გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/10430-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 ივლისი, 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი ვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: ვლ--------------------ი, პ/ნ 0-----------
წარმომადგენელი: თე-------------------–--ე
მოპასუხე: პა----------–-–---–ი, პ/ნ 01---------
დავის საგანი: ნაგებობის დემონტაჟი და უძრავი ნივთების საზღვრის გადატანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაევალოს პა----------–-–---–ს ვლ--------------------ის სახლის კედელზე მიშენებული ყველა ნაგებობის დემონტაჟი იმგვარად, რომ იგი გატანილ იქნეს შენობათა შორის არსებული წითელი ხაზების მიღმა თავის საზღვრებში წითელი ხაზების მიღმა ბუ---------ს სახლის კედლიდან 0.07 მეტრით.
მოსარჩელის განმარტებით, მხარეები არიან მეზობლები და ერთმანეთის მომიჯნავედ ცხოვრობენ ქ. თბილისში, ზ-----------------------------–--------–--–---------ში. 2016 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მხარეთა შორის არსებული დავა მიჯნის დადგენის გზით სხვა პირის მიერ ქონებით სარგებლობის აღკვეთის მოთხოვნით და მოპასუხეს აკრძალული აქვს მოსარჩელის კედლით სარგებლობა. მოსარჩელე განმარტავს, რომ, მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, მოპასუხე განაგრძობს მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედლით სარგებლობას. კერძოდ, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის იმ მხარეს, რომელიც მოპასუხის საცხოვრებელ სახლს ემიჯნება, მოპასუხეს არა აქვს ამოყვანილი თავისი საცხოვრებელი სახლის კუთვნილი კედელი. მოსარჩელემ რომ თავისი კედელი მოანგრიოს, მხარეთა შორის დარჩება მოპასუხის საცხოვრებელ ფართში შემავალი ღიობი. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული ვითარების გამო, მას ხელი ეშლება თავისი საკუთრებით სარგებლობაში და ითხოვს, რომ მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სახლის იმ ნაწილის დემონტაჟი და ამ ნაგებობის მოპასუხის სახლის საზღვრებში, მოსარჩელის სახლიდან 0.07 მეტრით გადატანა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეთა შორის დასრულებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება მოპასუხემ აღასრულა, მოახდინა რა მოსარჩელის კედლიდან წყალგაყვანილობის მილების დემონტაჟი. მოპასუხემ დაადასტურა, რომ მის საცხოვრებელ სახლს არა აქვს კედელი მოსარჩელის სახლთან მომიჯნავე მხარეს, თუმცა, უარჰყო, რომ მისი მხრიდან რაიმე ხელშეშლას აქვს ადგილი. ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ მოპასუხე იყენებს მხოლოდ თავის კუთვნილ ფართს და არ არის გადასული მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხულ ფართში, ვინაიდან მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთის საზღვარი მოსარჩელის შენობა-ნაგებობის კედლის გარე კონტურზე გადის. მოპასუხემ მიიჩნია, რომ, როგორც მესაკუთრე, ის უფლებამოსილია თავისუფლად გამოიყენოს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და არ არის ვალდებული, გადაწიოს საზღვარი. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მზად არის, თავისი საცხოვრებელი სახლის წილი კედელი ამოაშენოს, როგორც კი მოსარჩელეს შესაბამისი მატერიალური შესაძლებლობა ექნება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ზ----------------------, დაზუსტებული ფართობი 523.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 338.30 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 125.23 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0---------------, რეგისტრირებულია ვლ--------------------ის საკუთრებად (ს.ფ. 52-53).
3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ი-–--------–--–--------------, დაზუსტებული ფართობი 450.00 კვ.მ, შენობა N1-დან და შენობა N2-დან ბ------, საერთო ფართი 203.26 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0---------------, რეგისტრირებულია პა----------–-–---–ის საკუთრებად (ს.ფ. 98-99).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, პა----------–-–---–ს აეკრძალა ვლ--------------------ის კედლით სარგებლობა. გადაწყვეტილების თანახმად, დავის ერთ-ერთი საგანი იყო ვლ--------------------ის კუთვნილი უძრავი ქონების გამყოფ კედელზე პა----------–-–---–ის მიერ მოწყობილი წყალგაყვანილობის სისტემის დემონტაჟი. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ვლ--------------------სა და პა----------–-–---–ის საკუთრებად არსებული უძრავი ქონებების გამყოფი კედელი არის მოსარჩელის სახლის მზიდი კონსტრუქციის განუყოფელი ნაწილი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პა----------–-–---–ს დაევალა კედლის გათავისუფლება წყალგაყვანილობის სისტემისაგან (ს.ფ. 17-26, 27-29).
3.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 5---------------- ბრძანებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობები აშენებულია კუთვნილი მიწის ნაკვეთების საზღვრებში, მიბჯენით და მათ შორის არ არის თავისუფალი სივრცე. (ს.ფ. 117-118).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 1------------------------ დასკვნის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავე საზღვარი გადის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის გარე კედელზე (კედლის გარე კონტურზე).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აზომვითი ნახაზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მხარეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების საზღვარი გადის არა მის საკუთრებაში არსებული კედლის გარე კონტურზე, არამედ - ამ კედლიდან 0.07 მეტრით მოშორებით. სასამართლო განმარტავს, რომ აზომვითი ნახეზი არ წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, გაიზიაროს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული სადავო გარემოება უძრავი ნივთების საზღვართან დაკავშირებით. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის არა უფლების დამდგენი დოკუმენტი, არამედ ერთ-ერთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს პოზიცია იხ. 2013 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში Nას-1648-1545-2012 და 2016 წლის 11 ნოემბრის განჩნებაში საქმეზე Nას-798-765-2016).
ამასთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 1------------------------ დასკვნისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 5---------------- ბრძანებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობები აშენებულია კუთვნილი მიწის ნაკვეთების საზღვრებში, მიბჯენით, მათ შორის არ არის თავისუფალი სივრცე და საზღვარი სადავო უძრავ ნივთებს შორის მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებული კედლის გარე კონტურზე გადის (ს.ფ. 81-94, 117-118).
ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ალტერნატიული დასკვნა, რომლის შეფასების შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა განსხვავებული დასკვნის გაკეთება, ვიდრე 2015 წლის 1------------------------ დასკვნასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 5---------------- ბრძანებაშია მითითებული, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავე საზღვარი გადის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის გარე კედელზე (კედლის გარე კონტურზე).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა საცხოვრებელ სახლებს შორის მდებარე სადავო 0.07 მეტრი ფართი პა----------–-–---–ის საკუთრებაა და, შესაბამისად, მოპასუხე იყენებს ფართს, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენს. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ზეპირად გაკეთებულ განცხადებას ხელშეშლასან დაკავშირებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელი პირობაა საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებით აღიკვეთება მოპასუხის მხრიდან არსებული ხელშეშლა, თუმცა, სარჩელს არ ერთვის ხელშეშლის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა (ს.ფ. 60). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვლ--------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ვლ--------------------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე