გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.07.2018
საქმის ნომერი
330310018002447076
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

საქმე №3/2946-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

25 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი

 

მოსარჩელე - ხ-----------–---ია

წარმომადგენელი - ს-----------–-----

 

მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

წარმომადგენელი - ს--–---------–--–-–---–-

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტდა 26.06.2018 წ. სასამართლო სხდომაზე)

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 7 თებერვლის №- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ხ-----------–---იას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების №----, №----, №---- საგამოცდო ტესტების შეფასების ნაწილში კოდი N----;

 

1.2. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქულის განსაზღვრის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ხ-----------–---იამ 2018 წლის 2 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სისხლისამართლის სპეციალიზაციით. ხ-----------–---იამ ტესტირების შედეგად დააგროვა 71 ქულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 9 თებერვლის N---- წერილი (ს.ფ. 15);

- 2018 წლის 2------------------ დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შესული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №-) (ს.ფ. 16-19);

 

3.2. ხ-----------–---იამ ტესტირების შედეგები 8 ტესტის შეფასების ნაწილში გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო კომისიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 20-23);

 

3.3. 2018 წლის 2------------------ დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შესული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №-) ხ-----------–---იას საჩივარი დაკმაყოფილდა 2 ტესტის შეფასების ნაწილში, დანარჩენი ტესტების შეფასების ნაწილში საპრეტენზიო განაცხადი არ დაკმაყოფილდა. ხ-----------–---იას საბოლოო შედეგი განისაზღვრა 73 ქულით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 2------------------ დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შესული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №-) (ს.ფ. 16-19).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხ-----------–---იას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო საკითხის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. ამავე ნორმის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით. ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №----, №----, №---- ტესტური დავალების შეფასებას. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ტესტები არ პასუხობს ტესტისთვის დადგენილ ზოგად სტანდარტს, ვინაიდან ტესტის შინაარსი, დასმული კითხვა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხი სცდება საკითხის გააზრების გონივრულ კრიტერიუმს, ხოლო ტესტების შინაარსი არ იყო სრულყოფილი და გამართული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ტესტური დავალებების შერჩევა და შეფასება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება. თუმცა მსგავსი კატეგორიის დავების განხილვის პროცესში, სასამართლო კონტროლი შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, შეფასების საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, როდესაც შეფასება ეყრდნობა საკითხის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გამცდარ არასწორ გააზრებას, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

 

სასამართლო აღნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რა სახისაა და რა მიზანს ემსახურება ტესტი, ის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ: ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რომლის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს მიზნად; მისი შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შედგენილი პასუხებით ან შეფასების სქემით; წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობა სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოსაცდელის უფლებას წარმოადგენს – გამოცდა ჩააბაროს არაორაზროვანი, ნათლად ჩამოყალიბებული ტესტის (კითხვის) და ასევე ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი პასუხების არსებობის პირობებში.

 

6.3.1. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №---- ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: გოგიშვილმა დაურეკა მის მეგობარ ქალს და სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით შეხვედრის დრო და ადგილი დაუთქვა, თუმცა ქალმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამის გამო, გოგიაშვილი გაბრაზდა და მეგობარს მხოლოდ სალაპარაკოდ შეხვედრა მოსთხოვა. თუ არ შეხვდებოდა მას სიკვდილი არ ასცდებოდა. ქალმა პოლიციას მიმართა, ხოლო ამ უკანასკნელმა გოგიშვილი დააკავა. რისთვის დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გოგიშვილს? ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,ა“ ვარიანტი - გოგიშვილი დაისჯება იძულებისთვის. კონკურსანტმა სწორ პასუხად მიიჩნია ,,ბ“ ვარიანტი - გოგიშვილი დაისჯება მუქარისთვის. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებოდა სამართლის ჯგუფის ექსპერტთა დასკვნას.

 

საკვალიფიკაციო კომისიამ სწორი პასუხის განმარტებისას იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რომლის თანახმადაც იძულება ესაა, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარა არის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფალი ქმედების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამ დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და კანონით მისი გადასაწყვეტია, ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - მსხვერპლის ნება-სურვილის საწინააღმდეგო. ამასთან, ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (იძულების) ჩასადენად მუქარა არის ერთ-ერთი ხერხი და საშუალება, რომ დაზარალებულმა შეასრულოს რაიმე ქმედება, ანდა საკუთარ თავზე გამოაცდევინონ თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, მაშინ, როცა მუქარის განხორციელებისას მუქარა თავად არის დანაშაულებრივი ქმედება რაიმე მიზნის გარეშე და ამგვარი ქმედების მიზანი არ არის დანაშაულის ობიექტისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ან სხვა რაიმე პირობაზე დაყოლიება, რაც პირობის შინაარსიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლის შემადგენლობას შექმნის (მაგ.: ქორწინების იძულება შესაძლოა ასევე მუქარის შედეგად განხორციელედეს). სწორედ დანაშაულებრივი ქმედების მიზანი იძლევა ფსიქიკური იძულებისა და მუქარის განმასხვავებელ მაკვალიფიცირებელ ნიშანს. ამგვარი ნიშანი ნათლად არის გადმოცემული ტექსტის შინაარსით (მოკვლის მუქარით იძულება მსხვერლისა მისი სურვილის მიხედავად მისულიყო სალაპარაკოდ) და ტესტი რაიმე ბუნდოვანებას არ შეიცავს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას სწორ პასუხად მის მიერ შემოხაზული ,,ბ” ვარიანტის მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან ტესტურ დავალებასა და სწორ პასუხს შორის აზრთა სხვადასხვაობა და ბუნდოვანება არ არსებობს, გამოსაცდელს მოეთხოვება ნორმის ცოდნა, რასაც სრულად შეიცავდა სწორ პასუხად დადგენილი ,,ა” ვარიანტი.

 

6.3.2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №---- ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: თარაშვილის მეუღლემ საჯარო დაწესებულებაში გამოცხადებული კონკურსი ვერ გაიარა, რის გამოც შეწუხებულმა თარაშვილმა თავის ნაცნობ იაკოვს დახმარება სთხოვა. იაკოვმა უთხრა, რომ თუ გარკვეული ოდენობის თანხას გადაიხდიდა, საკონკურსო კომისიის წევრებს მოურიგდებოდა მეგობრული ურთიერთობების (და არა ფულის გადახდის) საფუძველზე და მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას შეაცვლევინებდა. თარაშვილმა მოთხოვნილი თანხა იაკოვს გადასცა, თუმცა მან საკონკურსო კომისიის წევრებთან კავშირის დამყარება ვერ შეძლო. შეაფასეთ თარაშვილის და იაკოვის ქმედებები. ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,ბ“ ვარიანტი - თარაშვილს და იაკოვს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ზეგავლენით ვაჭრობისთვის. კონკურსანტმა სწორ პასუხად მიიჩნია ,,გ“ ვარიანტი - თარაშვილი დაისჯება ქრთამის მიცემისთვის, ხოლო იაკოვს პასუხისმგებლობა დაეკისრება ზეგავლენით ვაჭრობისთვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, ქრთამის მიცემა არის მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391 მუხლის თანახმად, ზეგავლენით ვაჭრობა არის იმ პირისათვის, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება იმ პირის მიერ, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენის სასურველი შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზეგავლენით ვაჭრობის შემთხვევაში ქმედებას სამმხრივი ურთიერთობის სახე აქვს: 1) დაინტერესებული პირი, რომელიც არამართლზომიერ პრივილეგიებს (უპირატესობას) სთავაზობს ზეგავლენით მოვაჭრეს; 2) თავად ზეგავლენით მოვაჭრე, ანუ პირი, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელეზე ან მასთან გათანაბრებულ პირზე; 3) მესამე პირი - ზეგავლენის ადრესატი ანუ მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელმაც ზეგავლენით მოვაჭრის მტკიცებით, დაინტერესებული პირის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, შეასრულოს მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ქრთამის მიცემის შემთხვევაში ქრთამის მიმღები თავად არის მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა. ამდენად, აღნიშნული ორი დანაშაულის განმასხვავებელი ნიშანი არის თანხის მიმღები პირი, კერძოდ ზეგავლენით ვაჭრობისას თანხის მიმღები პირი არ არის მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, არამედ მოქმედებს სხვა პირის სახელის გამოყენებით, მაშინ, როცა ქრთამის მიცემის შემთხვევაში თანხის მიმღები პირი თავად არის მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ გამოიყენებს თანამდებობრივ უფლებამოსილებას ან თანამდებობრივ ავტორიტეტს.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ქრთამის მიცემა არ არსებობს თანხის მიმღები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარეშე. კონკურსანტის მიერ გასაჩივრებული ტესტი ნათლად შეიცავს იმ პირობას, რომ იაკოვი მხოლოდ მეგობრული ურთიერთობის საფუძველზე შეაცვლევნებდა გადაწყვეტილებას მოხელეს თარაშვილის სასარგებლოდ და ტესტის შინაარსი არ შეიცავს არც ირიბ და არც პირდაპირ მითითებას იაკოვის თანამდებობრივ მდგომარეობასთან მიმართებით, რაც ქრთამის მიცემის მაკვალიფიცირებელ აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.

 

გარდა ამისა, კონკურსანტის მიერ არჩეული ,,გ“ ვარიანტი - თარაშვილი დაისჯება ქრთამის მიცემისთვის, ხოლო იაკოვს პასუხისმგებლობა დაეკისრება ზეგავლენით ვაჭრობისთვის, ეფუძნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 339-ე და 3391 მუხლების შეკრების შედეგად მიღებულ არასწორ კვალიფიკაციას, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის ამავე კოდექსის 338-ე მუხლის დანაწესთან, ვინაიდან ქრთამის მიცემა არ არსებობს ქრთამის მიმღების გარეშე.

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ტესტურ დავალებასა და სწორ პასუხს შორის აზრთა სხვადასხვაობა და ბუნდოვანება არ არსებობს, ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,ბ“ ვარიანტი - თარაშვილს და იაკოვს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ზეგავლენით ვაჭრობისთვის, სრულ შესაბამისობაშია ტექსტის შინაარსსა და გამოყენებულ სამართლებრივ ნორმასთან.

 

6.3.3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №---- ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: ავალიანმა შურისძიების მოტივით განიზრახა მოსამართლის მკვლელობა, რადგან მოსამართლემ ავალიანის შვილს უკანონო განაჩენი გამოუტანა. შეიარაღებული ავალიანი მოსამართლეს სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და დაელოდა მის გამოჩენას. სადარბაზოსთან მოსამართლის ავტომანქანა გაჩერდა, საიდანაც ერთი ადამიანი გადმოვიდა. ავალიანს ეგონა, რომ მის წინაშე მოსამართლე იდგა და დამიზნებით გაისროლა მისი მიმართულებით. სინამდვილეში, დაზარალებული მოსამართლის ტყუპი ძმა აღმოჩნდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მოსამართლეს. როდესაც ავალიანმა შეიტყო, რომ მოსამართლის უდანაშაულო ძმა მოკლა, პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. შეაფასეთ ავალიანის ქმედება. ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,ბ“ ვარიანტი - ავალიანი პასუხს აგებს დამთავრებული განზრახი მკვლელობისთვის. კონკურსანტმა სწორ პასუხად მიიჩნია ,,გ“ ვარიანტი ავალიანს პასუხისმგებლობა დაეკისრება განზრახ მკვლელობის მცდელობის და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეცდომა პიროვნებაში (ERROR IN PERSONA), როგორც წესი, ტესტში ასახული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის სისხლისსამართლებრივად ირელევანტურია და ზეგავლენას არ ახდენს საბოლოო შეფასებაზე. მიუხედავად შეცდომისა და არაგანზრახული პირის მოკვლისა, მოსამართლე ავალიანის მიმართ დანაშაულის მცდელობა არ განხორციელებულა, ვინაიდან იგი დანაშაულის ადგილას არ იმყოფებოდა. მხოლოდ დამნაშავე პირის დარწმუნებული მოქმედება მოსამართლის მიმართ დანაშაულის ჩასადენად მის ქმედებას დანაშაულის მცდელობად არ აქცევს, ვინაიდან როგორც დანაშაული ისე დანაშაულის მცდელობა არ არსებობს იმ პირის გარეშე, რომელზეც ან რომლის კანონით დაცულ რაიმე სიკეთეზე, თუნდაც დაუსრულებელმა დანაშაულებრივმა მოქმედებამ, ზეგავლენა არ მოახდინა. გარდა ამისა, ერთი პირის მიერ დამიზნებით გასროლით მეორე პირის მოკვლისას, ქმედების მოტივის მიუხედავად, ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობას და მისი დაკვალიფიცირება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით დაუშვებელია, ვინაიდან შეცნობით ადამიანის მიმართ დამიზნებით გასროლისას საფრთხე ექმნება სამართლებრივ სიკეთეს - ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც თანაბრად დაცულია მიუხედავად დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი პირის სტატუსისა და დამნაშავის მოტივისა. ე.ი. პასუხისმგებლობა დგება თანაბარღირებულების თეორიით და ჩადენილი ქმედება შეფასდება, როგორც განზრახ მკვლელობა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას სწორ პასუხად მის მიერ შემოხაზული ,,გ” ვარიანტის მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ტესტურ დავალებასა და სწორ პასუხს შორის აზრთა სხვადასხვაობა და ბუნდოვანება არ არსებობს, ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,ბ“ ვარიანტი, - ავალიანი პასუხს აგებს დამთავრებული განზრახი მკვლელობისთვის, სრულ შესაბამისობაშია ტექსტის შინაარსსა და გამოყენებულ სამართლებრივ ნორმასთან.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2------------------ დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შესული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი №-) ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ-----------–---იას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-4, 22-ე, 23–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ-----------–---იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე