გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210017001777257
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/2404-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.09.2018 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი

მოსარჩელე შპს ა---–- ს--–--------- ც-------,წარმომადგენელი შ----- მ--------, ნ---- თ----–---–-,მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი ქ------- კ------,დავის საგანი ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს პარტნიორთა 10.06.2016 წლის #3 კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საზოგადოების წესდების 11.3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის ამოღების შესახებ შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 07.07.2016 წელს მოსარჩელე შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს დირექტორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რასაც დაურთო შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს 11.05.2016 წლის და 10.06.2016 წლის პარტნიორთა N2 და N3 კრების ოქმები.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

07.07.2016 წლის განცხადების მიღების ბარათების ასლები ს.ფ. 237-238.

11.05.2016 წლის N2 კრების ოქმის ასლი ს. ფ. 39-51.

10.06.2016 წლის N3 კრების ოქმის ასლი ს. ფ. 52-57.

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ს.ფ. 16-20.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 08.07.2016 წლის გადაწყვეტილებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით საზოგადოების წესდების მე-11 მუხლის 11.3. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი გაუქმდა. მოპასუხის გადაწყვეტილებაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებულია, რომ წესდების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისად, კრების ოქმი ხელმოწერილია საზოგადოების 75.86% წილის მესაკუთრე პარტნიორთა მიერ. ვინაიდან, წესდების 11.13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის გაუქმების შედეგად უქმდება იმ პარტნიორთა რეგისტრირებული უფლებები, რომლებიც არ ესწრებოდნენ კრებას, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ერთხმად (100% ხმის უფლების მქონე პარტნიორთა მიერ). გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული 2011 წლის 1 ივნისის სს თ---–---- ე---------------–- ს--–--------- ს---–-ს აქციონერთა და შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს პარტნიორთა გაერთიანებულ საერთო კრებაზე ერთხმად (100 %-ით) იქნა მიღებული გადაწყვეტილება წესდებაში მე-11 მუხლის 11.13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ, შესაბამისად, წესდების მე-11 მუხლის 11.13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ერთხმად (100% ხმის უფლების მქონე პარტნიორთა მიერ).

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.07.2016 წლის გადაწყვეტილების ასლი ს. ფ. 67-69.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.3. 12.07.2016 წელს მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.07.2016 წლის გადაწყვეტილებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საჩივარი, თუმცა 15.08.2016 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჩივრის ასლი ს. ფ. 70-75.

გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ს.ფ. 76-80.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.08.2016 წლის გადაწყვეტილებით 07.07.2016 წლის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

09.08.2016 წლის გადაწყვეტილების ასლი ს. ფ. 274.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.5. 11.05.2016 წელს მოწვეულ იქნა პარტნიორთა კრება #2 რომლის დღის წესრიგის მე-5-ე საკითხად მითითებულია შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს წესდების 11.3 "ბ" ქვეპუნქტის ამოღება, აღნიშნული კრება გადიდო 75% ხმის უფლების მქონე საზოგადოების პარტნიორთა გამოუცხადებლობის გამო. შემდეგი კრება #3 ჩატარდა 10.06.2016 წელს რომლის დღის წესრიგის მე-5-ე პუნქტში ასევე მითითებულია შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს წესდების 11.3 "ბ" ქვეპუნქტის ამოღება კრებაზე მე-5 საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების ხმის უფლების მქონე პარტნიორთა 75.86%-ის გადაწყვეტილებით. აღნიშნული კრების ოქმები წარგებილ იქნა მოსარჩელის დირექტორის მიერ საზოგადოების სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების მოთხოვნის რეგისტრაციის შესხებ განცხადებასთან ერთდ მოპასუხისათვის.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

07.07.2016 წლის განცხადების მიღების ბარათების ასლები ს.ფ. 237-238.

11.05.2016 წლის N2 კრების ოქმის ასლი ს. ფ. 39-51.

10.06.2016 წლის N3 კრების ოქმის ასლი ს. ფ. 52-57.

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ს.ფ. 16-20.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს 10.06.2016 წელს პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შეტანის შესახებ არ საჭიროებს საზოგადოების პარტნიორთა 100%-ის მხარდაჭერას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს პარტნიორთა 10.06.2016 წლის #3 კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების წესდების 11.3. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ამოღების შესახებ წინააღმდეგობაში არ მოდის მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5¹ და მე-5² პუნქტების მოთხოვნებთან.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9¹ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის თანახმად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: ბ) საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღება. ამავე მუხლის მე-5-6-ე მუხლებში მოცემულია ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტის შესახებაც მხოლოდ შპს-ს პარტნიორების მიერ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-7-ე ნაწილით ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ამავე მუხლის მე-9 ნაწილით საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისიწნებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ საზოგადოების პარტნიორების მიერ მიღებული (ხელშეკრულება) წესდებაა მეწარმე სუბიექტის და პარტნიორთა შორის ურთიერთობის და საქმიანობის ძირითადი დოკუმენტი. საზოგადოების მოქმედი წესდების 11-ე მუხლი ეხება საზოგადოების კრებას ამავე მუხლის 11.3 პუნქტში ჩამოთვლილია ის საკითხები რაზედაც პარტნიორები იღებენ გადაწყვეტილებებს მათ შორის ბ) "პარტნიორთა მიერ კომპანიის საწესდებო კაპიტალის წილის შეძენაზე და მათ გასხვისებაზე". ამავე მუხლის 11.14 პუნქტით "ამ წესდების 11.13 პუნქტში ჩამოთვლილ ყველა საკითხზე პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა 2/3-ის უმრავლესობით, ხოლო სხვა დანარჩენ საკითხებზე პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას 50%+0.1%-ის პრინციპით". ამდენად საზოგადოების მოქმედი წესდებით გათვალისიწნებული არ არის საზოგადოების ყველა პარტნიორის მიერ წესდებაში ცვლილების შეტანისათვის ყველა პარტნიორის მიერ ერთხმად გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თუ მეწარმე სუბიექტის პარტნოირთა მიერ მიღებული წესდება არ ეწინააღმდეგება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის იმპერატიულ ნორმებს უპირატესობა ენიჭება საზოგადოების წესდებას რაც ასახულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 91 მუხლის დებულებებში. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-91 მუხლით დადგენილია ის საკითხები რომელთა გადაწყვეტაც უნდა მოხდეს შპს პარტნიორთა კრებაზე, მათ შორის საზოგადოების წესდებაში ცვლილებების განხორცილება, ასევე ისეთი საკითხები და ამ საკითხების მიღებისათვის კანონით გათვალისიწნებული ქვორუმი, რომელთა გადაწყვეტისას გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს საზოგადოების ყველა პარტნიორმა (გადაწყვეტილების ერთხმად მიღება) ამ შემთხვევაში საზოგადოების წესდების 11.14 პუნქტით ამ წესდების 11.13 პუნქტში მითითებულ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქვორუმია 75%+1 ხმა, ხოლო მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 ნაწილით თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისიწინებული კრება გადაწყვეტილებუნარიანია თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე ხმების უმრავლესობით ანუ კანონით კრება გადაწყვეტილებუნარიანია თუ მას ესწრება 50%+1 ხმის (ხმების) ან მეტი ხმის მქონე პარტნიორი (პარტნიორები), ხოლო ხოლო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმარავლესობით ანუ მინიმუმ 25%+1 ხმა იმ შემთვევაში თუ კრებაზე გამოცხადდა 50%+1 ხმის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). მოსარჩელის წესდებით კანონით დადგენილ მინიმუმზე უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი წესდების 11.13 პუნქტში მითითებულ ჩამონათვალთან მიმართებით კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმათა 2/3-ის უმარავლესობით. ამასთან აღსანიშნავია, რომ მეწარმეთ შესახებ საქართველოს კანონი იმავე დღის წესრიგით მოწვეულ კრებასთნ მიმართებით ადგენს განსხვავებულ ქვორუმს ანუ იმავე დღის წესრიგით მოწვეული კრება გადაწყვეტილებუნარია მიუხედავად მასში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ ხმის უფლების მქონე პარტნიორებისა. ამ შემთხვევაში უდაოა, რომ ერთიდაიგივე დღის წესრიგით კრება მოწვეულ იქნა ორჯერ 11.05.2016 წელს და 10.06.2016 წელს რის გამოც 10.06.2016 წელს კრება გადაწყვეტილებუნარიანი იყო მიუხედავად იმისა თუ რამდენი ხმის უფლების მქონე პარტნიორი გამოცხადდებოდა. აღნიშნული წესიდან კანონი ადგენს გამონაკლისებს მეწარმთა შესახებ საქართველოს კანონის 3.51 მუხლი თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 3.52 მუხლით გათვალისწინებულია შემთვევა, როდესაც წესდებაში ცვლილებით უქმდება პარტნიორის რეგისტრირებული უფლება ან მას ისეთი ვალდებულება ეკისრება, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე ანუ რეგისტრირებული წესდება უნდა შეიცავდეს პარტნიორის ისეთ უფლებას რომლის გაუქმებაც მოგვიანებით ხდება, რაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებებზე და ამავე კანონის 91.7 მუხლი ყველა გადაწყვეტილება რომელიც მნიშვნელოვნად სცილდება საზოგადოების ჩვეულ საქმიანობას ანუ წესდებაში ცვლილება ითვალისიწნებს ისეთი უფლების გაუქმებას რომელიც სცილდება საზოგადოების ჩვეულ საქმიანობას და 91.9 მუხლი როდესაც მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესს შესაბამისად ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს საზოგადოების პარტნიორების მიერ მეორედ მოწვეულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების 11.13 მუხლის "ბ" პუნქტის გაუქმების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის წესდებაში პარტნიორთა ხმის უფლების ან მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლების ცვლილებაზე მიღებული გადაწყვეტილება.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილით საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

 

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.07.2016 წლის გადაწყვეტილებაში და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის შესაბამისობაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, რომელთა თანახმადაც, წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაციისთვის საწარმომ უნდა წარმოადგინოს საზოგადოების ყველა პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ წესდების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისად, კრების ოქმი ხელმოწერილია საზოგადოების 75.86% წილის მესაკუთრე პარტნიორთა მიერ. ვინაიდან, წესდების 11.13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის გაუქმების შედეგად უქმდება იმ პარტნიორთა რეგისტრირებული უფლებები, რომლებიც არ ესწრებოდნენ კრებას, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ერთხმად (100% ხმის უფლების მქონე პარტნიორთა მიერ). გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული 2011 წლის 1 ივნისის სს თ---–---- ე---------------–- ს--–--------- ს---–-ს აქციონერთა და შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს პარტნიორთა გაერთიანებულ საერთო კრებაზე ერთხმად (100 %) იქნა მიღებული გადაწყვეტილება წესდებაში მე-11 მუხლის 11.13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ, შესაბამისად, წესდების მე-11 მუხლის 11.13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ერთხმად (100% ხმის უფლების მქონე პარტნიორთა მიერ).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საზოგადოების წესდების 11.13 მუხლის "ბ" პუნქტით გაუქმებით არ უქმდება ამავე კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილით რეგისტრაციას დაქვემდებარებული რომელიმე უფლება, რამაც გავლენა შეიძლება მოახდინოს პარტნიორის არსებით რეგისტრირებულ უფლებაზე, მიუხედავად იმისა თუ რა ქვორუმით იყო ადრე მიღებული წესდება ან ცვლილება წესდებაში (წესდების ახალი რედაქცია).

 

რაც შეეხება იმის შეფასებას პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად სცილდება თუ არა საზოგადოების ჩვეულ საქმიანობას და ხომ არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორის მიმართ და ხომ არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესს სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე (იხ. სუს 27.09.2016 წლის #ას -1101 - 1037 - 2015 გადაწყვეტილება) სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში (მე-3 მუხლის 51, 52 პუნქტები 91 მუხლის 5-6 პუნქტი, 46 მუხლი) არ არსებობს პირდაპირი ჩანაწერი რომელიც დაავალდებულებდა მოსარჩელის პარტნიორებს წესდებაში განხორციელებული ცვლილებაზე გადაწყვეტილების მიღებისას ყველა პარტნიორის თანხმობას, აღნიშნულ საკითზე კანონმდებელმა საკითხის განსაზღვრის თვისუფლება მიანიჭა პარტნიორებს რომალთა მიერ მიღებულ წესდებაში ასახულია აღნიშნული საკითხის მომწესრიგებელი დებულებები რის ფარგლებშიც მოქმედებდა მოსარჩელის პარტნიორები გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოების წესდებით გათვალისწინებულია დებულება საზოგადოების პარტნიორის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში სხვა პარტნიორის მიერ უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ (წესდების 8.1 მუხლი) ამდენად წესდბის 11.13 მუხლის "ბ" პუნქტის წესდებიდან ამოღებით რომელიმე პარტნიორები არ ექცევია არათანაბარ პირობებში და ამ პუქტის ამოღებით არ ილახება მათი არსებითი ინტერესი, ასევე წესდებიდან გაუქმებული (ამოღებული) დებულება არ შეიძება მივაკუთვნოთ საზოგადოების ჩვეულ საქმიანობისაგან განსხვავებულ საქმიანობას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ გადაწყვეტილების მიღებისას ჯერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ხოლო შემდეგ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ არასათანადოდ განმარტა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის დებულებები, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხის კანონშეუსაბამო პოზიციის გაზიარების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტები აღმოჩნდებიან კოლაფსურ მდგომარეობაში, ვინაიდან იმ სუბიექტებს რომელთა წესდებებიც რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში წესდების ნებისმიერი დებულების შეცვლისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინონ ყველა პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო ბრუნვის არასტაბილურობას და ქაოსს გამოიწვევს, ამასთან გასათვალისიწნებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ის კრების ოქმები რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვდა საზოგადოების რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციას პარტნიორების მიერ გასაჩივრებული ან სადაოდ გამხდარი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 3-ე, 51, 91, 46-ე მუხლები.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლები.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების 11 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21.1-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, მარეგისტრირებული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, არის სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება, შესაბამისად მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს. ასევე, პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ.

 

შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს 10.06.2016 წელს იმავე დღის წესრიგით მეორედ მოწვეულ #3 კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. კერძოდ ცვლილება შევიდა წესდებაში და წესდების 11.3. პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა საზოგადოების ხმის უფლების მქონე პარტნიორთა 75.68%-ის გადაწყვეტილებით.

 

დადგენილია, რომ შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს პარტნიორთა 10.06.2016 წლის კრების ოქმი N3 და წესდებაში განხორციელებული ცვლილებები პარტნიორებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება ან განუხილველი დატოვოს განცხადება. სარეგისტრაციო წარმოების ხარვეზის დადგენის საფუძვლები მოცემულია ამავე ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის მიხედვითაც სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ, თუ: ა) განცხადება ან/და მასზე თანდართული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციით ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, და სააგენტოში არაა დაცული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც უნდა დაედოს რეგისტრაციას საფუძვლად; ბ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია არაზუსტი, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, სარეგისტრაციო დოკუმენტები აკმაყოფილებდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საწარმოს წესდების მოთხოვნებს და არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შემდგომში შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს 10.06.2016 წლის პარტნიორთა კრებაზე მიღებული საწარმოს წესდებაში შეტანილი ცვლილების რეგისტრაცია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს, რაც მოსარჩელეს გადახდილი აქვს სარჩელის აღძვრისას.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს პარტნიორთა 10.06.2016 წლის #3 კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საზოგადოების წესდების 11.3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის ამოღების შესახებ შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.

2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე შპს ა---–- ს--–--------- ც-------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი