გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-----17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12-----------ი2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ე-----------------”
წარმომადგენელი - ა-----------–---–-
მოპასუხე - გ------------------–ი
დავის საგანი-დავალიანების თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------------------–ს, შპს "ე------------------"-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის ძირი თანხის 3 840 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. გ------------------–ს, შპს "ე------------------"-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის სარგებლის 3 103.4 დოლარის გადახდა;
1.3. გ------------------–ს, შპს "ე------------------" -ის სასარგებლოდ, დაეკისროს ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის - 100 ლარის გადახდა;
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
20---–-–---------–--ს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1--------, რომლის საფუძველზეც, გ------------------–ს თვეში 5 % - იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, გადაეცა სესხი 4 076 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ - ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ, გირავნობით დაიტვირთა გ--------------–-–---–ის კუთვნილი ავტომობილი - ფო-–------ნ ფა------ი.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 20---–-–----------ს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 2 325 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 485 აშშ დოლარით გაიქვითა სესხზე რიცხული პირგასამტეხლო, 1 840 აშშ დოლარით შემცირდა სესხზე რიცხული სარგებელი.
გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის მოპასუხეს შპს „ე-----------------“-ის მიმართ რიცხული სესხის ძირითადი თანხა 3 840 აშშ დოლარი ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ არ შემცირდა და დარჩა დავალიანება სესხის ძირითადი თანხა 3 840 აშშ დოლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5 %-ის ოდენობით. გარდა ამისა, მსესხებელს ეკისრება სესხის რეალიზაციის შედეგად დარჩენილი სარგებელი.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში“. სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2017 წლის 30 ოქტომბერს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს და დამატებით განესაზღვრა ვადაც, რომელიც ვერ ჩაბარდა. მოპასუხემ არ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ ავტომობილის რეალური ღირებულება აღემატებოდა დავალიანების ოდენობას. მოპასუხემ წარმოადგინა სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ შედგენილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც 20---–-–----------–-სის მდგომარეობით, გირავნობის საგანი შეფასებულია 9 000 ლარად. შეფასება განხორციელდა ფოტოსურათების მიხედვით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–---------–--ს, შპს "ე------------------"-სს და გ------------------–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1--------, რომლის საფუძველზეც, გ------------------–ს თვეში 5 % - იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, გადაეცა სესხი 4 076 აშშ დოლარი. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გ--------------–-–---–ის კუთვნილი ავტომობილი - ფო-–------ნ ფა------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-19);
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 20)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. გ------------------–ს გრაფიკის მიხედვით, სრულად აქვს შესრულებული 5 თვის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 21)
- მხარეთა ახსნა - განმარტება
3.1.3. გ------------------–მა დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი. 20---–-–----------ს მოსარჩელემ განახორციელა გირავნობის საგნის დაბრუნება და რეალიზაცია 2 325 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხით დავალიანება გაიქვითა შემდეგნაირად: 485 აშშ დოლარი - სესხზე რიცხული პირგასამტეხლო; 1 840 აშშ დოლარი - სესხზე რიცხული სარგებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ე-----------------“-ის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის გადაწყვეტილება (ს.ფ. 23)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მხარის დავალიანება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 3 840 აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული სარგებლის ნაწილში 2 688 აშშ დოლარს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 3.1.2.-ის გათვალისწინებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ გ------------------–ს დაფარული აქვს ხუთი თვის დავალიანება სრულად, კერძოდ, 20---–-–------------ის ჩათვლით. ავტომობილის რეალიზაციით განხორციელდა სესხზე დარიცხული სარგებლის გაქვითვა 1 840 აშშ დოლარის ნაწილში, რაც შეადგენს ცხრა თვის დავალიანებას. ამდენად, ავტომობილის რეალიზებამ სარგებელი დაფარა 20---–-–----------------ნ 20---–-–----------------ის ჩათვლით. სარჩელი წარმოდგენილია 20---–-–-------------რს, ამდენად, გ------------------–ის დავალიანება სარგებლის ნაწილში 20---–-–--------------------ან 2017 წლის 2--------------ე შეადგენს თოთხმეტ თვეს რაც საერთო ჯამში არის 2 688 აშშ დოლარი. (192*14=2688)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 21)
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-19);
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს გ------------------–ის მითითებას გირავნობის საგნის არასაბაზრო ღირებულებით შეუსაბამოდ დაბალ ფასად რეალიზაციასთან დაკავშირებით.
სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქმეზე დართული შეფასების აქტით (ს.ფ. 26-30) ავტოსატრანსპორტო გირავნობის საგანი შეფასებული იქნა სპეციალისტის მიერ და დადგენილი იქნა 20---–-–----------------ს მდგომარეობით მისი საბაზრო და ლიკვიდური ფასი. ასევე, გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტის შესაბამისად, დგინდება რომ გირავნობის საგანი გასხვისდა - 2 325 აშშ დოლარად, რაც სასამართლოს შეხედულებით სრულად შეესაბამება არსებული შეფასების აქტის თანახმად დადგენილი ლიკვიდურ ფასს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნას, რომლის თანახმადაც ავტომანქანის საბაზრო ღირებულება 2018 წლის 17 ივლისის მდგომარეობით მართალია შეფასებულია 9 000 ლარად, თუმცა, შეფასება განხორციელდა მხოლოდ ფოტოსურათების მეშვეობით რაც რეალური სურათის აღქმის შესაძლებლობას არ იძლევა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ 20---–-–---------–--ის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ძირითადი დავალიანების ნაწილში, ხოლო ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 623-625-ე, 411-412-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ე-----------------“-სს და გ------------------–ს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა სასესხო სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზე გ------------------–მა სესხად მიიღო 4 076 აშშ დოლარი და წარმოეშვა ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება შეთანხმებული წესით და გრაფიკის შესაბამისად.
დადგენილია, რომ გ------------------–მა სესხის გადახდის ვალდებულება დაარღვია 20---–-–--------------------ან, რის გამოც მოსარჩელემ განახორციელა უზრუნველყოფის საგნის, ავტომობილის რეალიზაცია, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა არსებული დავალიანების დასაფარად.
დადგენილია, რომ სესხის ძირი თანხის სახით გ------------------–ს ერიცხება დავალიანება 3 840 აშშ დოლარის ოდენობით. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, ის ვალდებულია გადაიხადოს სესხის ძირი თანხა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს სესხის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის. მოპასუხე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა სესხის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც გამსესხებელმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია. დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 2 688 აშშ დოლარს, რაც გ------------------–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.3.. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზიანის მოტანას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო, როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ არ წარმოადგინა ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული თანხის დაკისრების საფუძველი.
მასვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, რაც შეადგენს 528 ლარს (სასარჩელო მოთხოვნის 94 %).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს "ე------------------" -ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გ------------------–ს, შპს „ე------------------“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის ძირი თანხის სახით არსებული დავალიანების 3 840 აშშ დოლარის გადახდა;
3. გ------------------–ს შპს „ე------------------“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 2 688 აშშ დოლარის ოდენობით;
4. შპს "ე------------------"-სს უარი ეთქვას ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის 100 ლარის ანაზღაურებაზე;
5. შპს "ე------------------"-სს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე