განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002287709
1-116/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - დ-------------ლი
ბრალდებული - რ----- თ--------ძე
ადვოკატი -ჯ----–------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N17----------
ბრალდებული: რ----- თ--------ძე
მამის სახელი: გიორგი
დაბადებული: 05.01.1-----–--–---------–--------------------–----------–------------–-------–----–-----------------------------------------------–-----------------------------------------------–-----------------------------------------------------------------–----–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 11 სექტემბერს დაახლოებით 22:00 საათზე რ----- თ--------ძე თავისი მართვის ქვეშ მყოფი "ფორდ ტრანზიტის" მარკის სახN TRM 200 მიკროავტობუსით , მოძრაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის ტერიტორიაზე ქობულეთიდან ურეკის მიმართულებით. მსვლელობისას მძღოლმა რ----- თ--------ძემ დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ გვერდულზე გაჩერებულ "ჰოვოს" მარკის სახN VA 003 VI სატვირთო ავტომობილს, რომელსაც გაჩერებამდე მართავდა მძღოლი თ------ შ------–--ლი. შეჯახების შედეგად რ----- თ--------ძის მგზავრმა რ----------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მგზავრი ვ--–---- ს---–-ძე გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:
2017 წლის 11 სექტემბერს, ობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის ტერიტორიაზე ქობულეთიდან ურეკის მიმართულებით რ----- თ--------ძე მართავდა “ ფორდ ტრანზიტის" მარკის სახN TRM 200 მიკროავტობუსს.
რ----- თ--------ძემ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, შეეჯახა გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ გვერდულზე გაჩერებულ "ჰოვოს" მარკის სახN VA 003 VI სატვირთო ავტომობილს. შეჯახების შედეგად რ----- თ--------ძის მგზავრმა რ----------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მგზავრი ვ--–---- ს---–-ძე გარდაიცვალა.
2017 წლის 26 ოქტომბრის N254/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლ რ----- თ--------ძის მოქმედება არ შეესაბამება ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2 მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ თ------ შ------–--ლს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.
შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება:
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №006653817 დასკვნის თანახმად, რ----------–--ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს "უნიმედი აჭარა ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში 2017 წლის 11 სექტემბრიდან. დიაგნოზი: პოლიტრავმა, თავის ტვინის ღია ტრავმა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, შუბლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, ტვინის დაჟეჟილობა, მარჯვენამხირივი პნევმოთორაქსი, სკალპის და სახის ღია ჭრილობა, მარცხენა წვივის ჭრილობების სისხლდენით, ორივე ტერფის დახურული მოტეხილობა, მარჯვენა ბეჭის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა, ტრავმული შოკი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვირივ ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
შეჯახების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა:
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0010043752 დასკვნის თანახმად, ვ--–---- ს---–-ძის სიკვდილის მიზეზია სისხლჩაქცევა ტვინის რბილ ქსოვილებში, მაგარი გარსის ქვეს, ტვინის რბილ ქსოვილებზე ზეწოლითა და მკვეთრი შეშუპებით, რაც გამოწვეულია ქალა-ტვინის ბლაგვი ღია ტრავმით, ქალა-სარქვლისა და ქალა-ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი ცდომილი მოტეხილობებით. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალსწინებით, სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 (თორმეტი საათისა.)
ვ--–---- ს---–-ძის გვამის გამოკვლევისას აღინიშნებოდა შემდეგი დაზიანებები. სხეულის ბლაგვი პოლიტრავმა, ქალა-ტვინის ღია ტრავმა, ქალა-საქრვლის და ქალა-ფუძის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მოტეხილი ფრაგმენტების მკვეთრი შცილებით და გადანაცვლებით, სახის ძვლების მოტეხილობა, სისხლჩაქცევები ტვინის რბილ ქსოვილებში, ტვინის მაგარი გარსის ქვეშ ტვინის რბილ ნივთიერებაზე ზეწოლით, თავის ტვინის შეშუპება, დისლოკაცია, თავის ტვინის რბილი გარსების იმბიბიცია სისხლით, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა შეცილების გარეშე, მარჯვენა მხრის ძვლის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა, ჭრილობები, სისხლჩაქცევები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა არეში.
აღნიშნული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. ერთად აღებული ცოცხალ პირებში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს/ტ-235 დასკვნის თანახმად წარმოდგენილ სატვირთო ავტომობილ "ჰოვო" სახN VA 003 VI საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია. წარმოდგენილი ავტომობილ “ ფორდ ტრანზიტის" სახN TRM 200 სამუხრუჭე სისტემა და საჭით მართვის მექანიზმი მწყობრიდან არის გამოსული მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- თ--------ძემ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა .
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- თ--------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----- თ--------ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
რ----- თ--------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ----- თ--------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, პირობითად ჩათვლილი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რ----- თ--------ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მასვე, სამი წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული რ----- თ--------ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
რ----- თ--------ძეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში (მისი აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში) ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 26 დეკემბრიდან 2018 წლის 04 იანვრის ჩათვლით.
რ----- თ--------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში რ----- თ--------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ლევან თ--------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ზესტაფონი, შათირიშვილის ქN17, ბინა N18 ( საკადასტრო კოდი კოდი - №32.10.09.038.01.018) 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
პირობით მსჯავრდებულ რ----- თ--------ძის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი სახNTRM 200 და ამავე მიკროავტობუსის წინა მარცხენა სავარძლის საზურგე და საჯდომი შალითები , რ----- თ--------ძის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; სისხლის ლაქა - განადგურდეს; რ----------–--ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი