განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100118002616796
№1/196-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-------- ა----- ძე ქ-----, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ც----–------;
ადვოკატი - მ-----– ხ---------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის დადგენილებით, ნ-------- ქ-----, ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის დადგენილებით, ნ-------- ქ-----, ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით. ნ--------ი ქ----- ითვლებოდა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულად, 2018 წლის 22 ივნისს, ქალაქ ზესტაფონში, ბ------–---–-- ქუჩაზე, ნაქირავები ექსკავატორების მეშვეობით, უკანონოდ მოიპოვა 1500 კილოგრამი სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 201.50 ლარი
2. ნ-------- ქ-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------- ქ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულის წარმომადგენლის ალექსანდრე ნემსიწვერიძის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - დავით შარიქაძის, თინათინ ცხადაძის და გიგა ყუფარაძის გამოკითხვის ოქმები; დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; ამოღების ოქმები; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს მასალები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ნ-------- ქ----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის დაცვასთან. დანაშაულის საგანია სასარგებლო წიაღისეული, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. წიაღის სახელმწიფო ფონდის შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, მის კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი. წიაღის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვა სახელმწიფოს პრეროგატივაა. წიაღით უკანონო სარგებლობად ჩაითვლება წიაღით სარგებლობა ლიცენზიის გარეშე. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, თუკი პირს ასეთი ქმედებისათვის დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს ადმინისტრაციული პრეიუდიცია. დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი, რომელიც მიცემული იყო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ამავე ქმედებისათვის და ერთი წელი არაა გასული ამ პასუხისმგებლობიდან. მოტივსა და მიზანს ქმედების ამ დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არ აქვს მნიშვნელობა და მისი დადგენა საჭიროა მხოლოდ სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ნ-------- ქ-----მ ჩაიდინა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
11. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ნ.ქ----- ადმინისტრაციულად სახდელდადებული პირი არის აპრილის თვეში. კანონმდებლის მიერ კი დანაშაულად ადმინისტრაციულად სახდელის დადების შემდეგ წიაღის მოპოვება სათანადო ლიცენზიის გარეშე გამოცხადდა 2018 წლის 10 მაისიდან. შესაბამისად, 10 მაისის შემდეგ ჯერ უნდა მომხდარიყო ნ.ქ----ის ადმინისტრაციულად დაჯარიმება და მხოლოდ ამის შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის რომ, კანონს მიეცა უკუქცევითი ძალა და დამძიმდა ნ-------- ქ----ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ მე-3 მუხლის პირველ ნაწილს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე (2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება N1--------------, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ე-–------ ს-------- და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზ----- მ---- საქართველოს პარლამენტის წინაღმდეგ), რომ კანონის უკუძალის აკრძალვა, როგორც ზემოთ ითქვა, კანონიერების პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ეს პრინციპი განმტკიცებულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც ამბობს, რომ ,,ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს’’. ეს დებულება, როგორც წესი, გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიღებელი კანონის გავრცელებას მის ჩადენამდე არსებულ ურთიერთობებზე. ეს გარემოება მიგვანიშნებს იმაზე, რომ დანაშაული შეფასებითი კატეგორიაა. კერძოდ, ნორმატიული შეფასებით იწყება მისი, როგორც დანაშაულისა და დასჯადი ქმედების არსებობა (სიცოცხლე). როცა ესა თუ ის კონკრეტული ქმედება არ იყო ნორმატიული შეფასების საგანი მისი ჩადენის დროს, ის ასეთად ვერ იქცევა იმის გამო, რომ მსგავსი ქმედებანი მომავალში გახდა ამ შეფასების ობიექტი (II-პარაგრაფი N14).
კანონთა დროში მოქმედების ზოგად ნორმასთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს კანონის უკუძალის მომწესრიგებელ დებულებას, რაც სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, არაკონსტიტუციურად უნდა ჩაითვალოს. დასახელებული ნორმა ერთ შემთხვევაში გადმოსცემს იმ სინამდვილეს, როცა კანონს ეძლევა უკუძალა, კერძოდ: ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა’’. მეორე შემთხვევაში გადმოცემულია ის, თუ როდის არ უნდა მიეცეს კანონს უკუძალა, კერძოდ: ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს’’ (II-პარაგრაფი N14).
12. სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს სსკ მე-2 მუხლის შესაბამისად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ივნისს, ნ.ქ----ის მიერ, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ, მოპოვებული იქნა სასარგებლო წიაღისეული, სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი წიდა - 1500 (ათასხუთასი) კილოგრამის ოდენობით. ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 7 თებერვლისა და 4 აპრილის დადგენილებებით, იგი ადმინისტრაციულად სახდელდადებული იქნა წიაღით უკანონო სარგებლობისათვის. ნ.ქ----- ითვლებოდა ადმინისტრაციულად სახედლდადებულ პირად, და დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 22 ივნისს, არ იყო გასული ერთი წელი სახდელის დადებიდან. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საქმეზე დადგენილი გარემოებებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 22 ივნისს, როდესაც ნ-------- ქ-----მ მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული, ის ითვლებოდა ადმინისტრაციულად სახდელდადებულ პირად, შესაბამისად მის ქმედებაში არსებობს დანაშაულის ნიშნები და აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის მან პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის წესით. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ნ-------- ქ----ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
13. ნ-------- ქ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
14. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
15. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-------- ქ-----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
16. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/8--), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
17. მოცემულ შემთხვევაში, ნ-------- ქ----ის მიმართ სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. შესაბამისად, ბრალდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ნ-------- ქ-----ს საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია ნ-------- ქ----ის მიმართ ჯარიმის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ სხვა უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც შეიძლება სწორედაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ-------- ქ----ის მიმართ დანიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
18. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------- ქ-----ს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - ექსკავატორი, სახ.ნომრით N---- (რომლიც განთავსებულია ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში) და 1500 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში);
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-------- ქ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნ-------- ქ-----ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - ექსკავატორი, სახ.ნომრით N---- (რომლიც განთავსებულია ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში) და 1500 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში);
ნ-------- ქ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოდან გადმოგზავნილი უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულიდან აღებული სინჯი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე