გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.09.2018
საქმის ნომერი
330210018002487840
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/17141- 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 სექტემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე : ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე

მოსარჩელე: ქე----------–--–---–ი

წარმომადგენელი: ნა-------------–---–ი

მოპასუხე: და------–--------–---–ი

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე და-------–--------–---–ისათვის (პ.ნ------------) მოსარჩელე ქე----------–--–---–ის (---------------- სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, მა-------–--------–---–ის (დაბადებული 20/10/2001წელს) რჩენა- აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, 400 (ოთხასი) ლარის გადახდის დაკისრება, სარჩელის შეტანის დღიდან, 2018 წლის 11 ივნისიდან, მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

1.2. მოპასუხე და-------–--------–---–ისათვის (პ.ნ------------) მოსარჩელე ქე----------–--–---–ის (---------------- სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, ნი-----–--------–---–ის (დაბადებული 17/08/2007 წელს) რჩენა- აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, 300 (სამასი) ლარის გადახდის დაკისრება, სარჩელის შეტანის დღიდან, 2018 წლის 11 ივნისიდან, მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე ქე----------–--–---–ი და მოპასუხე და------–--------–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი, 2001 წლის 20 ოქტომბერს დაბადებული მა-------–--------–---–ი და 2007 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ნი-----–--------–---–ი. მეუღლეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელსაც თავის მხრივ შექმნილი აქვს მეორე ოჯახი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და ელოდება მეოთხე ბავშვს. ფაქტობრივი დაშორების შემდეგ მამა არ იჩენს სათანადო ყურადღებას შვილების მიმართ, არ ეხმარება მათ მატერიალურად, მხოლოდ დედა კი, ვერ შეძლებს არასრულწლოვნების აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. არასრულწლოვნები არიან სკოლის მოსწავლეები, სასკოლო ნივთებისა და კვებისათვის ესაჭიროებათ თანხები, ასევე, მა-------–--------–---–ს საატესტატო და სააბიტურიენტო მომზადებისათვის ყოველთვიურად ესაჭიროება 400 ლარი. ქე----------–--–---–ის მეორე მეუღლეს, ლე-------–--–---–ს ყოფილ მეუღლესთან ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ვის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ყოველთვიურად 300 ლარი. მეუღლეებს შემოსავლის მიუხედავად აქვთ არაერთი საბანკო ვალდებულება, რომელსაც იხდიან ყოველთვიურად. და------–--------–---–ი, როგორც მშობელი, ვალდებულია თანაბარი მონაწილეობა მიიღოს შვილების რჩენა-აღზრდაში.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1197-ე, 1198-ე, 1214-ე მუხლები. ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-14),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე და------–--------–---–ი დაეთანხმა სარჩელს თითოეულ შვილთან მიმართებით 150-150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო სრულად არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იგი არის უმუშევარი, არ აქვს შემოსავალი, წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის წევრს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, რომელთა რჩენაში ეხმარებიან მშობლები. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შესაგებელი ( იხილეთ ს. ფ. 61-69),მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ქე----------–--–---–ი და მოპასუხე და------–--------–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი, 2001 წლის 20 ოქტომბერს დაბადებული მა-------–--------–---–ი და 2007 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ნი-----–--------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მა-------–--------–---–ის დაბადების მოწმობა ნკ#566788 (ს.ფ.16);

-ნი-----–--------–---–ის დაბადების მოწმობა #22136000721 (ს.ფ.17);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოსარჩელე ქე----------–--–---–ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ზუ-----–---–-ს ქ.#63ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე ქე----------–--–---–ი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ლე-------–--–---–თან 2017 წლის 27 ნოემბრიდან. მას კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი მეორე ქორწინებიდან. საქმეში წარმოდგენილი სს ,,სა---------–--------ის“ მიერ გაცემული ინფორმაციის 22/03/2018წ, ,,კრ-----------ს“ 12/12/2017წ, ასევე, სს ,,თი ბი სი ბანკის“ მიერ გაცემული ინფორმაციის 22/03/2018წ მიხედვით, ლე-------–--–---–ს ერიცხება საკრედიტო დავალიანება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა #01171024249 (18);

-სს ,,სა---------–--------ის“ მიერ გაცემული ინფორმაცია 22/03/2018წ (ს.ფ.38-49);

-სს ,,თი ბი სი ბანკის“ მიერ გაცემული ინფორმაცია 22/03/2018წ (ს.ფ.53-57);

-,,კრ-----------ს“ მიერ გაცემული ინფორმაცია 12/12/2017წ (ს.ფ.50-52);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოსარჩელე ქე----------–--–---–ი დასაქმებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მისი ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარია. ამჟამად, იგი იმყოფება აღრიცხვაზე შპს ,,#8 სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში“ ორსულობის გამო, 26.03.2018 წლიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

-ცნობა (ს.ფ.37).

 

3.1.5. და------–--------–---–ის არის შრომისუნარიანი პირი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).

 

3.1.6. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების 29/11/2016წ მიხედვით, ეთერ რევიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ლე-------–--–---–ს არასრულწლოვანი მა---------–--–---–ის, დაბადებული 2016 წლის 20 თებერვალს, სასარგებლოდ, ალიმენტის სახით დაეკისრა 300 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, 2016 წლის 04 აპრილიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება 29/11/2016წ, 2/8154-16 (ს.ფ.20-30).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. და------–--------–---–ის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილების, მარიამ და ნი-----–--------–---–ების გარდა, იმყოფება არასრულწლოვანი შვილი მეორე ქორწინებიდან გიორგი ლეკბორაშვილი. რაც შეეხება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესა და მის შვილს, ნუ-----–------–---ს, მათი სხვა პირთა რჩენის ფაქტობრივი გარემოება მოპასუხის მხრიდან საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის 03/07/2018წ მიხედვით, და------–--------–---–ი წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრს, მოქმედი სარეიტინგო ქულით - 27750, მისი ყოველთვიური მისაღები თანხაა - 260 ლარი. სხვა, ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი და------–--------–---–ს არ უფიქსირდება. მოსარჩელის მიერ ამგვარი გარემოების დასტურად მტკიცებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, არ წარმოდგენილა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 03/07/2018წ (ს.ფ.71).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილების მიმართ 150-150 (ას ორმოცდაათ- ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 2001 წლის 20 ოქტომბერს დაბადებული მა-------–--------–---–ი და 2007 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ნი-----–--------–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი მარიამ და ნი-----–--------–---–ები ცხოვრობენ დედასთან, მოსარჩელე ქე----------–--–---–თან ერთად. მოპასუხე შრომისუნარიანია და მართალია, მისი სტაბილური დასაქმების ფაქტი საქმის მასალებით არ ირკვევა, შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა- განვითარებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არსრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სტაბილური, მაღალანაზღაურებადი სამსახურის არქონა, ასევე, უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის მუდმივად არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. და------–--------–---–ის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის სამომავლოდ მიღების შესაძლებლობა და ა.შ. ამდენად, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების მინიმალური რჩენის ვალდებულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობა. მოპასუხე და------–--------–---–ი სარჩელის განხილვის დროისათვის არ არის დასაქმებული, მაგრამ ყურადსაღებია გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე წარმოადგენს შრომისუნარიან პირს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი უნარები და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის 03/07/2018წ მიხედვით, და------–--------–---–ი წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრს, მოქმედი სარეიტინგო ქულით - 27750, მისი ყოველთვიური მისაღები თანხაა - 260 ლარი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი მეორე ქორწინებიდან. ასევე, სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მცირეწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.

 

მოპასუხე და------–--------–---–ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150-150 (ას ორმოცდაათ-ას ორმოცდაათი) ლარი. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ბავშვები არიან სკოლის მოსწავლეები, მა-------–--------–---–ი არის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, ესაჭიროება მომზადება სხვადასხვა საგნებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის აგვისტოს თვისათვის - 171.4 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 150-150 (ას ორმოცდაათ- ას ორმოცდაათი) ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 11 ივნისიდან, არასრულწლოვანი შვილების, 2001 წლის 20 ოქტომბერს დაბადებული მა-------–--------–---–ის და 2007 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ნი-----–--------–---–ის სრუოლწლოვანებამდე, ან გარემოებების შეცვლამდე.

 

6.2. მოსარჩელე ქე----------–--–---–მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ’’ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, ყოველთვიურად შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების დასაკმაყოფილებლად. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების ასაკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არასრუწლოვანის ინტერესებს, რის გამოც არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ქე----------–--–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ქე----------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, იმ ოდენობით, რაც მოპასუხემ ცნო მთავარ სხდომაზე პაექრობის ეტაპზე, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამოდინარე, მოპასუხე და------–--------–---–ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 108 ( ას რვა) ლარის ნახევრის, 54 ლარის, გადახდა;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე,268-ე, 269-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე ქე----------–--–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

1.1 .მოპასუხე და-------–--------–---–ს (პ.ნ------------) მოსარჩელე მოსარჩელე ქე----------–--–---–ის (---------------- სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, მა-------–--------–---–ის (დაბადებული 20/10/2001წელს)რჩენა- აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, 150(ასორმოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის შეტანის დღიდან, 2018 წლის 11 ივნისიდან, მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

1.2. .მოპასუხე და-------–--------–---–ს (პ.ნ------------) მოსარჩელე მოსარჩელე ქე----------–--–---–ის (---------------- სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ნი-----–--------–---–ის (დაბადებული 17/08/2007 წელს) რჩენა- აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, 150(ასორმოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის შეტანის დღიდან, 2018 წლის 11 ივნისიდან, მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

2 .წინამდებარე გადაწყვეტილების 1.1 და 1. 2. პუნქტები აღსრულდეს დაუყოვნებლივ;

 

3 . მოპასუხე და-------–--------–---–ს (პ.ნ------------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 108(ასრვა) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია