განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-468-18
(№012280518007)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი - ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე: ადვოკატი - მაკა რევია,ბრალდებული: მ----–---------ი
პირადი ნომერი: 3----------;
დაბადებული: 30.09.1--- წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: არასრული საშუალო;
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
რეგისტრირებული: ქ. რ------------------–--–---–-------------;
ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. რ-------------–---–---–---------------–--–------ში;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ;
საქართველოს სსკ-ის 111, 151 -ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც, იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
თარჯიმანი - ეკატერინე ჩუბინიძე,სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
- ე-–-----------ას მისი მეუღლე მ----–---------ი ორი-სამი თვის განმავლობაში სისტემატურად, ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ამაცირებდა სიტყვებით: „რას ჰგავხარ, შენს თავს შეხედე, როგორ დაბერდი, რას გიგავს თავი“, სთხოვდა სახლიდან წასვლას და ეჩხუბებოდა, რაც ე-–-----------ასთვის იყო შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და იწვევდა მის ტანჯვას. გარდა ამისა, მ----–---------ი დედას ს-------------ას ორი-სამი თვის განმავლობაში სისტემატურად, ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ასევე უყვიროდა, ეჩხუბებოდა, სთხოვდა სახლიდან გაეგდო რძალი ანუ მისი ცოლი ე-–-----------ა, რაც ე-–-----------ასთვის იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა მის ტანჯვას.
აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 28 მაისს დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. რუსთავში, მ--–---–---–---------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სამზარეულოში ე-–-----------ას მისმა მეუღლემ მ----–---------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავის არეში დაარტყა გაშლილი ხელი და ჰკრა ხელი, რის შედეგადაც ე-–-----------ა დაეცა ძირს და დაარტყა მარცხენა ხელის მტევანი და თავი. ე-–-----------ამ ყველა ზემოხსენებული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო მ----–---------ის დედა ს-------------ა, რომელიც გამოესარჩლა რძალს და კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ჩადგა შუაში. აღნიშნულის გამო მ----–---------მა ს-------------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, უყვიროდა რომ სხვის საქმეში ერეოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურში, რა დროსაც მ----–---------მა ს-------------ას თვალებზე დააჭირა თითები და ორივე მხარზე ხელის ძლიერად დარტყმით ჰკრა ხელი. ყველა ხსენებული ქმედების შედეგად ს-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის მარტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში დღემდე მ----–---------ი სისტემატურად, დროის მცირე ინტერვალებით, ხშირად ემუქრება თავის მეუღლეს ე-–-----------ას, რომ მოკლავს და დანით გამოსჭრის ყელს. ხშირად იგი ე-–-----------ას წინაშე ახდენს დანის დემონსტრირებას და ეუბნება, რომ მოკლავს და სწორედ ამ დანით გამოსჭრის ყელს თუ ეს უკანასკნელი არ წავიდოდა სახლიდან.
გარდა აღნიშნულისა, 2018 წლის 28 მაისს, დილის საათებში, ქ. რუსთავში, მ--–---–---–---------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სამზარეულოში ე-–-----------ას მისმა მეუღლემ მ----–---------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა, უყვიროდა, მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, მოითხოვდა მისგან სახლის დატოვებას წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მ----–---------ის მიერ განხორციელებულ ქმედებათა გამო ე-–-----------ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2018 წლის 20 მაისს, საღამოს საათებში, ქ. რუსთავში, მ--–---–---–---------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სამზარეულოში ს-------------ას მისმა შვილმა მ----–---------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ძლიერად ჰკრა მარჯვენა ხელი მარცხენა მხარზე და მიეჯახა სამზარეულოს კარს, რის შედეგადაც ს-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 111, 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 მაისის ს-------------ას ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში მ----–---------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა მ----–---------ის დამნაშავედ ცნობის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2018 წლის 20 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია:
2018 წლის 28 მაისს დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. რუსთავში, მ--–---–---–---------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სამზარეულოში ე-–-----------ას მისმა მეუღლემ მ----–---------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავის არეში დაარტყა გაშლილი ხელი და ჰკრა ხელი, რის შედეგადაც ე-–-----------ა დაეცა ძირს და დაარტყა მარცხენა ხელის მტევანი და თავი. ე-–-----------ამ ყველა ზემოხსენებული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბრალდებულმა მ----–---------მა გამოიყენა დუმილის უფლება(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტის შესაბამისად მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს ბრალდებულის მეუღლემ, დაზარალებულად ცნობილმა - ე-–-----------ამ, ბრალდებულის დედამ, დაზარალებულად ცნობილმა - ს-------------ამ და ბრალდებულის დებმა - ს-----------ამ და ხ--–----------ამ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
გამოძიების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან - სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა პატრულ-ინსპექტორმა ლაშა მაჩიტიძემ, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2018 წლის 14 ივნისის №004080518 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: მოქ. ე-–-----------ას 29.05.18 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარცხენა ზედა და ქვედა კიდურებზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად (ტ. 1. ს.ფ. 113-115).
2018 წლის 14 ივნისის №004080618 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: მოქ. ს-------------ას 29.05.18 წ. ობიექტური შემოწმებით და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემებით (28.05.18) სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება (ტ. 1. ს.ფ. 116-118).
მხარეთა მიერ საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება მიჩნეულ იქნა უდავოდ: დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის და სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.
განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ სცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამათუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
4.1. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება - მეუღლის ე-–-----------ას მიმართ მუქარა; დაზარალებულმა ე-–-----------მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ინსპექტორ-გამომძიებლების მიხეილ ჭანუყვაძის, ლაშა მაჩიტიძის და პატრულ-ინსპექტორების ნიაზ ახმედოვის და არჩილ ყველიაშვილის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შემთხვევის დროს ბრალდებული გამოხატავდა აგრესიას მეუღლის მიმართ და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით; აღნიშნულის მიუხედავად, უშუალოდ მუქარის ობიექტს (ე-–-----------ას) გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების რეალური შიში, სასამართლო სხდომაზე არ იქნა დადასტურებული, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედების შემადგენლობა არ არსებობს, შესაბამისად ამ ეპიზოდში უნდა გამართლებული იქნეს.
4.2. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით(2018 წლის 28 მაისის ეპიზოდი) - ძალადობა ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის პირველ ნაწილზე შემდეგი გარემოებების გამო:
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დედამ ს-------------ამ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა შვილის საწინააღმდეგო ჩვენება. საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №004080618 დასკვნის თანახმად ს-------------ას სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით(2018 წლის 28 მაისის ეპიზოდი) - ძალადობა ოჯახის ორი წევრის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებაში ბრალეულად ცნობაში არ არსებობს საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული მტკიცებულებები. მტკიცების სტანდარტი, რომ მ----–---------მა ჩაიდინა ძალადობა ოჯახის ორი წევრის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით), სასამართლო სხდომაზე საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მის მიმართ ამ ეპიზოდში მეუღლის - ე-–-----------ას მიმართ განხორციელებული ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმაც გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება, დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №004080518 დასკვნით, რომლის თანახმად, ე-–-----------ას სამედიცინო შემოწმებისას აღმოაჩნდა სისხლნაჟღენთები მარცხენა ზედა და ქვედა კიდურებზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამ ეპიზოდში (28.05.18 წ.), სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ----–---------მა მეუღლეს ე-–-----------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. გარდა აღნიშნულისა, ე-–-----------ას მიმართ ამ ეპიზოდში განხორციელებული ძალადობა დადასტურებულია მოწმეების ინსპექტორ-გამომძიებლების მიხეილ ჭანუყვაძის, ლაშა მაჩიტიძის და პატრულ-ინსპექტორების ნიაზ ახმედოვის და არჩილ ყველიაშვილის ჩვენებებით. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, მ----–----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით(2018 წლის 28 მაისის ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე და ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4.3. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებით, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, არ იქნა დადასტურებული მ----–---------ის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 20 მაისის ეპიზოდი), ვინაიდან დაზარალებულმა ე-–-----------ამ გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ----–---------ის ბრალეულობა მის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებაში და არ გამომდინარეობს საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან და მსგავსი ფაქტებიდან. მტკიცების სტანდარტი, რომ მ----–---------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 20 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედება, არ არის საკმარისი აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს, არ ტოვებს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობის (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „Tenisi v. Turkey”), შესაბამისად მ----–---------ი ასევე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 20 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მ----–---------ის მიმართ საქმეში დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით მიაჩნევს, რომ მ----–---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----–---------ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 07 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
მ----–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----–----------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 მაისის ს-------------ას ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2. მ----–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით;
3. მ----–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 28 მაისიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი