განაჩენი

სისხლის სამართლის 07.09.2018
საქმის ნომერი
330100116001664261
თარიღი
07.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ანი ხახანაშვილი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - პ----- გ------ის ძე ზ-------ე - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–-----------------------------------ში

 

ადვოკატი - გ------ი გ----–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.თბილისში, დ----------–----------------------------------ში პ----- ზ-------ემ მეუღლეს შ------- ფ-------ეს, არასრუწლოვანი შვილების: 8 წლის ე-–------- ზ-------ისა და 9 წლის გ------ი ზ-------ის თანდასწრებით, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით განზრახ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც შ------- ფ-------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის უფროსმა ექიმმა მ----- ბ------მ დაადასტურა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2016 წლის 13 ნოემბერს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, გამოძახების საფუძველზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოცხადდა გამრეკელის ქუჩაზე, სადაც დახვდათ 2 არასრულწლოვანი ბავშვი, ახალგაზრდა ქალბატონი და მისი დედამთილი. ყველა მათგანი იყო აღელვებული, ნამტირალევი, ყვებოდნენ ოჯახური ძალადობის დეტალებს, ახალგაზრდა ქალბატონს კი აღენიშნებოდა დაზიანებები. დედამთილის განმარტებით, მეუღლეებს უჩხუბიათ და მის შვილს უცემია რძალი, თავად გონებადაკარგულს შეუსწრო დაზარალებულს, ბავშვები კი მომხდარის გამო ტიროდნენ. მოწმის განმარტებით, დაზარალებულიც ადასტურებდა, რომ მეუღლემ ცემა, ძალიან გაბრაზებული იყო, ყვებოდა ძალადობის დეტალებს, თუ როგორ მიაყენა მეუღლემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმდენად იყო აღგზნებული, რომ გონებაც დაუკარგავს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტი აშკარად საჭიროებდა კლინიკაში გადაყვანას, თუმცა მან უარი განაცხადა, მისმა დედამთილმა კი განმარტა, რომ ექიმი იყო და მიხედავდა დაზარალებულს. მოწმემ განმარტა, რომ სამედიცინო ბრიგადის მისვლის დროისათვის, ბავშვები ტიროდნენ, კიონენ, დასტრესილები იყვნენ, გონდაკარგული რომ ნახეს დედა, მკვდარი ეგონათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა: გ---- ბ-–---–---–მა და თ-------- შ-----მ დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2016 წლის 13 ნოემბერს, პოლიციის განყოფილების სამორიგეო ნაწილში შევიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების შეტყობინება, რომ თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე, მოქ.შ------- ფ-------ეს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თ-------- შ----- და გ---- ბ-–---–---–ი დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ შ------- ფ-------ე, მისი დედამთილი ლ--–- ზ-------ე და არასრუწლოვანი ბავშვები. დაზარალებული იყო ძლიერ აღელვებული, კანკალებდა და დახმარებას ითხოვდა, პოლიციის თანამშრომლებს უამბო, თუ როგორ მიაყენა ნასვამმა მეუღლემ პ----- ზ-------ემ სრულიად უმიზეზოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტებით სცემა სახისა და ტანის არეში, რის გამოც გონება დაკარგა, მეუღლემ წყალი მიასხა სახეზე და გონს მოსულს უკვე წიხლებით დაუწყო ცემა, ძალადობა განხორციელდა ბავშვების თვალწინ, რის გამოც ისინი ტიროდნენ. ამ დროს მივიდა დედამთილი, რომელსაც რძალმა უამბო მომხდარის თაობაზე, ლ--–- ზ-------ემ კი პ-----ს მოსთხოვა სახლიდან წასვლა. პ-----მ დატოვა შემთხვევის ადგილი და პოლიციის მისვლის მომენტისათვის იგი სახლში აღარ იმყოფებოდა. ბრალდებულის წასვლის შემდეგ, შ-------ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ვინაიდან ექიმებისათვის დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, მათ შეტყობინება განახორციელეს პოლიციაში. თ-------- შ-----სა და გ---- ბ-–---–---–ის განმარტებით, დაზარალებულს ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში თვალნათლივ ეტყობოდა ძალადობის კვალი, სიწითლისა და სისხლნაჟღენთების სახით. მოწმეთა ჩვენებით, მათი მისვლის დროისათვის ბავშვები ტიროდნენ, განსაკუთრებით აღელვებული იყო გოგონა - ე-–-------ი, აღშფოთებას გამოხატავდა დედამთილი - ლ--–- ზ-------ეც და ადანაშაულებდა შვილს.

 

მოწმე ზ----- ლ-------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის 15 ნოემბერს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირის - პ----- ზ-------ის ადგილსამყოფელის თაობაზე, რაც წერილობითი პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. მიღებული ინფორმაციის თაობაზე დაიკითხა მოწმის სახით, სხვა რაიმე საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2016 წლის 15 ნოემბერს 09:41 საათზე, ქ.თბილიში, დ----------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა პ----- გ------ის ძე ზ-------ე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ა-–-------------------–---–მა და ლ--------–---–-----მა დაადასტურეს ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე. მოწმეთა განმარტებით, მათმა თანამშრომელმა ზ----- ლ-------–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ბრალდებულის ადგილსამყოფელის თაობაზე, რის საფუძველზე გამოცხადდნენ პატაკში მითითებულ ადგილზე, დააკავეს პ----- ზ-------ე საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დაკავებულს განუმარტეს უფლებები, ადგილზე შეადგინეს დაკავების ოქმი და ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ა-–-------------------–---–მა, ლ--------–---–-----მა, მ------ ბ--------ემ, თ-------- შ-----მ და გ---- ბ-–---–---–მა დაადასტურეს პ----- ზ-------ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

დაზარალებულმა შ------- ფ-------ემ (ბრალდებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

მოწმე ლ--–- ზ-------ემ (ბრალდებულის დედა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

არასრულწლოვანმა მოწმემ ე-–------- ზ-------ემ (ბრალდებულის შვილი) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

არასრულწლოვანმა მოწმემ გ------ი ზ-------ემ (ბრალდებულის შვილი) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის (ექსპერტი ს----–-----) თანახმად:

 

პირადი გასინჯვით, 14.11.2016წ-ს შ------- ფ-------ეს აღენიშნება დაზიანებები: მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთები - მარჯვენა ყურის ნიჟარაზე, მარცხენა წინამხრის შუა მესამედში გარეთა და უკანა ზედაპირების საზღვარზე, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე; სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის ლორწოვანში მარჯვნივ; მომწვანო-მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთები - შუბლის მიდამოში მარჯვნივ ქვედა მესამედში, მარჯვენა ქვედა ქუთუთოზე და შუბლის მიდამოში მარცხნივ წარბის გარეთა ბოლოს მიმდებარედ.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სისხლნაჟღენთები მარჯვენა ყურის ნიჟარაზე, მარცხენა წინამხრის შუა მესამედში გარეთა და უკანა ზედაპირების საზრღვარზე, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე და სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის ლორწოვანში მარჯვნივ, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

ამავე დასკვნაში დაფიქსირებულია პაციენტ შ----------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ: „2016 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 19:30-20:00 საათზე, ქ.თბილისში, კ---------------------–-----------------------ში მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ურტყა ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ტრავმის დროს დაკარგა გონება, დაახლოებით 3-4 წუთით, ჰქონდა პირღებინება ერთხელ. ამჟამად უჩივის ტკივილს ცხვირის მიდამოში, თავბრუსხვევას და დაბინდვის შეგრძნებას მარჯვენა თვალში.“

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში, ასევე ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

დაზარალებულ შ------- ფ-------ის პოზიციის მიუხედავად (უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე), სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - მოწმეების: მ----- ბ------ს, თ-------- შ-----სა და გ---- ბ-–---–---–ის ჩვენებებით, აგრეთვე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, ქ.თბილისში, დ----------–-----------------------------------ში პ----- ზ-------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის შ------- ფ-------ის მიმართ განახორციელება ფიზიკური ძალადობა, კერძოდ:

 

· სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და უფროსი ექიმი მ----- ბ------ შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ თავად დაზარალებულის ოჯახის შეტყობინების საფუძველზე. ვინაიდან დაზარალებულისა და მისი დედამთილის ლ.ზ-------ის მიერ ექიმისათვის მიწოდებული ინფორმაცია შეიცავდა დანაშაულის, კერძოდ, ოჯახური ძალადობის ნიშნებს, შეტყობინება განხორციელდა პოლიციაში.

· პოლიციის თანამშრომლები: გ---- ბ-–---–---–ი და თ-------- შ----- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის შეტყობინების საფუძველზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე.

· პოლიციის თანამშრომლებს: გ.ბ-–---–---–სა და თ.შ-----ს, აგრეთვე ექიმ მ.ბ------ს უშუალოდ დაზარალებულმა შ------- ფ-------ემ და მოწმე ლ.ზ-------ემ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, თუ როგორ მიაყენა ხელებითა და ფეხებით ფიზიკური შეურაცხყოფა დაზარალებულს ნასვამმა მეუღლემ პ----- ზ-------ემ სრულიად უმიზეზოდ, ძალადობას შედეგად მოყვა დაზარალებულის გონების დაკარგვა, თუმცა ბრალდებულმა მეუღლე წყლის სახეზე შესხმით მოასულიერა და კვლავ განაგრძო მისი ცემა. დაზარალებულისა და მისი დედამთილის განმარტებით, პ----- ზ-------ემ მეუღლე ცემა არასრულწლოვანი შვილების: გ------ი და ე-–------- ზ-------ეების თანდასწრებით.

· პოლიციის თანამშრომლები და ექიმი, რომელთაც დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შემხებლობა, დეტალურად გადმოსცემენ დაზარალებულის (აგრეთვე მოწმე არასრულწლოვნებისა და ლ.ზ-------ის) ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რის გამოც მათი ჩვენებები განხილული უნდა იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულება. მოწმეები ადასტურებენ, რომ დაზარალებული იყო ძლიერ აღელვებული, კანკალებდა და დახმარებას ითხოვდა, ვიზუალურად ეტყობოდა ძალადობის კვალი სისხლნაჟღენთების სახით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საჭიროდ ჩათვალა პაციენტის კლინიკაში გადაყვანა, თუმცა მან უარი განაცხადა. აღსანიშნავია ზ/აღნიშნული მოწმეების მიერ არასრულწლოვნებთან მიმართებაში სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია - ბავშვები იყვნენ დასტრესილები, ტიროდნენ, კიოდნენ, გონებადაკარგული დედის დანახვაზე, იფიქრეს, რომ იგი გარდაიცვალა.

· გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულმა სრულიად გაცნობიერებულად ძალადობრივი ქმედება განახორციელა არასრულწლოვნების თანდასწრებით, რაც მიუთითებს ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ვინაიდან ძალადობა ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ნებისმიერ ადამიანში, მით უფრო არასრულწლოვანში და წარმოადგენს ბავშვის ნორმალური განვითარებისა და აღზრდის ხელშემშლელ წინაპირობას.

· მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ შ------- ფ-------ემ მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან დააფიქსირა როგორც პოლიციის თანამშრომლებთან და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმთან, ისე სამედიცინო ექსპერტ ს----–-----სთან საუბრისას, რაც აისახა შესაბამის დასკვნაში. გარდა ამისა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული, პ----- ზ-------ის მიერ შ------- ფ-------ისათვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია, რაოდენობა და ხასიათი ნათლად მიუთითებს დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე (ხელებითა და ფეხებით ცემაზე), რაც ლოგიკურია, რომ არათუ ქალბატონისათვის, არამედ ნებისმიერი საშუალო ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის ფიზიკური ტკივილის გამომწვევია.

 

ამდენად, 2016 წლის 13 ნოემბერს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზი ადასტურებს შემდეგს: რომ არა პ----- ზ-------ის მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება, ადგილი არ ექნებოდა დაზარალებულის მხრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციისათვის შეტყობინებას და დახმარების თხოვნას; შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსა და ექიმ მ.ბ------ს დაზარალებული შ------- ფ-------ე და ფაქტის შემსწრე არასრულწლოვნები, აგრეთვე მოწმე ლ.ზ-------ე ვერ დახვდებოდნენ ისეთ ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში როგორც ეს მოცემულ შემთხვევაში იყო; რომ არა შ----------ისა და ლ.ზ-------ის მიერ პოლიციის მუშაკთა და ექიმის ინფორმირება მომხდარი დანაშაულის თაობაზე, ხსენებული პირები სასამართლოს ვერ მიაწოდებდნენ ისეთ დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია, რომ არა შ----------ის მხრიდან ექსპერტ ს----–-----სათვის ინფორმაციის მიწოდება მეუღლის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, აღნიშნულის შედეგად დაზიანებების მიღებისა და ფიზიკური ტკივილის განცდის თაობაზე, ეს გარემოებები ასახვას ვერ ჰპოვებდა შესაბამის სამედიცინო დასკვნაში. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას, ალოგიკურია ეჭვის შეტანა პოლიციის თანამშრომელთა და მოწმე მ----- ბ------ს ჩვენებების სისწორესა და თანმიმდევრულობაში, ვინაიდან მათი მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი არც საქმის განხილვისას გამოვლენილა და არც დაცვის მხარის მიერ ყოფილა დაფიქსირებული, უფრო მეტიც, დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული დაზარალებულისათვის ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და მისი შედეგების ამსახველი დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულ შ------- ფ-------ის, მოწმე ლ--–- ზ-------ისა და არასრულწლოვნების: გ------ი და ე-–------- ზ-------ეების პოზიციის მიღმა (უარი ჩვენების მიცემაზე) არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახურ დანაშაულზე. მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 13 ნოემბერს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზი და გამოკვლეული მტკიცებულებები ნათლად მიუთითებს, რომ დაზარალებულისა და მოწმეების (ოჯახის წევრები) პოზიცია განპირობებულია არა იმ ფაქტით, რომ პ----- ზ-------ის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას შ------- ფ-------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია, არამედ სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის გამო არ საუბრობენ მომხდარზე. გარდა ამ მოტივისა, სასამართლო არ გამორიცხავს დაზარალებულისა და მოწმეთა პოზიციის მიღმა ასევე სხვა მოტივის - მოძალადის მხრიდან განხორციელებული ზემოქმედების არსებობასაც.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს სს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიაჩნია, რომ:

· პ----- ზ-------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის შ------- ფ-------ის მიმართ, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

· პ----- ზ-------ემ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა არასრულწლოვანი შვილების: გ------ი და ე-–------- ზ-------ეების თანდასწრებით.

 

ამდენად, პ----- ზ-------ის დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სწორია.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას - უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა ბრალის დასაბუთებისას გამოიყენოს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებსაც ის უტყუარად მიიჩნევს, რომელთა სანდოობაში, ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად:

 

სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27).

 

სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (პუნქტი 29).

 

საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს (პუნქტი 36).

 

ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ (პუნქტი 37).

 

ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06) (პუნქტი 39).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- ზ-------უს ბრალდების სს საქმე წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ სწორედ იმ გამონაკლის შემთხვევას, რომელიც არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას და გამართლებულად მიიჩნევს აღნიშნულს, ვინაიდან სასამართლოს აზრით, არსებობს ობიექტური მიზეზიც, რის გამოც შეუძლებელი აღმოჩნდა იმ პირის/პირების (შ----------ის, ლ.ზ-------ის, ე.ზ-------ისა და გ.ზ-------ის) დაკითხვა, რომელთა სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენებები და ვინაიდან ეს აუცილებელიც არის მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ:

· დაზარალებულმა, ბრალდებულის დედამ და შვილებმა არ ისურვეს ჩვენების მიცემა ბრალდებულ პ----- ზ-------ის წინააღმდეგ და ამისათვის გააჩნდათ მნიშვნელოვანი მიზეზი - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ახლო ნათესავებისათვის მინიჭებული პრივილეგია (მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს).

· „დამხმარე“ ხასიათის მტკიცებულებები - მ.ბ------ს, გ.ბ-–---–---–ისა და თ.შ-----ს ჩვენებები, რომლებიც გარკვეულწილად ემყარება სხვა პირთა მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას (თუმცა დაზარალებულთან და მოწმე ლ.ზ-------ესთან და არასრულწლოვან მოწმეებთან მყისიერი შემხებლობიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელოვის მქონე, ცალკეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში პირდაპირი მოწმეებიც არიან) სასამართლოს მიერ სათანადოდ შემოწმებულია და მიაჩნია, რომ ხსენებული ჩვენებები სანდო და სარწმუნოა, არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან სასამართლომ უშუალოდ სხდომაზე შეამოწმა ინფორმაციის გამავრცელებელი პირების - შ------- ფ-------ისა და ლ--–- ზ-------ის განწყობა და დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე შ----------ისა და ლ.ზ-------ის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებიდან და მათი ქცევიდან გამომდინარე, რთული არაა იმის განჭვრეტა, თუ როგორი ჩვენების მიცემაზე და რატომ თქვეს უარი მოწმეებმა.

· არსებობს მართლმსაჯულების ინტერესი და ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრების კეთილგანწყობით სარგებლობის თუ მათი დაშინების გამო არ უნდა შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე.

 

მართლმსაჯულების ინტერესის კონტექსტში პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მას რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდება კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობს გაერიდოს ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობისა თუ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- ზ-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. პ----- ზ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

5.2. პ----- ზ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ პ----- ზ-------ე არაა ნასამართლევი, სს საქმეში არ მოიპოვება დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (რაც მიუთითებდა ძალადობის არაერთჯერად ხასიათზე), დანაშაულებრივი ფაქტიდან გასულია დაახლოებით 2 წელი და დღეის მდგომარეობით, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება პ----- ზ-------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების პირობებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პ----- ზ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 360 (სამასსამოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პ----- ზ-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 15 ნოემბრიდან 2016 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით (ორი დღე) და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

პ----- ზ-------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია