გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.09.2018
საქმის ნომერი
100210118002391173
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
07.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210118002391173

№2/124-2018წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

07.09.2018 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: ე---------- ბ------ე

წარმომადგენელი: ქ------- ქ---------ე

მოპასუხე: თეა მ------–-–---–ი

წარმომადგენელი: ლ---- ს-------–---–ი

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოში შემოტანილი იქნა ე---------- ბ------ის (პ/ნ 3----------) სარჩელი მოპასუხე თეა მ------–-–---–ის (პ/ნ 5----------) მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ ე---------- ბ------ე მუდმივად ცხოვრობს საბერძნეთში ქალაქ ათენში. საბერძნეთში ცხოვრების პერიოდში მას გარკვეული სახის მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ლ---- ტ--------თან.

 

მათი ურთიერთობა გარკვეული პერიოდის შემდგომ შეწყდა. მიუხედავად ამისა, ე---------- ბ------ეს მის პირად ტელეფონზე მუდმივად უკავშირდება მოპასუხე თეა მ------–-–---–ი. აღნიშნული პირი სისტემატიურად მოიხსენიებს მას შეურაცხმყოფელი, უხამსი სიტყვებით და მის წინააღმდეგ ავრცელებს პატივისა და ღირსების შემლახველ, ამორალურ და ზნეობის საწინააღმდეგო ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

მოსარჩელის განმარტებით თეა მ------–-–---–სა და ლ---- ტ--------ს ჰყავთ საერთო შვილი, თუმცა ფაქტობრივ ან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან.

 

თეა მ------–-–---–ის მიერ ე---------- ბ------ის მისამართით გაგზავნილი შეტყობინებები შეიცავენ მუქარის შემცველ განცხადებებს. მოპასუხე სისტემატიურად ემუქრება მოსარჩელეს, რომ სამუშაო მისამართზე გაუგზავნის წერილებს, შეულახავს რეპუტაციას და დააკარგვინებს სამსახურს. აღნიშნულით დასტურდება, რომ მოპასუხე თეა მ------–-–---–ის მიზანს წარმოადგენს ე---------- ბ------ის პირადი შეურაცყოფა და მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვა.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი ამჟამად არის ათენის სააპელაციო სასამართლოს თარჯიმანი, აგრეთვე მუშაობს საგამოძიებო ორგანოებში თარჯიმნის პოზიციაზე, შესაბამისად მისთვის უმნიშვნელოვანესია მისი საქმიანი რეპუტაცია, რომლის შელახვასაც რეალური საფრთხე ემუქრება მოპასუხე თეა მ------–-–---–ის ქმედებით.

 

ე---------- ბ------ეს პროფესიიდან გამომდინარე, როგორც თარჯიმანს უწევს გონებრივად მუშაობა, შესაბამისად თეა მ------–-–---–ის ქმედებით მიყენებული სულიერი ტკივილი, უარყოფითი ფსიქოლოგიური დატვირთვა, უძილობა, რომელიც გამოწვეულია ღამის საათებში მისული შეურაცხმყოფელი შეტყობინებებით აბსოლუტურად უარყოფითად აისახება მის სამსახურზე, თარგმნის ხარისხზე, როცა საქმე ეხება პირდაპირ სასამართლო პროცესების თარგმნაზე და პატარა დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება შეცვალოს სხვა ადამიანის ბედი.

 

ე---------- ბ------ემ მის წინააღმდეგ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობის გავრცელების შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ ქართული სახლის “ წარმომადგენელი დარეჯან ღამბაშიძე და მოახსენა რომ თეა მ------–-–---–მა მიაწოდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ინფორმაცია მის შესახებ.

 

იქიდან გამომდინარე, რომ თეა მ------–-–---–ი დღემდე უხეშად არღვევს ე---------- ბ------ის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, არსებით ზიანს აყენებს მარწმუნებლის ემოციურ განცდებს და ძლიერ სულიერ ტანჯვას მოსარჩელე სარჩელით ითხოვს თეა მ------–-–---–ს (პ/ნ 5----------) ე---------- ბ------ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ მოცემულ სარჩელზე შემოიტანა შესაგებელი სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება შემდეგი გარემოებათა გამო: წარმომადგენლის განმარტებით თეა მ------–-–---–ი როგორც სხვა ბევრი ქართველი, ლუკმა-პურის შესაძენად წავიდა იტალიაში, ხოლო ქმარი საბერძნეთში. მოსარჩელემ თეას ქმარი გაიცნო საბერძნეთში და გააბა სასიყვარულო ურთიერთობა. მაშინ როცა თეა და მისი მეუღლე საქართველოში დაბრუნდა, შემთხვევით ქმრის ტელეფონში ნახა ე---------- ბ------ის მიერ სასიყვარულო წერილები. თეამ დაადგინა ე----------ს მისამართი და ადამიანურად გააფრთხილა. ნუ ჩაერეოდა მის ოჯახში და გაცლოდა მის ქმარს. საპასუხოდ ე----------მ დაიწყო თეას გაღიზიანება, დამცირება ის რომ ტუალეტებს ალაგებდა და თვითონ თარჯიმანი იყო და ამის გამო უფრო პატივსადები ქალი იყო. რომ უყვარდა თეას ქმარს- ლ---- ტ--------ს და მის გამო „ჭკუა“ ეკეტებოდა.. მოპასუხის „ყოჩაღი“ მოქმედებით მან ოჯახი დანგრევას გადაარჩინა, შვილმა მამა დაიბრუნა, რამაც გაამწარა მოსარჩელე და მიმოწერიდან ამოიღო ტექსტების ნაწილი რაც თავისი აზრით მას თვითონ წაადგებოდა.

როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ არ წარმოადგინა მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ასევე არ დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს ქონებრივ თუ არაქონებრივ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. პირიქით, დაზარალებული თვით თეა მ------–-–---–ია, მოსარჩელის ქმედებით კარგავდა ქმარს, ხოლო შვილი მოსიყვარულე მამას.

„ამორალური“ „უღირსი“ „ყველაფრის მკადრებელი“ და სხვა წარმოადგენს სუბიექტურ დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ. მიუთითებს მასზე, როგორც არსებულ ინფორმაციაზე. ყველა მათგანი შეფასებითი ხასიათისაა, ხოლო შეფასებითი ცნებების ჭეშმარიტების დადგენის მოთხოვნა შეუძლებელია. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას უნდა წარმოედგინა იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რაც სავალდებულოა მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რომ ფეისბუქით მიმოწერა მოსარჩელის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას გამოიწვევდა. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი გარემოებები რის გამოც მოსარჩელე ე---------- ბ------ეს უნდა ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს ჰქონდათ გარკვეული დრო ეწარმოებიათ მორიგება, თუმცა ისინი ვერ მორიგდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება. (იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელის განმარტებით იგი მუდმივად ცხოვრობს საბერძნეთში ქალაქ ათენში. საბერძნეთში ცხოვრების პერიოდში მას გარკვეული სახის მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ლ---- ტ--------თან მათი ურთიერთობა გარკვეული პერიოდის შემდგომ შეწყდა. მოსარჩელე-ე---------- ბ------ე ( საქართველოში რეგისტრირებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში).

მოსარჩელისვე განმარტებით დადგენილია, რომ თეა მ------–-–---–სა და ლ---- ტ--------ს ჰყავთ საერთო შვილი, თუმცა ფაქტობრივ ან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან. მოსარჩელისვე განმარტებით ლ---- ტ--------ის გამო თეა მ------–-–---–ის მიერ ე---------- ბ------ის მიმართ გაგზავნილი შეტყობინებები შეიცავენ მუქარის შემცველ განცხადებებს. რაც ელექტრონული შეტყობინებით დასტურდება. მოპასუხის განმარტებით იგი იმყოფება იტალიაში, ხოლო ქმარი-ლ---- ტ--------ი კი საბერძნეთშია. დადგენილია, რომ მოპასუხის პოზიციით მოსარჩელესა და მოპასუხის დიალოგი არ მოიცავს მუქარას. მოსარჩელის გაფრთხილებით, მან ოჯახი გადაარჩინა დანგრევას

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი).

- სარჩელი (იხ.ს.ფ.65)

 

3.2.2. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე სისტემატიურად ემუქრება მას, რომ სამუშაო მისამართზე გაუგზავნის წერილებს, შეულახავს რეპუტაციას და სამსახურს დააკარგვინებს. მოსარჩელისვე განმარტებით ე---------- ბ------ეს პროფესიიდან გამომდინარე როგორც თარჯიმანს უწევს გონებრივად მუშაობა, შესაბამისად თეა მ------–-–---–ის ქმედებით მიყენებული სულიერი ტკივილი, უარყოფითი ფსიქოლოგიური დატვირთვა, უძილობა, რომელიც გამოწვეულია ღამის საათებში მისული შეურაცხმყოფელი შეტყობინებებით აბსოლუტურად უარყოფითად აისახება მის სამსახურზე. მოსარჩელის განმარტებით მან მის წინააღმდეგ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობის გავრცელების შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც დაუკავშირა არასამთავრობო ორგანიზაცია “ ქართული სახლის “ წარმომადგენელი დარეჯან ღამბაშიძე და მოახსენა რომ თეა მ------–-–---–მა მიაწოდათ სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ინფორმაცია მის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი).

- ელექტრონული მიმოწერა(ს.ფ.22-78)

- სარჩელი

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელის პოზიციით მესამე პირებისათვის (ოჯახის წევრები, ნათესავები და არასამთავრობო ორგანიზაციები), მიწოდებული ინფორმაცია არის არასწორი, უხამსი, პატივისა და ღირსების შემლახველი და აგებულიშანტაჟზე.

ე---------- ბ------ის პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელება მისივე განმარტებით დასტურდება წერილებიდან , რომელსაც იგი თეა მ------–-–---–ი უგზავნის მას , კერძოდ მოსარჩელის მოსაზრებით აღნიშნული იკვეთება შემდეგ წინადადებებში: ,, ეხლა სასამართ ლოში გამოვაგზავნი პატარა შეტყობინებას ბარემ გაიგოს ყველამ ვინც ხარ”, ,,შენ დედიკოსაც იცნობენ ჩემი მეგობრები..იმასაც მალე მოვახსენებ ვინ ხარ ვის გადაეკდე შენ ჯერ კიდევ არ იცი“. დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ურთიერთობა ელექტრონული შეტყობინებებით, რომელიც ასევე მოიცავს უცენზურო სიტყვებს. აღნიშნულ დიალოგში ასევე წარმოდგენილია ერთმანეთის შეფასებები. დადგენილია, რომ მოსარჩელე კონკრეტულ წინადადებებს და სიტყვებს არ ასახელებს იგი პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებად მიუთითებს მთლ----დ დიალოგის შინაარსს შესაბამისი მონიშვნებით. მოსარჩელე თვლის, რომ მოცემული ინფორმაცია მოპასუხის მიერ გავრცელდა ელექტრონული საშუალებით. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილია ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერა, რომლითაც იგი თვლის, რომ შეილახა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაცია ე---------- ბ------ის პატივი და ღირსება.

მხარეები არ უარყოფენ იმ ფაქტს,რომ წერილებში მოხსენიებული ლ---- ტ--------ს იცნობენ რომელიც ორივე სუბიექტთან თანამშრომლობს. დადგენილია, რომ მესამე პირებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მოპასუხის მხრიდან საქმეში არ იძებნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი).

- ელექტრონული მიმოწერა(ს.ფ.22-78)

 

3.2.4. ე---------- ბ------ემ მის მიმართ განხორციელებული ქმედებების აღკვეთის მიზნით 2018 წლის 05 მარტს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს განცხადებით და მოითხოვა სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ფაქტზე მოეხდინათ სათანადო რეაგირება. 2018 წლის 09 მარტს მოსარჩელის მიერ მიღებული იქნა მასთან გასაუბრების ოქმის ასლები. გასაუბრების ოქმში მოსარჩელე აფიქსირებს, რომ თეა მ------–-–---–ი და სხვა პირები ცდილობენ მის დისკრედიტაციას. დაუდგენელია სასარჩელო მოთხოვნის - 65000 ლარის გაანგარიშების წესი და დასაბუთება. მოსარჩელის განმარტებით ეს რაოდენობა დადგენილია სარჩელის შინაარსის შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი).

- განცხადება (ს.ფ.79)

- წერილი (ს.ფ.80)

- გასაუბრების ოქმი (ს.ფ.81)

 

3.2.5. დადგენილია, რომ მოპასუხემ წარმოადგინა ასევე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ელექტრონული მიმოწერა, მოსარჩელის ნაწილში. აღნიშნული დიალოგის ამსახველი მიმოწერით მოპასუხე თვლის, რომ მისი ოჯახი, რომ არ დანგრეულიყო, ამიტომ ჩაერთო მოსარჩელესთან დიალოგში. მოსარჩელის სასიყვარულო ურთიერთობებმა დაარღვია მისი ოჯახის სიმყუდროვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი).

- - ელ. მიმოწერა (ს.ფ.176-186)

- ურთიერთგაგების მემორანდუმი (ს.ფ.83)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლო თვლის, რომ ე---------- ბ------ის სარჩელი თეა მ------–-–---–ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, რადგან არ დგინდება ცილისწამების კანონით განსაზღვრული სტანდარტი, რაც შეიძლება ყოფილიყო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელის განმარტებით პირი სისტემატიურად მოიხსენიებს მას შეურაცხმყოფელი, უხამსი სიტყვებით და მის წინააღმდეგ ავრცელებს პატივის და ღირსების შემლახველ, ამორალურ და ზნეობის საწინააღმდეგო ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

განსახილველი საკითხია მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელებული ან მესამე პირებისათვის მიწოდებული ინფორმაციის, ცალკეული მოსაზრებების ცილისწამებად მიჩნევის მართლზომიერება. დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს აღნისნულის საფუძველზე თეა მ------–-–---–ს ე---------- ბ------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის ჩანაწერი-,,კანონით დადგენილი წესით გულისხმობს, როგორც სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლს, ასევე ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონს, რომელიც ძალაშია 2004 წლიდან. აღნიშნულ კანონთან მიმართებაში სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, მასში მოცემულია, როგორც პაუხისმგებლობის დამდგენი, ასევე პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.

 

6.3. განსახილველ საქმეში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მესამე პირებისათვის თეა მ------–-–---–ის მიერ რაიმე ინფორმაციის გავრცელების ამსახველი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მოსარჩელე მხოლოდ განმარტავს, რომ მას დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ ქართული სახლის “ წარმომადგენელი დარეჯან ღამბაშიძე და მოახსენა, რომ თეა მ------–-–---–მა მიაწოდათ სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ინფორმაცია მის შესახებ. ასევე მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს, რომ მოპასუხე სისტემატიურად უკავშირდება ე---------- ბ------ის ოჯახის წევრებს, ნათესავებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონდეს მოსარჩელეს და ავრცელებს არასწორ, უხამს, პატივისა და ღირსების შემლახველ ინფორმაციას.

 

6.4. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის შესაბამისად განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო;

სასამართლო თვლის, რომ განსახილველ საქმეში არ დასტურდება მოპასუხის მიერ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილია დიალოგის ამსახველი მიმოწერა.

 

,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ე” პუნქტის შესაბამისად ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;

 

,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად კერძო პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო;

ამ შემთხვევაში როგორც მოპასუხე ისე მოსარჩელეები კერძო პირები არიან

 

6.5.,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13-ე მუხლის შესაბამისად პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

 

მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლ----დ მოსარჩელეს აკისრებს , რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული და არა მოპასუხე ამტკიცოს შემდეგი: ა. მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება. ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია.გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.

 

ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. ამდენად, მოსარჩელემ, უპირველესად, სწორედ ის უნდა დაამტკიცოს, რომ უშუალოდ მის შესახებ მოპასუხემ გაავრცელა ფაქტები, ეს ფაქტები არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ მესამე პირებისათვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტი

 

6.6.მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ელექტრონული მიმოწერით წარმოდგენილია დიალოგი. თვით მოპასუხე მიუთითებს რომ წერილებში მოყვანილი სადავო გამონათქვამები წარმოადგენს მისი მოსაზრებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხის მიერ ინფორმაცია იქნებოდა გავრცელებული ან მესამე პირებისათვის გადაცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იქნებოდა გარკვეულიყო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს). აღნიშნული აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის, ვინაიდან „სიტყვისა დაგამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, მითითებული კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება, ხოლო, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

 

6.7. ფაქტისა და აზრის გამიჯვნისათვის აუცილებელია გამიჯვნის კრიტერიუმების დადგენა. ამისათვის უნდა მივმართოთ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7 მუხლს, რომელიც მინიმალურ სტანდარტს აწესებს აზრისა და ფაქტის გამიჯვნისათვის, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი,რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

აზრის დეფინიცია მოცემულია ზემოხსენებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დადასტურებული არ არის მოპასუხის მიერ ინფორმაციის გავრცელების ან მესამე პირებისათვის გადაცემის ფაქტი მოსარჩელის შესახებ.

 

6.8. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლ----დ ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებლია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლ----დ აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლ----დ უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში.

 

6.9.ევროპის პრეცედენტული სამართლის მიმოხილვაც ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - ,,ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ’’), სადაც სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა ფაქტებსა და შეფასებით მსჯელობას შორის განსხვავება და მიუთითა, რომ მოსაზრების (შეფასებითიმსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებულ იქნეს,მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე. იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, , სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი საფუძველი განსახილველი გამონათქვამებისათვის.

 

6.10. განსახილველ შემთხვევაში, არ შეიძლება ფაქტებად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული დიალოგის შინაარსი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ინფორმაციის გავრცელებასთან ან მესამე პირებისათვის გადაცემასთან. სახეზეა ორ პირს შორის არსებული უთანხმოება გარკვეულ საკითხზე, რომელსაც განიხილავენ ერთმანეთში და ერთმანეთის მიმართ აქვთ გარკვეული მოსაზრებები. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელემ რაიმე სახის ზიანი მიიღო მოპასუხის მოქმედებით.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებით. „გონივრული“, „სამართლიანი შეფასებითი ცნებებია და იმისათვის, რომ განისაზღვროს არაქონებრივი ზიანის ოდენობა, აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორებიც. კერძოდ, მორალური ზიანის ხარისხი, ასევე დაძაბულობა და ზარალის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება არ გახდეს უსაფუძვლო გამდიდრების წყარო. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები.

 

6.12.აღნიშნული მოტივაციიდან გამომდინარე გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.

 

6.13.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ ბაჟი გადახდილია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე---------- ბ------ის სარჩელი თეა მ------–-–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

 

3.გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი