გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.07.2018
საქმის ნომერი
030310018002464381
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310018002464381

03 ივლისი 2018 წ. ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე ვ------- ქ------

წარმომადგენელი მ--- ჩ-------

მოპასუხე სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო და

ამავე სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი ჯ--- მ----–----–--ე,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი: საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი), ტერიტორიული სერვისების ბიუროს (მთავარი სამმართველო), რეგიონალური მართვის სამმართველოს, ფოთის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის MIA 61703152859 წერილი და სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 09 მარტის MIA 018 00557739 გადაწყვეტილება.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს აღადგინოს და გასცეს 1984 წლის 10 თებერვლის ,,ბ“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის სერია ა--- N1----- ნაცვლად ახალი მართვის მოწმობა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

მან (ვ------- ქ------მ) 1983 წლის 25 დეკემბერს დაამთავრა ხ----ს ,,დ------ში“ არსებული სპორტულ-ტექნიკური კლუბის ,---–- კატეგორიის მძღოლთა მოსამზადებელი პროგრამა და მიიღო მძღოლის საგამოცდო ბარათის N6----- მოწმობა.

 

1984 წლის 10 თებერვალს შსს ფოთის საქალაქო განყოფილების სარეგისტრაციო საგამოცდო განყოფილებაში თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღო ,---–- კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის N1----- მოწმობა.

 

მან ძველი მოწმობის ახლით შეცვლა მოინდომა, მაგრამ სახლში მართვის მოწმობა ვერ იპოვა.

 

2017 წლის 12 დეკემბერს მან განცხადებით შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ფოთის სამსახურს მიმართა და 1984 წ. მასზე გაცემული მართვის მოწმობის აღდგენა მოითხოვა, რაზეც 2017 წლის 29 დეკემბერს უარყოფითი პასუხი მიიღო, გაასაჩივრა მაგრამ უშედეგოდ. სააგენტომ მიუთითა, რომ 1984 წლის მართვის მოწმობის გაცემის რეესტრში მის სახელზე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემის ფაქტი არ მოიპოვება. აღნიშნული გადაწყვეტილება მას 2018 წლის 16 მარტს ჩაბარდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სწავლის გავლა არ გულისხმობს, რომ პირს გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (მართვის მოწმობა).

 

საარქივო ცნობით არ დასტურდება, რომ ვ.ქ------ს გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა.

 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა მართვის უფლების არსებობის ერთადერთ წყაროდ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზას მიიჩნევს. ხსენებულ ბაზაში ვ------- ქ------ს სახელზე სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, რაც გულისხმობს, რომ მას არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო მართვის უფლების არარსებობა თავისთავად გამორიცხავს მართვის მოწმობის გაცემის (მართვის მოწმობის აღდგენის) მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მძღოლის საგამოცდო ბარათის მიხედვით, რომელიც გაცემულია 1984 წლის 10 თებერვალს, ვ------- ქ------ზე გაიცა მოწმობა: ,---–- კატეგორიის, სერია ა--- (ქვემოთ მიწერილია სიმთვრალე 2 წელი), მოწმობის ნომერი 1-----, გაფრთხილების სერია და ტალონის ნომერი - ა--- - 1-----, გაცემის თარიღი - 10.02.84. ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

 

3.2.2. მოწმობა სერია იუ N6-----, ვ------- ქ------ს მიერ მძღოლის მომზადების პროგრამის გავლისა და საგამოცდო ნიშნების მიღების თაობაზე. გაიცა მოწმობა, სერია ა--- N1-----, 10.02.1984 წ. დოკუმენტი სატრანსპორტო საშუალების უფლებას არ წარმოადგენს.

 

3.2.3. ფოთის არქივის 30.12.2014 წ. ცნობის თანახმად, ხ----ს დ------ის რაიონული კომიტეტის დოკუმენტებით დასტურდება ვ------- ქ------ს 1983 წ. დ------ში სწავლის ფაქტი. ის შედიოდა ,---–- კატეგორიის მძღოლობის შემსწავლელ N4 ჯგუფში, რომლის მეცადინეობა დაიწყო 2 აგვისტოდან წარმოებიდან გაუწყვეტლივ და დამთავრდა 25 დეკემბერს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს შს მინისტრის 01.08.2012 წლის №598 ბრძანებით დამტკიცებული ”სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილ (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების შესახებ ინსტრუქცია”.

 

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში)

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

აღსანიშნავია, რომ აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის დადგენის შესახებ. სამართლებრივი ურთიერთობაში მოიაზრება საჯარო სამართლის ნორმიდან გამომდინარე კონკრეტული შინაარსის ურთიერთობა, როგორც კონკრეტული პირისა სხვა პირთან, ასევე კონკრეტული საგნის მიმართ. სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს მხარეთა კონკრეტულ უფლებებსა და ვალდებულებებს. ამასთან, ნებისმიერი საჯარო-სამართლებრივი დავა შესაძლოა აღიარებითი სარჩელით გაირკვეს.

 

სარჩელის დასაბუთებულობა დაკავშირებულია მატერიალურ ნორმებთან და მათი დასაბუთებულად წარმოჩენა სათანადო გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის. სარჩელის დასაბუთებულობისას გამოიყოფა ორი მნიშვნელოვანი მომენტი: კანონსაწინააღმდეგობა და კანონით გარანტირებული უფლებების დარღვევა დავის საგნით. აღიარებითი სარჩელით სადავოდ ქცეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არსებობის დასაბუთება ითვალისწინებს თუ რამდენად გამომდინარეობს ის შესაბამისი საჯარო-სამართლებრივი ნორმიდან, ინდივიდუალური აქტიდან ან ხელშეკრულებიდან. საჯარო ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მაშინაც, როდესაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ურთიერთობაში შევა მოქალაქესთან. სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას მოწმდება ასევე ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის საკითხიც.

 

მოქალაქე თუ მოკლებულია შესაძლებლობას საკუთარი ბრალის გარეშე წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, ასეთ ვითარებაში კეთილსინდისიერი პირის უფლების უარყოფა დაუშვებელია და მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მის ხელით არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს და განახორციელოს უფლების რეალიზაცია.

 

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელემ გარდა მძღოლის საგამოცდო ბარათისა და არქივიდან გამოთხოვილი ცნობისა, მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა ხელი შეეწყო მტკიცებულებების მოპოვებას, სხვა მტკიცებულება არ წარმოადგინა.

 

სასამართლო სხდომებზე სასამართლო არკვევდა საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობის საკითხს, მაგრამ ასეთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა (ასკ-ის მე-4, მე-19 მმ).

 

ასეთ ვითარებაში, სასამართლო იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს შს მინისტრის 01.08.2012 წლის №598 ბრძანებით დამტკიცებულ ”სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილ (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის” შესაბამისად, ეს წესი არეგულირებს საქართველოში შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესსა და პირობებს, რომ მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია აისახება სააგენტოს მიერ წარმოებული მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში. მართვის უფლების მინიჭება დასტურდება მართვის მოწმობის გაცემით, რომლის თაობაზე ინფორმაცია დაცულ უნდა იყოს სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში. აღნიშნულ რეესტრში ვ------- ქ------ს სახელზე მართვის მოწმობის გაცემის ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, ზემოდ ხსენებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მართვის მოწმობის აღდგენა ახალი მოწმობით არ განხორციელდება თუ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრით არ დასტურდება მართვის მოწმობის გაცემის ფაქტი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია საგამოცდო ფურცლის საფუძველზე აღიარებულ და დადგენილ იქნას ვ------- ქ------ს სახელზე გაცემული მართვის მოწმობის არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე უკანონო მოქმედების განხორციელებას ადგილი არ აქვს, შესაბამისად ის პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს არ აყენებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ------- ქ------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. №3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე