გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310018002279716
N3/14-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25.09.2018 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე ელ--- ნე------ძე,წარმომადგენლები: ნ--ო ნე------ძე, კ--ა შა-----–-ძე;
მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო,დავის საგანი: ნორმატიული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ დანართ N1-ის მე-11 პუნქტი.
1.2. დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოსცეს ახალი ნორმატიული ხასიათის აქტი, რომლითაც აღდგენილი იქნება უმცროსი სპეციალისტის შტატი ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში;
მოსარჩელის პოზიცია:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 629 ბრძანებით, კონკურსის შედეგების მიხედვით მოსარჩელე დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2017 წლის 29 ივნისის N43 502 უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრძანებით, პასუხისმგებელი პირებიდან პირვანდელ პოზიციაზე დაბრუნების დაპირების გამო, მოსარჩელესთან გაფორმდა ვადიანი (6 თვე) შრომითი ხელშეკრულება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბერის N45 დადგენილებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის N43/9805 მიმართვის საფუძველზე, საკრებულომ დაამტკიცა, ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა“, რაც დამტკიცდა საკრებულოს სათანადო კომისიების მიერ ჯეროვანი განხილვისა და დასაბუთებული დასკვნების გარეშე. იმავე დღეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული იქნა N43 1320 ბრძანება (ზოგიერთი შტატგარეშე მოსამსახურის პოზიციის პროფესიულ საჯარო მოხელის თანამდებობად განსაზღვრის შესახებ), რომელიც მომზადდა და გამოიცა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და შეიცავს მოხელის დისკრიმინაციის უდავო ნიშნებს, ვინაიდან ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები და შედეგები გავრცელდა არა ყველა სპეციალისტზე, არამედ პირთა გარკვეულ წრეზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა წარმომადგენელი, შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 629 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით ელ--- ნე------ძე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 629 ბრძანება;
3. 2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 953 ბრძანებით, ელ--- ნე------ძეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 04 აგვისტოს N43 953 ბრძანება;
3.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებზე ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელესთან 2017 წლის 29 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანება;
- 2017 წლის 29 ივნისის შრომითი ხელშეკრულება;
3.4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43 1320 ბრძანებით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეთა პოზიციები 2017 წლის 29 დეკემბრიდან გარდაიქმნა პროფესიულ საჯარო მოხელის თანამდებობად, მათ შორის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტების პოზიციები და ყველას აღუდგა პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43 1320 ბრძანება;
3.5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 29 დეკემბერის N45 დადგენილებით დაამტკიცა, ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები" ამ დადგენილებით კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის შტატი ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემცირდა ერთი ერთეულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N45 დადგენილება;
3.6. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარს მიღებულ იქნა N3 დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ", რითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბერის N45 დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილება ;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი;
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო როგორც ინდივიდუალურ, ისე ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას აფასებს აქტის კანონიერების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. ამგვარი სასამართლო კონტროლი გულისხმობს იმის შემოწმებას, სადავო ნორმატიული აქტი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობასა და იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც გამოცემულია იგი. სასამართლო ასევე ამოწმებს, დაცულია თუ არა სადავო ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა.
სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტი გამოცემულია ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის”, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით, გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ რაც შეეხება, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ - შინაარსობრივ კანონიერებას, იგი უნდა გამოიცეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მისი გამოცემისათვის დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესები, რაც სავალდებულოა მისი გამომცემი ორგანოსათვის. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ნორმებს და სხვა საკანონმდებლო აქტებს.
6.3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ამ კანონის შესაბამისად მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება; „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება; მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ამავე კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხოლო 61-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თნახმად: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების მოხელეთა თანამდებობებისათვის თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად: ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: საჯარო დაწესებულებებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება.
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად: საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საჯარო დაწესებულებებში დაიშვება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საჯარო დაწესებულებებში – შესაბამის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსთან შეთანხმებით.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ: მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N45 დადგენილებით დამტკიცდა ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები" სადაც ერთი ერთეულით შემცირდა კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის შტატი ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარის N3 დადგენილებით დამტკიცდა ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ", ამ დადგენილებით უცვლელად დარჩა უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა საშტატო რაოდენობა ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-1102-1096(კ-17)) მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს. რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება ორგანომ შესაძლებელია განახორციელოს თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის, მათი საჭიროების შესაბამისად, რაც დამსაქმებლის სრული დისკრეციაა.
6.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სადაო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში მოდის იმ საკანონმდებლო აქტებთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტი გამოცემულია ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის”, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილების გამოცემისას არ დარღვეულა ნორმატიული გამოცემის პროცრდურა, იგი შეესაბამება მითითებული საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს და არ არსებობს სადაო აქტის ბათილობის საფუძვლები.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6.7. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ელ--- ნე------ძის მოთხოვნები უსაფუძვლოა, ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, არ არსებობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილების ბათილად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის დავალდებულების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კონკრეტულ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ელ--- ნე------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი