გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2018
საქმის ნომერი
330210018002353143
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/7958-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - ნ---------–-----ი

მოპასუხე - მ-------------–-----ე

წარმომადგენელი - თ----------------ია

დავის საგანი - თანხის დაკისრება

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ-------------–-----ისათვის ვალის აღიარების ხელწერილიდან გამომდინარე 6 100 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სასარჩელო მოთხოვნა ნ---------–-----მა დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ნ---------–-----მა მოპასუხე მ-------------–-----ეს 2015 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის თვეში ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძელზე გადასცა გარკვეული ოდენობის საქონელი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 4 600 ლარი. აღნიშნული თანხის გადაუხდელობის გამო, მოპასუხემ ვალდებულების არსებობა დაადასტურა ვალის აღიარების ხელწერილით. 2015 წლის ივნისის თვეში მოპასუხე მხარემ 800 ლარი დაუბრუნა მოსარჩელეს, შესაბამისად, ამ პერიოდისათვის დარჩენილი ფულადი ვალდებულების ოდენობამ შეადგინა 3800 ლარს. მოსარჩელემ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოსგან“ აიღო სესხი 3500 ლარის ოდენობით, იმ პირობით, რომ აღნიშნულ ვალს პროცენტიანად დაფარავდა მოპასუხე ყოველი თვის 12 რიცხვში. აღნიშნული სასესხო ვალდებულება მოპასუხის მხრიდან არ შესრულებულა. ვინაიდან მოსარჩელემაც ვერ შეასრულა ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს მიმართ, დავალიანებამ შეადგინა 5249 ლარი. მხოლოდ პირველი გადახდის მომენტისთვის შეასრულა მოპასუხემ თავისი ვალდებულება და გადასცა მოსარჩელეს 2015 წლის აგვისტო-სექტემბრის გადასახდელი თანხა 220 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ამ პერიოდისათვის მ-------------–-----ის დავალიანება შეადგენდა 5492 ლარს. მოპასუხე მხარეს რამდენჯერმე კვლავ წაიღო მოსარჩელე მხარისგან საქონელი. დღეის მდგომარეობით, მოპასუხე მ-------------–-----ის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 6 100 ლარს, რასაც ადასტურებს 2018 წლის 01 თებერვლის ხელწერილით.

 

(მტკიცებულება: 15.03.2018 წლის სარჩელი, 24.09.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ-------------–-----ემ სარჩელი ცნო. არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

(მტკიცებულება: 30.04.2018 წლის სარჩელი, 24.09.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნ---------–-----სა და მოპასუხე მ-------------–-----ეს შორის 2015 წლის 29 აპრილს, 2015 წლის 29 ივნისს, 2015 წლის 09 ნოემბერს, 2016 წლის 22 თებერვალს, 2017 წლის 12 იანვარს, 2018 წლის 01 თებერვალს დაიდო ვალის აღიარების შესახებ ხელწერილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ხელწერილები;

 

3.1.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, შესაბამისად არ მომხდარა შესრულებით ვალდებულების შეწყვეტა. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 6 100 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება, 24.09.2018 წლის სხდომის ოქმი;

- 01.02.2018 წლის ხელწერილი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 341-ე, 361-ე, 427-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილს შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება, ხელწერილის შინაარსიდან უნდა გამომდინარეობდეს, მისი შედგენით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. კონკრეტული ხელწერილის შედგენით მოპასუხემ აღიარა მოსარჩელე ნ---------–-----ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

ხელწერილით დასტურდება, რომ მ-------------–-----ის დავალიანება ნ---------–-----ის მიმართ შეადგენს 6 100 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე მ-------------–-----ეს მოსარჩელე ნ---------–-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 6 100 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ ცნო სარჩელი სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე და ასევე სადავოდ აღარ გახადა სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ნ---------–-----ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 183 ლარი;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ნ---------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე მ-------------–-----ეს მოსარჩელის ნ---------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 6 100 ლარის გადახდა;

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე ნ---------–-----ს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 183 ლარი, რომელიც 2018 წლის 15 მარტის №- საგადახდო დავალებით გადახდილია ანგარიშზე სახაზინო კოდი 300773150;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდ: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდ: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე