განაჩენი

სისხლის სამართლის 09.08.2018
საქმის ნომერი
330100116001469663
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 აგვისტო 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი,სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მა----------–--–---–ი,დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ილ------------ე,ბრალდებული - ჯ------------------- დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: სენაკი, ს------–------–-------–-, მცხოვრები: ქ.თბილისი, ნ--–-------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი;

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2010 წლიდან 2016 წლის 13 მაისამდე ჯ------------------ სისტემატურად ემუქრებოდა რ------------------ სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2016 წლის იანვრის თვეში, ქ.თბილისში, ა--–--------------ში მდებარე სასტუმროში ჯ------------------ რ------------------ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, აიღო ხელში ქვა და მოიქნია მისი მიმართულებით, რის გამოც რ-----------------მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავე წლის 13 მაისს, ქ.თბილისში ხ---------------------------თან რ------------------ მანქანით აედევნა ჯ------------------ და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც რ-----------------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, ჯ------------------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ-----------------მ განმარტა, რომ მას და ჯ------------------ს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, შემდეგ ვინაიდან მათი ხასიათები ვერ შეეწყო შეწყვიტა ურთიერთობა ჯ------------------სთან. ჯ------------------ დაემუქრა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავს არ დაანებებდა და ცხოვრებას გაუმწარებდა. 2016 წლის იანვრის თვეში იგი იმყოფებოდა სასტუმრო ,,ო-------“, სადაც მუშაობდა, რა დროსაც მასთან მივიდა ჯ------------------- რომელმაც აიღო სადარბაზოს კართან დადებული ქვა და დაემუქრა მას, რომ არ აცოცხლებდა, წავიდა მისი მიმართულებით, მაგრამ ამ დროს სადარბაზოში მაცხოვრებლის ფეხის ხმა გაიგონა და გაიქცა. მას ძალიან შეეშინდა, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ხოლო 2016 წლის მაისის თვეში ის ბრუნდებოდა მეგობრის სახლიდან გვიან და მას აედევნა მანქანით ჯ------------------- სახლის ჩასახვევთან საპირისპირო მხარეს ჯ------------------ გადმოვიდა მანქანიდან და დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რაც მან ასევე აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლი--–---------მ განაცხადა, რომ 10 წელზე მეტი ხანია იცნობს რ------------------, რომლისგანაც იცის, რომ მას ჯ------------------ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. უშუალოდ ის შემსწრეა გინების, თუ როგორ აგინებდა ჯ------------------ რ------------------, თუმცა ის, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა იცის რ------------------გან.

 

მოწმე ან-------------ს ჩვენების მიხედვით, 2016 წლის მაისის ბოლოს გადაადგილდებოდა თ-----ს ქუჩიდან მშრალი ხიდის მიმართულებით, ქუჩაზე ასევე გადაადგილდებოდა რ-----------------. მათ გარდა იქ არავინ იყო. ამ დროს, შემხვედრი მიმართულებით მოძრაობდა თეთრი ფერის ა/მანქანა, რომელმაც შეანელა სვლა და მძღოლმა რ------------------ მიმართულებით გაურკვეველი ჟესტიკულაცია განახორციელა, ასევე შეძახილები მიაძახა, თუმცა რა შეძახილს ჰქონდა ადგილი მან ვერ გაიგო, რადგან ყურსასმენი ეკეთა და მუსიკას უსმენდა. მან 2016 წლის 13 მაისის ფაქტის შესახებ არაფერი იცის, უბრალოდ რ------------------გან ფლობს ინფორმაციას, რომ ჯ------------------ პერმანენტულად აწუხებდა, უთვალთვალებდა და უქმნიდა დისკომფორტს. ასევე ერთხელ ქვაც კი უსვრია მისი მისამართით, რაც ასევე მას უამბო რ-----------------მ.

 

სვ----–---------------ას გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ირკვევა, რომ რ------------------გან ფლობს ინფორმაციას ამ უკანასკნელის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ, კერძოდ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯ------------------ რ------------------ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

 

ბრალდებულმა ჯ------------------მ საქმის არსებითი განხილვის დროს არ მისცა ჩვენება და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის პროცესში ბრალდებული ჯ------------------ თავს არ ცნობდა დამნაშავედ და არ ეთანხმებოდა მის მიმართ შერაცხულ ბრალდებას. ბრალდებულ ჯ------------------ს პოზიციის საპირისპიროდ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ რ------------------ ჩვენება, რომლის განმარტებითაც, ჯ------------------ მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მან მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. დაზარალებულ რ------------------ ჩვენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლთან დაკავშირებით არის ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში კი მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ამასთან, მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც.

 

ხოლო რაც შეეხება მოწმეთა ლი--–--------ის, ან-------------ს და სვ----–---------------ას, ჩვენებებს, არცერთი მათგანი უშუალოდ მომხდარი ფაქტის თვითმხილველი არ არის. მათ მომხდარი ფაქტის შესახებ შეიტყვეს დაზარალებულ რ------------------გან. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადება და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ლი--–--------ის, ან-------------ას და სვ----–---------------ას ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ რ------------------ მიმართ ჯ------------------მ განახორციელა მუქარა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ჯ------------------ს ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279 - ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ჯ------------------ უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ჯ------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ჯ------------------ს სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი დარახველიძე