გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.07.2018
საქმის ნომერი
330310018002358311
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/1723-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე

მოსარჩელე - შპს „ჯ----------------------------------“

წარმომადგენელი - მ-------------–---–-

მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–---

მესამე პირი - შპს „ი-----ო“

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 იანვრის №6/49 გადაწყვეტილება

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირს პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. შ--------------------------------------ის მიერ 2017 წლის 24 ოქტომბერს, ქ. თბილისში, შ--------------ში გადამოწმებულ იქნა აბონენტად რეგისტრირებული შპს „ი-----ო“. გადამოწმების შედეგებით დადგინდა, რომ აბონენტს უნებართვოდ ჰქონდა მოხსნილი სასმელი წყლის მრიცხველი. აღნიშნულის თაობაზე შედგა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N-----, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------.

 

აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N-----4-ის თანახმად აბონენტს დაერიცხა 1152,23 ლარი.

 

შ--------------------------------------ის 2017 წლის 30 ოქტომბრის N---- დადგენილებით შპს „ი-----ო“-ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

მტკიცებულება. რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 126)

- აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი (ს.ფ. 128);

- 2017 წლის 30ოქტომბრის N---- დადგენილება (ს.ფ. 117-118);

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 133-137);

- ქვითარი (ს.ფ. 129);

 

4.2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N6/49 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ი-----ო“-ს წარმომადგენლის განცხადება. შ--------------------------------------ის 2017 წლის 24 ოქტომბრის N-----4 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს „ი-----ო“-სთვის უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 1152,23 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. დაევალა შ--------------------------------------ს დარიცხვის გაუქმება და შესაბამისი ცვლილების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 იანვრის N6/49 გადაწყვეტილება (ს.ფ. 109-113).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

7.2. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

 

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით.

 

აღნიშნული კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს გაფრთხილებას. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არა ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა. ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ან სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებელის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ან/და ქსელის უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა). გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ელემენტებიდან სასმელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის აბონენტს უკანონოდ მოხმარების პერიოდზე დაერიცხება სასმელი წყლის მოცულობა, რომელიც გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის დარღვევის პერიოდში 8 საათიან მოხმარებაზე გამრავლებით დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან სამელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის ერთვიან პერიოდში 8 საათიანი მოხმარებით.

 

ამავე წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა).

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება, შპს „ი-----ო“ არის სასმელი წყლის მომხმარებელი და რეგისტრირებულია აბონენტად კომპანიის მონაცემთა ბაზაში.

 

2017 წლის 10 ივლისს შპს „ი-----ო“-ს წარმომადგენელმა N------------ განცხადებით მიმართა კომპანიას და მოითხოვა N--------- აბონენტისა და N015868 მრიცხველის გაუქმება, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთებისას დაზიანდა სასმელი წყლის მილი, რის გამოც მომხმარებელი იძულებული გახდა თავად მოეხსნა მრიცხველი. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო კომპანიის წარმომადგენელი, თუმცა აბონენტს კომპანიისათვის არც ცხელი ხაზის და არც განცხადების საშუალებით არ უცნობებია. საქმის მასალებში დაცულია ვაკე-საბურთალოს წყალარინების განყოფილების უფროსის მიერ შედგენილი ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული პირი ადასტურებს შ-----------------ში არსებული მრიცხველის მოხსნისა და წყლის სამრეცხაოსათვის მიწოდების ფაქტს (ს.ფ. 125).

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის 'ა' და 'ბ' ქვეპუნქტების თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით. ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

აღნიშნულ მტკიცებულებეზე დაყრდნობით, სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში კომისიამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ შპს „ი-----ო“-ს მიერ დარღვეული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი, თუმცა აქვე გაითვალისწინა ის, რომ მომხმარებელმა წინასწარ მიმართა კომპანიას მრიცხველის გაუქმების თაობაზე და კომპანიის მიერ განაცხადის რეაგირების დატოვების გამო, ასევე მრიცხველის დაზიანების მიზეზით იძულებული გახდა თვითონ მოეხსნა სასმელი წყლის მრიცხველი. მითუმეტეს, რომ საქმეში დაცულია თავად შ--------------------------------------ის თანამშრომლის მიერ შედგენილი დოკუმენტი მრკიველის მოხსნის მიზეზის მითითებით. აღნიშნული დოკუმენტის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით სარჩელის დასაბუთებულობისათვის მნიშვნელოვანია.

 

7.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულმა კომისიამ კანონმდებლობასთან შესაბამისად განსაზღვრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები და გამოსცა კანონშესაბამისი აქტი.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხის მიერ არ დარღვეულა ზემოაღნიშნული ნორმები. სადავო აქტი სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმის და იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შ--------------------------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე