გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1783-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ბორენა იობიძე
მოსარჩელე - ნ--------------
წარმომადგენელი - მ--–-----------
მოპასუხეები - 1. შ----------------
2. ნ-------------------
წარმომადგენლი - ე-----–-----–---–-
3. ნ--------------
კანონიერი წარმომადგენელი - შ----------------
წარმომადგენლი - ე-----–-----–---–-
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის, მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა (150-150 ლარი) და არასრულწლოვანი შვილის ნ--------------- (დაბადებული: 2----–-–-------------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით - ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, ხოლო მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის ნ------------------- სასარგებლოდ (დაბადებული: 1----–-–----------------) ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მოხსნამდე.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 11 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნ--------------- მიმართ სარჩელი აღძრა შ----------------მ, ნ-------------------მ და ნ--------------მ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მხარეებს შორის საქმის წარმოება შეწყდა მორიგებით და ნ--------------ს არასრულწლოვანი შვილის ნ--------------- სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 150 ლარის გადახდა - ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის ნ------------------- სასრგებლოდ დაეკისრა ალიმენტი 150 ლარის ოდენობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მოხსნამდე.
2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდგომ მოსარჩელის, როგორც ალიმენტის გადამხდელის მატერიალური მდგომარეობა გაურესდა და მნიშვნელოვნად შემცირდა შემოსავალი. თუ აქამდე ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და უხდიდა შვილებს 150-150 ლარს, ამჟამად ამ ოდენობის ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე აღარ აქვს. გარდა იმ გარემოებისა, რომ შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდა, აღებული აქვს სესხი სხვადასხვა ბანკში, რომლის გადახდასაც ამჟამინდელი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ახერხებს. აღარ აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ გადაუხადოს მის შვილებს განჩინებით დადგენილი ოდენობით ალიმენტი ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს ალიმენტის ოდენობის შემცირების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სასამართლო ალიმენტის დანიშვნისას ისევე როგორც მისი შემცირებისას უპირველესად ბავშვების ინტერესიდან უნდა ამოვიდეს და ბავშვზე 150 ლარი ალიმენტი მინიმალურია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ--------------სა და მოპასუხე შ----------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ნ-------------- (დაბადებული: 25.03.2007წ. პ/ნ 6----------) და ნ------------------- (დაბადებული: 11.08.1998წ პ/ნ 6----------), რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონეა.
3.1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ნ--------------სა და მოსარჩელეებს შ----------------ს, ნ-------------------სა და ნ--------------ს შორის საქმის წარმოება შეწყდა მორიგებით და ნ--------------მ აიღო ვალდებულება თავისი არასრულწლოვანი შვილის ნ--------------- (დაბადებული: 25.03.2007წ. პ/ნ 6----------) სასარგებლოდ გადაეხადა ალიმენტი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით - ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ნ--------------მ ასევე აიღო ვალდებულება თავისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილის ნოდარი გიორგაძის სასარგებლოდ (დაბადებული: 11.08.1998წ. პ/ნ 6----------) გადაეხადა ალიმენტი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით - შეზღუდული შესაძლებლობის მქონის სტატუსის მოხსნამდე.
3.1.3. სარჩელის აღძვრამდე ნ-------------- იხდიდა საალიმენტო ვალდებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება (იხ. ს.ფ. 17-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. ნ-------------- მუშაობს სს „ს------–----------------–---------“- ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მეთოდისტის პოზიციაზე და მისი ბოლო სამი თვის საშუალო ანაზღაურება ყველა გადასახადის ჩათვლით შეადგენს 705.89 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „ს------–----------------–---------“- ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის 2018 წლის 01 მაისის N291 ცნობა (ს.ფ. 34);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდოის ოქმი).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელე ნ--------------ს აქვს სხვადასხვა ბანკებში საკრედიტო ვალდებულებები. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ნ-------------- ამჟამად კერძო საქმიანობას აღარ ეწევა, რის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლის მიხედვითაც ნ--------------ზე შემოსავლების სამსახურში არსებული საკასო აპარატი რეგისტრაციიდან მოხსნილია 30.05.2016 წელს. ის იყო მასაჟისტი, მაგრამ აღარ ეწევა აღნიშნულ საქმიანობას, შესაბამისად დამატებითი შემოსავლის წყარო გარდა ხელფასისა მას არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
- საკრედიტო ხელშეკრულებები და კრედიტის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ. 22-32);
- გადახდის ქვითრები (იხ. ს.ფ. 35-41).
- შემოსავლების სამსახურის ცნობა საკასო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (იხ. ს.ფ. 93)
3.2.2. ნ--------------- მიერ სესხი აღებულია უძრავი ქონების შესაძენად 2017 წლის ნოემბერში, რომელიც მან აჩუქა მამამისს - ზ----------------- 2018 წლის იანვარში. 33000 ლარის ოდენობით კრედიტის დაფარვის ვადაა 2025 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
- საკრედიტო ხელშეკრულებები და კრედიტის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ. 22-32);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ 63-64; 65-66).
3.2.3. ნ--------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ბ--------------------------------–------------------–-------------- ს/კ 64.01.04.052.01.503 და უძრავი ქონება მდებარე: ქ--–-------------------–-----------------------------–-------–------------------------ ნ--------------მ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მამამისს - ზ-----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 59-60; 61-62).
3.2.4. მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ნ-------------- კვლავ განაგრძობს კერძო საქმიანობას, შესაბამისად საკმაოდ სოლიდური შემოსავალიც აქვს მისი საქმიანობიდან. ამასთან, კერძო მასაჟისტი სალარო აპარატით არ დადის გამოძახებებზე.
3.2.5. მოპასუხე შ---------------- ამჟამად უმუშევარია. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ის მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ნ--------------სთან ოჯახური კონფლიქტის შემდეგ შეეზღუდა იარაღის ტარების უფლება, რამაც ავტომატურად განაპირობა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ არ გამოიკვეთა მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის იმ სახის ცვლილება, რაც გახდებოდა მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები; ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ--------------სა და მოპასუხე შ----------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ნ-------------- (დაბადებული: 25.03.2007წ. პ/ნ 6----------) და ნ------------------- (დაბადებული: 11.08.1998წ პ/ნ 6----------), რომელიც ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონეა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოოემბრის განჩინებით ნ--------------სა და მოსარჩელეებს შ----------------ს, ნ-------------------სა და ნ--------------ს შორის საქმის წარმოება შეწყდა მორიგებით და ნ--------------მ აიღო ვალდებულება თავისი არასრულწლოვანი შვილის ნ--------------- (დაბადებული: 25.03.2007წ. პ/ნ 6----------) სასარგებლოდ გადაეხადა ალიმენტი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით - ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ასევე ნ--------------მ აიღო ვალდებულება თავისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილის ნოდარი გიორგაძის სასარგებლოდ (დაბადებული: 11.08.1998წ პ/ნ 6----------) გადაეხადა ალიმენტი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით - შეზღუდული შესაძლებლობის მქონის სტატუსის მოხსნამდე.
დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრამდე ნ-------------- იხდიდა საალიმენტო ვალდებულებას. მაგრამ 2018 წლის 01 ივნისს მომართა სასამართლოს ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მისი განმარტებით, მას შეუმცირდა შემოსავლები.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ზოგადი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში ბავშვთა უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში მამის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ ნ-------------- წარმოადგენს არასრულწლოვანს, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. იგი ცხოვრობს მამასთან, შ----------------სთან ერთად. ნ------------------- შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონეა. იგი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდა სტუდენტი, შესაბამისად გაეზარდა მოთხოვნილებები და საჭიროებები.
მოპასუხე შ---------------- ამჟამად უმუშევარია. ის მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ნ--------------სთან ოჯახური კონფლიქტის შემდეგ შეეზღუდა იარაღის ტარების უფლება, რამაც ავტომატურად განაპირობა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ--------------ს აქვს საკრედიტო ვალდებულებები, მაგრამ ნ--------------- მიერ სესხი აღებულია უძრავი ქონების შესაძენად 2017 წლის ნოემბერში. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ სესხის აღება უძრავი ქონების შესაძენად მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ამასთან ეს გარემოება გაბათილებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მასზედ, რომ მან ეს უძრავი ქონება აჩუქა მამამისს - ზ----------------- 2018 წლის იანვარში. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ 33000 ლარის ოდენობით კრედიტის დაფარვის ვადაა 2025 წელი. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ მან სხვა უძრავი ქონებაც აჩუქა მამამისს.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ნ-------------- ამჟამად კერძო საქმიანობას აღარ ეწევა, რის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლის მიხედვითაც ნ--------------ზე შემოსავლების სამსახურში არსებული საკასო აპარატი რეგისტრაციიდან მოხსნილია 30.05.2016 წელს. ის იყო მასაჟისტი, მაგრამ აღარ ეწევა აღნიშნულ საქმიანობას, შესაბამისად დამატებითი შემოსავლის წყარო გარდა ხელფასისა მას არ გააჩნია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--------------- ფინანსური მდგომარეობის გაუარესება სახეზე არაა, რადგან მან ნებაყოფლობით, უსასყიდლოდ გადასცა მისი ქონება მამამისს. ამ ქონების შესაძენად კი აიღო 33000 ლარის ოდენობით სესხი, რომლის გადახდის ვადა იწურება 2025 წელს. სასამართლო მოსარჩელის ამ ქმედებას მიიჩნევს შვილების წინაშე ვალდებულებების შესრულებაზე თავის არიდებად, რადგან გრძელვადიანი სესხის აღების გადაუდებელი აუცილებლობა სახეზე არაა. ამასთან კერძო საქმიანობის (მასაჟისტობის) ხელშემშლელი გარემოებები სახეზე არა გვაქვს. ასევე დადგენილია, რომ სალარო აპარატი რეგისტრაციიდან მოხსნილი იყო მანამდე, ვიდრე მოსარჩელეს ნებაყოფლობით, მორიგების საფუძველზე დაეკისრებოდა საალიმენტო ვალდებულებები.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მოსარჩელე ნ--------------- მატერიალური მდგომარეობა. მან განზრახ შექმნა ისეთი სურათი, თითქოს მნიშვნელოვნად გაუარესდა მისი ფინანსური მდგომარეობა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ--------------ს აქვს ფიქსირებული შემოსავალი. ამასთან მის შეუძლია კერძო მასაჟისტის პროფესიის გამოყენება მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მას ასევე შეუძლია გამოითხოვოს გაჩუქებული უძრავი ქონებები, ვინაიდან ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს ნაწილობრივ მის კმაყოფაზე მყოფ პირებს, კერძოდ არასრულწლოვან შვილსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს, რომელთაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ თავის რჩენა.
ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია როგორც შვილების უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. ორივე მშობელია ვალდებული, არასრულწლოვანი ან მათი შრომისუუნარო შვილები უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით.
ამდენად, მხარემ ვერ შეძლო დადასტურება იმ გარემოებისა, რომ გადაწყვეტილებით ალიმენტის დადგენის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა (როგორც მატერიალური ისე ოჯახური) და აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი 150 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე.
ამდენად, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის ნ--------------- მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, შესაძლებელია შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
მოპასუხე მხარე მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თანახმა არასრულწლოვანი ნ---------------ა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ნოდარი გიორგაძის რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ნ--------------სა და ნ-------------------ს აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 80 ლარი თითოეულ ბავშვზე, მცირეა დღეის მდგომარეობით ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით. უდავოა ბავშვის ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა.
მინიმალური ზღვრის ქვემოთ ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ გამონაკლის გარემოებებში, როდესაც სარწმუნოობის მაღალი სტანდარტით შეფასებისას, მშობლის ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობლიობაში ობიექტურად გამორიცხავს მისთვის ალიმენტის თუნდაც მინიმალური ოდენობით გადახდის შესაძლებლობას. ფაქტობრივ გარემოებათა ასეთი ერთობლიობა ნ--------------ს არ წარმოუდგენია.
საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით კი სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. დადგენილია, რომ მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს ხანგრძლივი ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და ბავშვები დატოვოს განვითარებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობა, ბავშვების ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. ვინაიდან აღნიშნული საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმე წარმოადგენს, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა 50 ლარის ოდენობით. ხოლო ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ--------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე ნ--------------ს უარი ეთქვას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის (ყოველთვიურად 150-150 ლარის) შემცირებაზე, არასრულწლოვანი შვილის, ნ---------------ა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილის ნოდარი გიორგაძის სასარგებლოდ;
3. ნ--------------- მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი მოსარჩელე ნ--------------ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი: TRESGE22 (100.00 ლარი, გადამხდელი: ნ--------------, გადახდის თარიღი: 2018 წლის 31 მაისი, საგადასახადო დავალება №0, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი“);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე