გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
841210018002411683
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

841210018002411683

საქმე N2/46-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ივნისი 2018 წელი ტყიბული

ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი - ფატი მინდიაშვილი

მოსარჩელე: შპს „ემ-- კრ-------“;

წარმომადგენელი: რ---–--დ ჭ--–იძე;

მოპასუხე: ირ---–ი თ----არი;

დავის საგანი: თანხის გადახდის დაკისრების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ირ---–ი თ----არს მოსარჩელე შპს „ემ-- კრ-------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1050 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 350 ლარი, სარგებელი - 81,5 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი და პირგასამტეხლო - 598,5 ლარი.

 

სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 11 აპრილს მოპასუხე ირ---–ი თ----არსა და შპს ,,ემ-- კრ-------’’ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 350 ლარის ოდენობით, 2016 წლის 11 მაისამდე. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელისმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 350 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 81.5 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 598.5 ლარი.

 

მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა, რის გამოც კრედიტორი მოითხოვს მსესხებელს დაეკისროს არსებული დავალიანება.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ირ---–ი თ----არმა როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნას ეთანხმება მხოლოდ ძირის 350 ლარის და მასზედ რიცხული სარგებლის 81.5 ლარის ნაწილში, რაც შეეხება პირგასამტეხლოს მის გადახდაზე უარს აცხადებს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 11აპრილს მოპასუხე ირ---–ი თ----არსა და მოსარჩელე შპს ,,ემ-- კრ-------’’ შორის გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება N33----, რომლის საფუძველზეც მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 350 ლარი და მ--ზე რიცხული სარგებელი 81.5 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.14-22)

- Customer information (ს.ფ. 33)

- საგადასახადო დავალება (ს.ფ.34).

3.1.2 მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ იქნა დაფარული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.

2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, ირ---–ი თ----არის დავალიანება შპს „ემ-- კრ-------ს“ მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1050.5 ლარის. საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს - 350 ლარს, სარგებელი - 81.5 ლარს, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი და პირგასამტეხლო - 598.5 ლარს. ამასთან, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლო 598.5 ლარიდან შემცირებული იქნა და პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა მხოლოდ 175 ლარი.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ემ-- კრ-------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ირ---–ი თ----არმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ ცნობს სარჩელს სესხის თანხის დავალიანების - 350 ლარის და პროცენტის - 81.5 ლარის, სულ 431.5 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი და პირგასამტეხლოს 80 ლარი.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, ადვოკატის მომსახურებისათვის 42 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში (431 ლარი) სარჩელი ცნო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 20 ლარი, ხოლო მოპასუხე ირ---–ი თ----არს შპს „ემ-- კრ-------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5 ლარის გადახდა, მასვე უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯი 21 ლარი, ხოლო ბაჟის ნაწილი 25 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 53-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შპს „ემ-- კრ-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1.მოპასუხე ირ---–ი თ----არს (პ/ნ 4----------) შპს „ემ-- კრ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 531.5 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 350 ლარი, პროცენტი - 81,5 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი და პირგასამტეხლო 80 ლარი.

1.2.მოპასუხე ირ---–ი თ----არს შპს „ემ-- კრ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 5 (ხუთი) ლარის გადახდა.

1.3.მოპასუხე ირ---–ი თ----არს შპს „ემ-- კრ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების 21 ლარის გადახდა.

2.მოსარჩელე შპს ,,ემ-- კრ-------’’ დაუბრუნდეს (2017 წლის 22 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან) 20 (ოცი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300273150; ხოლო ბაჟის ნაწილი 25 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე