განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002437019
საქმე №1/166-18
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი მერი შატაკიშვილი, ანა ტეტუნაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მიხეილ ბერიაშვილი, ნათია კიკალია
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მიხეილ ნოდარის ძე ელბაქიძე - დაბადებული 1974 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №59001008222, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გორი, ბაქოს ქუჩა N3, ბინა N7-ში.
ადვოკატი - ზაზა გიგაური
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 160-ე მუხლოის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ე. ი. ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით.
სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 20:50 საათზე, ქალაქ გორში, თამარ მეფის ქუჩა მეოთხე კვარტალი, მეოთხე კორპუსი, ბინა N11-ში მდებარე თამარ შიუკაშვილის საცხოვრებელ სახლში მიხეილ ელბაქიძე ყოფილ მეუღლეს - თამარ შიუკაშვილს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც თამარ შიუკაშვილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 29 მარტს, დაახლოებით 20:50 საათზე, მიხეილ ელბაქიძე მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ ძალადობის მუქარით უკანონოდ შევიდა ქალაქ გორში თამარ მეფის ქუჩა მეოთხე კვარტალი, მეოთხე კორპუსი, ბინა N11-ში მდებარე ყოფილი მეუღლის - თამარ შიუკაშვილის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, რითაც დაარღვია თამარ შიუკაშვილის ბინის ხელშეუხებლობა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდებიან.
საქმის არსებითი განხლვის სხდომაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები დაცვის მხარემ შუამდგომლობის საფუძველზე, უდავოდ მიიჩნია. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:
სიცოხლის მოსპობის მუქარა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან
გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოვიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ საქმეზე, დაზარალებულ თამარ შიუკაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ იგი ბრალდებულის ყოფილი მეუღლეა, რაც ასევე დადასტურდა ბრალდბულის განმარტებითაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თამარ შიუკაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე მიხეილ ელბაქიძის ოჯახის წევრია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს მუქარისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა სპეციფიკურ დანაშაულს წარმოადგენს. ის ძალიან ახლოს დგას განზრახვის გამომჟღავნებასთან, ვინაიდან მუქარის შემთხვევაში სუბიექტის ქმედება ძირითადად გამოიხატება საუბარში, თუმცა მას შეიძლება თან ახლდეს უარყოფითი ემოციების გამოხატვა, გარკვეული ქმედებებიც, საერთო დაძაბული ფონი, წარსულში რაიმე ფაქტები და ა. შ. როგორც ცნობილია, სისხლის სამართალი ქმედების სამართალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისჯება არა განზრახვის გამომჟღავნება, არამედ ქმედების ჩადენა, თუმცა კანონმდებელმა მუქარა იმდენად საშიშად და საფრთხის შემცველად მიიჩნია, რომ საწყის ეტაპზევე მისი დასჯადობა დააწესა, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა ის რეალურად. აღნიშნულით კონკრეტული ფიზიკური აქტის განხორციელებამდე დაიცვა კონსტიტუციით დაცული სიცოცხლე (განსახილველ საქმეში ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას). მიუხედავად იმისა, რომ მუქარა ჰგავს განზრახვის გამომჟღავნებას, ის მაინც ვერ მიიჩნევა ასეთად და სინამდვილეში სსკ-ის 151-ე მუხლი განზრახვის გამომჟღავნების ფარგლებს სცდება, რის გამოც ასევე გამართლებულია მისი დანაშაულად აღიარება. კერძოდ, ერთი მხრივ, ის გულისხმობს არა ნებისმიერ მუქარას, არამედ მხოლოდ სიცოცხლის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მიმართ არსებულს მუქარას, რა დროსაც დაცულია უმაღლესი ღირებულებები. მეორე მხრივ, აღნიშნული ნორმის შემადგენლობა დაფუძნებული არ არის ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული და მას ისეთი ფონი ერთვის, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, შედეგად კი დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს. ამდენად, ამ ეტაპზევე მუქარას გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო მუქარაში, სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებას. დაზარალებულ თამარ შიუკაშვილის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც გამოიხატა სიტყვიერი ფორმით, რომ მას მოკლავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ ელბაქიძე შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამ დროს გამოვლენილი აგრესიის შესაბამისად, დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მუქარა განხორციელდა ოჯახის წევრის მიმართ, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნაში მითითებულ სუბიექტს, კონკრეტუალად ყოფილ მეუღლეს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, მართებულია.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ასეთი შიშის განცდა დადასტურებულია განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად სხვა მოწმეთა ჩვენებებით და უდავო მტკიცებულბებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მიხეილ ელბაქიძის ოჯახის წევრის - მეუღლის თამარ შიუკაშვილის მიმართ განახორციელა მუქარა, რა დროსაც დაზარალებულ თამარ შიუკაშვილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა (ბინაში მფლობელის ნების
საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის
მფლობელობის ხელშეუხებლობას), ჩადენილი ძალადობის მუქარით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. არავის არა აქვს უფლება, შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული უფლება ადამიანის პირადი ცხოვრების კერძო სფეროს სივრცით გამოხატულებას უკავშირდება და მჭიდრო კავშირშია პირადი ცხოვრების უფლებასთან.
განსახილველ საქმეზე, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის ბინის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტი მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული დადასტურებულია, როგორც დაზარალებულის, ასევე, მოწმეების - თამილა ხალიშვილის, იზოლდა მდინარაძის, ელიზბარ კლიმიაშვილის და დავით მჭედლიშვილის გამოკითხვის ოქმებით, ასევე თავად ბრალდებულის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა მიხეილ ელბაქიძემ დაზარალებულის ბინაში ნებისსაწინააღმდეგო შეღწევით ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა განახორციელა, რასაც თან ძალადობის მუქარა ახლდა. ხსენებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელების ფატქი.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, უნდა აღინიშნოს მუქარა მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის რომ სიცოცხლის მოსპობის თაობაზე ბრალდებულის მხრიდან აგრესიული ქმედებით დაზარალებულს შეექმნა მუქარის განხორციელების რეალური საფრთხის შეგრძნება, დადასტურდა საქმეში არსებულს მოწმეების ჩვენებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სუბიექტურ მხრივ მუქარა ჩადენილია განზრახვით. მუქარის მოტივს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ამ დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუვალობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. შესაძლოა ბრალდებულს არ ჰქონდეს მიზნად სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის დაშინება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ბრალდებულის ყოფილ მეუღლეს თამარ შიუკაშვილს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
წარმოდგენილი მტკიცებულბებით ასევე დადასტურდა ბრალდებულის მიერ ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობის მუქარით. დადგენილია, რომ მიხეილ ელბაქიძეს ბინაში შეღწევისას თამარ შიუკაშვილისგან თანხმობა არ მიუღია. შესაბამისად, ბინაში შესვლა განხორციელდა დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 160-ე მუხლოის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისპოზიციური შემადგენლობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მიხეილ ელბაქიძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს, არ არის ნასამართლობის მქონე, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადება, რომლის მიხედვით თამარ შიუკაშვილი ადასტურებს ბრალდებულთან შერიგებს ფაქტს და აცხადებს, რომ მას პრეტენზია არ გააჩნია.
მიხეილ ელბაქიძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიხეილ ელბაქიძეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თითოეული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა, რაც მიახლოებული იქნება დადგენილი სანქციის მინიმალურ ზღვართან, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის,“ ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.“ სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მიხეილ ელბაქიძემ ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულები, არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა ჩაეთვალოს პირობით, შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დადგენის აუცილებლობით.
შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადება, რომლის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მიხეილ ელბაქიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მიხეილ ელბაქიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში უზრუნველყოს შიდა ქართლის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მიხეილ ელბაქიძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მიხეილ ელბაქიძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, კარების ნატეხები, მინის ნატეხები, სისხლისმაგვარი ლაქა და მიხეილ ელბაქიძის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი