განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/473-18 (N041050518006)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17.08.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ----–- ლ-----ე
მამის სახელი: ლ-----
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: წყალტუბოს რაიონი სოფელი ქ-------ი
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, მ----–---------–-ს ქუჩა მე-3 შეს. N26
ადვოკატი - ა---------ე
სხდომის სახე ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, (02 ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ნ----–- ლ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, (02 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის მარტის თვის ბოლოს, ქუთაისი, მ----–---------–-ს ქუჩა მესამე შესახვევი N26-ში ნ----–- ლ-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან მეუღლეს თ----- ს------ეს, კერძოდ ფეხი დაარტყა ბეჭის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის 01 მაისს, ქუთაისი მ----–---------–-ს ქუჩა მესამე შესახვევი N26-ში ნ----–- ლ-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა არასრულწლოვან მეუღლეს თ----- ს------ეს, კერძოდ, ხელი მოუჭირა კისრის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
დაზარალებულ თ----- ს------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების მიხედვით ნ----–- ლ-----ე იყო მისი მეუღლე, რომელსაც გაცნობიდან მეორე დღესვე გაჰყვა ცოლად და ორი თვე ცხოვრობდნენ ერთად. ერთი კვირა კარგად ექცეოდა. ამის შემდეგ კომპიუტერი გაუფუჭდა და მას დააბრალა გაფუჭება, რის გამოც დაარტყა. ამის შემდეგ დილას ვერ გააღვიძა და სამსახურში დააგვიანდა, რის გამოც გაშლილი ხელი დაარტყა. შემდეგი შემთხვევა იყო როდესაც ერთი საათით ადრე გააღვიძა დილას და ამის გამო ყელში მოუჭირა ხელი, რაც ეტკინა. ბოლო შემთხვევა გორის პარკში მოხდა, როდესაც ტელეფონის გაფუჭება დააბრალა და ხალხის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზედაც ინერვიულა და გონება დაკარგა, რა დროსაც სასწრაფო და პოლიცია გამოუძახებიათ, რომელთაც მოუყვა სიმართლეს. ოჯახში ამ ძალადობის ფაქტებს სხვა არავინ შესწრებია, ვინაიდან ნ----–- შეურაცხყოფას იმ დროს აყენებდა, როდესაც დედამისი სახლში არ იყო. გორას პარკიდან იგი გადაიყვანეს ბავშვთა სოფელში, საიდანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა სახლში მშობლებთან(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - პატრულ-ინსპექტორებმა ა---- მ--–--ემ და დ----- ნ-------მ დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე - ,,გაბაშვილის პარკში“ გამოცხადების შემდეგ დაზარალებულმა თ----- ს------ემ მათ განუმარტა, რომ მისმა მეუღლემ ნ----–- ლ-----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ცუდად გახდა. ასევე უთხრა მათ, რომ მეუღლე მასზე ძალადობდა ფიზიკურადაც სხვა დროს. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებული გადაიყვანეს ბავშვთა სოფელში (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა ზ------ ჟ----–---–---მა და გ------ ო-------–--ემ დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე - 2018 წლის 05 მაისს ,,გაბაშვილის პარკში“ გამოცხადების შემდეგ დაზარალებულ თ----- ს------ემ მათ განუმარტა, რომ მისმა მეუღლემ ნ----–- ლ-----ემ აღნიშნულ პარკში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც იგი ცუდად გახდა. ასევე უთხრა მათ, რომ მეუღლე მასზე სხვადასხვა დროს ძალადობდა ფიზიკურადაც და სიტყვიერადაც. მათ აღნიშნულის შემდეგ დააკავეს ნ----–- ლ-----ე და გადაიყვანეს იზოლატორში. ისინი დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის რაიმე დაპირისპირებას არ შესწრებიან (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად 2018 წლის 05 მაისს 20:48 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების მორიგესთან მოქალაქე ი----- უ----–---სგან შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე კულტურისა და დასვენების პარკში (გაბაშვილის პარკი) იყო უგონო მოქალაქე (ს.ფ.3).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად 2018 წლის 05 მაისს 22:05 საათზე პატრულ-ინსპექტორ ა. მ--–--ისგან ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების მორიგესთან შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე კულტურისა და დასვენების პარკში 2002 წელს დაბადებულ თ----- ს------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ 1996 წელს დაბადებულმა ნ----–- ლ-----ემ(ს.ფ.2).
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №003067818 დასკვნით და ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 06.05.2018წ.13:20-13:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე თ----- ს------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (ს.ფ. 63-65).
სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №003459218 დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სისხლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში, რის გამოც ნ----–- ლ-----ის ქმედებებში შეურაცხყოფის, დამცირებისა და შანტაჟის განხორციელების ფაქტების დადგენა, რომელიც გამოიწვევდა თ----- ს------ის ტანჯვას, შეუძლებელია. თ----- ს------ის ფსიქოლოგიური თავისებურებანი მოყვანილია ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიურ კვლევით ნაწილში (ს.ფ. 77-81).
ბრალდებულმა ნ----–- ლ-----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 28-29 დეკემბერს ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით გაიცნო თ----- ს------ე. მიმდინარე წლის 7-8 თებერვალს ისინი სენაკში შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო 13 მარტს მას შესთავაზა ცოლობა. მეორე დღეს შეხვდნენ ერთმანეთს ქალაქ ფოთში ეკლესიის წინ და წამოიყვანა სახლში ქალაქ ქუთაისში. 16 თებერვალს ქუთაისში ჩამოვიდნენ თ-----ს მშობლები. ვინაიდან თ-----ს მამას გაცხადებული ჰქონდა პოლიციაში არასრულწლოვანი შვილის გათხოვების შესახებ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით გაასამართლეს 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირისათვის და მიუსაჯეს 3 წლით პირობითი მსჯავრი. თ-----სთან კონფლიქტი დაეწყო 12 აპრილიდან. კერძოდ, 9-10 აპრილს ისინი ჩასული იყვნენ სოფელ ქ---–---ში თ-----ს ოჯახში, საიდანაც წამოვიდნენ 12 აპრილს. მიკროავტობუსში თ-----მ დაუწყო საუბარი, რომ მის დედასთან ცხოვრება არ სურდა და სთხოვდა ცალკე გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რაზეც მან უარი უთხრა, რადგან დედას სხვა არავინ ჰყავდა და მარტო ვერ მიატოვებდა. 30 აპრილს დაიწყო მუშაობა პარკში. შემთხვევის დღეს, 5 მაისს დედას დაურეკა საჭმელი ამოეტანა მისთვის, თ-----მ უთხრა, რომ თავად ამოუტანდა. 16 საათზე პარკში მივიდა თ-----, რომელსაც შესთავაზა, რომ სამუშაოს დამთავრებამდე პარკში ესეირნა და თავი გაერთო ატრაქციონებზე თამაშით მის მეგობარ გ------- ჩ----ესთან ერთად. ცოტა ხანში გ-------მ უთხრა, რომ თ----- ცუდად გახდა ატრაქციონ „ბალერინაზე“ ჯდომის შემდეგ, რაც თ-----მაც დაუდასტურა - ცუდად ვარო. გ-------მ ვიღაცას ტელეფონით დაარეკინა სასწრაფოში. თ-----ს სახლშიც ხშირად უწუხდებოდა გული, რაზეც ექიმთანაც ყავდა მიყვანილი. მან გამოკითხა და შეიტყო, რომ თ----- სხვა ექიმის რჩევით გულყრის საწინააღმდეგოდ და დასაწყნარებლად სვამდა „დეპაკინს“, რაც ამ ექიმმა აუკრძალა, ენცეფალოგრამაც გადაუღეს და ეპილეფსია არ დაუდგინდა. მანამდე სახლში ორჯერ შეუწუხდა გული, სასწრაფო გამოიძახეს, რომელსაც პატრულიც მოჰყვა. ეს ფაქტი აპრილის თვეში მოხდა, ვიდრე მუშაობას დაიწყებდა. თ-----ს მიმართ არასდროს რაიმე ძალადობა არ გამოუყენებია, თუკი ძალადობას ჰქონდა ადგილი, მას შეეძლო ვინმესთვის მოეთხრო ამის შესახებ(სასამართლო სხდომის ოქმი).
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ნ----–- ლ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და სხვა წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებშიც ასახულია მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ა---- მ--–--ის, დ----- ნ-------ს, ზ------ ჟ----–---–---ის და გ------ ო-------–--ის ჩვენებებს, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ არასრუწლოვანი დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ძალადაკარგულად და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული სსსკ-ის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი რომელიც ითვალისწინებდა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე(მხოლოდ ირიბი ან თუნდაც ერთი პირდაპირი და დანარჩენი ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე) გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება არის წარმოდგენილი და მისგან გამომდინარე მოწმეთა ირიბი ჩვენებები, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებებით ნ----–- ლ-----ის მსჯავრდება, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შესაძლებელია მხოლოდ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლისთვისაც აუცილებელია პირდაპირ მტკიცებულებათა სიმრავლე.
დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში.
პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს ასევე დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ 05.05.2018წ. თ----- ს------ე ე.წ. გაბაშვილის სახელობის პარკში იყო უგონო მდგომარეობაში, თუმცა ის გარემოება, რომ აღნიშნული იყო შედეგი ნ----–- ლ-----ის მიერ ბრალეულად და მართლსაწინააღმდეგოდ განხორციელებული ძალადობისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა. ასევე, ვერ იქნა დადასტურებული ნ----–- ლ-----ის მიერ ფიზიკური ძალადობის ფაქტი ვერც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ვერც სხვა უტყუარი მტკიცებულებით და მთლიანი ბრალდება ისევ და ისევ დაზარალებულის მიერ არამყისიერად, მრავალი დღის დაგვიანებით მოწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება.
გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაზარალებულმა დაასახელა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ოთხი შემთხვევა, მათ შორის უკანასკნელი(ფსიქოლოგიური ძალადობა) საჯარო ადგილას პარკში და ის ფაქტი, რომ არცერთ ამ შემთხვევას უშუალო თვითმხილველი არ ჰყავდა(გამოძიებას არ დაუკითხავს პარკში მყოფი მრავალრიცხოვანი მოქალაქეებიდან ფაქტის შემსწრე არცერთი პირი) და არც არანაირი კვალი ძალადობისთვის დამახასიათებელი აღმოჩენილი არ არის, დაეჭვების საფუძველს იძლევა ობიექტური დამკვირვებლის თვალში.
შესაბამისად, მოცემულ საქმეზე უტყუარად არ დგინდება არა მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში, არამედ თვით სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - დაზარალებულზე განხორციელებული ფიზიკური ტკივილის მომგვრელი ძალადობის ფაქტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ საქმეზე არსებული ირიბ მტკიცებულებათა სიმრავლეც კი ძალზე პირობითია, რადგან ყველა მტკიცებულება გამომდინარეობს 16 წლამდე მოზარდის ნაამბობიდან, რომელმაც არა მყისიერად, არამედ რამდენიმე დღის და თვის დაგვიანებითაც კი მოუთხრო სხვა პირებს ამის შესახებ, რაც ბუნებრივია ნაკლებ დამაჯერებელს ხდის ამ ინფორმაციას, მით უფრო, რომ დაზარალებულს სრული შესაძლებლობა ჰქონდა დაერეკა 112-ზე, ან ეცნობებინა ამის შესახებ მისი მშობლების ან მრავალრიცხოვანი დედმამიშვილებიდან თუნდაც ერთ-ერთისათვის, გამოძიებისა და სასამართლოსათვის, როცა მოხდა ნ----–- ლ-----ის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ან თუნდაც მასთან აპრილის თვეში მისული სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მუშაკთათვის. საგულისხმოა, რომ თვით ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულმა ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამაც საქმის მასალების გაცნობისა და დაზარალებულთან გასაუბრების შედეგად ვერ დაადგინა ნ----–- ლ-----ის ქმედებებში შეურაცხყოფის, დამცირებისა და შანტაჟის განხორციელების ფაქტები, რომელიც გამოიწვევდა თ----- ს------ის ტანჯვას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ჩვენების არათანმიმდევრულობაზეც. კერძოდ, სასამართლო განხილვისას მან პირველი ძალადობის ფაქტი(მარტის ეპიზოდი) დაუკავშირა კომპიუტერის გაფუჭებას, რაც გამოძიების სტადიაზე არასოდეს აღუნიშნავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ნ----–- ლ-----ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, ნ----–- ლ-----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის მარტის თვის ბოლოს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----–- ლ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის მარტის თვის ბოლოს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 მაისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებში.
2. ნ----–- ლ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნ----–- ლ-----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. გამართლებულ ნ----–- ლ-----ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე