გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310018002301656
№ 3/11-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.08.2018 წ. ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო
განყოფილება
წარმომადგენელი შ------- ღ-----
მოპასუხე თ-------- ჯ--------- (არ გამოცხადდა)
დავის საგანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი,ზედმეტად მიღებული, სახელმწიფო ფულადი დახმარების
ანაზღაურების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაეკისროს მოპასუხე - თ-------- ჯ---------ს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების 70 ლარის დაბრუნება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელის საფუძვლები:
სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სოციალური აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის შედეგად, თ-------- ჯ---------ს ოჯახს 2016 წლის 09 აგვისტოს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 37030, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი დახმარების მიღებას ოჯახის ერთ წევრზე 50 ლარის ოდენობით. სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას, აღნიშნული ოჯახი გაეცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს და მათი დარღვევის შემთხვევაში სავარაუდო შედეგებს, რაც ასევე დასტურდება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებაზე თ-------- ჯ---------ს ხელმოწერით, რომელიც არის სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრი. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის N04/10755 კორესპონდენციით მასზე დართული სიით, რომელიც თან ახლავს სარჩელს, ცნობილი გახდა, რომ თ-------- ჯ---------ს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი 2016 წლის ოქტომბრიდან, ვინაიდან იგი დასაქმდა შპს ,,პ-------------ში“. ამავე კორესპონდენციით ირკვევა, რომ ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში 1 წლით 2017 წლის 01 იანვრიდან. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოებების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება. რაც თ-------- ჯ---------ს ოჯახის მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნული ოჯახი დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუძლებელია ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნება სააგენტოს გადაწყვეტილებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ-------- ჯ---------მ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. თ-------- ჯ--------- (პ/ნ 6----------) იღებდა სოციალურ პაკეტს თვეში 100 ლარს.
3.2.2. 2017 წლის 30 აგვისტოს თ-------- ჯ---------ს მიერ გადახდილ იქნა ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების თანხიდან 30 ლარი.
3.2.2. სახელფასო ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,პ-------------ში“ დასაქმებული თ-------- ჯ---------ს დაუბეგრავი ხელფასის ოდენობა აღემატება 400 ლარს.
3.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N04-09-09/801 და 2017 წლის 10 აგვისტოს N04-09-09/1247 გაფრთხილებებით მოპასუხეს მოეთხოვა 100 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ, რაც მოპასუხის მხრიდან ნაწილობრივ შესრულდა, კერძოდ მან გადაიხადა 30 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155 დადგენილებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო საარსებო შემწეობის თანხა 100 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა.
,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოებების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება; ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, იმ გარემოებების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება, რაც თ-------- ჯ---------ს არ განუხორციელებია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა 100 ლარი, რომელიც მიიღო მოპასუხემ აღარ მიიჩნევა სოციალურ დახმარებად (საარსებო შემწეობად).
შესაბამისად, ცალსახაა, რომ თ-------- ჯ---------ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისას, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არა აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან კანონდარღვევით მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა 100 ლარი, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირის არსებობა სახეზეა. განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145” და ,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155’’ დადგენილებების შესაბამისად, მოეხდინა სოციალური დახმარების ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მოპასუხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებამ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა.
მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 100 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თ-------- ჯ---------მ აღნიშნული დავალიანებიდან გადაიხადა 30 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე თ-------- ჯ---------ს (ოჯახს), უნდა დაეკისროს 70 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე თ-------- ჯ---------ს (პ/ნ 6----------) დაევალოს ზედმეტად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 70 (სამოცდაათი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3.მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
4.გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე