განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
140100118002498139
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002498139

საქმე №1/226-18

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ტეტუნაშვილი, მერი შატაკიშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - შ--–-- გ----- ძე ჭ----------–ი - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: სოფელი ს-----------–--; მცხოვრები: კასპის რაიონი, სოფელი ქვემო ჭ--–-.

 

ადვოკატები - მაია ბ----–-–---–ი, გ------- გ----------–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 2 მაისს, დაახლოებით 08:30 საათზე, კასპის რაიონის, სოფ. ქ--------–-–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ--–-- ჭ----------–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (მეუღლეს) მ--- მ--–----ეს - ერთხელ დაარტყა სახის არეში, მკლავზე და ასევე ყელზე მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც მ--- მ--–----ემ განიცადა ფიზკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გამოკვლეული იქნა მოწმეების - რ----- ტ--–----ის, გ------- გ--–-–---–ის, გ-- შ-------–---–ის და დაზარალებულ - მ--- მ--–----ის ჩვენებები, ხოლო რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულმა შ--–-- ჭ----------–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მტკიცებულებათა შეფასება, მისი უდანაშაულობის თვალსაზრისით, სასამართლოს მიანდო (სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა გარდა სხვა მტკიცებულებების მიმართ უდავოდ ცნობის თაობაზე დაცვის მხარემ საქმის არსებითი განხილვის დროს, კერძოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის სტადიაზე იშუამდგომლა, რა დროსაც მოსამართლის შეკითხვაზე ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ სრულად ეთანხმებოდა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემობებს და წარგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობდა. დასკვნითი სიტყვების წარმდგენის ეტაპზე, აღნიშნული პოზიცია, დაცვის მხარემ შეცვალა და ბრალდებულმა განაცხადა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება მას არ ჩაუდენია და თავს დამნაშავედ არ ცნობდა).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც შესაბამის დავას ექვემდებარება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია მოწმეების - რ----- ტ--–----ის, გ------- გ--–-–---–ის, გ-- შ-------–---–ის და დაზარალებულ - მ--- მ--–----ის ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით, იხემძღვანელოს პრეიუდიციით, ე. ი. უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის სუბიექტია ბრალდებულის ოჯახის წევრი. ამავე კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ საქმეზე, დაზარალებულ - მ--- მ--–----ის ჩვენებით დგინდება, რომ ის ბრალდებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და მასთან შეუღლების მიზანიც თავიდანვე ერთად თანაცხოვრებით განისაზღვრა. აღნიშნული ჩვენება თანხვედრაშია ვ-–- ჭ----------–ის, ნ-----–- ჭ----------–ის, გ---- ჭ----------–ის და ლ--–- ჭ----------–ის ჩვენებებთან, რომლის მიხედვითაც დასტურდება ბრალდებულ შ--–-- ჭ----------–ის მიერ მ--- მ--–----ის ცოლად მოყვანის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--- მ--–----ე, სისხლის სამართლის კანონის მიზნებისათვის, შ--–-- ჭ----------–ის ოჯახის წევრია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მიზნებისათვის, ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის მკლავისა და სახის არეში ხელის დარტყმით, ასევე, ყელზე ხელის მოჭერით. აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის ცნებას არ განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. შესაბამისად, ვინაიდან 1261-ე მუხლის ნორმის დისპოზიცია ბლანკეტური ხასიათისაა, სასამართლო მიმართავს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით,“ ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.“

 

განსახილველ საქმეზე, ბრალდებულის მიერ მკლავისა და სახის არეში ხელის დარტყმის, ასევე, ყელზე ხელის მოჭერის ფაქტი სრულად დაადასტურა დაზარალებულმა მ--- მ--–----ემ. ამასთან აღნიშნა, რომ მას შ--–-- ჭ----------–ის მიმართ სურს მკაცრი სასჯელის გამოყენება, ვინაიდან ასეთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის პირს მკაცრი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს (აღნიშნა, რომ კაცი, რომ ქალს ხელს გაარტყამს, ეს მისთვის მიუღებელია და შესაბამის სიმკაცრეს უნდა დაექვემდებაროს).

 

დაზარალებული ჩვენება შესაბამისობაშია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან (აღნიშნული მტკიცებულება უდავოდ იქნა ცნობილი დაცვის მხარის მიერ), რომლის მიხედვით, მ--- მ--–----ე აღნიშნავს, რომ მისაღებ ოთახში, ღუმელთან ახლოს იმყოფებოდა, რა დროსაც შ--–-- ჭ----------–თან დაშორების მიზეზის გარკვევა სცადა. პასუხად მიიღო, რომ არ უყვარდა და უნდა დაეტოვებინა სახლი. ბრალდებულის მოთხოვნას დაზარალებულმა უარით უპასუხა, რა დროსაც „შ--–-- ჭ----------–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგადაც მიუახლოვდა და მარჯვენა მუშტი ერთხელ დაარტყა მას მარჯვენა მკლავში.“ ოქმში ასევე აღნიშნულია სახლის კედლის მიმდებარე ტეირორია, სადაც დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულმა მას ერთხელ ჩაარტყა მარჯვენა მუშტი მარკვენა ლოყაში, ხოლო სახლში მდებარე საწოლთან ახლოს ორივე ხელი წაუჭირა ყელის არეში“ (ს. ფ. 13-23).

 

მოწმე ვ-–- ჭ----------–ის ჩვენების მიხედვით დასტურდება კონფლიქტის არსებობის ფაქტი, იგი ფიზიკურ შეურაცხყოფას უშუალოდ არ შესწრებია, მხოლოდ გადმოცემით იცით, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი მ--- მ--–----ის მიმართ. მონაწილეობა მიიღო ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას და რაიმე დარღვევის არსებობის თაობაზე არ გამოკითხვისას არ განუცხადებია (ს. ფ. 36-38).

 

მოწმე ლ--–- ჭ----------–ის ჩვენების მიხედვით, მან კოფლიქტის არსებობისა და შ--–-- ჭ----------–ის მხრიდან მ--- მ--–----ის მიმართ ძალადობის განხორციელების შესახებ ვ-–- ჭ----------–ისგან იცის. (ს. ფ. 76-79).

 

მოწმე ნ-----–- ჭ----------–ის ჩვენების მიხედვით, მან დაზარებულისგან იცის შ--–-- ჭ----------–ის მხრიდან ძალადობის განხორციელების შესახებ. გამოძიებისას, ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას გ---- ჭ----------–მა (ს. ფ. 122-128).

 

შ--–-- ჭ----------–ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2018 წლის 2 მაისს ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით (ს. ფ. 39-44).

 

მოწმე გ------- გ--–-–---–მა განმარტა, რომ მან გ-- შ-------–---–თან ერთად დააკავა შ--–-- ჭ----------–ი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც დაკავებულს განემარტა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. დაკავების საფუძველი იყო გამოძიების დაწყება ბრალდებულის მიერ მ--- მ--–----ის მიმართ ძალადობის განხორციელების თაობაზე. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს გ-- შ-------–---–მა.

 

ელსმენით შეტყობინების ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ შეტყობინების ინიციატორმა მ--- მ--–----ემ 2018 წლის 2 მაისს შესაბამისი რეაგირება ითხოვა მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით (ს. ფ. 2).

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №002909118 დასკვნის მიხედვით, „მ--- მ--–-----ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები კისრის, მხრის სარტყლის, მხრის, მარჯვენა და მარცხენა წვივების არეში. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნინა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.“ დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შესამოწმებელმა პირმა მ--- მ--–----ემ სხეულზე არსებული დაზიანებები ქმრის - შ--–-- ჭ----------–ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მიიღო (ს. ფ. 89-91).

 

აღნიშნულ მტიცებულებათა ანალიზის გათვალიწინებით სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა შ--–-- ჭ----------–მა ფიზიკური ძალადობა ჩაიდინა დაზარალებულ მ--- მ--–----ის მიმართ.

 

ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ

კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ძალადობის შედეგად გამოწვეულ ფიზიკურ ტკივილს, რაც დროსაც აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ბრალდებულის ქმედებასა და შედეგს შორის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.“ დაზარალებულ მ--- მ--–----ის ჩვენებით დასტურდება, რომ მას ძალადობისას ფიზიკური ტკივილი განიცადა. ტკივილის განცდის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №002909118 დასკვნას, სადაც დაზიანებების თაობაზეა დეტალურად საუბარი, კერძოდ: სისხლნაჟღენთების არსებობა კისრის, მხრის სარტყლის, მხრის, მარჯვენა და მარცხენა წვივების არეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებულ - მ--- მ--–----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკური ტკივილის განცდას და შეგედობრივად, აღნიშნულ ძალადობას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (მათ შორის პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ შ--–-- ჭ----------–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შ--–-- ჭ----------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს მისი მხრიდან საქმის ნაწილობრივ უდავო სამართალწარმოებისათვის ხელშეწყოფის ფაქტი.

 

შ--–-- ჭ----------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო აღნიშნავს მხოლოდ გარემოებას, რომ დაზარალებული ბრალდებულს არ შერიგებია და ამ ეტაპზეც მის მკაცრად დასჯას ითხოვს.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ--–-- ჭ----------–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ--–-- ჭ----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ--–-- ჭ----------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

შ--–-- ჭ----------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 მაისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი