გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1909-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე - გი-------------–---–ი
ადვოკატი- მი----–------–-ა
მოპასუხე - დი------------–---ო
ადვოკატი- ბე-–--------ე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე დი------------–---ოს თავისი შვილის- 1992 წლის 16 ივლისს დაბადებული გი-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით.
სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ გი-------------–---–ი ბავშვობიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარ თავზე, იგი ცხოვრობს ბებიასთან- ზა-----------–---–თან, მათი ერთადერთი შემოსავალია პენსიები 180-180 ლარის ოდენობით.
მოპასუხე დი------------–---ო არ ზრუნავს თავის შვილზე და არ ეხმარება მას მატერიალურად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გი-------------–---–ი ითხოვს, რომ მოპასუხე დი------------–---ოს მის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 100 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დი------------–---ომ 2018 წლის 13 სექტემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი მშობიარობისას მიღებული ტრამვის შემდეგ ინვალიდი გახდა, რის გამოც მას მუშაობა ფიზიკურად არ შეუძლია, მისი ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ ინვალიდის პენსიაა, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1992 წლის 16 ივლისს ზვ------------–---–ს და დი--------–---–ს შეეძინათ შვილი გი-------------–---–ი
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16)
3.1.2. გი-------------–---–ს ბავშვობიდან ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი
მტკიცებულება: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ 19)
3.1.3. გი-------------–---–ი 1996 წლის 14 აპრილიდან იმყოფება აღრიცხვაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში უვადოდ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, მკვეთრად გამოხატული, მისი სოციალური პაკეტის ოდენობა შეადგენს 180 ლარს.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, ცნობა (ს.ფ. 17)
3.1.4. დი------------–---ოს აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უვადოდ.
მტკიცებულება: ცნობა სერია #0146960 (ს.ფ. 73)
3.1.5. დი------------–---ო იმყოფება აღრიცხვაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში უვადოდ, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე. მისი სოციალური პაკეტის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
მტკიცებულება: ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ს.ფ. 85)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დი------------–---ო არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად იმუშაოს და არჩინოს როგორც საკუთარი თავი, ისე ოჯახის წევრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ დი------------–---ოს გარდა სოციალური პაკეტისა, აქვს რაიმე შემოსავალი და შესწევს უნარი საკუთარი შრომით არჩინოს თავისი შრომისუუნარო შვილი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე , 1212-ე, 1214-ე, 1230-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები ან შრომისუუნარო შვილები, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სასამართლო განმარტავს, რომ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ალიმენტის გადამხდელის ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ გი-------------–---–ი და დი------------–---ო არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უვადოდ, შესაბამისად, მათ არ შესწევთ უნარი დამოუკიდებლად საკუთარი შრომით მიიღონ შემოსავალი. გი-------------–---–ის სოციალური პაკეტი შეადგენს 180 ლარს, ხოლო დი------------–---ოსი 100 ლარს.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ მას გარდა სოციალური პაკეტისა, აქვს სხვა შემოსავალიც, კერძოდ, თითქმის ყოველთვიურად მატერიალურად ეხმარება მამა- ზვ------------–---–ი.
სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო სამართალურთიერთობები ჩნდება იმ მომენტიდან, როდესაც მშობლები აღარ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ბავშვის მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღარ ზრუნავენ მასზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ გი-------------–---–ი ბავშვობიდან მასთან ცხოვრობდა, დედა მუდმივად ზრუნავდა მასზე, თუმცა მოსარჩელემ საკუთარი ნებით შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი არჩინოს თავისი შრომისუუნარო შვილი, მისი ყოველთვიური სოციალური პაკეტი 100 ლარი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, შესაბამისად, დი------------–---ოს შემოსავალი იმაზე ნაკლებია, ვიდრე გი-------------–---–ის, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მისი სტატუსიდან გამომდინარე, სიცოცხლის ბოლომდე არ შეუძლია იმუშაოს და არჩინოს როგორც საკუთარი თავი, ისე მისი შვილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის მიმღების, ისე გადამხდელის მატერიალური მდგომარეობა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
აღნიშნულის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სასამართლო არ იმსჯელებს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.გი-------------–---–ის სარჩელი მოპასუხე დი------------–---ოს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი