გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002514642 (2-384/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.08.2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე: მა-----–----ნა
მოსარჩელის წარმომადგენელი: რო---------ძე
მოპასუხე: ლა------------ძე
მოპასუხის წარმომადგენელი: არ------------ძე
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლა------------ძეს თავისის მცირეწლოვანი შვილების ან-------------ესა და სალ-------------ეს სასარგებლოდ დაეკისროთ ალიმენტის გადახდა თითოეულზე 250 ლარის ოდენობით, სულ 500 ლარი სარჩელის შეტანიდან ბავშვების სრულწლოვნობამდე.
მოსარჩელე მა-----–----ნამ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა ლა------------ძესთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ან-------------ე, დაბადებული 2011 წლის 24 მარტს და სალ-------------ე დაბადებული 2014 წლის 24 თებერვალს. გარკვეული მიზეზების გამო მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ, ბავშვები კი საცხოვრებლად იმყოფებიან დედასთან და მათზე მზრუნველობას ახორციელებს დედა მა-----–----ნა.
ბოლო პერიოდში მამა აღარ ზრუნავს შვილებზე, რის გამოც იძულებულია მიმართოს სასამართლოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით, იმის გათვალისწინებით, რომ ლა------------ძის ხელფასი ყოველთვიურად შეადგენს 1200 ლარამდე, ალიმენტის სახით ითხოვს 250 ლარის დაკისრებას თითოეულ ბავშვზე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლა------------ძემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელის მოთხოვნას ნაწილობრივ ცნობს, მიიჩნევს რომ სასამართლომ არ უნდა დააკისროს 80 ლარზე მეტი თითოეულ ბავშვზე, მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი და არ გააჩნია არავითარი სტამბა, ამასთანავე გასარკვევია მცირეწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი და აღნიშნულზე აპირებს შეგებებული სარჩელის შეტანას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მა-----–----ნასა და ლა------------ძეს ყავთ საერთო შვილები ან-------------ე დაბ. 2011 წლის 24 მარტს და სალ-------------ე დაბადებული 2014 წლის 24 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობების ასლები.
3.1.2. მოსარჩელე მა-----–----ნა და მოპასუხე ლა------------ძ ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილები ან-------------ე და სალ-------------ე ცხოვრობენ დედასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა საკითხი მოპასუხე ლა------------ძის შემოსავალის, ხარჯებისა და ალიმენტის ოდენობის თაობაზე.
მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ლა------------ძე არის საწარმოს დამფუძნებელი, მუშაობს და აქვს შემოსავალი. ამიტომ მასზე ალიმენტის სახით 250 ლარის დაკისრება თითოეულ ბავშვზე გონივრული და კანონიერია.
მოპასუხე უარყოფს, რომ მუშაობს და არ აქვს შემოსავალი, წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომ ბოლო 29 თვის განმავლობაში ხელფასის სახით მასზე დარიცხულია 2631 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები
-ცნობა შემოსავლების სამსახურიდან
-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტი 150 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე მათ სრულწლოვანობამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე 1212-ე, 1214-ე მუხლები, საქართველოს კონსტიტუცია, ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით:
,,1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.''
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) პრეამბულა მიუთითებს, რომ ,,ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს ..გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო...” მითითებული დეკლარაციის მე-16 მუხლის მესამე ნაწილით, ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 03 აგვისტოდან) 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება დაცვის ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც მას, როგორც მცირეწლოვანს უნდა გაუწიონ მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილები ან-------------ე დაბ. 2011 წლის 24 მარტს და სალ-------------ე დაბადებული 2014 წლის 24 თებერვალს. ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ლა------------ძე არ ცხოვრობს მა-----–----ნასთან და შვილებთან ერთად, მას შვილების მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას მა-----–----ნას. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც ბავშვების აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მათი რჩენა და აღზრდა-განვითარება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დასახელებულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთი მხრივ, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ იგი ცდილობს მაქსიმალურად დააბალანსოს, როგორც შვილის, ისე ვალდებული პირის (ამ შემთხვევაში მამის) ინტერესები.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 250 ლარით თითოეულ ბავშვზე. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 500 ლარი ყოველთვიურად, გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილების აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება არ უნდა განისაზღვროს აღნიშნული ოდენობით და თანახმაა გადაიხადოს თვეში 80 ლარი თითოეულ ბავშვზე. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელე მხარე თავისი განმარტებით კატეგორიულად მიუთითებს მოპასუხის შემოსავლებზე, მასზე ალიმენტის სახით 500 ლარის დაკისრება არ არის გონივრული.
მართალია მოსარჩელემ წარმოადგინა ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან რითაც დგინდება, რომ ლა------------ძე არის შპს-ს დირექტორი, თუმცა სხვა მტკიცებულება მოპასუხის შემოსავლების შესახებ გარდა მოსარჩელის განმარტებისა, არ წარმოდგენილა. თავის მხრივ არც მოპასუხის პოზიციაა გასაზიარებელი და საფუძვლიანი. ის მოითხოვს ალიმენტის სახით 80 ლარის დაკისრებას თითოეულ ბავშვზე . სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენისთვის 80 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება, არ არის საკმარისი. ამ თანხით ბავშვების რჩენისა და აღზრდის მიზანი ვერ მიიღწევა. 80 ლარის დაკისრება პირველ რიგში მიმართულია შვილის სათანადო რჩენისა და აღზრდის უფლების დარღვევისაკენ. შვილებს უფლება აქვთ მშობლისაგან მიიღონ სარჩო. თუ შვილების მიმართ ორივე მშობელი თანასწორი და თანაბარია, მაშინ შვილების რჩენასა და აღზრდაზე მამამ მონაწილეობა უნდა მიიღოს მიუხედავად მისი შემოსავალისა. მოპასუხის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე, სულ 300 ლარი ყოველთვიურად, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილების ნორმალურ განვითარებას.
სასამართლო განმარტავს, რომ შვილების ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 150 ლარი არაა საკმარისი მცირეწლოვანი ასაკის შვილის რჩენისა და აღზრდისათვის, მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 150 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე სულ 300 ლარი ყოველთვიურად..
6.3. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 27 ივნისს, შესაბამისად ალიმენტის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული პერიოდიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,250-ე 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მა-----–----ნას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხე ლა------------ძეს თავისი მცირეწლოვანი შვილების ან-------------ის ( დაბ. 2011 წლის 24 მარტს) და სალ-------------ის (დაბადებული 2014 წლის 24 თებერვალს). სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე თვეში სულ 300 ლარის ოდენობით სარჩელის შეტანის დღიდან2018 წლის 27 ივნისიდან მათ სრულწლოვნებამდე.
3. მოპასუხე ლა------------ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე