განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100115794165
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - დავით კირჩხელი
განსასჯელი - გივ-----–-ძე (დასწრების გარეშე)
ადვოკატი - ნუგ------------–იძე
განსასჯელი - ედუ---------–-----იანი (დასწრების გარეშე)
ადვოკატი - მა-–---------იძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გივ-----–-ძე
მამის სახელი: მიხეილი
დაბადებული: 09.03.1961 წელი
ნასამართლობა: არ მქონე
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
მისამართი: ქობულეთის რაიონი, დაბა ოჩ-------ი, აღმაშენებლის ქ. N5
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი
ბრალდებული: ედუ---------–-----იანი
მამის სახელი: ჟორჟი
დაბადებული: 21.10.1962 წელი
ნასამართლობა: არ მქონე
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
მისამართი: ქობულეთის რაიონი, დაბა ოჩ-------ი, თამარის ქ. N14
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
საბრალდებო დასკვნის თანახმად, გივ-----–-ძეს და ედუ---------–-----იანს ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს:
1. ყაჩაღობა, ე.ი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.
გივ-----–-ძის და ედუ---------–-----იანის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1994 წლის 08 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, გივ-----–-ძე, წინასწარი შეთანხმებით ედუ---------–-----იანთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა ქობულეთის რაიონში, სოფ. მუხაესტატეში არსებულ ჩაის პლანტაციებში დაბა ოჩ-------იდან დაბა მუხაესტატეს მიმართულებით გამავალ საავტომობილო გზაზე ალექსანდრე გა-----–---ოს. დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მოინდომეს მისი კუთვნილი ავტომანქანის და ფულადი თანხის წართმევა, მაგრამ დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს, რის შემდეგ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
სასამართლომ დაადგინა:
2. გივ-----–-ძეს და ედუ---------–-----იანს ყაჩაღობა, ე.ი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა არ ჩაუდენიათ.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების აღწერა:
3. 1994 წლის 08 სექტემბრის შეტყობინების საფუძველზე, ქობულეთის შს რაიგანყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლით, ყაჩაღობის ფაქტზე.
4. 1994 წლის 08 სექტემბრის შეტყობინების ოქმის თანახმად, დაბა ოჩ-------ში უცნობმა პირებმა ალექსანდრ გა-----–---ოს წაართვეს მანქანა.
5. 1994 წლის 08 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად "ოჩ-------ის ნაძვებში" ნაპოვნი ალექსანდრ გა-----–---ოს მანქანიდან ამოღებული იქნა საოჯახო დანა.
6. 1994 წლის 08 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №311 აქტის თანახმად, ალექსანდრე გა-----–---ოს აღენიშნება ნაღღენთები, ნაკაწრები, ნაჭდევები და ჭრილობები, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვი--------–-–-----------------------------------------------------------–------------------------------–---------უკის ჩვენებების ანალიზით ისინი ალექსანდრე გა-----–---ოს მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტის თვითმხილველები არ არის და არც რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.
8. 1994 წლის 27 სექტემბერს დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება გივ-----–-ძის და ედუ---------–-----იანის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და ქუბულეთის რაიონული პროკურორის დადგენილებით მათ შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა.
სამართლებრივი შეფასება:
სახელმწიფო ბრალმდებელმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ვერ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია, სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება გივ-----–-ძეს და ედუ---------–-----იანს მიერ ყაჩაღობის ჩადენა, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას, კერძოდ:
9. საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (1961 წლის რედაქცია) დისპოზიციით ყაჩაღობა არის თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.
სასამართლო განმარტავს, რომ თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დამნაშავის აგრესიული, უეცარი მოქმედება, რაც დაკავშირებულია ძალადობასთან, შესაბამისად ყაჩაღობის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ თავდასხმა დაზარალებულის წინააღმდეგობის გადასალახავად გამოყენებული ქონების დაუფლების საშუალებას წარმოადგენს.
როგორც სასამართლომ აღნიშნა, ყაჩაღობა ორ ობიექტიანი დანაშაულია და დამნაშავეს შეგნებული უნდა ჰქონდეს თავისი მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, უნდა ითვალისწინებდეს და სურდეს მისი საზოგადოებრივად საშიში შედეგების დადგომა. როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ძალადობა, წარმოადგენს რა ყაჩაღობის დროს სხვისი ქონების დაუფლების საშუალებას, გამოიყენება მას შემდეგ რაც პირს გაუჩნდება სხვისი ქონების მისაკუთრების სურვილი.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს განსასჯელი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის ეს მოთხოვნა საგულისხმოა იმ მხრივ, რომ მისი შესრულება განაპირობებს ასევე საქმის ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენას, რაც მომხდარი შემთხვევის სწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველია. საამისოდ აუცილებელია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლით დადგენილი მოთხოვნების თანმიმდევრულად გატარება და განუხრელად დაცვა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა გამოკვლევისას სასამართლო გამოძიების დროს.
12. საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის 508-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა შეიცავდეს დანაშაულის მოტივს. მასში მითითებული უნდა იყოს ასევე მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა.
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
14. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს არ წარმოუდგენია და სხდომაზე არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც არათუ პირდაპირი ხასიათის იქნებოდა, არამედ ირიბად მაინც მიანიშნებდა ედუ---------–-----იანის და გივ-----–-ძის მიერ ყაჩაღობის ჩადენაზე.
15. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ ვერ მსჯელობს ამა თუ იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების თაობაზე, ვინაიდან წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ედუ---------–-----იანის და გივ-----–-ძის მიმართ ასეთი წარმოდგენილი არ ყოფილა.
16. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სათანადო დადასტურება ვერ ჰპოვა განსასჯელ აედუ---------–-----იანის და გივ-----–-ძის მიერ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტმა, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის რედაქცია) 495-ე, 496-ე, 498-ე, 502-ე, 503-ე, 506-ე, 508-ე, 509-ე და 512-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
განსასჯელები ედუ---------–-----იანი და გივ-----–-ძე ცნობილი იქნან უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის (1961 წლის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდნენ.
აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განიმარტოს, რომ გამართლებულებს უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი