ლ---–----------–---–ს 15.05.18წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარჯვენა ზედა კიდურზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - ერთი კვირით უფრო ძველია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა ბესიკ მანჯგალაძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ხანდაზმულობით შეესაბამება მითითებულ თარიღს (ერთი კვირის შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა).
გამოძიების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან - შემთხვევის ადგილის დათვალიერებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ჩვენებები მისცეს პატრულ ინსპექტორებმა და გამომძიებლებმა: ვადიმ გოჯაევმა, ნატალია ღარიბაშვილმა, დიმიტრი დუღაშვილმა, მიხეილ მეტრეველმა და გვანცა გოგავამ, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.
4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის მიზნით სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას დედის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ დედის, ლ---–----------–---–ის ჩვენებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ-------------–---–ი, სისტემეტიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 7-8 მაისს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მკლავზე ძლერად ხელის მოჭერით. აღნიშნული ძალადობის კვალი დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 17 მაისის №003304718 დასკვნით, რომლის სანდოობაში საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებისას, სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. ასევე როგორც ლ---–----------–---–ის, ასევე მოწმე ი---------–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომლის სანდოობაში სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ასევე სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს, რომ 2018 წლის 14 მაისს გ-------------–---–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას და აპირებდა მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც „ბეის ბოლის“ ჯოხით.
5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ გ-------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------–---–ს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპების და პრევენციის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ გ-------------–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რაც იქნება ჩადენილი ქმედების ადეკვატური და ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
გ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- სს საქმეზე ამოღებული ბეისბოლის ჯოხი უნდა განადგურდეს (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში);
- სს საქმეზე დართული 3 ცალი DVD დისკი შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის თვის ვადით;
2. გ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 მაისიდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- სს საქმეზე ამოღებული ბეისბოლის ჯოხი განადგურდეს (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში);
- სს საქმეზე დართული 3 ცალი DVD დისკი შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი