განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2018
საქმის ნომერი
010100115793288
დავის ტიპი
152 1
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100115793288

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - დავით კირჩხელი

 

განსასჯელი - აკ--------–-----ნი (დასწრების გარეშე)

ადვოკატი - და----------–-ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: აკ--------–-----ნი

მამის სახელი: მერგირი

დაბადებული: 27.02.1968 წელი

ნასამართლობა: არ მქონე

მოქალაქეობა: სომხეთის მოქალაქე

განათლება: საშუალო

მისამართი: სომხეთის რესპუბლიკა, ქ. ეჩმ----ნი, პუშკინის ქუჩა, სახლი N32

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

17-105-ე მუხლი (1960 წ რედაქცია)

152-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (1960 წ რედაქცია)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, აკ--------–-----ნს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:

 

1. სვ----–----------ანის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალადობის გამოყენებით მისი პირადი ქონების გატაცება.

 

აკ--------–-----ნის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

აკ--------–-----ნმა, 1995 წლის 03 სექტემბერს, ქ. ბათუმში, მელაშვილის ქ. N9, ბინა N1-ში სვ----–----------ანი წააქცია იატაკზე და ხელებით და ელექტრომადუღებელის ,,შნურით’’ დახრჩობის გზით ცდილობდა მის განზრახ მკვლელობას, მას შემდეგ რაც დაზარალებულმა გონება დაკარგა, დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 4000 აშშ დოლარს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. აკ--------–-----ნს, სვ----–----------ანის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალადობის გამოყენებით მისი პირადი ქონების გატაცება არ ჩაუდენია.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების აღწერა:

 

3. 1995 წლის 04 სექტემბერს საფუძველზე, ქ. ბათუმის შს საგამოძიებო განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლით, ძალადობით პირადი ქონების გატაცების ფაქტზე.

 

4. 1995 წლის 04 სექტემბრის დადგენილებით სვ----–----------ანი დაზარალებულად იქნა ცნობილი.

 

5. 1995 წლის 18 სექტემბრის N293 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ათი თითის კვალიდან რვა უვარგისია, ხოლო 2 თითის კვალი არ ეკუთვნის სვ----–----------ანს.

 

6. 1995 წლის 24 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №310 დასკვნის თანახმად, სვ----–----------ანს აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევების სახით კისრის წინა, მარჯვენა და მარცხენა ნახევარში ვრცელ სიფართეზე, რაც მიყენებულია ბლაგვი საგნით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გარეშე.

 

სასამართლო სხდომებზე პროკურორმა ვერ შეძლო დაზარალებულის და მოწმეების წარმოდგენა და მათი გამოძიებაში მიცემული ჩვენებები გამოქვეყნდა.

 

7. დაზარალებულ სვ----–----------ანის 1995 წლის 4 სექტემბრის დაკითხვის ოქმის თანახმად იგი იცნობს "აკოპა" ჯა-–-----ნს, რომელიც ზოგჯერ მასთან სახლში რჩებოდა.ამ უკანასკნელმა შეთავაზა ერევანში წაყვანა, რისთვისაც საჭირო იქნებოდა თანხა. სვ----–----------ანმა შეძლო 4 000 დოლარის მოგროვება, რომლის წართმევის მიზნით აკოფ ჯა-–-----ნმა დაუწყო დახჩობა, ჯერ ხელით, შემდეგ ყავის სადუღარით. დაზარალებულმა გონება დაკარგა. როდესაც გამოფხიზლდა აღმოაჩინა, რომ ფული დაკარგული იყო.

 

8. სასამართლოში გამოქვეყნებული ან----------–---–-----------------––----------–-------–--------------------------------ნის მოწმეთა დაკითხვის ოქმებით ყაჩარობის და მკვლელობის მცდელობის ნაწილში რაიმე ფაქტი არ დადგენილა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ვერ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია, სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება აკოფ ჯა-–-----ნის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ყაჩაღობის ჩადენა, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას, კერძოდ:

 

9. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, ”სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი”.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1995 წელს მოქმედი რედაქცია) განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

10. საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (1961 წლის რედაქცია) დისპოზიციით ყაჩაღობა არის თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დამნაშავის აგრესიული, უეცარი მოქმედება, რაც დაკავშირებულია ძალადობასთან, შესაბამისად ყაჩაღობის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ თავდასხმა დაზარალებულის წინააღმდეგობის გადასალახავად გამოყენებული ქონების დაუფლების საშუალებას წარმოადგენს.

 

როგორც სასამართლომ აღნიშნა, ყაჩაღობა ორ ობიექტიანი დანაშაულია და დამნაშავეს შეგნებული უნდა ჰქონდეს თავისი მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, უნდა ითვალისწინებდეს და სურდეს მისი საზოგადოებრივად საშიში შედეგების დადგომა. როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ძალადობა, წარმოადგენს რა ყაჩაღობის დროს სხვისი ქონების დაუფლების საშუალებას, გამოიყენება მას შემდეგ რაც პირს გაუჩნდება სხვისი ქონების მისაკუთრების სურვილი.

 

11. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს განსასჯელი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის ეს მოთხოვნა საგულისხმოა იმ მხრივ, რომ მისი შესრულება განაპირობებს ასევე საქმის ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენას, რაც მომხდარი შემთხვევის სწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველია. საამისოდ აუცილებელია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლით დადგენილი მოთხოვნების თანმიმდევრულად გატარება და განუხრელად დაცვა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა გამოკვლევისას სასამართლო გამოძიების დროს.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის 508-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა შეიცავდეს დანაშაულის მოტივს. მასში მითითებული უნდა იყოს ასევე მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

15. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს არ წარმოუდგენია და სხდომაზე არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი მტკიცებულება, (გარდა დაზარალებულის დაკითხვის ოქმის) რომელიც არათუ პირდაპირი ხასიათის იქნებოდა, არამედ ირიბად მაინც მიანიშნებდა აკოფ ჯა-–-----ნის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ყაჩაღობის ჩადენაზე.

 

16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის (1998 წლის რედაქცია) სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მისი აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია ასევე თვით მოწმის შუამდგომლობით ან მისი თანხმობით. მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

17. როგორ სასამართლომ აღნიშნა საქმის მიმდინარეობისას არცერთი მოწმე არ დაკითხულა, შესაბამისად მათი გამოძიებაში მიცემული ჩვენებები გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი არ შეიძლება იყოს.

 

18. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სათანადო დადასტურება ვერ ჰპოვა განსასჯელ აკოფ ჯა-–-----ნის მიერ საქართველოს სსკ-ის 17.105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტმა, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის რედაქცია) 495-ე, 496-ე, 498-ე, 502-ე, 503-ე, 506-ე, 508-ე, 509-ე და 512-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

განსასჯელი აკ--------–-----ნი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 17-105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და სსკ-ის 152-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განიმარტოს, რომ გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი